წინადადება 1)
“მე ამისგან გავაკეთებ!”
ბატონო ბიძინა, ტელეკომპანია მე-9 არხის ირგვლივ განვითარებული მოვლენების, და ასევე, თქვენს წინაშე არსებული დილემებისა და თქვენი ბოლოდროინდელი საჯარო განცხადებების გათვალისწინებით, რომელიც მედიას ეხებოდა, მოგმართავთ კონკრეტული შემოთავაზებით.
ეს არის ამონარიდი იმ ინტერვიუდან, რომელიც თქვენ “ლიბერალს” 2012 წლის ივლისში მიეცით, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.
“(პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ) არ მივდივარ საქართველოდან, მაგრამ არ მინდა, პოლიტიკოსი მერქვას. მე იქ მივდივარ, სადაც ქარიშხალია, ეს საზოგადოებრივი განვითარებაა. ჩვენ აღარ უნდა ვიძახოთ, – აბა, როგორი კაცი მოვა?! ერთ კაცს არ უნდა ველოდოთ. ხალხი უნდა გავაძლიეროთ, ისე, რომ ჰქონდეს უნარი, სწორი არჩევანი გააკეთოს. უახლოეს დროში შევქმნით კრიტიკულ მასას, რომელსაც პოლიტიკური ელიტა გაუწევს ანგარიშს. საზოგადოება იმასაც დაინახავს, რომ ოპოზიციაში ყოფნაც საინტერესო იქნება. პარლემენტში ძლიერი ოპოზიცია უნდა იყოს, თუ დასჭირდათ, მათაც დავეხმარები ერთჯერადად, ისე, რომ ჩემზე დამოკიდებული არ გახდნენ. პოლიტიკური ოპოზიციის გარეშე სამოქალაქო სექტორს გაუჭირდება ხელისუფლების ოპონირება. სამოქალაქო სექტორში ერთად ჩავდგეთ, მედია გავათავისუფლოთ, და ეს ყველაფერი სწორ ფუნდამენტს ჩაყრის. მაგრამ შემდგომ არჩევნებამდე ხელისუფლება და ოპოზიცია უჩემოდ უნდა განვითარდნენ. შემდეგი არჩევნები ამის კარგი მაგალითი უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ შემდეგ არჩევნებზე ევროპულთან მიახლოვებულ დონეს ვაჩვენებთ და ეს ჩემი მოღვაწეობის ლაკმუსის ქაღალდი იქნება.”
სწორედ თქვენს მიერ დეკლარირებული სურვილებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, გთავაზობთ “მე-9 არხი” სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მოგვყიდოთ ჩვენ, ჟურნალ “ლიბერალის” საგამომცემლო ჯგუფს. ჩვენ უკვე 8 წელია ვმუშაობთ ქართულ მედია-ბაზარზე და არაერთი ფინანსური, პოლიტიკური თუ ადამიანური გამოწვევის მიუხედავად, შევძელით შეგვენარჩუნებინა რეალური დამოუკიდებლობა და მაღალი პროფესიული სტანდარტები. ჩვენი გამომცემლობა ასევე აქტიურად მონაწილეობს მედია გარემოს გაუმჯობოსებასთან დაკავშირებულ პროცესებში.
ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ვუზრუნველყოფთ “მე-9 არხის” დამოუკიდებელ, “ჭეშმარიტად საზოგადოებრივ მაუწყებლად” გარდაქმნას, და არა მის დასუსტებას, დაშლასა თუ პოლიტიკური გავლენების არეალში მოხვედრას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ზოგადად მედია-ბაზრის გაჯანსაღებას.
ჩვენ გვაქვს ხედვა, რა მექანიზმები უნდა ავამუშავოთ ამისათვის.
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ზოგადად მედია-გარემოს და მედიის გაძლიერება, და არა დასუსტება, იმედია, განიხილავთ ამ შემოთავაზებას და საშუალება გვექნება დეტალურად განვიხილოთ ეს წინადადება თქვენთან.
“ყველაზე დიდი რისკი ჩემზეა, თუმცა ცოტ-ცოტა ყველამ გავრისკოთ, ეს რისკი რისკად ღირს” – ისევ თქვენი ციტატა რომ მოვიშველიოთ, ეს ჩვენი წილი რისკია.
