საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა გამოსცა წიგნი „23 წლის შემდეგ“. სწორედ ამ წიგნის გამოცემა გახდა საფუძველი იმისა, რომ კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა 9 აპრილი. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე საქართველოს მძიმე დღეები ძალიან ბევრი ჰქონდა, მაგრამ უახლესი ისტორიის იმ ღამით ჩვენ თვალწინ მომხდარი მოვლენები დღემდე შემზარავად გვახსენდება და თითქოს ამაზე საუბარს ვერიდებით კიდეც. რადგან მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენს ცხოვრებაში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა, ხშირად ვფიქრობთ, 1989 წლის 9 აპრილს სისხლი ტყუილად ხომ არ დაიღვარა?!
გადის დრო და ხანდახან მოკრძალებულად ვმსჯელობთ იმაზე, ვინ იყო დამნაშავე იმ ახალგაზრდების სისხლისღვრაში - გარე თუ შიდა მტრები? მაშინდელ ცენტრალურ კომიტეტს არაჩვეულებრივი ადამიანი, ჯუმბერ პატიაშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო ეროვნულ მოძრაობას - ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა უდგნენ სათავეში, ადამიანები, რომელთა სახელებსაც დიდი რუდუნებით ინახავს ქართველი ერი.
კარგად გვახსოვს 9 აპრილის ღამე და შემდგომი პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ 70-წლიანი საბჭოთა სისტემა ემხობოდა და პატიაშვილი ერთ-ერთი უკანასკნელი ხელმძღვანელი იყო, ხალხი მისი სახელის აუგად მოხსენიებას ერიდებოდა, დამნაშავეს სხვაგან ეძებდა, არა იმიტომ, რომ ეშინოდათ, უბრალოდ, მას ცუდისთვის ვერ იმეტებდნენ.
დღემდე მის სახელთან არანაირი ხმაურიანი ამბავი ან თუნდაც ელემენტარული გადაცდომა არ არის დაკავშირებული. მას საქართველო არასოდეს დაუტოვებია. საბედნიეროდ, მის გარშემო ნელ-ნელა სიმართლეც ირკვევა. ტყუილად კი არ ამბობენ: ისტორია ყველაფერს თავის სახელს არქმევსო.
წლებია, საინტერესო ინფორმაციას ფლობს ბატონი ნოდარ მელაძე.
მას ამის თაობაზე არსად უთქვამს, ახლა კი, მისი აზრით, ამ სიმართლის თქმის დრო დადგა და „საქართველო და მსოფლიოსთან“ პატარა, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ საინტერესო ამბავს ყვება. ამ ამბის მნიშვნელობას და დღემდე ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარების გამომწვევ მიზეზებს მკითხველთაგან, ალბათ, ბევრი მიხვდება.
- მე ჭორის დონეზე არ გელაპარაკებით, სრულ ფაქტებს მოგიყვანთ იმ დღეებთან და განსაკუთრებით 9 აპრილის ისტორიულ დღესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ მტკივნეულ თარიღად შემორჩა. ჩემი მონაყოლის გადამოწმება შესაძლებელია.
ცოტა შორიდან დავიწყებ. „სახტანსაცმელვაჭრობის“ ბაზაში ვმუშაობდი. მაშინ მაღაზიებში არაფერი იყო, ჯერ ბაზაში შემოდიოდა და მერე ნაწილდებოდა. ამ ბაზაში განყოფილების გამგე ვიყავი. რადგან ქვეყანაში არაფერი იშოვებოდა, ყველა მაღალჩინოსანი, მთავრობის წევრი თუ ძალოვანი ჩვენთან დადიოდა, ამიტომ ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობდი და მათთან არც თუ ცუდი ურთიერთობა მქონდა. სიმართლე გითხრათ, ქვეყანაში ჩამოსული სტუმრების ერთ-ერთი საუკეთესო მასპინძელი ვიყავი, განსაკუთრებით კი კგბ-ს ხალხს ვუწევდი მასპინძლობას. მათ არ ჰქონდათ იმდენი საშუალება, რომ ჩამოსული სტუმრისთვის სათანადო პატივი ეცათ, ამიტომ ხშირად მთხოვდნენ, რომ მემასპინძლა. ჩემნაირი საიმედო ადამიანი რამდენიმე ჰყავდათ. სხვა საერთო კგბ-სთან არ მქონია.
1983 წელს, როდესაც თვითმფრინავი გაიტაცეს, რაც ყველას კარგად ახსოვს, მოსკოვიდან სპეცდანიშნულების რაზმი „ალფა“ ჩამოვიდა... ერთ დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ სტუმრებისთვის პატივი მეცა და სადმე დამეპატიჟებინა. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს. სწორედ მაშინ გავიცანი სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე. ისინი საჭირო ადამიანები იყვნენ. მაშინ ყველაფერი ჭირდა, ელემენტარულად, სასტუმროს ნომერს ვერ იშოვიდი, მათ კი მუდმივი ჯავშანი ჰქონდათ, ამიტომ, როდესაც მოსკოვში ჩავდიოდით, ეს ადამიანები ძალიან გვეხმარებოდნენ. ჩვენც ვცდილობდით, შეძლებისდაგვარად პატივი გვეცა. 1983 წლიდან ისე დავმეგობრდით, რომ უკვე ოჯახებით გვქონდა მიმოსვლა.
