რაოდენ საოცარია ისტორიული პარალელების ხიბლი. რაოდენ უნივერსალურია საზოგადოებრივი განვითარების კანონზომიერებები. ნუთუ ვინმე წარმოიდგენდა იმას, რომ ზუსტად 90 წლის წინ, პირველი მსოფლიო ომის შემდგომ იტალიას ოცდამეერთე საუკუნის საქართველო დაემსგავსებოდა?
ფანტასმაგორიის ასოციაციებს იწვევს საოცარი მსგავსება 1922 წელს იტალიაში ფაშისტებისა და 2003 წელს საქართველოში „მიშისტების“ ხელისუფლებაში მოსვლას, უფრო სწორედ კი ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდებას შორის. ხელისუფლებისა, რომელიც დემაგოგი ბელადების მიერ მობილიზებულმა უმეცარმა ავანტიურისტებმა „ცხვირწინ ააცალეს“ ინფანტილიზმით დაავადებულ როგორც იტალიურ, ისე ქართულ საზოგადოებასა და ორივე ქვეყნის გზააბნეულ პოლიტიკურ ელიტებს. ორივე შემთხვევაში ძალაუფლების ცინიკურ და ბანალურ უზურპაციას რევოლუცია უწოდეს. პირველ შემთხვევაში ფაშისტური, მეორეში „ვარდების“.
ოც წელზე მეტი გაგრძელდა ფაშისტური მმართელობა იტალიაში. ცხრა წელი გასტანა საქართველოში „ვარდისფერმა კოშმარმა“. „ვივა დუჩე!“-სა და „მიშა მაგარია“-ს ძახილმა გამოუჭედა ყურები ხალხს. უსამართლობა, ძალადობა და განუკითხაობა ცხოვრების წესად გადაიქცა. ზედგამოჭრილია ზემოთ აღნიშნულ იტალიურ-ქართულ ტოტალიტარული რეჟიმების დასახასიათებლად ბენიტო მუსოლინის მოსწრებული გამოთქმა: „ყველაფერი სახელმწიფოსთვის, არაფერი სახელმწიფოს გარეშე“.
უნიათობაშიც კი დაემსგავსა ერთმანეთს ეს ორი დიქტატურა. ორივე მიისწრაფვოდა აბსოლუტური ტოტალიტარიზმისაკენ კონსტიტუციის დიქტატორზე „მორგებისა“ და სამართლებრივი განუკითხაობის გზით, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ვერც მუსოლინიმ და ვერც სააკაშვილმა ვერ მოახერხეს ჰიტლერისა და სტალინის მსგავსად ოპოზიციის საბოლოო განადგურება. იმიტომ კი არა, რომ არ უნდოდათ - ვერ შეძლეს. ამიტომაც უპასუხა, უცხოელი ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არ ხვრეტენ იტალიაში მტრებს, ნირწამხდარმა მუსოლინიმ: „ჩვენ რა, რუსეთში ხომ არა ვართ?“
ალბათ ამიტომაც აფასებდნენ დამცინავად დუჩეს გერმანელი თანამოაზრეები. მაგალითად ისეთი როგორიცაა იოზეფ ჰებელსი, რომელიც თვლიდა, რომ მუსოლინი: „არ არის ჭეშმარიტი რევოლუციონერი, როგორებიც არიან ჰიტლერი და სტალინი... მას აკლია მსოფლიო რევოლუციონერისა და მეამბოხის გაქანება“.
ერთი დიდი სხვაობა კი არის იტალიურსა და ქართულ დესპოტიას შორის. მუსოლინის აზრადაც კი არ მოსვლია ოდესმე დემოკრატის როლი ეთამაშა. პირიქით. ის ყველანაირად ხაზს უსვამდა საკუთარ ზიზღს პარლამენტარიზმის მიმართ. მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ეფიცებოდა ამერიკასა და ევროპასდასავლური დემოკრატიისადმი ერთგულებას, სინამდვილეში კი ყველანაირად ცდილობდა მიწასთან გაესწორებინა რეალური დემოკრატიის მცირეოდენი გამოვლინება საქართველოში.
ასე არის თუ ისე, „ვარდების ხელისუფლების“ იტალიელმა მეგობრებმა, მათ შორის ბენიტო მუსოლინიმ, ცუდად დაამთავრეს. ფაშისტი დიქტატორი, საყვარელ ქალთან კლარეტა პეტაჩისთან ერთად იტალილელმა პარტიზანებმა ჯერ დახვრიტეს, შემდეგ კი დუჩეს საყვარელ ქალაქ მილანში „პიაცა ლორეტოს“ მოედანზე თვალსაჩიონოებისათვის თავქვე ჩამოკიდეს.
სისასტიკეა? დიახ!
მიუღებელია? რა თქმა უნდა!
მადლობა ღმერთს, ქართველი ხალხის მიერ 2012 წლის 1 ოქომბერს გამოვლენილ სიბრძნესა და მსოფლიო თანამეგობრობის მიერ გამოჩენილ უპრეცედენტო მხარდაჭერას დემოკრატიის განვითარებისადმი საქართველოში, რომ ჩვენთან ასე არ მოხდა.
და თუ კი ვინმეს შეეპარება ეჭვი იმაში თუ რაოდენ ახლო ვიყავით ტრაგედიასთან. საუკეთესო თვითმხილველის ჩანაწერებს მოვუყვან დამამტკიცებელ საბუთად. ეს თვითმხილველი კი, არც მეტი და არც ნაკლები... თავად ბენიტო მუსოლინია.
დიდი მადლობა გამომცემლობა „ქართულ ბიოგრაფიულ ცენტრს“, რომელმაც 2012 წელს გამოსცა წიგნი „მუსოლინი“, ანუ დუჩეს მიერ დაწერილი საკუთარი ავტობიოგრაფია. ყველაზე საინტერესო ჩემი აზრით ზემოთ აღნიშნული წიგნის ის მონაკვეთია, სადაც იტალიელი დიქტატორი ხელისუფლებაში მოსვლის დღეებს აღწერს და სხვათაშორის საკმაოდ ნიჭიერადაც.
არაფერი არ შემიცვლია ტექსტში, ჩემეული კომპოზიციური შეკვრის გარდა, რომელიც სხვათა შორის ქრონოლოგიურადაა განლაგებული. ერთადერთი, რაც აუცილებლად მივიჩნიე ტექსტის ცოტაოდენი „გადმოქართულება“ იყო.