პატივისცემით,
შორენა შავერდაშვილი
წინადადება 2)
“მეცხრე არხთან” დაკავშირებით წესიერად არც კი ვიცი რა ხდება. ვიცი, რომ ეკატერინე ხვედელიძისაა და მესმის, რომ გათავისუფლება უნდათ ამ “მძიმე” ტვირთისგან. შავერდაშვილის განცხადებაც წავიკითხე, მაგრამ იქნებ არხის “განიარაღება” უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს, ვიდრე კიდევ ერთი საინფორმაციო არხის სიცოცხლისუნარიანობის შნარჩუნება და გაუთავებელი კრიტიკა. რამდენად ობიექტურია, რომ ეს არხი კულტურას გადაეცეს. ამ შემთხვევაში იყოს ხვედელიძის. ჯანმრთელი საზოგადოების აღზრდა თუ უნდათ, ასეთი არხის გარეშე შეუძლებელია ამის გაკეთება, როცა ყველა არხზე ან სწრაფად მოლაპარაკე, საშინელი ინფორმაციის მატარებელი წამყვანის ხმა ისმის, ან სერიალებით თავის მოტყუება და დროის გაყვანა ხდება. სრული დეგრადაცია.
“საპატრიარქოს” ხომ აქვს არხი? და რულოვსსაც აქვს რადიო “მუზა”(ეს უკანასკნელი ვარდების რევოლუციის ყველაზე დიდი მონაპოვარი მგონია) უამრავი ადამიანია, რომელიც კინოს ძალიან კარგი სპეციალისტია და სისულელეებითაა დაკავებული, უამრავი გამოფენა კეთდება, ეხლა ძალიან მაგარი კინო–ფესტივალი იწყება. ამისთვის ხალხი უნდა აღზარდო, რომ სიამოვნება მიიღოს ხელოვნებისგან. რამდენი წიგნი იწერება, რამდენი კონცერტი ტარდება? რამდენი პრემიერა? კარგი/ცუდი ეს სხვა საკითხია და ამაზე საუბარიც კულტურის განვითარებისთვისაა სასარგებლო. ეს აუცილებელია. თუ არ ვცდები, სულ ადრე იყო კიდევაც ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მერე ეს არხი დახურეს. იქნებ “კულტურა” შემოვიდეს ქართულ ტელესივრცეში?
არ ეწყინოთ მათ, ვისაც სხვა გეგმები აქვთ. ეს უბრალოდ სურვილია. ” მე ვისურვებდი”
ნატა მურვანიძე
წინადადება 3
წინასწარ გაგიმხელთ, ეს წინადადება ჩემია და ამიტომ ძალიან მომწონს.
თუმცა ასევე მომწონს პირველი ორი წინადადება, მაგრამ მე მათ ნაკლს ვამჩნევ გარედან და ვფიქრობ, იგივეს ვერ ვაკეთებ საკუთარ წინადადებასთან დაკავშირებით. ამიტომ მადლობელი ვიქნები, თუ როგორც პირველი ორი წინადადების ავტორები, ასევე ყველა, ვისთვისაც მეცხრე არხის ბედი საინტერესოა, ჩემი წინადადების ნაკლს დამანახებთ.
ჯერ კი იმაზე, რა არ მომწონს ქ-ნ შორენას და ქ-ნ ნატას წინადადებებში.
