1881 წელს ნიკო ნიკოლაძემ რუსულ ჟურნალში „იურიდიჩესკოე ობოზრენიე“ (N 2,5, 18, 19) სერიის სახით გამოაქვეყნა ვრცელი სტატია „სისხლის სამართლის საფუძვლების შესახებ“. სტატია ეძღვნება არა მარტო იმდროინდელ პრობლემურ საკითხებს (ესენი დღესაც აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ყველაზე „უსამართლო“ საქართველოში“ - იგულისხმება 1992-2012 წ.წ)
ნიკო ნიკოლაძე აქ გამოდის ცნობილი ავსტრიელი მეცნიერის გუე-გლუნეკის წინააღმდეგ, რომელმაც 1863 წელს ავსტრიაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების წინ საჯაროდ წაიკითხა 7 ლექცია, რომლებშიც იგი ამტკიცებდა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება სიკეთეს არ მოიტანდა.
(სხვათა შორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების შესახებ ნ. ნიკოლაძემ პირველად დაწერა ჯერ კიდევ 1874 წელს სტატიაში „დანაშაულისა და სასაჯელის შესახებ, თხზ. ტ. IV. გვ.9-16, 1964 წ.).
დასაწყისში ნ. ნიკოლაძე კანონისა და კანონიერების მნიშვნელობაზე, მის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებზე საუბრობს. იგი მიუთითებს, რომ კანონი უძლურია მოაწესრიგოს ცხოვრების ათასგვარი წვრილმანები; რა იდეალურიც უნდა იყოს კანონთა კოდექსი, ცხოვრება მაინც წინ უსწრებს მას, რადგან შეუძლებელია ყოველდღიურად ვცვალოთ კანონები მაშინ, როცა ცხოვრება მუდმივად ცვალებადია და სულ ახალ და ახალ მოთხოვნებს გვიყენებს. ნიკოლაძის აზრით კანონი იქმნება პიროვნების თავისუფლების შესაზღუდავად, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს სჭირდება ერთობლივი ცხოვრების საარსებო ინტერესებს. „კანონი კი არ ქმნის ცხოვრებას, არამედ თვით ცხოვრება ქმნის კანონს. შესაბამისად ცხოვრება კი არ არის დამოკიდებული კანონზე, არამედ კანონი-ცხოვრებაზე.“ ამ უბრალო და მარტივი პრინციპის გაუგებრობამ მთელ კაცობრიობას დიდი დანაკარგები მოუტანა და მრავალი ქარიშხალი დაატეხა თავს [1,429].
ნიკოლაძე ხაზს უსვამს იმას, რომ ყველაზე მშვენიერი და მართალი თეორიული პრინციპიც კი შეიძლება ისე დამახინჯდეს ცხოვრებაში, რომ ვეღარც კი ვიცნოთ (მაგ. ასე დაემართა მარქსიზს სსრ კავშირში - ვ.შ.). იგი წერს, რომ რუსეთში 1864 წელს ფორმალური მტკიცების თეორიის გაუქმების შემდეგ ბრალდებულის ბედი მთლიანად მოსამართლის ხელში აღმოჩნდა. ასე, რომ მოსამართლეს “თუ უნდა შიგვიწყალებს, უნდა -დაგვსჯის“ (როგორც ეს იყო სააკაშვილის დროინდელ საქართველოში, სადაც პროკურატურა და მოსამართლე არანაირ შანსს არ უტოვებდა არავის სამართლიანობის მისაღწევად - ვ.შ.). ნიკოლაძისთვის მიუღებელია ეს მიდგომა: „სისხლის სამართლის განაჩენს მოსამართლის პირადი შეხედულებები და მისი თვითნებობა კი არ უნდა დაედოს საფუძლად, არამედ - მკაცრი და ცხადი შეგნება, რომელიც დაფუძნებული იქნება იმ მონაცემებზე, მეცნიერებამ რომ გამოიმუშავა და შემოწმდა სასამართლოს პრაქტიკით“ [1,434].
