1968 წელს ინგლისურმა ხმის ჩამწერმა ფირმა Track Records-მა, იმ დროისათვის ძალზედ უცნაური გაფორმების მქონე ვინილის ფირფიტა გამოსცა. ალბომის გარეკანზე ნახევრად შიშველი ლამაზმანები იყვნენ გამოსახულნი. როგორც ჩანს, Track Records-ის მესვეურებმა ჯიმი ჰენდრიქსის ორდისკიანი გიგანტ ალბომის სკანდალური გაფორმებითა და ელექტრული ლედის ჰენდრიქსისეული ხედვის ამგვარად წარმოსახვით, სერიოზული რეკლამის განხორციელება განიზრახეს.
შედეგად ამერიკაში Track Records-ის ვინილი ოფიციალური გაყიდვებიდან ამოიღეს, ადგილობრივი Reprise Records-ის ვერსიაში კი გაფორმების გარდა, როგორც ამერიკაში ასე სჩვევიათ ინგლისურ ჯგუფებთან დაკავშირებით, სიმღერათა წყობაც (ამ შემთხვევაში ვინილის დისკის გვერდების მიმდევრობა) ტრადიციულად უხეიროდ შეცვალეს.
ამიტომაც იმ ალბომის განხილვას, რომლის თითოეულ ბგერას უდიდესი დატვირთვა ენიჭება, ჩვენ ინგლისური ვერსიის მიხედვით განვახორციელებთ. იქამდე კი ზოგიერთ საინტერესო დეტალზე გავამახვილებთ ყურადღებას, რაც ადრე ჰენდრიქსის შემოქმედებისათვის უცხო იყო.
Electric Ladyland ბითლზის White Album-ის შემდეგ, ქრონოლოგიური თვალსაზრისით, როკ მუსიკის საგანძურში ოქროს ასოებით შესული მეორე ეპოქალური ორდისკიანი ნამუშევარია. ჯიმი ჰენდრიქსის მენეჯმენტმა ეს დაუშვა იმ აურაცხელი მასალის დაგროვების გამო, რომლის გამომზეურებაც აუცილებელი იყო, სანამ იგი დავიწყებას მიეცემოდა. კიდევ კარგი, რომ ამ მხრივ ჯიმის ყოველი ნაბიჯი ლამის დაფიქსირებული იყო და დღემდე გამოდის მისი აქამდე გამოუქვეყნებელი მასალები. მაგრამ რაც მეტი ჩაიწერებოდა ლეგენდარული მუსიკოსის სიცოცხლეშივე, ხომ მით უკეთესი იქნებოდა... ჰენდრიქსს გაუთავებელი გასტროლების გამო, ხშირად სტუდიაში მუშაობისათვის და მით უმეტეს ჩაწერისათვის, დრო აღარ რჩებოდა, აქ კი ერთბაშად ყველამ მოიცალა და ალბომიც გრანდიოზული გამოვიდა. ყველამ მოიცალაო, იმიტომ ვამბობთ, რომ Electric Ladyland-ში ჯიმი ჰენდრიქსის ჯგუფი ხან ტრიოა, ხან კვარტეტი, ზოგჯერ კვინტეტი ან სექსტეტი, ზოგჯერ კი სულაც დუეტს წარმოადგენს...
უკან დატრიალებულ ფირზე აღბეჭდილ გიტარ ეფექტებს Electric Ladyland-ის მომხატველი ულამაზესი ჯაზ ბლიუზური აკორდები სდევს და მოლივლივე გიტარითა და მასზე თითქოს ამოქარგული მოშვებულ-ფსიქოდელიური ვოკალ პარტიით Electric Ladyland -ი, And the Gods Made Love -ით იხსნება მსმენელის წინაშე.