1) შორენას წინადადება ამბიციურია, მაგრამ მე ამას მხოლოდ უარყოფითი მხრიდან არ ვუყურებ! საერთოდ, ძალიან მაღიზიანებს ამ ბოლო დროს ქართულ ფეისბუქზე მომრავლებული გენიოსების – პითაგორების, გაუსების და ლობაჩოვსკების არმია, რომლებიც ნებისმიერ საკითხზე შავერდაშვილის გვარის გაგონებაზე ლაპარაკი გეომეტრიული ჭრილით მიჰყავთ! (მე მგონი, კომპოზიტორ შავერდაშვილის ხსენებაზეც კათეტური ჭინთვები დაეწყებათ!). შორენა შავერდაშვილის მიერ შექმნილი „ლიბერალი“ ნამდვილად იყო ძალიან სერიოზული იარაღი სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ხანგრძლივ ბრძოლაში და ეს შეიძლება თავად საზოგადოებამ ვერ შეაფასა ჯეროვნად – „ლიბერალი“ საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქტია და მომზადებულ აუდიტორიას მოითხოვდა, რაც მიშას ეპოქაში თავად საჭიროებდა რამდენიმეწლიან გამოსაფხიზლებელ პერიოდს, მაგრამ საინტერესო იყო, რომ თავად სააკაშვილმა, თავისი ყნოსვით უტყუარად იგრძნო საფრთხე და „ლიბერალის“ წინააღმდეგ თავისი გებელსური პროპაგანდის მარშლები – ჩერგოლეიშვილი და და-ძმანი მისნი, ისევე როგორც ფულის ტომრები – კეზერაშვილი, ნაყოფია, ბენდუქიძე, მიავლინა! მე პირადად, სულ არ გამკვირვებია შორენას ამბიციური წინადადება, რადგან მგონია, რომ მას გაცილებით უკეთ შეუძლია ხარისხიანი ტელევიზიის შექმნა, ვიდრე ქ-ნ ლუბა ელიაშვილს. და გამეცინა იმაზე, როგორი კბილების კაწკაწი გავიგონე სხვადასხვა მხრიდან, როცა არანაკლებ ამბიციური ადამიანები ძალიან განერვიულდნენ, როგორ თუ თავად დროზე ვერ მოიფიქრეს/გაბედეს მსგავსი წინადადების შეთავაზება. მაგრამ შორენას წინადადებას, ამბიციურობასთან ასოცირებული მინუსების გარდა (შორენა 1 ლარად ითხოვს იმას, რაც ერთ ლარზე მეტი ღირს და ეს პროცესი მართლაც შეიძლება ჰგავდეს სააკაშვილის მიერ 1 ლარად საავადმყოფოების და სხვა შენობების გადაცემას), კიდევ ერთი ძალიან სერიოზული მინუსი აქვს – შორენა შავერდაშვილს არ გააჩნია ის ფინანსური რესურსი, რაც მე-9 არხის შენახვას დაჭირდება! და მე-9 არხი ნამდვილად არ არის ისეთი მდგრადი ინსტიტუტი, რომ საკუთარი თავიც შეინახოს და მოგებაც მოიტანოს. მე მგონი, მე-9 არხს პირველ წელს რამდენიმე მილიონი ლარი დაჭირდება და საიდან? როგორც ვიცი, აქამდე „ლიბერალის“ ბეჭდვით ვერსიას, სწორედ მე-9 არხის რეკლამიდან შემოსული ფული უზრუნველყოფდა და ამ წინადადებამ იმდენამდ ამბიციურობით არ გამაკვირვა, როგორც ფინანსური საკითხის „რამესმერემოვიფიქრებთ“ ვერსიით…
2) ქ-ნ ნატას წინადადება, პირველისგან განსხვავებით, აბსოლუტურად არაამბიციურია (ნატა მურვანიძე არამცთუ არხის გადაცემას არ ითხოვს, არამედ იმასაც კი, რომ მას იქ რაიმე პოზიცია ეკავოს ან – დრო დაეთმოს) და ამდენად (ჩემთვის მაინც) უფრო იმპოზანტური. ფინანსური საკითხიც საკმაოდ მოგვარებულად ჩანს – თუ არხი შეიცვლის თავის მიმართულებას და საინფორმაციო-პოლიტიკურიდან კულტურულ-საგანმანათლებლო რესურსად გარდაიქმნება, თითქოს, მართლაც არ უნდა იყოს პრობლემა, რომ ასეთ რესურსს პრემიერ-მინისტრის მეუღლე ფლობდეს!
და მაინც აქაც არის ორი პრობლემა:
ა) რა ვქნათ, თუ ივანიშვილის ოჯახისთვის ტელევიზიის ფლობა/არფლობის საკითხი პრინციპის ამბავია და მათ არ უნდათ არც ნაცმოძრაობას და არც უცხოეთს სალაპარაკო საბაბი მისცენ? მაშინ საიდან უნდა მოვიდეს ფული? თუმცა ამ საკითხზე შეიძლება პასუხი არც ისე რთული იყოს, ფული შეიძლება ისევ ივანიშვილისგან მოვიდეს, რადგან კულტურის არხის დაფინანსება ფონდ „ქართუსათვის“ საჩოთირო ნამდვილად არ უნდა იყოს, ხოლო მფლობელობისგან თავის დაღწევა არ იქნება ძნელი.