იგი უდაოდ თვლის დებულებას, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ის სასამართლოა ნამდვილი და სამართლიანი, რომელიც ხელჩაკიდებული მიჰყვება ხალხის ცხოვრებას, მაგრამ ცხოვრების გვერდით სიარულს იგი სხვაგვარად ვერ შეძლებს, თუ მთლიანად არ გაიზიარა მისი შეხედულებანი, იდეალები და ეპოქის მიმართულება: „შეურაცხმყოფელია ისეთი სასამართლოს არსებობა, რომლის ზნეობრივი და გონებრივი დონე თავისი ეპოქის მოთხოვნილებებზე უფრო დაბლა დგას, მაგრამ უდიდესი უსამართლობაა ისეთი სასამართლოს არსებობაც, რომლის იდეალები საზოგადოებრივ იდეალებზე უსასრულოდ მაღლა დგას“ [1,437].
ნიკო ნიკოლაძეს ჯერ კიდევ 130 წლის წინ სწორად ესმოდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უპირატესობა ჩვეულებრივ სასამართლოსთან შედარებით. იგი წერდა, რომ ნათელი გონების ადამიანები დიდი ხანია მიხვდნენ, რომ დიდი ჭეშმარიტებების ცხოვრებაში დამკვიდრება ძალზე ხანგრძლივი და მძიმე პროცესია, საბოლოოდ კი, ერთ დროს ერეტიკული აზრები მოარულ, ბანალურ ჭეშმარიტებებად გადაიქცევიან ხოლმე. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უპირატესობის დასამტკიცებლად ჩვეულებრივ სასამართლოსთან შედარებით მას მოჰყავს სერიოზული არგუმენტები.
ნიკო ნიკოლაძის აზრით ყველა იურისტს ცხოვრებაში ერთი ამოცანა აქვს - იცოდეს კანონები და გამოიყენოს ისინი. მრავალი წლის მანძილზე კანონების შესწავლა, მათი ხშირი გამოყენება ბოლოს აჩენს ილუზიას, რომ კანონმდებლობით გამოხატული ცნებები ჩვეულებრივი ცნებებია... რაც უფრო სოლიდური ხდება იგი თავის სპეციალობაში, სულ უფრო მეტად და მეტად სცილდება სინამდვილეს და ბოლოს სრულიად სწყდება მას, ბრმავდება, აღარ ესმის ცხოვრების მოთხოვნილებანი, ვეღარ ხედავს მის მოუწესრიგებლობას. ამიტომაც არ შეუძლია ცხოვრებაში გონივრულად და საჭირო სამართლიანობით გაატაროს ის საწყისი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა რეპრესიების არსებობის ერთ-ერთი არსებითი საწყისი, რომლის მიხედვითაც „არავის არ შეუძლია მოიმიზეზოს კანონის უცოდინარობა“.
ნიკოლაძე სავსებით სწორად მიიჩნევს, რომ „ჰკიდებს რა სისხლის სამართლის საქმის გარჩევას, იურისტი, როგორც პროფესიონალი, კარგავს მის თვალწინ ჩავლილი უამრავი მოვლენების ინდივიდუალიზების ყოველგვარ უნარს, იგი მისდაუნებურად ყოველ საქმეს ერთ საერთო ტიპს, საერთო ნორმას უთანაბრებს. შედეგად კი თავისსავე ბარიერს მიღმა აღარ ძალუძს ცოცხალი ადამიანისა და მისი ბედის დანახვა. ამგვარად, იგი რომელიმე კონკრეტულ ივანესა და პეტრეს კი არ ასამართლებს, არამედ ზოგადად ქურდს, მკვლელს, მძარცველს და ა.შ. ამის გამო ბრალდებულს ისეთი ზნეობრივი თვისებები და ხასიათი მიეწერება, როგორიც პირადად მას არ ახასიათებს, მაგრამ მოსამართლე უკვე მიჩვეულია მიაწეროს ამგვარი თვისებები საერთოდ ქურდებს, მკვლელებსა და მძარცველებს. მოსამართლე ახალი თვალით უნდა უყურებდეს ყოველ საქმეს, განზე გაუხედავად, იმ თვალით, რომელიც წინასწარ განპირობებული არაა არავითარი ტიპებით, თეორიებითა თუ ჩარჩოებით. ასეთი მოსამართლე კი შეიძლება იყოს მხოლოდ ის კაცი, ვისთვისაც სასამართლო არ არის მუდმივი სამუშაო ადგილი. ასეთი მოსამართლისათვის მოსამართლეობა პროფესია კი არ არის, არამედ დროებითი სამოქალაქო ვალის მოხდა (ეს გონივრული მოსაზრება დღეს გაზიარებული არაა - ვ.შ.). მხოლოდ ასეთ მოსამართლეს შეუძლია შეიტანოს სისხლის სამართლის პროცესში ცხოვრებისეული ელემენტები, ურომლისოდაც ყოველი ადამიანის ნამოქმედარი ბრმა და დამანგრეველი ძალაა, რასაც არსებობის არავითარი უფლება არა აქვს „ [1,440].
