ცით ანგელოზი ჩამოსულიყო
და გადარჩენა ეწადა ჩემი,
მამცნო ამბავი ამბორისა მთვარისა
და ღრმა ლურჯი ზღვისა,
გაშალა ფრთები და მითხრა, რომ დაბრუნდება ხვალ...
და მე ვუთხარ:
„გაფრინდი ჩემო ძვირფასო, იფრინე ცაში ჩემო ანგელოზო,
ხვალიდან შენთან ვაპირებ ყოფნას“..
და მოვიდა იგი ამ დილით
და ვერცხლისფრად დაფარა ბავშვის ნათება
და თქვა: „დღეს შენი აღზევების დღეა,
მომკიდე ხელი, დღეიდან ჩემი იქნები,
აღზევდები და ამაღლდები
და მე ვუთხარ:
„გაფრინდი ჩემო ძვირფასო,
გაფრინდი ჩემო ანგელოზო,
უკუნისამდე შენთან ვიქნები“..
ჯიმი ჰენდრიქსი Angel
ჰენდრიქსს იქამდე ხუთი წლით ადრე, Ballad Of Jimi-შიც ჰქონდა ნაწინასწარმეტყველევი საკუთარი აღსასრული, თუმც ის სიმღერა დიდწილად დავიწყებას ჰქონდა მიცემული და დროდადრო ქვეყნდებოდა ხოლმე ერთ-ერთ ხმის ჩამწერ ფირმაზე, რომლის პროდიუსერ ედ ჩალპინთან ჯიმის ჯერ კიდევ The Jimi Hendrix Experience-ის დაარსებამდე ჰქონდა კონტრაქტი გაფორმებული.
მუსიკოსის 1964-1966 წლების ამერიკული კარიერის პერიოდის ჩანაწერების გამოქვეყნება, უკვე ინგლისში მოღვაწეობისას არც ბრაინ ჩაზ ჩენდლერს, არც თავად ჰენდრიქსს სიამოვნებდა, რადგან Electric Ladyland-ის დონის შედევრის გვერდზე, მყიდველს შეიძლება მაღაზიის დახლზე სხვადასხვა სახელწოდებით გამოსული ჯიმის ადრეული და ხშირად კუსტარული ჩანაწერები დახვედროდა. ჰენდრიქსის მენეჯმენტს ედ ჩალპინმა ულტიმატუმი წაუყენა, რომ „დაუკითხავად“ ჯიმის ჩანაწერების გამოქვეყნებას მანამ არ მოეშვებოდა, სანამ მისი კომპანიის სახელით ჰენდრიქსი ახალ ალბომს არ ჩაწერდა. ჰენდრიქსს 1970 წლისათვის ქვეყნის მასალა ჰქონდა დაგროვილი, რომელთა სტუდიური ვერსიები ვინძლო დახვეწას საჭიროებდნენ, რისთვისაც ჯიმის არ ეცალა. ეს მასალა დიდი მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ, დღემდე ქვეყნდება, მაგრამ მაშინ?
ჩაზ ჩენდლერმა და კომპანიამ სასწრაფოდ გადაწყვიტეს სწორედ ამ სიმღერებისაგან შემდგარი ლაივ ალბომის ჩაწერა. ჯიმი ჰენდრიქსის ტრიო ამ დროისათვის მხოლოდ შავკანიანი მუსიკოსებისაგან შედგებოდა, რასაც ზანგურ წრეებში კეთილისმყოფელ გამოხმაურებაზე უნდა ემუშავა, მაგრამ ამ თვალსაზრისით ჯიმის ახალმა კოლექტივმა და ალბომმა Band Of Gypsys, ლუის არმსტრონგის ბედი გაიზიარა და მისი მომსმენნი კვლავ ძველი, ოღონდ საკმაოდ გაკვირვებული თაყვანისმცემლები აღმოჩნდნენ. მიჩ მიჩელის საოცრად ენერგიული და მანევრებით აღსავსე დაკვრის შემდეგ, ყურს დაჩვევა ესაჭიროებოდა ბადი მაილსის დაკვრის მძიმე და ხისტ მანერაზე. ბასისტი ბილი კოქსი კი ჯიმის მითითებების საუკეთესო შემსრულებელი იყო, რამაც დაგვანახა, რომ ჰენდრიქსი კანის ფერის მიუხედავად, ფიუჟენ ტენდენციებთან შედარებით, ტიპურ როკ ბას გიტარას ანიჭებდა უპირატესობას.