ბევრი არაფერი არ დამჭირვების ამისათვის, იმდენია მსგავსება გასული საუკუნის 20-ანი წლების იტალიასა და თანამედროვე საქათველოს შორის. უბრალოდ ფაშიზმისა და ფაშისტური პარტიის ნაცვლად მე ჩავსვი ნაციონალური მოძრაობა, ფაშისტების ნაცვლად – ნაციონალები. იტალია გახდა საქართველო, თავისუფალი მასონები - შევარდნაძის კორუმპირებული ელიტა, მილანი - ქუთაისი, ბოლონია - ბათუმი, ფერარა - ზუგდიდი, რომი - თბილისი, ჯოლიტი - შევარდნაძე, გაზეთი „ავანტი“ - გაზეთი „ასავალ-დასავალი“, გაზეთი „კორერო დე ლა სელა“ - გაზეთი „კვირის პალიტრა“, 1922 წელი - 2003 წელი, ფაშისტური რევოლუცია - ვარდების რევოლუცია, მატეოტი - სანდრო გირგვლიანი, მედია–მაგნატი ალბერტინი - ტელევიზია „იმედის“ მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი, შავპერანგიანები - ნაცზონდერები, ტოსკანა - სამეგრელო, ამიატას პროვინცია - ქვემო ქართლი, სიენას პროვინცია - ჯავახეთი, სიცილიური მაფია - კანონიერი ქურდები და ბოლოს ვატიკანი - ქართული მართლმადიდებლური ეკლესია.
ახლა კი სიტყვა ეძლევა ბენიტო მუსოლინის:
გარკვეულ შემთხვევებში ძალადობა შეიძლება გამართლებული იყოს. ჩვენს ქვეყანაში ხომ წამყვანი კლასი არასოდეს არ არსებობდა, არ არსებობდა მყარი, თანამედროვე ერთიანობა. მუშათა კლასსა და გლეხობაში კვლავ უვიცობა ბატონობდა. უსარგებლო იქნებოდა სამართლის მოწყობა და დახვეწილი სიტყვებით ქადაგება. საჭირო იყო ბოროტების სასტიკი ძალების დამარცხება მათსავე მოედანზე. აუცილებელი იყო გზა გაგვეკვლია ძალადობით, მსხვერპლშეწირვით და სისხლით, დაგვემყარებინა წესრიგი, რომლის მიღწევაც შეუძლებელი იქნებოდა ფუჭი სიტყვებით - უღიმღამო პროპაგანდით და საპარლამენტო ჟურნალისტური დებატებით.
ჩვენი სისასტიკე უსაზღვრო უნდა ყოფილიყო.
ჩემი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა ნაციონალური მოძრაობის ყველა ადგილობრივი ქვედანაყოფის მუშაობის კოორდინირება, არამარტო პროვინციებში, არამედ ქალაქებშიც. გვიერთდებოდნენ მამაცი სტუდენტებიც. საქართველოს სასწავლებლები მდიდარია იმ სტუდენტთა სახელებით, რომლებმაც პოლიტიკური ცხოვრებისა და ნაციონალური მოძრაობის გამო სწავლა მიატოვეს. ამ ბიჭებმა სინანულის და ყოყმანის გარეშე უარი თქვეს მხიარულ ცხოვრებაზე და სამშობლოს მოღალატეებთან ბრძოლაში სიკვდილს დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით მე ეს გმირები ღირსების ორდენებით დავაჯილდოვე.
საქართველოს მთავრობა, ბუნებრივია, სირთულეს უქმნიდა ოპოზიციურ ნაციონალურ მოძრაობას. მაგრამ ჩვენ გიჟური სიმამაცით და ძალით ვუპირისპირდებოდით თავდასხმებსა და მახეებს. ბიჭები ჩემში გზასაცდენილი საქართველოს შურისმაძიებელს ხედავდნენ.
შევარდნაძის კორუმპირებული ელიტა, რომელიც ჩაბმული იყო პოლიტიკურ ინტრიგაში, უკვე გრძნობდა ნაციონალური მოძრაობის საფრთხეს და მთელი ძალ-ღონით ცდილობდა ხელი შეეშალაჩვენთვის. კვირა-უქმეები და დღესასწაულები თითქმის ყოველთვის თავდასხმებით სრულდებოდა. ვბრძანე, საპასუხო ძალა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში გამოგვეყენებინა.
ოპერატიულმა ჯგუფებმა მუშაობა დაიწყეს გარეუბნებში, ხელისუფლება უუნარო იყო. ის ვერ აკონტროლებდა არეულობას. თავი მოვუყარე ნაციონალებს და ქუთაისის მთავარ ქუჩებში საზეიმო სვლა მოვაწყვე. ეს იყო ძალის დაუვიწყარი დემონსტრირება. როგორც იქნა, ქუჩებში სამოქალაქო ცხოვრების,წესრიგის და მოქალაქეების დამცველები გამოჩნდნენ. განახლების სული იგრძნობოდა ყველგან.
ძალიან აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი. ნაციონალურ მოძრაობას მტკიცე ხელით ვმართავდი. ზოგჯერ ძალიან მკაცრ ბრძანებებსაც გავცემდი. ყოველთვის ვიცოდი, ვინ მოდიოდა სხვადასხვა პროვინციებიდან ქუთაისში ჩვენს ორგანიზაციასთან კავშირის დასამყარებლად. ვუთვალთვალებდი ჩემს მტრებს. ვიცავდი ჩვენი მიზნის სიწმინდეს. ჩვენი მოძრაობის მოქნილობისათვის საჭირო თავისუფლება მივეცი წევრებს. არ მინდოდა, შემელახა ნაციონალთა ძლიერი და სუფთა რწმენა. არ მინდოდა, მგზნებარე ახალგაზრდობა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მამოძრავებელი სული იყო, ვაჭრობის, კოალიციების, საპარლამენტო დაპირისპირების და ქართულიკორუფციის ძველ ელემენტებს შერეოდა.
მთელი ცხოვრება თან მდევდა დაუძლეველი სწრაფვა ფრენისკენ. იმ დრამატულ პერიოდში ველოსიპედით დღეში თვრამეტ კილომეტრს გავდიოდი, რომ ფრენის გაკვეთილები მიმეღო. ერთ მშვენიერ დილას თვითმრინავში ჩავჯექი. პირველმა ფრენამ ინციდენტის გარეშე ჩაიარა. მეორე გაფრენის დროს კი, რაღაც მიზეზით, ძრავი ზუსტად იმ დროს გაჩერდა, როცა დაშვებას ვიწყებდი. თვითმფრინავი გვერდზე გადაიხარა და დაახლოებით ორმოცი მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. მფრინავმა უმნიშვნელო ჭრილობები მიიღო შუბლზე, ჩემი ჭრილობების მოშუშებას კი ორკვირიანი მკურნალბა დაჭირდა.
ამ ინციდენტის წყალობით გავიგე, რამდენი ქართველი ადევნებდა თვალყურს ჩემს მდგომარეობას. ქვეყნის ყველა კუთხიდან ვიღებდი თანაგრძნობის წერილებს. ჩემი ჭრილობების გამო რამდენიმე დღე დასვენება მომიწია, შემდეგ კი ისევ დავუბრუნდი ჩემს ჩვეულ საქმიანობას.