ნიკოლაძის აზრით ყველაფერ ზემოთქმულს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ სწავლული იურისტი მოსამართლეები, მართლმსაჯულების ობიექტურობის თვალსაზრისით, არ შეიძლება გვერდით ამოუდგნენ იმ მოსამართლეებს, რომლებიც უბრალო ხალხიდან გამოვიდნენ ( იგულისხმება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოსამართლეები - ვ.შ.). სწავლულის რიგორიზმსა და სპეკულიანტურ უსულგულობას ამ შემთხვევაში ცვლის ხალხის ცხოვრებისა და ჭირ-ვარამის ცოცხალი განცდა; რაც საზოგადოების თვალში დანაშაული არაა, იმას არც სასამართლო თვლის დანაშაულად. მოსამართლე იურისტი კი რაც უფრო ღრმად იცნობს კანონებს, მით უფრო ძლიერია მასში მისწრაფება, გაამრუდოს სინამდვილის ცოცხალი მოვლენები და ძალდატანებით შერეკოს ისინი ერთხელ შექმნილი ნორმის ჩარჩოებში, რაც დამახასიათებელია კანონმდებლობის ყველა ფილოსოფიური თეორიისთვის, ამიტომ იგი კიდევ უფრო სცილდება აზროვნების სხვაგვარ, ანალიტიკურ სისტემას, რომლის დროსაც საერთო ცნებები გამომდინარეობენ ცალკეული შემთხვევების ტიპური თვისებებისა და მოვლენების შესწავლიდან [1,443].
ნიკო ნიკოლაძეს მიაჩნია, რომ სახალხო ანუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხვა ღირსებაც და უპირატესობაც აქვს იურისტთა სასამართლოსთან შედარებით. ესაა ხალხის ნდობა. სასამართლო ცუდადაა ორგანიზებული იქ, სადაც ხალხი არ იჩენს საკმარის ნდობას მისდამი და მისი განაჩენისადმი. ნდობა არც არის და არც შეიძლება იყოს იქ, სადაც სასამართლო ხელისუფლება იმ პირთა ხელში, რომელთაც ნდობას უცხადებენ მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფალნი. ნიკოლაძე აქ იმოწმებს ალექსის ტოკვილის ცნობილ გამონათქვამს, რომლის მიხედვით „უფლება გაგასამართლონ შენივე წრის ადამიანებმა, ე.ი. შენმა თანამოქალაქეებმა, რომელთაც ირჩევენ ხალხიდან და რომლებიც არც მტრული და არც კეთილმოყვარული გრძნობები არ ხელმძღვანელობენ, არავისზე არ არიან დამოკიდებულნი და არც ანგარებიანი მისწრაფებები ამოძრავებთ პატივისა და წარჩინებისაკენ, არამედ გაასამართლებენ უბრალოდ, ისე, როგორც სინდისი უკარნახებთ, ასეთი სასამართლო ყოველ მოქალაქეს არწმუნებს, რომ მას ასამართლებენ მიუკერძოებლად. შედეგად მასაც უჩნდება სურვილი, სხვებსაც ისე მოექცეს, რასაც თავისთვის ისურვებდა ან როგორიც საკუთარ თავზე გამოსცადა“. ამ პრინციპითაა ორგანიზებული სასამართლო პროცესი ინგლისში და არსად სხვაგან, როგორც ამ ქვეყანაში , სასამართლო არ დგას ასეთ მიუწვდომელ სიმაღლეზე. შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ინგლისელთა პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არსებობს სხვა ხელისუფლება, რომელსაც საზოგადოების თვალში ისეთი დიდი ავტორიტეტი ჰქონდეს და ხალხის მხრიდან ისეთი უსაზღვრო ნდობით სარგებლობდეს, როგორიცაა სასამართლო [1,444].
