ახალ „ბაში-აჩუკში" სიუჟეტი არ შეიცვლება, თუმცა გიორგი ებრალიძეს სურს, რომ მისი ფილმი თანამედროვე სპეცეფექტებით გაკეთდეს, რასაც მნივშნელოვანი თანხა სჭირდება. რაც შეეხება მთავარ გმირს, კინორეჟისორი მთელი საქართველოს შემოვლას აპირებს ბაში-აჩუკის როლისათვის შესაფერისი კანდიდატის მოსაძებნად.
საიდან წამოვიდა „ბაში-აჩუკის“ ხელახალი გადაღების იდეა?
გიორგი ებრალიძე: ეს იდეა რაღაც ისე ჰაერიდან არ მოსულა, რომ, ვთქვათ, ვიღაცამ უცებ მონახა ეს ფილმი და მოუნდა მისი ახალი ვერსიის გაკეთება. ასე არაა, იმიტომ, რომ მე ამ ფილმთან მაკავშირებს მთელი ჩემი ბავშვობა, ნათესაობა. ანუ ქართულ კინოში ამ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმის რეჟისორი იყო ბაბუაჩემი ლეო ესაკია, მისი შექმნილია ეს ფილმი. საერთოდ, სცენარიც და ყველაფერი მისი იდეა იყო. მასთან ურთიერთობისას სულ ეს თემა ფიგურირებდა ხოლმე. მახსოვს, როგორ ელაგა რეკვიზიტები და ბევრი სხვა ამ ფილმისთვის საჭირო ნივთი მის სამუშაო ოთახში. ასე რომ, ბავშვობიდან მომყვება ამ ფილმთან სიახლოვე. მერე მოხდა ისე, რომ ჩემს ბიძაშვილს, რომელიც ჯერ ფიზიკა-მათემატიკოსი იყო და მერე უცებ გადაწყვიტა, რომ დრამატურგი გამხდარიყო და მართლაც გახდა, ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა „ბაში-აჩუკის“ რაღაცა ახალი ვერსია გაკეთებულიყო-მეთქი, უფრო ღრმა, უფრო საინტერესო ხასიათებით და დაძაბული სიუჟეტებით. მასაც ძალიან მოეწონა ეს აზრი და თვითონაც რაღაცნაირად ბევრს ფიქრობდა ამ თემაზე, მაგრამ არ დასცალდა, რადგან სულ რაღაც ორი წლის წინ გარდაიცვალა. დავრჩი მე ამ იდეასთან ერთად. რატომღაც არ ვაპირებდი ამის ასე უცებ გაჟღერებას იმიტომ, რომ მინდოდა უფრო კარგად მოვმზადებულიყავი, მაგრამ რომელიღაც სააგენტომ დამირეკა როგორც რეჟისორს და მკითხა „რას აპირებთო?“ აი, მაშინ წამომცდა, რომ უკვე ვაპირებდი „ბაში-აჩუკზე“ სერიოზულად მუშაობის დაწყებას. დამთავრებული არ მქონდა ამის თქმა და სახლში, რომ მოვედი, უკვე „რუსთავი 2"-იდან დარეკილი იყო. ამას მოჰყვა მთელი აჟიოტაჟი. მეორე დილასვე მოვხვდი „რუსთავი 2"-ის სატელევიზიო ეთერში.
მოკლედ, მე რასაც ველოდებოდი, იმას გაცილებით გადააჭარბა იმ აჟიოტაჟმა, რაც გამოიწვია თუნდაც იმან, რომ „ბაში-აჩუკი" შეიძლება კიდევ ერთხელ გადაიღო. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ფილმის რაღაცა ფანტასტიკურ პოპულარობას.
ძველმა ფილმმა თავისი სათქმელი თავის დროზე თქვა. თქვენ რისი თქმა გინდათ ახალი ვერსიის გადაღებით?