მიუხედავად ამისა, Band Of Gypsys აშკარად აღსავსეა ფანკი ტენდენციებით, რაც დრამერისა და მომღერლის - ბადი მაილსის დამსახურებაა. ჯიმი ჰენდრიქსის ტრიოში კიდევ ერთი კომპოზიტორის გამოჩენამ, საგრძნობლად შეცვალა ჯგუფის ხელწერა ვოკალური თვალსაზრისითაც, ხოლო ჯიმის უაღრესად სავსე ბგერა და დაკვრის სისუფთავე, ალბომის ლამის „სტუდიურობაზე“ მიგვანიშნებს.
Band Of Gypsys 1970 წლის საახალწლო ღამესაა ჩაწერილი, ხოლო იანვრის ბოლოს კი ჯიმის კვლავ ძველმა მეგობრებმა - მიჩ მიჩელმა და ნოელ რედინგმა მიაკითხეს, The Cry Of Love ტურში მონაწილეობის მისაღებად. ჯიმიმ დრამერი დააბრუნა ჯგუფში, ხოლო ამბიციური ნოელ რედინგის ნაცვლად, არჩევანი კვლავ შედარებით სუსტ ბასისტ - ბილი კოქსზე გააკეთა.
ჯიმის მოღვაწეობის ბოლო ნახევარი წელიწადი უაღრესად მომხიბვლელი გამოვიდა, რადგან სწორედ ამ პერიოდმა შემოგვინახა მისი გარდაცვალების შემდგომ გამოსულ ალბომ Cry Of Love-ში შემავალ სიმღერათა საკონცერტო ვერსიები. ჯიმის ხედვა Electric Ladyland -თან შედარებით, კიდევ უფრო „თეთრკანიანი“ ხდებოდა და რეპერტუარში მატულობდა მისივე შექმნილი ჰარდ როკის ტენდენციები. ისეთი სიმღერები, როგორიცაა Freedom, Astro Man, In From The Storm და Straight Ahead, წინა სტუდიური ალბომის იდუმალი სიღრმეებითა და მისტიკით ნამდვილად ვეღარ დაიკვეხნიდნენ, თუმც სტუდიური ტექნიკის განვითარების ფონზე, ზღაპრულ გიტარულ პასაჟებს, ვინძლო მეტი ეფექტით გადმოსცემდნენ. ელექტროგიტარის სრულყოფის ზეობა გამოვლინდა Night Bird Flying-ში, რომლის ზედდებების ეფექტი მარადის მიუწვდომლად დარჩება ჯიმის სულიერი შვილებისათვის, ხოლო წვდომა კი მათგან მხოლოდ რიჩი ბლეკმორის ხვედრია, რომელმაც Drifting-ის აკორდების ნიადაგზე საკუთარ კომპოზიციებში Catch The Rainbow და Rainbow Eyes, ჩინგიზ ყაენის მიერ ევროპის ჩინეთთან დაკავშირებისა არ იყოს, შავკანიანთა ბლიუზური კულტურა, რენესანსის პერიოდის ევროპულ შუასაუკუნეობრივ კულტურასთან დააკავშირა და მათში საერთო ფესვები ჰპოვა...
