ზაქარია კალაშოვი კანონიერი ქურდების იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებმაც ტრადიციებს "გადააბიჯეს" და ახალ ცხოვრებას მოერგნენ, – წერს ცნობილი კრიმინალისტი გუროვი.
კალაშოვი ეროვნებით ქურთია. დაიბადა თბილისში, 1953 წელს, ითვლება რუსული "შავი სამყაროს" ერთ–ერთ ლიდერად. ქურდული "კანონებით", ხელისუფლებასთან თანამშრომლობა "გრეხია", თუმცა, კალაშოვი ამას არად დაგიდევდათ:
– ის მჭიდროდ თანამშრომლობდა როგორც ქართველ, ისე რუს მაღალჩინოსნებთან, – წერს "სეგოდნია", – ჩართული იყო ნარკობიზნესში, მონაწილეობდა სასტუმროს ბიზნესშიც, გააჩნდა საერთაშორისო კავშირები, ანუ საქმე მართლაც რომ "დიდი გაქანებით" ააწყო.
კალაშოვს ბევრ "ავტორიტეტთან" ჰქონდა შეხება. მეგობრობდა იაპონჩიკთან, ტარიელ ონიანთან (ტარო), თუმცა მის "აღზრდაზე" წარუშლელი კვალი მაინც უსოიანმა, ანუ "დედ ჰასანმა" დატოვა.
– უსოიანი კალაშოვის მსგავსად ქურთია, ამიტომაც კანონზომიერია, რომ მის მიმართ ასეთ მზრუნველობას იჩენდა, – წერს "სეგოდნია".
უსოიანი დიდხანს და მოთმინებით "მოძღვრავდა" მას:
– გახსოვდეს, კანონიერი ქურდები არ წარმოადგენენ არც რაღაც საიდუმლო ორგანიზაციას და არც საიდუმლო ორდენს, როგორც ამას ზოგიერთი მწერალი ან "მეცნიერი" ამტკიცებს. ჩვენ ერთი ჩვეულებრივი ხალხი ვართ, საკმაოდ მშვიდობიანებიც. ესაა ოღონდ, რომ ერთმანეთს ვეხმარებით. ნეტა, ამაში ცუდი რა არის?
– საერთოდ, გახსოვდეს: ძალადობას ერიდე, – განაგრძობდა უსოიანი, – შენ ჯერ ქურდი არა ხარ, მაგრამ გახსოვდეს, ვინც კუნთებს ზედმეტად ათამაშებს, კუნთებს აჭრიან. თავდაცვა სხვაა, ძალადობა – სხვა.
უსოიანს სხვა "ფასეულობებიც" გააჩნდა:
– გახსოვდეს, მნიშვნელობა არა აქვს, ადამიანი რა ეროვნებისაა. მთავარია, როგორი კაცია, მართალი თუ ორპირი. ეროვნება მოიგონეს ინტელიგენტუკებმა, რომლებმაც ეს ქვეყანა აურიეს.
ზონაში კალაშოვი უსოიანის მფარველობით სარგებლობდა. მწერალი ნიკოლოზ ლეონოვი წერს, რომ სწორედ უსოიანის მეშვეობით შეძლო კალაშოვმა "ავტორიტეტის" მოხვეჭა.
– ზონაში ხშირი იყო არეულობა, – წერს ლეონოვი, – წესრიგს კი "ავტორიტეტები", ანუ კანონიერი ქურდები, ამყარებდნენ. უსოიანი "ავტორიტეტი" იყო. ახალგაზრდა კალაშოვმაც მისგან ბევრი რამ "ისწავლა".
ტარიელ ონიანი კალაშოვის "პადდელნიკების" რიგს განეკუთვნება. ტარო, – ამ სახელითაა ის ცნობილი კრიმინალურ სამყაროში. ონიანი ე.წ. ქუთაისური დაჯგუფების ლიდერი გახდა. მან ამ დაჯგუფების საქმიანობაში თავისი მეგობარი კალაშოვიც ჩააბა, თუმცა ამ უკანასკნელს ქუთაისურობისა არა ეცხო რა.
– ონიანს "დედ ჰასანთან" ანუ უსოიანთან ფრიად რთული ურთიერთობები ჰქონდა, – წერს "სეგოდნია".