თავდაპირველი რელაქსაცია მსმენელს უეცრად ტრანსპორტით გადატვირთული მოძრაობის ეპიცენტრში აღმოაჩენს და გამოფხიზლებისაკენ მოუწოდებს აპლოდისმენტების ფონზე პირდაპირ ქუჩიდან ბლიუზურ სამყაროში შეფრენით ყოვლად დაურიდებლად და მოულოდნელად. მსმენელი გონს ნელ-ნელა ეგება და გრძნობს, რომ სტივ უინვუდის მყვირალა ჰამონდის თანხლებით, ჯიმი ჰენდრიქსის ბლიუზის ფსიქოდელიურ სამყაროშია ჩაფლული და ემზადება გიტარისა და ორღანის გრანდიოზული მოპასუხე სოლოების მოსასმენად. ბლიუზი Voodoo Chile ჯიმის მხოლოდ ერთხელ აქვს შესრულებული, თანაც სტუდიურ ალბომში ლაივ ვერსიით, ხოლო Crosstown Traffic კი კონცერტზე არასოდეს დაკრულა. სამაგიეროდ სტუდიაში მას მიჩუმებისას Voodoo Chile-ის მსმენელთა ოვაციები ადევს… უინვუდის გარდა, აქ ბას გიტარაზეც მოწვეული მუსიკოსი - Jefferson Airplane-ის ჯეკ კესიდი უკრავს. 12 წუთიანი ბლიუზის ბოლო 2 წუთი მყუდრო ატმოსფეროში მცირე დარბაზში დამსწრეთა აპლოდისმენტებს ეთმობა. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი იყო იმ დროს, რადგან ჯიმის საკონცერტო ჩანაწერი ჯერ კიდევ არ არსებობდა და უამრავი ადამიანი იყო დახარბებული მის „ცოცხლად“ მოსმენას.
ვინილის დისკის მეორე გვერდზე, სიმღერაში Still Raining Still Dreaming, ჯიმი ჰენდრიქსის ტრიოში პირველად ჩნდება ჯგუფის მომავალი წევრი დრამერი ბადი მაილსი. House Burning Down სიმღერის დამაბოლოვებელი 60-იანი წლებისთვის გაუგონარი გიტარ ეფექტების გარდა, აღსანიშნავია მიჩ მიჩელის ეფექტური დრამ სექციით გაფორმებული ტანგოს (!) ელემენტებით, ხოლო მეორე გვერდის გამორჩეული სიმღერები ბობ დილანის ქავერი All Along the Watchtower და მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როკ გიტარული ნაწარმოები Voodoo Child (Slight Return) გახლავთ. აღსანიშნავია, რომ All Along The Watchtower-მა ავტორის მოწონება დაიმსახურა, „როლინგების“ ბრაინ ჯონსმა და Traffic-ის დეივ მეისონმა კი აქ შესაბამისად პერკუსიისა და მეორე გიტარის პარტიები შეასრულეს. Voodoo Child (Slight Return) მიუხედავად იმისა, რომ ფართო მსმენელისათვის მაინცდამაინც არ არის სასიამოვნო მოსასმენი, ჯიმის დაკვრის ტექნიკისა და ეფექტების გამომზეურების საოცარ ნიმუშად იქცა. „სიძველის“ მიუხედავად, ნაწარმოებს აქტუალობა არ დაუკარგავს და Voodoo Child-ს მსმენელთა წინაშე დღესაც წარადგენენ თუნდაც პროექტ G3-ის ჯიმის გიტარ ულტრათანამედროვე სულიერი შვილები...