საქართველოს პარლამენტს მძიმე დღეები ედგა. პოლიტიკურ ჰორიზონტზე გამოჩნდა მნიშვნელვანი თანავარსკვლავედი - ნაციონალური მოძრაობა. ამ ფაქტის გამო პრეზიდენტმა შევარდნაძემ გადაწყვიტა, პარტიები საპარლამენტო ხმის უფლებით შეეფასებინა და არჩევნები ნოემბრის თვეში დანიშნა.
საკითხის წინასწარი განხილვის შემდეგ რამდენიმე პარტიამ გადაწყვიტა ერთიანი ძალებით მიეღოთ მონაწილეობა და ამ მიზნით ეროვნული ბლოკი შექმნეს. ბლოკის ცენტრალური ძალა იყო ნაციონალური მოძრაობა - ერთადერთი წამქეზებელი და დამაიმედებელი ძალა.
საარჩევნო ბრძოლა ერთ თვეს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში სამჯერ გამოვედი სიტყვით ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. ხმათა უმრავლესობა მოვიპოვე არა მარტო ქუთაისში, არამედ ბათუმსა და ზუგდიდშიც.
თბილისში მოვიწვიე ნაციონალური მოძრაობის დიდი კონგრესი. დადგა მომენტი, როცა საჭირო იყო, გადავსულიყავით ახალ ეტაპზე და ჩამოგვეყალიბებინა პარტიის ორგანული სტრუქტურა, რომელიც საკმაოდ ძლიერი იქნებოდა პოლიტიკურად და ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ბერკეტს აიღებდა ხელში. ეს დაუვიწყარი შეხვედრა იყო. დამსწრეთა რაოდენობის და დისკუსიების წყალობით სხდომაზე კარგად გამოჩნდა ნაციონალური მოძრაობის მამაცი სული. ჩემმა შეხედულებებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
მე ბევრჯერ მითქვამს ნაციონალებისთვის, მათთვის, ვისაც ყოველთვის საქართველოს არისტოკრატიად მივიჩნევდი, რომ ჩვენს რელიგიურ იდეალს ჰქონდა უმნიშვნელოვანესი მორალური დატვირთვა.ნაციონალები, ეს ინტელიგენტი ხალხი, რომლებიც ნამდვილად იმსახურებდნენ იმ ეპოქას, რომელშიც ცხოვრობდნენ, მხარს უჭერდნენ რელიგიური პოლიტიკის ახალ, ჩემეულ კონცეფციას. პარალელურად, ჩვენ ბრძოლას ვუცხადებდით შევარდნაძის კორუმპირებულ ელიტას. ეს იყო ფუნდამენტური მნიშვნელობის ბრძოლა და ნაციონალურ მოძრაობას ურყევად ჰქონდა გადაწყვეტილი, ის ბოლომდე მიეყვანა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შევარდნაძის კორუმპირებული ელიტა ყოველთვის ამახინჯებდა პოლიტიკურ ცხოვრებას და რელიგიურ კონცეფციებს. პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს საზოგადოება ემყარებოდა პირფერობას, ორპირობას, მავნე ნეპოტიზმს და ფავორიტიზმს.
შევარდნაძის კორუმპირებული ელიტის სიძულვილი ახლაც სულ თან მდევს. დღევანდელ საქართველოში იგი დამარცხდა, მაგრამ მაინც ცდილობს ტალახში ამომსვაროს, თავს მესხმის, მაგრამ – უშედეგოდ. ცდილობენ მომკლან, მაგრამ დაქირავებული მკვლელები ვერ მართავენ ჩემს ბედისწერას. ხმებს ავრცელებენ ჩემი სისუსტის და ცუდი ჯანმრთელობის შესახებ, მაგრამ მე ახლა უფრო ძლიერი და სიცოცხლით სავსე ვარ, ვიდრე ვიყავი.
ყოველთვის, როცა მინდოდა, საქართველოს პოლიტიკაში არსებული რთული მდგომარეობა მომეგვარებინა, ყოველთვის, როცა მინდოდა, გულწრფელი და ლოიალური გულახდილობით მოვკიდებოდი პოლიტიკოსებს, მოწინააღმდეგე მხარეს შევარდნაძის კორუმპირებული ელიტას ვხედავდი. მაგრამ მე დავამარცხე ეს ბოროტება, რომელიც ადრე უზარმაზარ ძალაუფლებას ფლობდა. ქართველებმა ეს ომი მოიგეს - მათ კეთრისგან განსაკურნებელ წამალს მიაგნეს.
ძველი სამყაროს წარმომადგენლებს აღარ შეძლოთ, ძველებურად ეცხოვრათ, უკანასკნელ ნამსხვრევებს ეჭიდებოდნენ, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის ძლიერი მანქანა უკვე მუშაობდა. არავის ძალუძდა მისი შეჩერება, რადგან ამ მანქანას ერთადერთი მიზანი ჰქონდა: მიეცა საქართველოსთვის ძლიერი ხელისუფლება.
ნაციონალური მოძრაობისგენერალური მობილიზაცია გამოვაცხადე. თავს დავესხით ჩვენი მოწინააღმდეგეების ბუნაგს - გაზეთ „ასავალ დასავალის“ რედაქციას, რომელიც დავწვით.
კარგად შეიარაღებულმა ნაციონალებმა, საბოტაჟის თავიდან აცილების მიზნით, დაიკავეს ელექტროსადგურები; საჭირო იყო, სამუდამოდ გაგვენადგურებინა არეულობის მთავარი კვანძები. ნაციონალებს ეს გამოუვიდათ.
ნაციონალურმა მოძრაობამ გამოავლინა ურყევობა და დაამტკიცა, რომ შეეძლო ემართა საქართველოს მომავალი, არამარტო ძალით, არამედ ფუნდამენტური სიბრძნით და უანგარო პატრიოტიზმით.
ჩვენი ანტაგონისტები დამარცხებულნი, დაბნეულნი და დამცირებულნი იყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, ვინც თავის თავს ჩვენ მოწინააღმდეგედ თვლიდა, აღიარა, რომ ნაციონალური მოძრაობა იყო დაუძლეველი ძალა, რომლის უარყოფაც არავის შეეძლო. „კვირის პალიტრა“, სერიოზული და, გარკვეულწილად, ქართველების საყვარელი აგზეთი, რომელიც თავის ტირაჟს მომაკვდავი საშუალო კლასის საყვირად იყენებდა, წარსულში მხარს უჭერდა სხვა ლიდერებს. ახლა გაზეთის მესვეურები გრძნობდნენ, რომ საჭირო იყო გამოეთავისუფლებინათ სივრცე და ეღიარებინათ, რომ ნაციონალურ მოძრაობასაც ჰქონდა უფლება, შესულიყო კაბინეტში. ყველა ნაციონალურ მოძრაობას მისჩერებოდა. ეს იყო ერთადერთი ძალა, რომელიც ინტერესს აღვივებდა ქართველთა ცხოვრებაში.
