სიგუას კაბინეტის აგონია

სიგუას კაბინეტის აგონია

ხუთშაბათს, როდესაც კვლავ დადგა დღის წესრიგში მთავრობის გადაყენების საკითხი, პარლამენტის წევრმა, გერმანე ფაცაციამ ძალზე საგულისხმო აზრი გამოთქვა: „თუ გვსურს ევროსაბჭოში გავერთიანდეთ, ჩვენში ორჯერ მაინც უნდა შეიცვალოს მთავრობა მშვიდობიანი გზით, ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე“.

ერთი შეხედვით მხოლოდ კარგი ხუმრობაა. მაგრამ არც მთლად ასეა საქმე - ამ ხუმრობაში ჩვენი უახლესი წარსულის მწარე გაკვეთილიც ჩანს.

ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოს ორი ძირითადი ნიშან-თვისება გააჩნია: დემოკრატიული სისტემა და საზოგადოებრივი სტაბილურობა. მეორე პირველიდან ყოველთვის არ გამომდინარეობს - არის ქვეყნები, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები მხოლოდ კლანურ-მაფიოზური სისტემების შემნიღბავი შირმის როლს ასრულებენ.

ბუნებრივია, ასეთ ქვეყანაში მმართველი ელიტის შეცვლა ყოველთვის გამოიწვევს დიდ საზოგადოებრივ კატაკლიზმებს და სამოქალაქო დაპირისპირებასაც. ნორმალურ, ნამდვილად დემოკრატიულ ქვეყანაში კი მთავრობა წლის განმავლობაში შეიძლება რამდენჯერმე სრულიად უმტკივნეულოდ შეიცვალოს.

„ევროპაში შესვლას“ მანამ ვერ მოვახერხებთ, სანამ ევროპელებს არ დავარწმუნებთ, რომ დემოკრატია ჩვენში ჭეშმარიტია და არა ყალბი.

პირველი ნაბიჯი ამისათვის უკვე გადაიდგა - ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფლებამ შეძლო თითქმის უმტკივნეულოდ გადაეყენებინა მთავრობა. მართალია ამ მოვლენამ გარეგნულად მშვიდად ჩაიარა, მაგრამ შინაგანი, გააფთრებული ბრძოლა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონში მაინც იგრძნობოდა.

სიგუას კაბინეტი გასული წლის ოქტომბერში გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურისა და კომპრომისის ხარჯზე დაკომპლექტდა. პოლიტიკურ ძალთა რეალური თანაფარდობა მაშინ სულ სხვა იყო, ვიდრე დღესაა. ამიტომ მთავრობის ჩამოყალიბებაში სახელმწიფოს მეთაურმა მხოლოდ ნომინალურად მიიღო მონაწილეობა, პრემიერ-მინისტრი კი შეეცადა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მოზიდვით შეექმნა თავისი კაბინეტის მდგრადობის გარანტია - თუმცა, როგორც ბოლო მოვლენებმა გვიჩვენეს, ეს ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა.

ამავე დროს, ასეთმა მეთოდმა შედეგად ის მოგვცა, რომ სიგუას კაბინეტი საკმაოდ ამორფულ მასად იქცა - მასში გაერთიანდნენ აბსოლუტურად სხვადასხვა პროფესიული თუ ინტელექტუალური დონისა და პოლიტიკური შეხედულების ადამიანები, რომლებიც, რა თქმა უნდა ვერ შეძლებდნენ ეკონომიკური რეფორმის განხორციელებას.

ნოემბრიდან - აგვისტომდე მთავრობაში ფარული „შინა ომი“ მიმდინარეობდა სამ ძირითად დაჯგუფებას შორის: პირველს წარმოადგენდა რომან გოცირიძე, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და დასავლური ბანკების რეკომენდაციათა უსიტყვო შესრულებას მოითხოვდა, მეორეს - ავთანდილ მარგიანი, რომელიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის მომხრე იყო და მესამეს - მათ შორის „გამშველებლად“ ჩამდგარი ზურაბ კერვალიშვილი - შევარდნაძის აშკარა ფავორიტი თავისი ორგანიზატორული ნიჭისა და პრაგმატიზმის გამო.