კვალიფიციური და სამართლიანი სასამართლოს არსებობას და მისდამი ნდობას უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ხაზგასმით მიუთითებს ნიკო ნიკოლაძე, რომ ყოველი ადამიანის ცხოვრებას, მის თავისუფლებას, ღირსებასა და ქონებას ყოველ წუთს შეიძლება შეექმნეს საფრთხე იქ, სადაც მართლმსაჯულება უხეიროდაა ორგანიზებული და სადაც მოსამართლენი არ იცნობენ ცხოვრებას, არაკეთილსინდისიერნი ან მექრთამენი არიან. იქ, სადაც საზოგადოებას არა აქვს საკმარისი ნდობა თავისი სასამართლოსადმი, თვით საზოგადოების ცხოვრება გაუფასურებული და უაზროა... ამგვარად, სასამართლოსადმი ნდობა, ე.ი. თითოეული მოქალაქის რწმენა, რომ იგი თვითნებურად და უსამართლოდ არ დაისჯება სისხლის სამართლის კანონით, რომ შესაბამის შემთხვევაში გარდაუვალი საზოგადოებრივი ცხოვრების აუცილებლობის გამო კანონს მის მიმართაც გამოიყენებენ სამართლიანობის ზუსტი დაცვით და სასჯელის გარკვეული ზომით, - აი, ეს წარმოადგენს სამართლიანი და მშვიდი ცხოვრების ერთ-ერთ საფუძველს [1,445].
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ერთ-ერთი ძვირფასი ღირსება, ნიკოლაძის აზრით, არის მისი აღმზრდელობითი მნიშვნელობა. არ არსებობს ხალხისთვის მსაჯულთა სასამართლოზე უკეთესი იურიდიული სკოლა: „არაფერი არ უწყობს ხელს საზოგადოებაში იურიდიული ჭეშმარიტების, კანონიერების დანერგვასა და განმტკიცებას უკეთ, ვიდრე საზოგადოების პირადი მონაწილეობა სასამართლო წარმოებაში გამოცდილი და განათლებული იურისტის ხელმძღვანელობით. ის ასი თუ ათასი მოქალაქე, რომლებიც ყოველწლიურად ესწრებიან სასამართლო სესიას მსაჯულთა მოვალების აღსასრულებლად, სახლში ჯანსაღი იურიდიული ცნებების მარაგითა და ცოდნით ბრუნდებიან და ამ ცოდნას უნებლიეთ გადასცემენ თავიანთ შვილებსა და თანამოქალაქეებს, რომლებიც მოუთმენლად ელიან თავიანთ რიგს, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივ საქმეში. სამი-ოთხი თაობის შემდეგ იურისპრუდენცია, არა როგორც სქოლასტიკური სიბრძნე, არამედ როგორც საზოგადოების მაღალი ინტერესების ცოდნა, შეაღწევს საზოგადოების ზნე-ჩვეულებებში და სწავლულთა კაბინეტებზე გავლით, უფრო სწორად და უკეთესად, ვიდრე რომელიმე სხვა გზით, ხალხში გადავა და მისი მონაპოვარი გახდება“ [1,446-447].
ეკამათება რა გუე-გლუნეკს მსაჯულთა სასამართლოს უპირატესობის შესახებ, ნიკოლაძე მიუთითებს შემდეგ ფაქტორებზეც: თუკი ვაღიარებთ, რომ დანაშაული არის საზოგადოებრივი ცხოვრების არაბუნებრივი პირობების პროდუქტი, მაშინ უნდა ვიკითხოთ, ვინ შეიძლება იყოს მისი საუკეთესო მოსამართლე, თუ არა იგივე საზოგადოება, იმავე პირობებში რომ ცხოვრობს, რომელმაც დანაშაული წარმოშვა. მსაჯულთა ინსტიტუტის დამცველნი არასოდეს არ იყვნენ წოდებრივი ან პროფესიონალებისაგან შემდგარი სასამართლოს თაყვანისმცემლები. ამ პრინციპების მიხედვით, მათ მოძღვრებას რომ უდევს საფუძვლად, ამგვარი სასამართლოს არსებობა საერთოდ შეუძლებელიც კია; განა აუცილებელია იყო „მდაბიოთა ნაღები“ იმისთვის, რომ იცნობდე და გესმოდეს იმათი, ვისაც სახელმწიფო მართლმსაჯულების სწავლული პროფესორი „მდაბიოებს“ უწოდებს, განა აუცილებელია იყო ვაჭარი იმისთვის, რომ იცოდე, გესმოდეს და გონივრულად განიხილო გაკოტრების ან გაფლანგვის საქმე? მაშ როგორი სახის მომზადებას თხოულობს ავტორი მოსამართლე მსაჯულთაგან? ყოველი დანაშაული ხომ რეალური ცხოვრების უბრალი ფაქტია, რისი გაგება და გაანალიზებაც ყველა ადამიანს შეუძლია ! [1,452-453].