კონფლიქტი ვინმე ილია პატარაიას გამო დაიწყო. ონიანს ამ კაცის მიმართ თავისი პრეტენზიები ჰქონდა. "დედ ჰასანი" პატარაიას გამოესარჩლა. ტარო გაცოფდა:
– უსოიანს მან შეურაცხყოფა მიაყენა, – წერს "სეგოდნია".
ასე დაიწყო მათ შორის მტრობა. ამრიგად, კალაშოვს, "დედ ჰასანსა" და ტაროს შორის ლავირება უხდებოდა. ტარო მისი "პადდელნიკი" იყო, უსოიანი კი კაცი, რომელმაც "აღზარდა" და "გზაზე დააყენა".
– კალაშოვისა და ონიანის ზეობა შევარდნაძის მმართველობის პერიოდზე მოდის, – წერს "სეგოდნია", – სწორედ ამ დროს მათ მთელ ამიერკავკასიაში ფართოდ გაშალეს ნარკობიზნესი.
ბევრი თვლის, რომ ასეთი "წარმატებები" დიდად განაპირობა საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის კახა თარგამაძის მფარველობამ. თარგამაძე შევარდნაძის მთავარი საყრდენი და, ამავდროულად, საქართველოში რუსეთის გავლენის აგენტი გახლდათ. კალაშოვთან თანამშრომლობამ საშუალება მისცა რიგი მნიშვნელოვანი საქმეები მოეკვარახჭინებინა:
– კალაშოვის, ისევე როგორც ონიანის, მეშვეობით მოხერხდა რამდენიმე გატაცებული მძევალის გათავისუფლება, – წერს "სეგოდნია".
პარალელურად კალაშოვის მეშვეობით დამყარდა კონტაქტები რუსეთის რიგ კრიმინალურ სტრუქტურასთან (ნაგ სოლნცევოს დაჯგუფება) და მათ უკან მდგომ რუსეთის გავლენიან ძალებთან.
– მალე ქართულ პრესაში გაჩნდა მასალები იმის შესახებ, რომ თბილისის "დინამოს" ყიდვას აპირებდა სოლნცევოს დაჯგუფებასთან ახლოს მდგომი ერთი პირი, – წერდა თავის დროზე ანატოლი ლუპინოსი.
ლუპინოსის აზრით, კალაშოვს კავშირი ჰქონდა ჯგუფებთან, რომლებიც უცხოელებზე თავდასხმებს ახორციელებდნენ. თუმცა, ეს მხოლოდ ვერსიაა. მისი დამტკიცება ვერ მოხერხდა. თუმცა, შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის უკანასკნელ წლებში ქართული ტელევიზიით გაჟღერდა რამოდენიმე კანონიერი ქურდის გვარი, რომლებიც ხელისუფლების მფარველობით სარგებლობდნენ და მეფურ ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. მათ შორის, კალაშოვიც იყო.
საქართველოდან გადახვეწის შემდეგ, კალაშოვი ერთხანს რუსეთში ცხოვრობდა და ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა.
– კალაშოვი, ონიანი და მათი ყაიდის ხალხი რუსეთმა ხალისით შეიფარა, – წერს "სეგოდნია".
როგორც ჩანს, მოსკოვში ვარაუდობდნენ, ეს ხალხი საქართველოს საწინააღმდეგო ინტრიგებში გამოეყენებინათ. ეს სურვილი განსაკუთრებით "ვარდების რევოლუციის" შემდგომ გაიზარდა. მართალია, კალაშოვი საქართველოდან რევოლუციამდე წავიდა, მაგრამ რევოლუციის შემდეგ ქურდებს საქართველოში უდიდესი დისკომფორტი შეექმნათ.
– ისინი სააკაშვილის ახალ ხელისუფლებაზე დაბოღმილები იყვნენ, – წერს "სეგოდნია". თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთში კალაშოვმა ფრთები მეტისმეტად გაშალა, რითაც ბევრი გაანაწყენა. მალე კალაშოვზე თავდასხმა მოეწყო. ის სასწაულით გადარჩა.