ახლა უშუალოდ იმ ამბავს მოგიყვებით, რაც, წლებია, ვიცი და ხმამაღლა არსად მითქვამს. 1989 წლის აპრილში რომ აქციები მიმდინარეობდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, მაშინდელია.
1989 წლის 7 აპრილი იყო. ჩემმა მეგობარმა, სპეცრაზმის უფროსის მოადგილემ, მოსკოვიდან დამირეკა და მითხრა, ჩემი ბიჭები თბილისში არიან და დაგირეკავენო. მე, ბუნებრივია, ვიფიქრე, რადგან დამირეკა, ალბათ, უნდა, რომ მის ბიჭებს პატივი ვცე და სადმე ქართულად ვაქეიფო-მეთქი. მართლაც, 8 რიცხვში დამირეკა ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა, რომელმაც თავი გამახსენა და მითხრა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით. ჩემი მეგობარი მიშა იმ ბიჭს, რომელმაც დამირეკა, ძალიან ენდობოდა. ამიტომაც მეც მინდოდა, რომ საკადრისი პატივი მეცა და შევთავაზე, სადმე შევხვედროდით და გვესადილა. მან მაშინვე მომიჭრა სიტყვა და მითხრა, რომ ამისთვის არ ჩამოსულა, ყაზარმულ მდგომარეობაში ვართ ჩიტაძის ქუჩაზეო. გამიკვირდა და ვერაფრით მივხვდი, საერთოდ რაზე დამირეკეს.
მეორე დღეს სისხლიანი 9 აპრილი დადგა.
გავიდა ხანი. შევხვდი ჩემს მეგობარ მიშას და ვკითხე, თუ რას ნიშნავდა ის ზარი, რომელიც ჩემთან 9 აპრილის წინა დღეს გაკეთდა. საუბარს შევყევით და მკითხა, როგორი ადამიანია ჯუმბერ პატიაშვილიო. ვუპასუხე, რომ ის ძალიან კარგი კაცი იყო. მან მითხრა, სუსტიაო. გამიკვირდა, რაში გამოიხატება მისი სისუსტე-მეთქი, ვკითხე. მიშამ მითხრა: - ქვეყანაში როდესაც ცეკას მდივანი იცვლება, ის აუცილებლად ცვლის უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებსაც და თავისი ხალხი მოჰყავს, პატიაშვილმა კი თავისი ხალხი ვერ დანიშნა, გუმბარიძე მისი კადრი არ იყო და ამიტომაც მოუვიდა ასეთი რამ.
ბუნებრივია, მიშას ამ საუბრის შემდეგ ვკითხე იმ დღეზეც, თუ რატომ დამირეკა და გამაგებინა, რომ მოსკოვიდან სპეცდანიშნულების რაზმი იყო ჩამოსული. მან მიპასუხა, - ვიცოდი, რომ პატიაშვილი შენი ძმის მეგობარი იყო და, თუ დაგირეკავდი და გაგაგებინებდი, რომ ჩვენი რაზმი მანდ იყო, მიხვდებოდი, რომ ჩვენ ისე, უბრალოდ, სასეირნოდ არსად არ ჩავდივართო. სხვადასხვა პერიოდში მას ჩემთვის მოყოლილი ჰქონდა, თუ სად, რა მისიით იყვნენ ჩასულები. აქედან გამომდინარე, წესით, უნდა მივმხვდარიყავი მათი ჩამოსვლის მიზეზს. შემდეგ მომიყვა, რომ ყველა ახლომდებარე შენობის თავზე ჩვენი სნაიპერები ისხდნენ, ეს იმ შემთხვევისთვის, თუ პატიაშვილი ხალხთან ჩავიდოდა, სნაიპერი მას აუცილებლად ესროდა და საშინელება მოხდებოდაო. პატიაშვილი იმ ღამეს მომიტინგეებთან არ ჩავიდა, მოსკოვიდან ჩამოსულმა სპეცრაზმმა თბილისი იმ ღამესვე დატოვა.
პატიაშვილმა ამის შესახებ იცოდა? ვინმემ გააგებინა?
- არა მგონია. უბრალოდ, პატიაშვილი იქ იმიტომ არ ჩავიდა, რომ მანამდე მოლაპარაკებაზე უარი უთხრეს და მის იქ ჩასვლას აზრი აღარ ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ უფრო დიდ უბედურებას ავცდით, რადგან ბევრად მეტი ხალხი დაიხოცებოდა, თუ იქ პატიაშვილს ესროდნენ.
რაში სჭირდებოდათ პატიაშვილის სიკვდილი?
- დანარჩენი რესპუბლიკებისთვის სამაგალითოდ.
შევარდნაძეს თუ ახსენებდნენ?
- შევარდნაძეს დასანახად ვერ იტანდნენ.