თავისი დებულების მართებულობის დასამტკიცებლად ნიკო ნიკოლაძე იმოწმებს გამოჩენილ ინგლისელ სამართალმცოდნეს უილიამ ფორსაიტს, რომელიც თავის თხზულებაში (History of trial by lury) ლაპარაკობს პრესის თავისუფლებაზე, რითაც სამართლიანად ამაყობენ ინგლისელები, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დიდ სიკეთეზე, რაც ხალხს სწორედ მსაჯულთა სასამართლომ მოუტანა. მსაჯულებად არჩეული ხალხის წარმომადგენლები მოსამართლის ხელმძღვანელობით ყველა შემთხვევაში განსაზღვრავენ ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლების ფარგლებს, რაც საზოგადოებრივი საკითხების განხილვის დროსაა დასაშვები. ამგვარად, ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლება იქ უშუალოდ მსაჯულთა ხელშია: „ ხელისუფლების მორჩილი ან მექრთამე მოსამართლეებისაგან განსხვავებით, რომელთაც თვითნებურად ცვლიან, ნაფიცი მსაჯულები არასოდეს წაართმევენ საკუთარ თავს ისეთ მნიშვნელოვან რამეს, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება. ისინი არ ჩათვლიან მკრეხელურად ნაწარმოებს მხოლოდ იმიტომ, რომ მასში განხილულია ხელისუფლების მოქმედება, რადგან შეგნებული აქვთ, რომ უფლებამოსილნი არიან განიხილონ და გააკრიტიკონ ხელისუფლების მოქმედება. ამიტომ პრესა - აზრისა და სიტყვის ეს ახალი დროის უძლიერესი მოღვაწე - განსაკუთრებითაა დაინტერესებული ისეთი სასამართლოს არსებობით, რომელიც აძლევს მას უფლებას ზედამხედველობა გაუწიოს აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედებას“ [1,447-448].
ნიკოლაძე თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსაჯულთა სასამართლო გარკვეულწილად თავისი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერევა (მაგ. იცავს პრესას აღმასრულებელი ხელისუფლების კრიტიკის ჟამს), იგი მაინც არ არის პოლიტიკური დაწესებულება: იგი არ სცემს კანონებს, არ შეაქვს არავითარი ცვლილებები სახელმწიფო დაწესებულებების სისტემაში. იგი მხოლოდ და მხოლოდ პიროვნების იურიდიულ და ზნეობრივ ინტერესებს იცავს, რაც, ცხადია, წარმოადგენს ყოველი სასამართლოს წმიდათაწმინდა მოვალეობას. მას მოჰყავს ციტატა ცნობილი სამართალმცოდნის მიტერმაიერის თხზულებიდან, რომლის მიხედვით „მსაჯულთა სასამართლოს სამშობლოში, ინგლისში, მსაჯულთა სასამართლოში ხედავენ სამოქალაქო უფლებების დამცველ იარაღს, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პოლიტიკურ დანაშაულს, რადგან მართლაც არსებობს იმის საშიშროება, რომ მოსამართლენი, რომელნიც ზემო ინსტანციაზე არიან დამოკიდებულნი, მიუკერძოებლები ვერ იქნებიან. მაგრამ ინგლისელები ამით ისე არ ამაყობენ, როგორც მსაჯულთა სასამართლოს წმინდა სამართლებრივი ღირსებებით, რაც იმით გამოიხატება, რომ ხალხი ენდობა კანონებს, შესაბამისად, იზრდება საერთო ნდობა იუსტიციისადმი“ [1,449].