გადავწყვიტე, თავად გვძღოლოდი ჩემ მომხრეებს. უკვე დაგეგმილი მქონდა, თბილისში შევსულიყავი.
2003 წლის ნოემბერშიქუთაისში მოვიწვიე გენერალი, რომელიც ჩვენდამი სიმპათიით იყო გამსჭვალული. ძველი რომაული ლეგიონების მოდელის მიხედვით შევიმუშავე სამხედრო და პოლიტიკური მოწყობის სქემა. ნაციონალები დავყავი „მეთაურებად“ და „რიგითებად“. შევქმენით ჩვენი დევიზი, უნიფორმა და პაროლი.
შესანიშნავად ვიცოდი, როგორი იყო განწყობა საქართველოს რეგიონებში. შემეძლო, ყველა მიმართულებიდან თბილისზე გამელაშქრა. საქართველო ნათელმა მოიცვა. უკვე ღრმად ვსუნთქავდით. კრიტიკოსები, მსოფლიო დონის ისტორიკოსები თუ სწავლულები ქვეყნის ყველა კუთხიდან, თანდათან ინტერესდებოდნენ მოძრაობით, რომელიც მე შევქმენი და ახლა გამარჯვებისკენ მიმყავდა.
არც ერთ წუთს არ ვკარგავდი და ვამზადებდი თბილისის დაპყრობის გეგმას. ცხადია, არ ავუღელვებივარ პირადი ძალაუფლების მოპოვების მირაჟს, ან სხვა საცდურს, არც ეგოისტური პოლიტიკური დომინანტობის სურვილს. მხოლოდ საქართველოს ინტერესები მაღელვებდა. ნაციონალურ მოძრაობას უნდა ემართა საქართველომისი დიდებისა და კეთილდღეობისთვის.
სამხედრო და პოლიტიკური ძალები მე მემორჩილებოდნენ. საგულდაგულოდ განვიხილე ყველა გეგმა და შემოთავაზება და მხოლოდ ჩემი საკუთარი გეგმის შედგენის შემდეგ გავეცი ბრძანებები.მინდოდა მცოდნოდა რას ფიქრობდნენ რიგითი ნაციონალები, გამეგო მათი სულიერი მდგომარეობა და შემეფასებინა მათი მზაობა. ამიტომაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ოთხი მნიშვნელოვანი მოხსენება გავაკეთე. ჩემს გამოსვლებში მკაფიოდ დავხატე მომავლის პოლიტიკა და ნაციონალური მოძრაობის უპირველესი მიზანი. არ მინდოდა, თავი მომეწონებინა მასებისთვის. მე მათ ყოველთვის გულწრფელად და ზოგჯერ ცოტა უხეშად ვესაუბრებოდი. ეს არის განსხვავება ჩემსა და იმ საძულველ თავაზიანობას შორის, რომელსაც საკუთარი მიზნებისთვის იყენებდნენ ყველა დროის და ქვეყნის პოლიტიკური პარტიები.
ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური კომიტეტი შევკრიბე და დავგეგმეთ სტრატეგია, რომელიც ტრიუმფალურად შეგვიყვანდა თბილისის ქუჩებში. მივუახლვდით ძველი ეპოქის ნაღვლიან დაისს და ახალ - ნაციონალური მოძრაობის განთიადს.
პროვინციებში არსებული პირობების შეფასების, ჯგუფების მეთაურების ანგარიშების მოსმენის, სამოქმედო გეგმების არჩევის და ყველაზე ხელსაყრელი მომენტის განსაზღვრის შემდეგ, ვუხმე ნაციონალური მოძრაობის ჯგუფების მეთაურებს. ნაციონალების შეკრება შედგა ზუგდიდში, რომელიც ჩვენ მეორე დიდ კონგრესად გამოცხადდა. ეს ერთგვარად ნიღბავდა რეალური მობილიზაციის დაწყებას.
წინასწარ დათქმულ დროს სრულიად საქართველოს სამოქმედო ჯგუფები უნდა შეიარაღებულიყვნენ და დაეკავებინათ მნიშვნელოვანი კვანძები.
ავირჩიეთ პაროლი და დავაზუსტეთ მოქმედების დეტალები. ნდობით აღჭურვილი შიკრიკები ობობებივით ქსოვდნენ ქსელს. მთელი დღე ბრძანებებს ვიძლეოდი. დავწერე პროკლამაცია, რომელსაც ქვეყანაში თბილისზე ლაშქრობის ცნობას გაავრცელებდნენ. ერთგული მეგობრებისგან ვიცოდით, რომ თუ საგანგებო გარემოებები არ წარმოიქმნებოდა, არმია ნეიტრალურ პოზიციას დაიჭერდა.
მე მუდმივად გარშემორტყმული ვიყავი ჯაშუშებით და პოლიცია რომ არ დაგვეეჭვებინა, თავს ვიკატუნებდი, თითქოს ინდიფერენტულად ვიყავი განწყობილი და საერთოდ არ მაინტერესებდა, რა ხდებოდა მსოფლიოში.
მოულოდნელად, როდესაც დავრწმუნდი, რომ ყველაფერი მზად იყო, გამოვეცი რევოლუციური პროკლამაცია. ჩვენი ცხოვრება უცებ გადაერთო მედგარი რევოლუციის ტალღაზე. რევოლუციას დრამატულ ელფერს მატებდა ცნობები სხვადასხვა ქალაქებში გამართული ბრძოლების შესახებ. პასუხისმგებელი პირები აცხადებდნენ, რომ ამ მოძრაობის შედეგად შეიქმნებოდა მთავრობა, რომელსაც შეეძლებოდა სახელმწიფოს მართვა და ხალხის პატივისცემის მოპოვება.
შევარდნაძის მთავრობას ბოლო ჟესტის გაკეთება სურდა და ერს ასეთი განცხადებით მიმართა: „საქართველოს პროვინციებში ტარდება მეამბოხეთა მანიფესტაციები, რომელთა მიზანია სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის შეფერხება და ქვეყნის მძიმე მდგომარეობაში ჩადგება...მთავრობამ ძალღონე არ დაიშურა შეთანხმების მისაღწევად, იმ იმედით, რომ შეძლებდა, დაებრუნებინა მშვიდობიანი თანაცხოვრება და კრიზისი მშვიდობიანი გზით გადაეჭრა. რევოლუციური აჯანყებებეის მიუხედავად, მისი მოვალეობაა, ნებისმიერ ფასად დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი.მოქალაქეებმა უნდა შეუნარჩუნონ სიმშვიდე, მათ უნდა სჯეროდეთ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებისა“.