- იმ ფილმმა თავისი სათქმელი, რა თქმა უნდა, თქვა, ოღონდ თავის ეპოქაში, მაგრამ იმის მერე ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა. ახლანდელი თაობა იზრდება სულ სხვა ფილმებზე, სულ სხვა დონის გადაღების ტექნიკაზე და ხერხებზე. იქ სხვა რაღაცეებია, რომელიც დღევანდელ თაობას უფრო მოწონს, ვიდრე, ვთქვათ, „ბაში-აჩუკი", ცოტა ისე უყურებენ, როგორც, ვთქვათ, რაღაცა კარგი ნივთი რომ გაქვს სახლში ბაბუის ნაქონი, რაღაცა ისეთია, მაგრამ არ უღრმავდები - რაღაც არის და არის თავისთვის. მე მინდა, რომ ამ ნივთს ისევ რაღაცა შევძინო, თავისი არსი, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.
რას გულისხმობთ?
- ხაზს ვუსვამ იმას, რომ ეს არის აკაკი წერეთლის კლასიკური ნაწარმოები, რომელშიც აღწერილია ზუსტად ის, რაც დღეს ხდება საქართველოში. დღეს არის ოკუპირებული ქვეყანა, როგორც მაშინ იყო, არის შიდა განხეთქილებები, ღალატი, ერმანეთის მტრობა. ეს ყველაფერი დღესაც არის. რა აერთიანებს იმ ფილმში ყველაფერ ამას - აერთიანებს ერთი გმირი „ბაში-აჩუკის" სახით, რომელიც აერთიანებს ამ ხალხს, თუნდაც სამშობლოს სიყვარულის მცნებას და ა. შ. 50-იანი წლების შემდეგ ასეთი გმირი ქართულ კინოში არ ყოფილა, რომელიც თავის თავზე აიღებდა რაღაცა ფუნქციებს, იგივე, რომ ყოფილიყო რაღაც ერთიანობის სიმბოლო, ან სამშობლოს სიყვარულისა და ვაჟკაცობის სიმბოლო. თუნდაც ავიღოთ ის, რომ ძალიან დიდი სიყვარულია ჩადებული ამ ფილმში, კიდევ ძალიან ბევრი რამეა.
ჩვენი თაობა, უფრო სწორად ჩვენი შვილების თაობა იზრდება ფსევდო-გმირებზე. არ არიან გმირები სამწუხაროდ, არა აქვთ სამაგალითო ფილმში არაფერი. მე ძალიან პატივს ვცემ და ჩემი მეგობარია, ვინც გადაიღო „ყარაბაღი", მაგრამ ბავშვებისთვის არ უნდა იყოს ფილმში ის გმირები, რომლებიც ამ ფილმში არიან, რადგან ამაზე არ უნდა გაიზარდოს თაობა, იგი უნდა გაიზარდოს რაღაც იდეალებზე, ეს იდეალები არ არის, ისინი რასაც დღეს უყურებენ. ამერიკელებმა იპოვეს კომიქსებში თავისი გმირი. იპოვეს „სუპერმენი", იპოვეს რაღაცა „სპაიდერმენი" და ამით იქმნიან გმირებს არაფრისგან. ჩვენ გვაქვს საფუძველი - აკაკი წერეთლის კლასიკური ნაწარმოები და გვაქვს ფილმი, რომელიც მართლაც კლასიკურია. რატომ არ უნდა გაკეთდეს ამისი ახალი ვერსია, რომ იმ ჩემმა შვილმა თუ შენმა შვილმა უკვე რაღაცნაირად ამაზეც რაღაცა ნახოს, რომ სამშობლოს გაფრთხილება სჭირდება, რომ ერთად ყოფნაა საჭირო, რომ ვაჟკაცი უნდა იყო, კაცი უნდა იყო და არა ნარკოტიკებზე იარო სადღაც სხვა ქვეყანაში?
რაიმე ცვლილება ხომ არ იქნება ფილმის სიუჟეტში შეტანილი?
- ცვლილება იქნება მხოლოდ გადაღების ხერხებში, იმ დრამატურგიული ხერხებით, რომელიც, დავუშვათ, იმ პერიოდისათვის სცენარში არ არის. იქ რაღაც უფრო სხვა რამეებზე გამახვილდა ყურადღება. აქ შეიძლება უფრო ხასიათებზე შეიძლება გამახვილდეს ყურადღება, წინა პლანზე წამოიწიოს ღალატის თემა, სამშობლოს თემა. იქაც იყო ეს გარკვეულწილად, მაგრამ თქვენ არ დაგავიწყდეთ ეს როდის არის გადაღებული. კიდევ როგორ გადააღებინეს, მე ძალიან მიკვირს.