ანალოგიური მაგალითი მოჰყავს ნიკოლაძეს საფრანგეთის სახით, რომლის სენატმა იმ დროს მიიღო კანონი პრესის შესახებ, რომლის ძალით პრესის საქმეები დაექვემდებარა მსაჯულთა სასამართლოს და ყველა გონიერი ადამიანი ამ კანონს თვლის უდიდეს მონაპოვრად. ამ კანონის ძალით ავტორებს ბრალი დაედებათ არა საკუთარი აზრების გამოთქმის გამო (არავის უნდა ეკრძალებოდეს პატიოსნად გამოთქვას თავისი აზრი, თუნდაც ყველაზე მცდარი), არამედ იმ შესაძლო შედეგების გამო, რომელიც, შესაძლოა მოჰყვეს მათ აზრებს [1,455].
ნიკო ნიკოლაძე გუა-გლენეკის კიდევ ერთ მოსაზრებას აკრიტიკებს და მიუთითებს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსაგან განსხვავებით ჩვეულებრივი სასამართლო და მოსამართლეები დამოუკიდებელნი ფაქტიურად ვერ ხდებიან.
გუე-გლუნეკს მიაჩნდა, რომ საკმარისია მოსამართლეებს (ლაპარაკია არა ნაფიცმსაჯულთა მოსამართლეებზე - ვ.შ.) დაუნიშნონ მაღალი ხელფასები და გაანთავისუფლონ მათი სამსახურეობრივი კარიერა ადმინისტრაციულიი ხელისუფლების ზეგავლენისაგან, მაშინ აღმოიფხვრება ყოველგვარი დამოკიდებულება, ანუ პატივის, ჯილდოებისა და წარჩინების ძიება, რასაც მონტესკიე გარკვეული წესწყობილების სახელმწიფოების მიმართ ასეთი დამახასიათებელი სიტყვით განსაზღვრავს - „კორუფცია“.
ნიკოლაძე მსუბუქი ირონიით აღნიშნავს, რომ „გუე-გლენეკი უნდა ჩამოსულიყო რუსეთში, რათა გაემდიდრებინა ის ცხოვრებისეული გამოცდილება, რაც უდავოდ აკლია... აქ მოსამართლეებს ისეთი ხელფასები დაუნიშნეს (როგორც სააკაშვილისდროინდელ ქართველ მოსამართლეებს ვარდების რევოლუციის შემდეგ - ვ.შ), რომ მაშინ ყველა გაკვირვებული იყო ასეთი ხელგაშლილობით. მოსამართლეები გამოაცხადეს შეუცვლელ მოხელეებად, არ შეიძლება ისინი გადაყვანილი ყოფილიყვნენ ერთი ადგილიდან მეორეზე მათივე თანხმობის გარეშე, სამსახურიდან მათი დათხოვნა შეიძლებოდა ან პირადი სურვილით, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით. თანამდებობის პირთა შეცვლა თვით სასამართლოს კოლეგიის წარდგენით უნდა მომხდარიყო. უკეთესი რაღა უნდა ყოფილიყო? როგორც საარსებო სახსრები, ისე პრესტიჟული სამსახურეობრივი მდგომარეობა და კარიერა მთლიანად უზრუნველყოფილი ჰქონდათ, მაგრამ გავიდა 15 წელი და ვის შეუძლია ახლა ღიმილის გარეშე ილაპარაკოს მოსამართლეთა შეუცვლელობისა და მათ მატერიალურ უზრუნველყოფაზე“ [1,455-1,456]. (იგივე შეიძლება ითქვას სააკაშვილის მოსამართლეებზე, რომლებიც მატერიალური უზრუნველყოფის მიუხედავად, მთლიანად პრეზიდენტზე და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დამოკიდებულნი დარჩნენ და მხოლოდ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში მიეცათ მათ ამოსუნთქვის საშუალება - ვ.შ.)