მაგრამ ბრძოლა ჩემ მიერ დასახული მიზნების შესაბამისად გრძელდებოდა. შეუძლებელია, ავტობიოგრაფიაში აღვწერო იმ დღეების რევოლუციური მოქმედებების სრული სურათი. კარგად მახსოვს, რომ ყოველი საათის შემდეგ უფრო და უფრო მკაფიოდ ვგრძნობდი, როგორ თანდათანობით ვიმორჩილებდით საქართველოს პოლიტიკურ სამყაროს. მოწინააღმდეგეები დაიბნენ და უსიტყვოდ მიმოიფანტნენ. ნაციონალთა ჯგუფები თბილისის მისადგომებთან იდგნენ და იცდიდნენ, როდის მივიდოდი მათი სამხედრო დანაყოფების მეთაურებთან და როდის შევიდოდი მათთან ერთად დედაქალაქში.
ნერვული სისტემა უკიდურესად დაძაბული მქონდა. ღამეები არ მეძინა, ვიძლეოდი ბრძანებებს, ვაკომპლექტებდი ნაციონალთა ასეულებს, ბრძოლას ნაციონალური მოძრაობის რაინდულ ქმედებად გარდავქმნიდი. თბილისისკენ გავემგზავრე. ეს ამბავი მთელ საქართველოს მოედო. კოკისპირული წვიმის მიუხედავად, ყველა სადგურში მხვდებოდა ხალხი, რომელთაც სურდათ, მომსალმებოდნენ და თავიანთი კეთილგანწყობა გამოეხატათ. მაგრამ სენტიმენტების დრო არ გვქონდა. სწრაფი და გადამჭრელი გადაწყვეტილებების მიღების დრო დადგა.
თბილისში ენით აღუწერელი დახვედრა მელოდა. მე გავიმარჯვე. უკვე დედაქალაქში ვიყავი.
მაგრამ იმ დროს სხვა, უფრო რთული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით. მე მოვედი არამარტო იმისთვის, რომ ახალი მთავრობა შემექმნა, არამედ უნდა განმეახლებინა და ხელახლა, ახალი საძირკვლიდან ამეშენებინა საქართველოს ცხოვრება .
რევოლუციის ბუნებიდან გამომდინარე, კიდევ ერთი პრობლემა წამოიჭრა: ხალხის მასებისა და კეთილსინდისიერი და უანგარო ლიდერების გარდა, ყველა რევოლუციაშია ავანტიურისტები და მელანქოლიური ინტელექტუალები, რომელთაც შეიძლება რევოლუციის ასკეტები ვუწოდოთ. მე ნაციონალების გამარჯვება უნდა დამეცვა ასკეტებისგან და ავანტიურისტებისგან. ავანტიურისტები სწრაფად ჩაიძირნენ ვარდების რევოლუციაში, რადგან ის განსხვავებული იყო და უფრო მაღალ იდეალებს ემსახურებოდა.
ახალ მთავრობაში მინისტრებად და მათ მოადგილეებად დაინიშნენ ნაციონალები. ჩემთვის პრეზიდენტობა დავიტოვე. ძველი მინისტრთა კაბინეტის მსგავსად, მე არ წარმომიდგენია ჩვეულებრივი პროგრამა, რომელიც პრობლემას მხოლოდ ფურცლებზე ჭრიდა. მე დავადასტურე ჩემი სურვილი მოქმედებისა და არა უსარგებლო ორატორობისა. გადაჭრით განვაცხადე, რომ მსურდა გამეტარებინა ღირსეული და ქვეყნისთვის სასარგებლო საგარეო პოლიტიკა.
პოლიტიკური ინსტიქტი მეუბნებოდა, რომ ამ მომენტიდან დაიწყებოდა საქართველოს ახალი ისტორიის განთიადი. და, ალბათ, ცივილიზაციის ახალი განთიადიც...
საქართველოს შურისმაძიებელი სჭირდებოდა. ოპოზიციამ ისევ წამოიწყო ჩემ წინააღმდეგ კამპანია. მათ „კვირის პალიტრის“ მეთაურობით დამთრგუნველი პროგნოზების კეთება დაიწყეს. საპასუხოდ ავამოქმედე ახალი საარჩევნი კანონი, რადგან არ მინდოდა, ისევ ძველი პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემის მახეში გაბმა. ამან გამოიწვია პოლიტიკური პარტიების პროტესტი. სკოლის რეფორმამ კი, რომელზედაც კიდევ ვისაუბრებ, ბევრი განაწყო მტრულად ჩემდამი.
ნაციონალური მოძრაობის ძალა ერთიანობაშია. მას არ შეიძლება ჰქონდეს სეცესიური ტენდენციები და სუბიექტური მიდრეკილებები.მას არ შეიძლება ჰყავდეს ორი ლიდერი. ნაციონალური მოძრაობა იერარქიულო მოძრაობაა: მის საფუძველს რიგითი წევრები ქმნიან, სათავეში კი დგას მეთაური, რომელიც ერთადერთია.
ეს არის ჩემი სიძლიერის ერთ-ერთი უპირველესი წყარო.
პარტიები უნდა გაქრნენ, ქვეყანა კი – გადარჩეს.
ქვეყანაში იგრძნობოდა ჰეროიკული სული და სწრაფვა დიდებულებისკენ. ეს ყველაფერი აღიზიანებდა ოპოზიციას. ძველი საპარლამენტო სამყარო ვერ ეგუებოდა ახალგაზრდობის აღმაფრენას. ტრიბუნიდან ამომწურავი პასუხი გავეცი ყველა მოწინააღმდეგეს და დავგმე მათი ქმედებები.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ნაციონალები დაადანაშაულეს. ჩემი ბრძანებით დაიწყო მკაცრი გამოძიება. მთავრობას დიდი ენერგიით უნდა ემუშავა არა მარტო სამართლიანობის აღსადგენად, არამედ იმისთვის, რომ დასაწყისშივე შეეჩერებინა ცილისწამების ტალღა. მალე მივაკვლიეთ დამნაშავეებს. მათ მაღალი თანამდებობები ეკავათ, მაგრამ არ ემორჩილებოდნენ ჩვენს პასუხისმგებელ პირებს. მკვლელების წინააღმდეგ უმკაცრესი ზომები მივიღეთ, შესაძლოა, გადამეტებულიც კი.
ეჭვმიტანილები თვალის დახამხამებაში აიყვანეს. ის პირები, რომლებსაც ადრე რაიმე კავშირი ქონდათ დამნაშავეებთან, თანამდებობიდან გადადგნენ, თუმცა კი ამ დანაშაულთან შეხება არ ჰქონიათ. არ ყოფილა მუქარა ან ზეწოლა საჯარო მოსამსახურებზე, პოლიციასა და სასამართლოებზე.
თითქოს ქარიშხალი უნდა ჩაწყნარებულიყო, მაგრამ, ამ დრამატულმა ეპიზოდმა პირიქით, კიდევ უფრო დაარღვია უშფოთველობა.
