ქართული „ჰერბალაიფი“ იატაკქვეშეთში წავიდა

ქართული „ჰერბალაიფი“ იატაკქვეშეთში წავიდა

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ „ჰერბალაიფს“ ლიცენზია გაუუქმა, პრეპარატების გაყიდვას მაინც აგრძელებენ.

მეტიც, მისი წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მათთვის მუშაობა არავის აუკრძალავს და არც მაკონტროლებლებს შეუწუხებიათ. თუმცა საქმიანობის სტილი შეცვალეს და ახლა „იატაკქვეშა“ პრინციპით მუშაობენ.

კომპეტენტური წყაროს ცნობით, პრეპარატები, რომლებსაც მადისდამკარგავი საშუალებები შეიცავს, გულის სარქველებს სერიოზულად აზიანებს და ხშირად, საქმე იმდენად რთულდება, რომ ქირურგიულ ჩარევასაც საჭიროებს.

ამერიკაში რამდენიმე ასეთი ოპერაცია უშედეგოდ დამთავრდა - პაციენტი გარდაიცვალა. ქირურგების თქმით, ამ პრეპარატებს ავადმყოფთა იმუნური სისტემა იმდენად დაუსუსტებია, რომ უახლესი აპარატურის გამოყენებამაც ვერაფერი უშველა, ნორმალურ ადამიანებს კი ასეთი ოპერაციისთვის უნდა გაეძლოთ.

გამოკვლევების შედეგად, რამდენიმე ხნის წინ, ამერიკის კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების სამმართველომ ორი პრეპარატი, ფენფლურამინი და დესფლურამინი აკრძალა, რასაც პრეპარატების ამერიკელმა მწარმოებლებმაც დაუჭირეს მხარი და ისინი გაყიდვიდან ამოიღეს. 15 სექტემბრიდან კი მათი შეტანა რუსეთმაც აკრძალა.

მსოფლიოში „მოძულებული“ პრეპარატები კი საქართველოში დღესაც დაუბრკოლებლად შემოდის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში „ჰერბალაიფის“ დამფუძნებლად რუსეთში ნამოღვაწარი, ვინმე „ნომერ პირველი დისტრიბუტორი“ ითვლება (ამჟამად ისრაელში მოღვაწეობს და საქართველოში ამერიკელი რეალიზატორ-მომმარაგებლები მოავლინა), უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი საქართველოში ამ საწამლავის ფართომასშტაბიანი რეალიზაციის ოპერაციისთვის ემზადებიან.

პრეპარატების სწრაფად გავრცელებას კარგად ორგანიზებული გასაღების ქსელიც ხელს უწყობს. ფირმის იერარქიული კიბე რამდენიმე საფეხურადაა დაყოფილი.

ზედა საფეხური ინსპექტორებს უკავიათ, რომლებიც მუშაობის ლიცენზიას გასცემენ, შემდეგ მოდიან კონსულტანტ-დისტრიბუტორები და მუდმივი კლიენტები. საგულისხმოა, რომ პრეპარატების რეალიზაციის უფლება ფირმის ნებისმიერ წევრს აქვს და ზედა საფეხურზე მხოლოდ მას შემდეგ ადის, რაც საკუთარი კლიენტურის განსაზღვრულ რაოდენობას დააგროვებს.

ფინანსურ დაინტერესებაზე თუ ვიმსჯელებთ, ფირმის წარმომადგენლებს გაყიდული პრეპარატების ღირებულების მეოთხედი რჩებათ. ოცზე მეტი კლიენტის მოგროვებისას კი თანხის ნახევარს იტოვებენ (პრეპარატების მინიმალური ღირებულება ასი დოლარია).

ფირმას ოფისები თბილისის ცენტრალურ უბნებში აქვს და რატომღაც, ძირითადად, რუსულენოვანი თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული. ფირმის მისამართი გასაიდუმლოებულია და როცა კლიენტი ტელეფონის ნომერს ითხოვს, თანამშრომლები ნაცნობ-მეზობლების ნომრებს არიგებენ.

ყველაზე გავრცელებული აბები, ფენფენი, ორი პრეპარატის - ფენფლურამინის და ფენტერმინის კომბინაციაა. ამერიკაში ორივე მადის დამკარგავ საშუალებადაა რეგისტრირებული და ოფიციალური რეკომენდაცია, მათი ერთად გამოყენების შესახებ, არ არსებობს. ამიტომ არც არავინ იცის, ამ პრეპარატის გამოყენებას რა უარყოფითი შედეგების მოტანა შეუძლია.

ფენფლურამინის მაგივრად, ხშირად, მის მსგავს დეკსფლურამინსაც იყენებენ, რომელსაც გულის დაავადების ძირითად გამომწვევად მიიჩნევენ. ჯერ დაუზუსტებელია „ჰერბალაიფის“ კიდევ ერთი კომპონენტის - ფენტერმინის მოქმედებაც. თუმცა, ფაქტია, რომ ამ წამლების გამოყენებით, ადამიანების დაავადებამ მასობრივი ხასიათი მიიღო.

ასე რომ, სანამ საქართველოს მოსახლეობა გენეტიკურად არ გადაგვარებულა, ალბათ, დროა, ქვეყნის მამებმა გამოიღვიძონ და ეს საწამლავი აკრძალონ, თორემ პოლიციას მალე ნარკოტიკების „ბარიგებთან“ ერთად, „ჰერბალაიფის“ „ბარიგების““ ძებნაც მოუწევს, მით უმეტეს, რომ არც „ჰერბალაიფი“ აღმოჩნდა ნარკოტიკზე ნაკლები საწამლავი...