ნიკოლაძეს არადამაჯერებლად მიაჩნია გუე-გლენეკის ის მოსაზრებაც, რომ არც მსაჯულთა სასამართლო არის დამოუკიდებელი. აღმოჩნდება მსაჯულთა შორის ნოქარი? იგი თავის პატრონზეა დამოკიდებული და, ცხადია, საქმეს ისე გადაწყვეტს, როგორც მის პატრონს სურს. აღმოჩნდება ვაჭარი ან ნოტარიუსი? ისინი თავიანთ კლიენტებზე არიან დამოკიდებულნიო. ეს აზრები, ნიკოლაძის თქმით, იმდენად გულუბრყვილოა, რომ მათი უარყოფა მარგალიტის ფანტვას ემგვანებოდა. საერთოდ კი, გუე-გლუნეკის აზრით, მსაჯულთა სასამართლო ყოველთვის დამოკიდებულია საზოგადოებრივ აზრზე, რასაც იგი უწოდებს „ VOX POPUL“, მაგრამ განა ეს ცუდია? - ასკვნის ნიკოლაძე. რატომ გვავიწყდება, რომ “ Vox populi-vox dei“ (ხმა ღვთისა და ხმა ერისა). იდეალური ადამიანური დაწესებულება ხომ არასოდეს არსებულა” [1,456-457].
აქ ნიკოლაძეს მოაქვს ერთი საინტერესო მაგალითი საფრანგეთის ცხოვრებიდან: „სტრასბურგის გახმაურებული თავდასხმის შემდეგ გულმოწყალე ლუი-ფილიპემ ნაპოლეონ III საფრანგეთის ფულით ამერიკაში გაისტუმრა მშვიდი ცხოვრებისათვის, მისი თანამონაწილენი კი მსაჯულთა სასამართლოს წინაშე წარდგნენ სახელმწიფო ღალატისა და ამბოხების მოწყობის ბრალდებით. მსაჯულებმა ისინი შემდეგი მოსაზრებით გაამართლეს: რატომ უნდა დაისაჯონ დანაშაულის იარაღად გამოყენებული ადამიანები, როცა მთავარი დამნაშავე თავისუფლად დანავარდობს თავის ნებაზე და ეს თავისუფლება მას შემთხვევით კი არ ერგო წილად, არამედ ხელისუფლების შემწყნარებლობით ( ეს ძალიან კარგი მაგალითი უნდა გახდეს ივანიშვილის ხელისუფლებისათვის - თუ ისინი არ დასჯიან პრეზიდენტ სააკაშვილს სასამართლოს განაჩენით, მაშინ მათ მოუწევთ დამნაშავე, მაგრამ დანაშაულის იარაღად გამოყენებული ახალაიას და სხვათა გამოშვება ციხეებიდან - ვ.შ.).
გუე-გლუნეკი მსაჯულთა ამ განაჩენს თვლიდა არაიურიდიულ განაჩენად, რომელიც ეწინააღმდეგება ლოგიკის ყოველგვარ წესსა და ერთობლივი საზოგადოებრივი ცხოვრების საწყისებს. ნიკოლაძე არ ეთანხმება მას და წერს, რომ „ვინ, თუ არა მასავით უიმედო ვაჟბატონი, არ განეწყობოდა მსაჯულთა ზემოთმოყვანილი მსჯელობისადმი თანაგრძნობით? [1,457-458].
ამრიგად, ნიკო ნიკოლაძე პირველი ქართველი მოაზროვნეა, რომელმაც ჯერ კიდევ 130 წელზე მეტი ხნის წინ დაინახა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სიკეთე და უპირატესობა ჩვეულებრივ სასამართლოსთან შედარებით და მისი შემოღების აუცილებლობაზე დაწერა. განვლილმა დრომ მისი თვალსაზრისი მთლიანად დაამტკიცა. დღეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვრად ითვლება სასამართლოს დამოუკიდებლობასთან ერთად. სამწუხაროდ, საქართველოში მისი მნიშვნელობა ბევრს ისევ არ ესმის. საჭიროა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრულმასშტაბიანი, დაუყონებლივი დანერგვა საქართველოს სასამართლო სისტემაში, რათა საზოგადოებამ დროულად ისარგებლოს ამ მონაპოვრით და საქართველო ამ მხრივაც ჩადგეს ცივილიზებული ქვეყნების რიგებში.
ლიტერატურა:
1.ნიკო ნიკოლაძე, თხზულებანი, ტ VIII, ქუთაისი, 2003.