ოპოზიციამ სანდრო გირგვლიანის ცხედარი აიტაცა, რათა მოეწამლა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება და ელანძღა ნაციონალური მოძრაობა საქართველოში და საზღვარგარეთ.
დამნაშავეთა დაპატიმრება არ აღმოჩნდა საკმარისი.
სიძულვილმა და ძალაუფლებისკენ შიშველმა ლტოლვამ ოპოზიციურ ბლოკში უკიდურესად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები გააერთიანა. ისინი ყველა თვალსაზრისით არღვევდნენ პრესის და თავშეყრის თავისუფლებას, რათა საქართველოს ცხოვრება გაენადგურებინათ. ამ მდაბალი დრამატული ფარსის უკან, თავისი ტელევიზიით, იდგა ბადრი პატარკაციშვილი რომელსაც სულაც არ ანაღვლებდა არსებული მძიმე რეალობა. მას სურდა ნაგავი ექექა, მოესმინა ათასნაირი სიბინძურე, შეეგროვებინა სიცრუის მქადაგებელი პამფლეტები და როგორმე დარტყმა მოეყენებინა ჩემთვის და ნაციონალური მოძრაობისათვის.
ქვეყნის საზღვრებს მიღმა მყოფი მტრული ძალები ეხმარებოდნენ ოპოზიციას. კარგად ვხედავდით, რა ღრმად ჰქონდა მოკიდებული ფეხი მათ გარკვეულ საერთაშორისო ზონებში, სადაც დემოკრატიამ და ლიბერალიზმმა გააერთიანა პატრონაჟის, შანტაჟის და პარაზიტობის შესაძლებლობები, მაგრამ ამ პოლიტიკოსებს არ ქონდათ პრაქტიკული ჭკუა - ვერ ხვდებოდნენ, რომ თავისუფად შემეძლო მიმეცა ბრძანება ნაცზონდერებისათვის და ერთბაშად და სამუდამოდ დამემსხვრია მათი ოპოზიციური ოცნებები.
გაბერილი გომბეშოები ტრიუმფს ელოდნენ. მივხვდი, რომ მოქმედების დრო დადგა.
მოვინახულე ნაციონალური მოძრაობის ყველაზე ინტენსიური ზონები სამეგრელოშო. დავდიოდი ქვემო ქართლისა და ჯავახეთის მოსახლეობაში. იმ დროს, როდესაც მოწინააღმდეგეები და უცხოელი მტრები ყოველ წუთს ელოდნენ ჩემს წაქცევას, ნაციონალებს გაბედული სიტყვით მივმართე და გავახსენე ჩვენი სიძლიერე და გამარჯვების რწმენის სიმტკიცე: „ჩვენ ნაცარტუტად ვაქცევთ მტერს“.
ოპოზიციური ბლოკი ჩვენს ოპონენტებთან ერთად განადგურდა და შიდა ქიშპობის და უთანხმოების შედეგად დანაწევრდა. მე კვლავ გამარჯვებული ვიყავი მთელ ფრონტზე და ვემზადებოდი, რომ ვარდების რევოლუცია მიმემართა ინსტიტუტებისკენ და კონსტიტუციონალური ფორმებისკენ.
სწორედ ამ პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრმა ჩემი თანხმობით მოამზადა ახალი კანონი საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ. შემდეგ, ჩემი გადაწყვეტილებით, შეუბრალებელი ბრძოლა დაიწყო კანონიერი ქურდების და დანაშაულის სხვა ცნობილი ფორმების წინააღმდეგ, რომელიც სამარცხვინო იყო ჩვენი ქვეყნისთვის.
მოვალეობის გრძნობა, მოქმედების აუცილებლობა და სამოქალაქო ცხოვრების ახალი სტილი ინტენსიური გამოღვიძების მანიშნებელია. ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტიკა მორალურ რეალობას ერწყმის. ეს არის რწმენა. ეს არის ერთ-ერთი ის სულიერი ძალა, რომელიც აახლებს დიდებული და ძლიერი ერების ისტორიას.
როდესაც განვლილ ცხრა წელს ვუყურებ, ვხედავ მოგვარებულ პრობლემებს, რომელიც ჩემი და ჩემი ქვეყნის ცხოვრების ერთ თავს შეადგენენ, ერთ პატარა და მარტივ თავს კაცობრიობის განვითარებისა და ექსპერიმენტების ისტორიაში.
ამ ინტენსიური პოლიტიკური რიტმის წყალობით თბილისი დღითი დღე პოლიტიკური სამყაროს აქტიური ცენტრი ხდებოდა. ჩემი ლოიალური საგარეო პოლიტიკის წყალობით საქართველოს მეტი გულისხმიერებით ეკიდებოდნენ სხვა ქვეყნები. ასეთი პოლიტიკა ყოველთვის უდიდეს წარმატებას აღწევს. ბუნდოვანება არც ჩემი ხასიათის თვისებაა და, შესაბამისად, ჩემი პოლიტიკისთვისაც უცხოა. ვგრძნობ, რომ შემიძლია ვისაუბრო მტკიცედა და ღირსეულად, რადგან ზურგს უკან მყავს ხალხი, რომელმაც პირნათლად შეასრულა თავისი მოვალეობა და მოიპოვა ხელშეუხებელი უფლება, დაიცვას და მოითხოვოს პატივისცემა.
ძმური სალამი გავუგზავნე ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს. მე მათ არ ვუწოდე ემიგრანტები, რადგან წარსულში ამ სიტყვას დამამცირებელი მნიშვნელობა ჰქონდა და მოსახლეობის დაბალ კატეგორიას გულისხმობდა. მე შევძელი, დამეცვა ჩემი თანამემემულეები ისე, რომ უხეშად არ შევხებოდი სხვა ერების თავმოყვარეობას. ეს მფარველობა ეფუძნება საერთაშორისო კანონმდებლობას და საღ აზროვნებას ერებს შორის ურთიერთობებში.
საქართველო უდიდეს სტუმართმოყვარეობას იჩენდა ყველას მიმართ, ვინც საქმის, რელიგიური რწმენის ან, უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის გამო ჩამოდიოდა ჩვენს ქვეყანაში. ქართველებს ვასწავლე სათანადო პატივისცემის გამოვლენა სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ.
ჩვენი საგარეო პოლიტიკა მარტივია. ხელი მოვაწერე რამდენიმე ხელშეკრულებას, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს კეთილ დამოკიდებულებას სხვა წარმატებულ ქვეყნებთან.
