გიგი უგულავამ უსაფრთხოების საკუთარი სამსახური შექმნა და „თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შესახებ“ ხელმოწერილი დებულება უკვე „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ძალაში შევიდა.
„თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის" შექმნამდე დედაქალაქის მერია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას უხდიდა. ასე და ამგვარად, ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაბარგებული „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა გიგი უგულავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციები ჩამოაჭრა და მიითვისა. გამოდის, რომ მთელ დანარჩენ საქართველოში მართლწესრიგს შსს დაიცავს, ხოლო დედაქალაქში (რომელსაც არაერთი სოფელი უკვე დაუმატეს) ამ ფუნქციას საკუთარ თავზე უგულავა იღებს.
უგულავას მიერ შექმნილი დოკუმენტის თანახმად, თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ამოცანაა: თბილისის მერიის ობიექტების, თბილისში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების, ასევე მერიისა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამ ობიექტებში არსებული ქონების დაცვა. დედაქალაქის მერიის უსაფრთხოების სამსახურს, საჭიროების შემთხვევაში, თავად თბილისის მერის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობის პირების პირადი უსაფრთხოების დაცვა მოეთხოვება.
სამსახური ასევე ვალდებულია, თბილისის მერიის ობიექტებში თუ მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობებში არეულობის ან სხვა სახის სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით სწრაფი რეაგირება მოახდინოს. მან ასევე უნდა უზრუნველყოს: თბილისის მერისათვის დასაცავ ობიექტებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის წარდგენა, სამსახურში შემავალი განყოფილებების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება, თბილისის მერიის ორგანიზებით გასამართი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვა, მოსამსახურეების მომზადებისა და სწავლების პროგრამების შემუშავება, საცნობარო მასალის შეგროვება.
დედაქალაქის მერიის უსაფრთხოების სამსახური შვიდი განყოფილებისგან შედგება: ორგანიზაციული უზრუნველყოფის, კონტროლის, სწრაფი რეაგირების, თბილისის მერიის ობიექტების დაცვის, თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის დაცვის, თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკების და სკვერების დაცვის და ასევე თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის დაცვის განყოფილებებისგან.
სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თბილისის მერი. სამსახურის უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია დედაქალაქის მერის წინაშე.
თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს მერიას საშუალებას მისცემს, უკეთესად განახორციელოს ობიქტების დაცვა და დაზოგოს თანხები, რომელიც ამ მიზნით იხარჯებოდა. აბესაძემ დაგვამშვიდა, რომ ამ სამსახურის თანამშრომლებს იარაღის ტარების უფლება არ ექნებათ.
იარაღის ტარება კი არა, ჰაიტელი დიქტატორი დიუვალიე საერთოდ უარყოფდა საიდუმლო პოლიციის არსებობას, როცა მისი რაოდენობა ჯარზე ორჯერ მეტი იყო. სალვადორში, გვატემალასა და ბრაზილიაში 30 წლის წინ ასეთივე სტრუქტურები ატერორებდნენ სხვაგვარად მოაზროვნეებს. გვატემალაში 5 წელიწადში 15 ათასი ადამიანი დაიკარგა უგზოუკვლოდ. ასეთი „სამსახურების“ მსხვერპლთა საერთო საფლავებს ახლაც პოულობენ ლათინურ ამერიკაში. „თეთრი ხელი“, „მეწამული ვარდი“, „კარიბის ლეგიონი“, „თვალი თვალის წილ“, „შავი მუზარადი“, მათი შემქმნელებისთვის რომ გეკითხა, ისინიც „წესრიგს“ იცავდნენ. უგულავას პოლიცია იგივეს გააკეთებს, რასაც მთელ ქვეყანაში ახალაია და მისი „მასტერები“ სჩადიოდნენ. თბილისის შემოგარენში ჟურნალისტებმა უკვე ასობით საფლავს მიაკვლიეს, რომელთაც „უცნობი“ აწერია. ეს მუნიციპალური სასაფლაოებია და ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის „ნაციონალური“ რეჟიმის მსხვერპლთა რაოდენობა.
ორხელისუფლებიანობა ეს არის: სააკაშვილი ამ სქემით მალე საკუთარ ჯარსაც შექმნის, საკუთარ უშიშროებასაც და საკუთარი ციხეებიც ექნება! ვიდრე „ოცნება“ გამარჯვებას ზეიმობს, „ნაციონალები“ რევანშისთვის ღიად ემზადებიან და თუ მათი შეჩერება არ მოხერხდა, „დემოკრატიის“ ნიღბის ქვეშ ისინი სრულად აღადგენენ საკუთარ გავლენას საქართველოში. მართლაც მოსახერხებელია: ოფიციალურად პასუხისმგებელი ყველაფერზე ახალი ხელისუფლებაა, რეალურად კი პროცესებს კვლავ „ნაციონალები“ მართავენ!
ვიდრე უგულავას პოლიცია სახლში არ შემოგივარდებათ, ვერ მიხვდებით, საით მიდის საქმე?