ბ) რა ვუყოთ არხის იმ კოლექტივს, რომელიც ამ შემთხვევაში, თითქმის 90% უნდა შეიცვალოს? ვინც ამჟამად მუშაობს არხზე, ისინი უმუშევარნი დარჩებიან. და მართალი გითხრათ, მე-9 არხის დახურვის მთელ ამ ამბავში ჩემთვის ამ ჟურნალისტების ბედი ნამდვილად მტკივნეული საკითხია. „მავრმა გააკეთა თავისი საქმე, მავრი უნდა წავიდეს!“? გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის არ მოწონება არ ნიშნავს, რომ გამარჯვებული ხალხის უმუშევრების იდეა უნდა მომწონდეს! იგივე, სხვათაშორის, ეხება ინფო-9-ის ჟურნალისტებსაც, რომლებმაც ასევე სერიოზული როლი ითამაშეს ბოლო წლის პოლიტიკურ პროცესებში და ახლა, ჩემი აზრით, მეტ ყურადღებას და ტაქტს იმსახურებენ!
ახლა კი ნამდვილად – წინადადება 3)
3) წინასწარ ბოდიში მინდა მოვიხადო, რომ ჩემი წინადადება არ შემითანხმებია იმ ორგანიზაციასთან და ბიზნესმენებთან, რომელთა სახელით ვაპირებ ბიძინა ივანიშვილს მე-3 ალტერნატიული წინადადებით მივმართო. საქმე ეხება მედია- ჰოლდინგ „პალიტრას“, რომელიც არა მარტო თავისი ჟურნალისტური საქმიანობის მაღალი ხარისხით და რეპუტაციით, არამედ შესაშური ბიზნეს მენეჯმენტითაც გამოირჩევა. და მედია-გარემოში უკვე 15 წელზე მეტია არსებობს. ამ ხნის განმავლობაში შეინარჩუნა მაღალპროფესიული და ეთიკური სტანდარტიც და რეალური დამოუკიდებლობაც. ჩემი აზრით, სწორედ „პალიტრა“ არის ის ორგანიზაცია, რომელიც საკმაოდ კარგად გაართმევს თავს მე-9 არხის ტრანსფორმაციას და ფინანსური მდგრადობის მიღწევას. ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ “პალიტრას” ძალიან სერიოზული ინტერნეტ-ტელევიზია „პალიტრა-ტვ“ უკვე აქვს (სწორედ მათი დამსახურება იყო 26 მაისის ვიდეოკადრების გავრცელება!) და თუ იმ აპარატურას და, რაც მთავარია ადამიანურ რესურსებსაც მიიღებს, რაც მე-9 არხზე უკვე არის, ნამდვილად ძალიან გაუადვილდება სრულფასოვანი ტელეარხის ამოქმედება და ჰოლდინგის სპექტრის ხარჯ-ეფექტური გაფართოება!
ჩემს წინადადებას კიდევ რამდენიმე ასპექტი აქვს:
შეიძლება, არ იყოს ცუდი აზრი, თუ „პალიტრა“ ტელეარხის გარკვეულ წილს ნახევრადღია ტიპის სააქციო საზოგადოებას გადასცემს, მაგალითად 25-49%-ს.
ასევე ძალიან კარგი იქნება, თუ პალიტრა-ტვ 2-3 არხს ჩამოაყალიბებს, სადაც საინფორმაციო, კულტურა და გასართობი ცალ-ცალკე შეიძლება იყოს. თუმცა თავდაპირველად, ერთი არხიც მსიაღები იქნება.
იმედია, ქალბატონი ეკა ხვედელიძე მე-2 ან მე-3 ვარიანტიდან რომელიმეს აირჩევს. ალბათ, ამ ვარიანტების კომბინაცია, ყველაზე მიზანშეწონილი იქნება.
თუმცა, არაა გამორიცხული, რომ შორენა შავერდაშვილის მიერ გახსნილ თემას კიდევ ახალი ვარიანტები და წინადადებები დაემატოს…