რამდენიმე წელიწადში გავაუმჯობესე და დავასრულე დიპლომატიური სამსახურის რეორგანიზაცია; სისტემა დავაკომპლექტე ნაციონალური მოძრაობის ერთგული კადრებით. მინდოდა საგარეო-პოლიტიკურ სამსახურში გამევრცელებინა ისეთი სტანდარტები, რომლებიც მოითხოვდნენ დისციპლინას და უზრუნველყოფდნენ სრულ ჰარმონიას ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი წამოწყებისთვის.
ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც ერში წესრიგი დანერგა, მტკიცე ხელი უნდა მოეკიდა იმ წინდაუხედავი სპეკულატორებისათვის, რომლებსაც სურდათ ჩვენი ვალუტის ღირებულება ნულამდე დაეყვანათ. ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც მოიგო პოლიტიკური ბრძოლა, ახლა დამარცხებისთვის იყო განწირული, თუკი ენერგიულად არ ჩაერეოდა ფინანსურ სფეროში.
აუცილებელი გახდა დაბეგვრის წესის გამარტივება გარკვეული გადასახადების გაუქმების და საბანკო საქმიანობისა და ფულის შემნახველიდ აწესებულების დაცვის ახალი ფორმის შემოღების სახით.
უკვე გამარჯვებულის სიამაყეს ვგრძნობდი. მე არა მარტო ნაცზონდერებს და ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს ვედექი სათავეში, შევძელი და მოვაგვარე სახელმწიფო ფინანსების რთული საკითხი, რომელიც ზოგჯერ არ ემორჩილება პოლიტიკური ლიდერის ნებას და გავლენას და მარტოოდენ მატერიალურ ურთიერთობების ტირანიასა და მექანიზმს ექვემდებარება. მხოოდ ეკონომიკის და ხალხის ხასიათის ღრმა ცოდნით არის შესაძლებელი უმრავლესობისთვის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მიღება.
ახალი ცივილიზაციის ინოვაციებსა და ექსპერიმენტებს შორის მსოფლიოს ყველაზე მეტად სახელმწიფოს კორპორატიული მოწყობა აინტერესებს. ლიბერალიზმი და დემოკრატია ორივე სუსტი მეთოდი იყო. მათ საკუთარი ენერგია პარლამენტის დარბაზებში ამოწურეს. აგიტაციას სახელმწიფო მოხელეებს, რკინიგზისა და ფოსტის პერსონალს და ვიღაც შარიან ჩხუბისთავებს ანდობდნენ. ასეთ მდგომარეობაში ტოლერანტობა უკვე დანაშაულის ტოლფასი იყო. წესრიგი, რომელიც მე დავამყარე, შემწყნარებლური და რაციონალურია. ღარიბი ფენები, რადგანაც ისინი უფრო მრავალრიცხოვანნი არიან და, ალბათ, სხვებზე მეტად იმსახურებენ მზრუნველობას, უფრო ახლოს დგანან ჩემს გულთან.
ძველი პროფესიული კავშირების ნაცვლად დავაფუძნე ნაციონალების გაერთიანებები. ნელ-ნელა შრომის ძველი სტრუქტურა დავიწყებას მიეცა. ჩვენ გაბედულად მივემართებოდით სახელმწიფოს კორპორაციული კონცეფციისკენ. იმისთვის რომ ამომექმედებინა ჩემ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, დავამტკიცებინე დოკუმენტი - შრომის ქარტია, რომელსაც თავისუფლად ვუწოდებ ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს.
ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქემ უკან მოიტოვა ეგოიზმი და არც კოლექტიურობის წინააღმდეგ აჯანყების სურვილი უნდა გასჩენოდა. ნაციონალების სახელმწიფო, თავისი კორპორატიული კონცეფციით, ცდილობდა მოქალაქეების ჩაბმას წარმოების პროცესში, მათი შესაძლებლობების გამოყენებას და მათთვის გარკვეული მოვალეობის დაკისრებას.
ერთ-ერთი რეფორმა , რომელიც დიდი ენთუზიაზმით წამოვიწყე და ფეხდაფეხ მივყვებოდი განვითარების ყველა ეტაპზე, სკოლის რეორგანიზაცია იყო. სკოლის საკითხების მნიშვნელობა და სიმძიმე ვერ დარჩება თანამედროვე სახელმწიფო მეთაურის ყურადღების მიღმა, თუკი ის თავისი ხალხის ბედზე ზრუნავს. საჯარო სკოლები, საშუალო სკოლები, უნივერსიტეტები - თითოეული მათგანი დიდ გავლენას ახდენს ნებისმიერი ერის ცხოვრების მორალურ და ეკონომიკურ მიმართულებაზე. დასაწყისიდანვე ეს ტვინში მედო.
საშუალო სკოლები მოსწავლეებს ვერ იტევდა, რადგან სასწავლებლად მიიღებოდა ყველა მსურველი და დაუსრულებლად იმართებოდა გამოცდები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ფორმალობამდე იყო დაყვანილი.
საშუალო სკოლა უნდა გაგვეწმინდა მავნე და ქედმაღალი ელემენტებისგან. გადაწყვეტილი გვქონდა, საჯარო სკოლებისკენ მიგვემართა ჰუმანისტური იდეები. აუცილებელი იყო განათლების სისტემაში დაგვემაყარებინა წესრიგი, რომელსაც დაემორჩილებოდა ყველა, უპირველეს ყოვლისა - მასწავლებლები.
ნაციონალურმა მოძრაობამ წერტილი დაუსვა ამ ყოველივეს იმით, რომ წესრიგი და დისციპლინა უზენაეს მოთხოვნად აქცია ზემდგომებისთვისაც და ქვემდგომებისთვისაც. განსაკუთრებით კი იმათთვის, ვისაც ქონდა ყველაზე საპატიო მოვალეობა - სხვებისთვის ესწავლებინათ წესრიგი.
დიდი იდეები და დიდი რევოლუციები ყოველთვის ქმნიან პრობლემის გადაჭრისთვის შესაფერის მომენტს. მინდა აღვნიშნო ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლების განათლების მინისტრთან ერთად განვიხილე და ჩამოვაყალიბე. აი, ეს პრინციპებიც:
- სახელმწიფო უზრუნველყოფს განათლებას მხოლოდ მათთვის, ვინც ამას იმსახურებს თავისი შესაძლებლობებით და სხვა გზას უტოვებს მათ, თავისი ადგილიც არ არის სახელმწიფო სკოლებში;
- ეს დამოკიდებულება სანაგვეზე მოისვრის დემოკრატიულ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის;
- საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები ერთნაირ პირობებში აბარებენ გამოცდებს მთავრობის მიერ დანიშნულ კომისიებს.
ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი უნივერსიტეტების დელეგაციების შეკრებაზე მომეცა შესაძლებლობა გამომეხადებინა, რომ განათლების რეფორმა „არის ყველაზე რევოლუციური იმ რეფორმებს შორის, რომლებიც გავატარეთ“. უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ნაციონალური მოძრაობის სულისკვეთების ეკონომიკის და კორპორაციული სამართლის განყოფილებები, კულტურის ინსტიტუტები. როგორც ხედავთ, ნაციონალური მოძრაობა თანდათან შეაღწია წმინდა სქოლასტიკურ და აკადემიურ სამყაროში და მგზნებარე ქმედებითშექმნა სრულიად ახალი კულტურა.