– ამის შემდეგ მან რუსეთი დატოვა, – წერს "სეგოდნია".
კალაშოვი ესპანეთში მიემგზავრება. ონიანთან ერთად მან აქტიური საქმიანიობა გააჩაღა. კრიმინალური სტრუქტურა, რომელიც მათ ააწყვეს, დაუკავშირდა სიცილიურ მაფიას და რიგ ფრანგულ თუ ესპანურ დაჯგუფებებს. ზოგიერთი ჟურნალისტი თვლის, რომ კალაშოვს ჰქონდა კონტაქტი ემიგრაციაში მყოფ კახა თარგამაძესთანაც.
– ამის თაობაზე ზუსტი მონაცემები არ არსებობს, – წერდა "სეგოდნია", – ამიტომ შეიძლება მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვათ, რომ მავანნი თარგამაძის გამოყენებასაც გეგმავდნენ, თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია.
ასეა თუ ისე, კალაშოვ–ონიანის საქმიანობამ ესპანეთის ხელისუფალნი დიდად შეაწუხა. საბოლოოდ ესპანელებმა მათ წინააღმდეგ რადიკალური ზომები მიიღეს.
– ასე ჩატარდა ყბადაღებული ოპერაცია "კრაზანა", – წერს "სეგოდნია".
ამრიგად, ონიანისა და მისი ხალხის ესპანეთში მოღვაწეობას ბოლო მოეღო. "ტარო" ამჟამად მოსკოვში, პატიმრის რანგში იმყოფება. რაც შეეხება კალაშოვს, მან გაქცევა შეძლო და ავსტრალიას შეაფარა თავი. თუმცა, მართლმსაჯულებას დიდხანს ვერ დაემალა. საბოლოოდ ის შეიპყრეს და ესპანეთს გადასცეს:
– საქართველომ კალაშოვის გადმოცემა მოითხოვა, – წერს "იზვესტია".
საამისო საბაბი საკმაოზე მეტია. წლების მანძილზე კალაშოვი საქართველოსა და მთელ ამიერკავკასიაში ნარკობიზნესს კურირებდა, შესაბამისად, ქართველ სამართალდამცავებს მასთან დიდი ხნის პრეტენზიები აქვთ.
– მასალები კალაშოვის დანაშაულის შესახებ საკმაოზე მეტია, – წერს "უკრაინსკე სლოვო", – შესაბამისად, ექსტრადაციის საფუძველი ნამდვილად არსებობს.
უკრაინული ნაციონალისტური პრესა მიიჩნევს, რომ გაცილებით საინტერესოა კალაშოვის რუსულ სპეცსამსახურებთან და შევარდნაძის ყოფილ მაღალჩინოსნებთან კონტაქტების დეტალები. არსებობს თუ არა ეს კავშირები დღესაც და რა კავშირი აქვს კალაშოვს ახალ ანტიქართულ ინტრიგებთან?
კალაშოვის პერსონა ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ რა ევოლუცია განიცადა დღეისათვის "შავმა სამყარომ".
– დღევანდელი კანონიერი ქურდები აქტიურად მონაწილეობენ ბიზნესში, დაკავშირებულნი არიან ოლიგარქებთან, პოლიტიკოსებთან, სპეცსამსახურებთან. მართალია, სპეცსამსახურებთან კავშირი წარსულშიაც არსებობდა, მაგრამ ეს დაფარულად ხდებოდა. დღეს დაფარული აღარაფერია. დღეს კანონიერი ქურდი ზის რესპექტაბელურ ბიზნეს–ოფისებში, აქვს ვილები და სასახლეები, ზოგჯერ მათ სამთავრობო დაცვაც კი იცავს, – წერს გუროვი, – "ბრილიანტისა" და მის მსგავსთა ეპოქა კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა. სამყარო შეიცვალა, მათ შორის "შავი სამყაროც".
ელცინის მმართველობის ხანაში "შავმა სამყარომ" ხელისუფლებაში მოსვლა მოიწადინა, ეს ვერ მოხერხდა. დღესდღეობით რუსეთში "შავებს", ოლიგარქებისა და ყოფილი ჩეკისტების შემდეგ, მეორადი როლი უკავიათ, ჯერჯერობით...