ჰენდრიქსი-მიჩელი-კოქსის ტრიომ მსმენელს თავი ჯერ კიდევ ვუდსტოკის ფესტივალიდან დაამახსოვრა, სადაც დამატებით გიტარისტ ლარი ლის ყოფნამ, კიდევ უფრო სრული გახადა ელექტროგიტარის საკონცერტო საუნდი. 1971 წლის იანვარში გამოსულ Cry Of Love-ში კი რამდენიმე მოწვეული მუსიკოსის მიუხედავად, ლიდ გიტარის პარტიები მხოლოდ დიდი მაესტროს დაკრულია, იქნება ეს Freedom-ის 10 წამიანი ქრესტომატიული სოლო, თუ Belly Button Window-ს გასული საუკუნის 30-იანი წლების შავკანიანი ამერიკის აკუსტიკურ-ფსიქოდელიური გიტარის პარტია.
1970 წელს ჯიმიმ ორ უდიდეს - ატლანტისა და აილ ოფ უაიტის ფესტივალებზე დაუკრა. ეს უკანასკნელი უმაღლეს დონეზე გადაამუშავა ედი კრამერმა და 2002 წელს როკ საგანძურს ალბომ Blue Wild Angel-ის სრულ აუდიო ვერსიასთან ერთად, DVD ვერსიაც მოევლინა. In From The Storm-ის დასასრულ, კონცერტის შემდეგ, ჯიმი აუდიტორიას დაახლოებით შემდეგი სიტყვებით მიმართავს: „შევხვდებით, სადმე, ოდესმე, ერთ მშვენიერ დღეს...“ სწორედ 1970 წლის აგვისტოს შუა რიცხვებითაა დათარიღებული ჯიმის უკანასკნელი სიმღერა Straight Ahead, რომელშიც სხვათა შორის ბასზე ნოელ რედინგმა დაუკრა...
Cry Of Love-ს სულ მალე Rainbow Bridge, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი War Heroes მოჰყვა. ჯიმის სიცოცხლეში გამოუქვეყნებელი სიმღერები გვაფიქრებინებს, რომ 1970-ების შუა პერიოდში ჯიმი ცოცხალი რომ ყოფილიყო, მის შემოქმედებაში მუსიკალურ იდეებთან შედარებით, წინა პლანზე არანჟირების სტილი წარმოჩინდებოდა და 1980-ებამდე მაინც, შესაძლოა როკ მუსიკის ზოგადი კრიზისი მასაც შეჰხებოდა, თუმც ვინ იცის, ჯიმი ისეთი ფიგურა იყო, რომ მას შეიძლება სრულიად „ახალი როკი“ შემოეთავაზებინა, რაც მან 1967 წელს, უკვე განახორციელა.
1970 წელს რეალურად საუბრობდნენ პროექტ HELP-ის შექმნაზე, სადაც ემერსონ, ლეიკ ენდ პალმერის ტრიოს, ჯიმი ჰენდრიქსი დაემატებოდა. მაინც რა უნდა დაეკრათ ერთად ემერსონსა და ჰენდრიქსს? როგორც ჩანს პროექტი ერთჯერადი იქნებოდა, მაგრამ შემოქმედებით მწვერვალზე მყოფი უდიდესი ინსტრუმენტალისტები ვინ იცის, როგორ დაუახლოვებდნენ ერთმანეთს როკ მუსიკის უმნიშვნელოვანეს სოლო ინსტრუმენეტებს. ჯიმი ასევე როკ ოპერაზე აპირებდა მუშაობის დაწყებას, რაც შესაძლოა მომავალში შავკანიანი როკმენის კლასიკური მუსიკის სამყაროსთან დაახლოებას მოასწავებდა...
ფაქტია, რომ მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანესი მუსიკოსისაგან, რომელმაც სულ 5 წელიწადი დაჰყო სცენაზე, მომავალში მოულოდნელიც მოსალოდნელი იქნებოდა, ხოლო რომ არა წინათგრძნობა ადრეული აღსასრულისა, ვინძლო არც Angel, არც კიდევ ის ზღვა მასალა შექმნილიყო, რომლის გამოქვეყნებაც მართალია სულ უფრო მცირე რაოდენობით, სიყვარულის ცრემლებით გაჯერებული, დღემდე გრძელდება.