საქართველოს შეიარაღებული ძალები სამართლიანად მიიჩნევა ერის ღირსეულ და საპატიო დაცვად. ერის უსაფრთხოებისთვის, არმიის პარალელურად, ჩემს მიერ შექმნილინაცზონდერთა შენაერთები 160 ლეგიონად დაიყო, მას სათავეში ჩაუდგნენ გამოჩენილი ოფიცრები და ენთუზიასტი ნაციონალები.
ნაცზონდერები დიდი ძალაა.
განსაკუთებული ყურადღება მივაქციე დედაქალაქს. მე ვერ ვიტყოდი უარს იმ ფინანსურ რესურსებზე, რომლებიც საჭირო იყო ამ დიდებული ქალაქისთვის ესთეტიკური სილამაზის და პოლიტიკური წესრიგის მისანიჭებლად. მაგრამ, როცა საჭირო იყო, შეუბრალებელი ვიყავი.
ყოველთვის მახსოვდა, რომ როდესაც ერთი პარტია იღებს ძალაუფლებაზე პასუხისმგებლობას, უნდა იცოდეს, როგორ იმოქმედოს სეცესიის წინააღმდეგ. რადგანაც პარტია ჩემი შექმნილი იყო, ყოველთვის ვაკონტროლებდი მდგომარეობას: სეცესიის სპორადული შემთხვევები მათი ეგოისტური მიზნების გამოაშკარავების შემდეგ მალევე აღმოიფხვრებოდა.
ჩემმა დომინირებულმა მდგომარეობამ საშუალება მომცა პარტიისთვის სიცოცხლე შემენარჩუნებინა. ნაციონალები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ბრმად და ერთგულად მომყვებოდნენ. მე მათ ვაშორებდი უნივერსიტეტებს, სამუშაოს, ქარხნებს და მივუძღოდი დრამატიზმით სავსე გზაზე. ისინი არ მერყეობდნენ საფრთხის წინაშე. შეეძლოთ, გაერისკათ მომავალი თანამდებობები სიცოცხლესთან და ბედისწერასთან ერთად. მე მათი ბევრი მმართებდა და დღესაც ვალდებული და მადლიერი ვარ. პარტიის დაშლა და გადადგომა იქნებოდა უკიდურესი უმადურობა ჩემი მხრიდან.
პარტია უფლებამოსილი იყო მაღალ თანამდებობებზე დასანიშნად ჩემთვის ნაციონალური მოძრაობისკანდიდატურები შემოეთავაზებინა. ამ კუთხით პარტია მხარდამხარ მიჰყვებოდა მთავრობას ახალი რეჟიმის მართვაში. სახელმწიფოს მეთაური სულ თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო პარტიის მეთაურიც.
მთელი ძალა, ყურადღება და საშუალებები ახალგაზრდების არჩევასა და განათლებას მოვახმარე. შეიქმნა ახალგაზრდა ნაციონალთა ორგანიზაცია, რომელსაც მრავალი დამსახურებებისა და წარმატებული საგანმანათლებლო საქმიანობის გამო „ნაციონალური მოძრაობის შეუფასებელი მოსწავლე“ ვუწოდე.
დამნაშავეებისა და შეთქმულების წინაღმდეგ გამოვიყენე კანონები, რომლებიც მას შემდეგ მივიღე, რაც ჩემი მოკვლის ოთხი უშედეგო მცდელობის შემდეგ ნათლად დავინახე ოპოზიციისკრიმინალური სახე. მტკიცედ მივყვებოდი პარტიის ძლიერი რეპრესალიების პოლიტიკას და დროულად ვიღებდი საჭირო ზომებს.
წუთითაც არ მიფიქრია, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული კრიზისი ნაკლებად სერიოზული იყო. გულახდილად რომ ვთქვა, ქართული მართმადიდებლური ეკლესია ყოველთვის სათანადოდ ვერ აფასებდა ჩემს შრომას, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზეზების გამო და არ მეხმარებოდა იმ ზომების მიღებაში, რომლებსაც სხვა ყველა ბრძნულად მიიჩნევდა. ზოგიერთი საეკლესიო წრე, როგორც უკვე აღვნიშნე, ვერ აფასებდა და აცნობიერებდა ახალი საქართველოს მორალური და პოლიტიკური აღორძინების მნიშვნელობას.
განა შეიძლება ადამიანმა ორმოცდახუთი წლის ასაკში დაასრულოს ბრძოლებით სავსე ცხოვრება?! ოცდაცხრამეტი წლის ასაკში უკვე რევოლუციის ხელმძღვანელი და ქვეყნის ლიდერი ვიყავი. ზოგჯერ მეგონა, რომ არც კი დამიწყია ჩემი საქმე. საფუძვლიანად შევისწავლე ჩვენი ერის ინტერესები, მისწრაფებები და მიდრეკილებები, მინდა ნაციონალური მოძრაობის სიძლიერით საქართველომ უკან დაიბრუნოს დაკარგული ისტორიის ათწლეულები; ვენდობი ახალგაზრდობას, მათ სულიერ და მატერიალურ ცხოვრებას მკვირცხლი გონება და მამაცი სული მართავს; მძულს უპატიოსნო და მატყუარა მეტოქეები, ცილისმწამებლები, ქვეყნის მოღალატეები.
ნაციონალური მოძრაობის ახალმა ძალამ რეალობაზე დაფუძნებული იდეალიზმით გაანადგურა ე.წ. „ლიბერალური ინსტიტუტები“ და გააცამტვერა მათი ყალბი იდეები. მე ორმოცდახუთი წლის ვარ და ვგრძნობ ჩემი შრომის და ფიქრის ძალას. მე მოვსპე ეგოიზმის ყველა ნიშანი ჩემს თავში. ერთგულ მოქალაქეთა მსგავსად, თავს საქართველოს მსახურად მივიჩნევ. ვგრძნობ, რომ ხალხს ესმის ჩემი და ვუყვარვარ. ისიც ვიცი, რომ მხოლოდ ის უყვართ, ვინც სისუსტის გარეშე, მტკიცე რწმენით მიუძღვის წინ ერს. ვიცი, რომ ქართველი ერის ქმნილება - ნაციონალური მოძრაობა - აკმაყოფილებს ისტორიულ მოთხოვნებს. ცხოვრება მზის შუქით არის განათებული.ქართველი ხალხი ყველაზე ამაღლებული სამოქალაქო და ეროვნულ იდეალებს მიჰყვება. ერს ახალი და დიდებული გაზაფხული უდგას.