ალბომის ინგლისური ვერსია იმითაა გამორჩეული, რომ შედარებით ღრმააზროვანი და სპეციფიკური მსმენელისათვის მნიშვნელოვან Voodoo Child-ს, განტვირთვის მიზნით, მესამე გვერდის გახსნად ნოელ რედინგის მისივე ნამღერი მიამიტური Little Miss Strange მოსდევს; Long Hot Summer Night -იც „მეორეხარისხოვანთა“ რიგს მიეკუთვნება, თუმც აქ აღსანიშნავია პიანისტ ალ კუპერის მონაწილეობა. შემდეგი სიმღერა - ეარლ კინგის ქავერი Come On (Let the Good Times Roll) კი ჰენდრიქსის, მიჩელისა და რედინგის, კერძოდ როკ ტრიოს დაკვრის განუმეორებელ ნიმუშად იქცა და ალბათ ამიტომაც მომავალში ჯიმი უკვე სხვა მუსიკოსებთან ერთად, მას აღარ ასრულებდა სცენაზე. რიტმ სექცია აქ მობილურობით, მოქნილობითა და მელოდიურობითაც კი გამორჩეულია. ამ სიმღერაში არხებში სხვადასხვა სიხმამაღლეზე მომდინარე ხანგრძლივი და გაფრენილი გიტარ სოლო კასკადები კი მართლაც რომ უნიკალურია და განმეორებას არ ექვემდებარება თვით ჯიმი ჰენდრიქსის შემოქმედებაში. ჯიმი პეიჯს ჰქონდა The Lemon Song-ში მსგავსი ხასიათის სოლოს შესრულების მცდელობა, მაგრამ თეთრკანიანი ჯიმის სოლო „მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი მუსიკოსის“ სოლოს ოდენ აჩრდილია...
ცაცია ჯიმის ენერგეტიკა Gipsy Eyes-ში ბას გიტარაზეც ეფექტურად ვლინდება, რადგან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბას და ლიდ გიტარაზე, ერთი და იგივე ადამიანი უკრავს. მართლაც ასეა, რადგან All Along the Watchtower -ის ჩათვლით, ნოელ რედინგთან კონფლიქტის გამო, ჯიმი კიდევ არაერთ სიმღერაში ასრულებს ბას გიტარის პარტიას.
ალბომის ბოლო - მეოთხე გვერდი, რომელიც ამერიკელებმა შუაში (!) მოაქციეს, მხოლოდ როკ გურმანებისთვისაა განკუთვნილი და მგრძნობიარობით, სიღრმითა და ფსიქოდელიური გაფრენებით მხოლოდ ერთ მოსმენას არ ექვემდებარება... The Burning of the Midnight Lamp-ში ჯიმის გიტარ ინტრო თითქოს მართლაც შუაღამის მანათობელია, ბექ ვოკალები გიტარული სხივების ანარეკლები, ხოლო სოლო კი ამ სინათლის შემკრები. ცეცხლოვან სიმღერას წვიმიანი Rainy Day, Dream Away მოსდევს დრამერ ბადი მაილსის უკვე მომავალი Band Of Gypsys-ეული დრამ ხელწერითა და ჯიმის „კვაკების“ ფონზე ფრედი სმიტის გულისგამაწვრილებელი ტენორ საქსოფონით.
ალბომის დამაბოლოვებელი ეპიკური 1983...(A Merman I Should Turn to Be) ძვირფასია სრულ გაფრენაში მოქცეული ფსიქოდელიურ-სიღმისეული, ნოვატორულ-ტექნიკური, ჯიმის მომღერალი ბას გიტარის, არაპროგნოზირებადი გადასვლებისა და რაც მთავარია მონღოლური სტეპების ამსახველი ჩინგიზ ყაენის პერიოდის ზარების რეკვით, საოცარი გასხივოსნების შედეგად თითქოს მსოფლიოს უდიდეს დამპყრობელს გიტარ ეფექტებით ცხენზე ამხედრებულს რომ შეაფრენს მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში. ხოლო Moon, Turn the Tides...Gently, Gently Away-ის შემდეგ, თუკი კვლავ ვინილის პირველ გვერდს დავუბრუნდებით, ამერიკული ხმის ჩამწერი ფირმის მიერ დარღვეული წრეც შეიკვრება. ჩვენ კი მომავალ კვირას Band Of Gypsys -ით განვაგრძობთ...