საქართველოში ყველაზე ტრაგიკული რეალობაც კი კომიკურ ელფერს იძენს. ასე რომ არ იყოს, ალბათ, აქამდე დავიხოცებოდით ყველანი.
მაგალითად, ნამდვილი ტრაგიკომედიაა ის, რაც ინვესტორებთან დაკავშირებით ხდება საქართველოში. თბილისში ყოფნისას ცნობილმა ფინანსისტმა, ჯორჯ სოროსმა სიტყვა-სიტყვით შემდეგი განაცხადა: საქართველო ბოლოდან მესამე ადგილზეა(!) ინვესტიციათა სანდოობით მსოფლიოში - ავღანეთისა და ნიგერიის წინ. ბიზნეს-წრეებში დამკვიდრებულია აზრი, რომ თქვენს ქვეყანაში ჩადებული ინვესტიცია ხუთი წლის შემდეგ დაიკარგება.
რასაკვირველია, უმალვე გაისმის კითხვა: ვინ არის დამნაშავე? არადა, უფრო მეტად ლოგიკური და გამართლებული იქნებოდა: - რა არის მიზეზი?!
მართლაც, არ არსებობს ინვესტიცია, - უდიდესი სირთულენი არ ჰქონდეს. არ არსებობს ინვესტორი, თმებს რომ არ იგლეჯდეს სიმწრით. ისეთი შემთხვევებიცაა, როდესაც ინვესტორი ვერ ასრულებს ვალდებულებებს.
მაგალითად ჩეხური კომპანია „საგაპრინტიც“ კმარა, რომელსაც სულ მალე აუკრავენ გუდა-ნაბადს ჭიათურიდან.
არსებობს რამდენიმე საერთო ნიშან-თვისება, რაც ზოგადად დამახასიათებელია ყველა საინვესტიციო პროექტისათვის. მხოლოდ ერთი ნიმუში: საქართველოში არ არსებობს სახელმწიფოს შიდა ვალების მარეგლამენტირებელი კანონი.
დავუშვათ, ხდება სახელმწიფო საწარმოს პრივატიზება (ვთქვათ, შამპანურის ქარხნის, რომელსაც დღეს „ბაგრატიონი 1882“ ჰქვია). საწარმოს ჰქონდა ვალები სხვადასხვა კერძო დაწესებულებების, ფერმერებისა და ასე შემდეგ. ხშირ შემთხვევაში, ეს ვალები ერთობლივი „შემოქმედების“ შედეგია, მაგრამ ყველაფერი დიდოსტატურად კეთდება: სანამ საწარმო არ არის პრივატიზებული, მევალეები არანაირ პრეტენზიას არ უცხადებენ (რაკი მაინც არ გადაიხდის). ოღონდ, როგორც კი ინვესტორი შემოვა, - ევროპელი და ამერიკელი ინვესტორი იმდენად იდიოტი აღმოჩნდება და საწარმოში მილიონობით დოლარს დააბანდებს - უმალვე წამოიშლებიან ხსენებული მევალეები (მანამდე, რომ გაყურსულნი იყვნენ) ჭალაში ჩაბუდებული მწყერებივით და გულუბრყვილო ინვესტორს მიესევიან ვალების გადახდის მოთხოვნით.
ხსენებული „ერთობლივი შემოქმედების“ შედეგად, ვალების სრული ოდენობა თვით ინვესტიციაზე მეტი გამოდის. არ გადაიხადა და... აგერ, არასათანადო უწყება - ერთი კაი „ქეიფი დედმამიშვილების სადღეგრძელოთი“ და... ყადაღა გარანტირებულია - დაიგლიჯავ თმებს სიმწრით აბა რას იზამ, თუმცა, იმ წყეული „სისხლისმწოველი“ კაპიტალისტების თვისება ის გახლავთ, რომ ერთმანეთის შეცდომებზე სწალვობენ.
უბედური პიერ კასტელის მარტვილობა (ლუდი „ყაზბეგი“) უზნეო ფრანგულმა „ბურჟუაზიულმა პრესამ“ ქილიკისა და ანეკდოტების საგნად აქცია. ახია მასზე!
სხვათა შორის, კასტელის ამბავი კიდევ ერთი ტენდენციის გამოხატულებაა: გოგი თოფაძე უდავოდ მართალია, როდესაც ამბობს, რომ კასტელი ხელოვნურად ზრდიდა ფასებს და ყველაფერს აკეთებდა, რათა პარტნიორი მისი ვალიდან ვერ ამოსულიყო. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ევროპელი ინვესტორი, ვინც ათეულობით მილიონი დოლარი ჩადო საქმეში, არასდროს დაუშვებს სამართავი ბერკეტის ხელიდან გაშვებას, ვინაიდან, ცნობილი პოლიტეკონომიური პარადოქსით, კაპიტალდაბანდება ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ის თანხა, რომელშიც იგი გამოიხატება.
ამდენად, კასტელი, ყველაფერს გააკეთებს „პაკეტის“ შესანარჩუნებლად და აკეთებს კიდეც. თანასწორი ურთიერთობა თუ გინდა ინვესტორთან, საქმეში „ბაზარი“ კი არ უნდა ჩადო (იგი არავის ეკუთვნის), არამედ იმდენივე თანხა მაინც, რასაც ის დებს.
ამერიკული „აეს“-ის ხსენება აქ უკვე საშიშია. საერთოდ კი, სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: საქართველოს საინვესტიციო ბაზარზე მტკიცე წესრიგი რომ იყოს, რომ არ იყოს ჰალსტუხიანი ყაჩაღების თარეში და რეგიონული მაფიების ძალმომრეობა (საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის), კანონი რომ კანონობდეს, ანუ რომ არსებობდეს მთელი ის კომპლექსი სისტემური მახასიათებლებისა, რასაც „ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო ეწოდება“ - საქართველო ინვესტიციებისათვის ნამდვილ მექად იქცეოდა ჩვენი ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით.
რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ყველაზე მთავარი მაინც პოლიტიკური სტაბილურობაა. ტოტალიტარულ ჩინეთში ინვესტიციათა ოდენობა 40-ჯერ აღემატება დემოკრატიულ რუსეთში ინვესტიციის რაოდენობას.
ამ აზრით, კიდევ გასაკვირია, თუ საქართველოში ასეულმილიონობით დოლარიანი ინვესტიციები შემოვიდა. თმებს კი იგლეჯენ, მაგრამ... ამ ანეკდოტისა არ იყოს, წყალქვეშა ნავში ზემდეგი სიას რომ კითხულობს: ჭიჭიკია - ვარ! ბიჭიკია - ვარ! აქ ხართ აბა სად წახვალთ თქვენი...?