ბაში-აჩუკის როლის შემსრულებელი თუ გყავთ შერჩეული?
- ეს არის ყველაზე რთული საკითხი და ამაზე ამჯერად ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან მე ვთვლი, რომ ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება. ჯერ ერთი, ახლა „ბაში-აჩუკის" პოვნა ადვილი არ არის. მაგრამ მოდით, ნუ დავიწყებთ ძებნას ცნობად, მაგრამ მაინც პოპულარულ ადამიანებში, რომლებიც მაინცდამაინც ფილმში ან კლიპში არიან გადაღებული. არა, „ბაში-აჩუკი" არის მთელი საქართველოს კრებითი სახელი, იქ რაჭველიც უნდა იყოს, ქართლელიც, კახელიც, ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს იქნება ძალიან რთული პროცესი და ალბათ მოგვიწევს სხვადასხვა რაიონებში სიარული, მთაში, ბარში, ყველგან და იმედია, ალბათ ვიპოვით ჩვენს გმირს.
როგორც ვიცი, ბატონ ოთარ კობერიძემ პროტესტი გამოთქვა ახალი ფილმის გადაღების გამო. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
- მე აბსოლუტურად ვიზიარებ ბატონ ოთარ კობერიძის პროტესტს, რომელიც მან გამოთქვა იმ თვალსაზრისით, რომ იგი მართლა შეუდარებელი „ბაში-აჩუკი" იყო. რაღაც სიმბოლოა სილამაზისა და კეთილშობილებისა. ასეთი ადამიანის პოვნა არ არის ადვილი დღეს. მაგრამ ისიც მინდა ვთქვა, რომ ეს ფილმი ისე, რაღაც ერთი ხელის მოსმით არ გაკეთდება. ამაზე იმუშავებს ყველა ისეთი ადამიანი, ვინც ეს საქმე მართლა იცის და კარგად იცის. მინდა ასევე, რომ ეს ფილმი გადაღებულ იქნას თანამედროვე სუპერ ტექნოლოგიებით, ანუ ამერიკულს რომ ეძახიან, როდესაც სანახაობრივი მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც ფიგურირებს ცხენი, ხმალი და ხმალაობა და საბრძოლო შეტაკება, რაღაცა ისე უნდა იყოს გადაღებული, როგორც იღებენ ყველგან, ძალიან მაღალ დონეზე. მე უფრო ამის მეშინია, რომ ამას სჭირდება შესაბამისად დიდი ფინანსები და სჭირდება ადამიანები, ვინც ეს იცის.
გადაღებები როდის დაიწყება და სად?
- ეს იქნება ძირითადად კახეთში და დასავლეთ საქართველო - იმერეთში იმიტომ, რომ ძირითადი მოვლენები ნაწარმოებში პრინციპში უფრო ქართლ-კახეთში ხდება. თუმცა საქარველოში ამის პრობლემა, სიმართლე გითხრათ, არანაირად არ არის. ერთადერთი, რა პრობლემაც დგას, ეს არის ის ტექნოლოგიები, რომლითაც მინდა ეს ფილმი გაკეთდეს.
ვინმე თუ დაინტერესდა ამ პროექტით და თუ გამოგეხმაურათ თუნდაც ფინანსური დახმარების თვალსაზრისით?
- ახლა ვარ ამ ეტაპზე, რომ მაქვს შეხვედრები ადამიანებთან, ვისი იმედიც მქონდა, მაგრამ ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით კონკრეტულს. მე ჩემი წინადადებები უკვე ვთქვი და ფაქტობრივად აწი მათთგან ველოდები პასუხს. ვნახოთ. მოსამზადებელ პერიოდს, თუ ყველაფერი კარგად წავიდა და კარგად იქნა, ალბათ ერთი წელი მაინც დასჭირდება, ფინანსები, მსახიობები თუ ეს ყველაფერი შეიკრიბა. ეს ერთი წელი შეიძლება გაცილებით საინტერესო პროცესი იყოს, ვიდრე გადაღება, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რაღაცაა გადასაწყვეტი.