კაბინეტის დაკომპლექტებისას თენგიზ სიგუამ მისთვის ახალი სოციალური ბაზა გამოძებნა სამეცნიერო ინტელიგენტის სახით. ამან აშკარად არ გაამართლა, რადგან კარგი მეცნიერი ყოველთვის კარგი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი როდია.

მაგრამ მეორეს მხრივ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ამას თავისი ახსნაც ჰქონდა - პოსტკომუნისტურ პერიოდში ძნელია შეარჩიო კომპეტენტური კადრი ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რომელიც კომუნისტური „პარტნომენკლატურის“ სფეროში არ შედიოდა - ეს კი აუცილებელია იმ პერიოდში, როდესაც საზოგადოებაში ანტიკომუნისტური განწყობილება მეფობს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება სტაბილური, ხალხის მიერ პატივცემული მთავრობის ჩამოყალიბება.

ასეა თუ ისე, ყოფილმა მინისტრთა საბჭომ მაინც შეძლო ორი უმნიშვნელოვანესი პროცესისათვის ჩაეყარა საფუძველი: დაიწყო პრივატიზაცია და გადადგა პირველი ნაბიჯი ეროვნული ვალუტის შემოღების გზაზე.

რასაკვირველია, ესოდენ კარდინალურმა ცვლილებებმა, აგრეთვე ეკონომიკური კავშირების მყისიერმა გაწყვეტამ უკიდურესად დაძაბა სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში.

ეს ფენომენი მრავალი სახელმწიფოს მაგალითზეა შესწავლილი - რეფორმატორები ხშირად საკუთარი რეფორმებით გამოწვეულ სოციალურ ფსიქოზს ეწირებიან.

უმრავლეს შემთხვევაში საყვედურები მათ მიმართ უმართებულო და არასამართლიანია, მაგრამ შიმშილითა და გაჭირვებით გაწამებულ ხალხს მორალური დაკმაყოფილება სჭირდება. ამიტომ რეფორმატორი, რაოდენ მართალიც არ უნდა იყოს იგი ფორმალურად, ვალდებულია თავი შესწიროს სოციალურ ფსიქოლოგიას და ამით გადაარჩინოს თვით რეფორმა.

გულწრფელად უნდა ითქვას, რომ ბატონ პრემიერ-მინისტრს ცოტა არ იყოს გაუჭირდა ამ მსხვერპლის გაღება. ხუთშაბათს, მისი მითითებით იუსტიციის ყოფილი მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება სწორედ ამის ნიშანია. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, მან გადადგა აუცილებელი ნაბიჯი და ამით, საბოლოო ჯამში, არაფერი დაკარგა, რადგან შეძლო შეენარჩუნებინა მთავარი - პოლიტიკური სახე.

აქ უნდა გავიხსენოთ, რომ თენგიზ სიგუა არ ყოფილა მხოლოდ პრემიერ- მინისტრი, რომლის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მთავრდება მისი პოლიტიკური კარიერაც.

იგი ქართულ პოლიტიკურ სცენაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ფიგურაცაა, რომელსაც მნიშვნელოვანი სოციალური ბაზა გააჩნია: ჯერ ერთი, ძალზე გავლენიანი „ელიტარული ინტელიგენციის“ და მეორეც - მისი რეფორმების ხარჯზე წელში გამართული ქართველი „ნუვორიშების“ სახით.

ასე რომ, თენგიზ სიგუას პოლიტიკური კარიერა ნამდვილად არ დასრულებულა. იგი ჯერ კიდევ იტყვის თავის სიტყვას. მით უმეტეს, რომ პოლიტიკოსისათვის აუცილებელი ორი თვისება, - პოლიტიკური ინტრიგის ხელოვნება და მტკიცე ნებისყოფა - უდავოდ გააჩნია.

სიგუას კაბინეტის გადაყენება პარლამენტის დიდი გამარჯვებაც იყო - ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი რეალური და ანგარიშგასაწევი ძალაა და არა ბუტაფორია.

ყველაზე რთულ მდგომარეობაში კი სახელმწიფოს მეთაური აღმოჩნდა. ერთის მხრივ, მას ამჯერად ხელ-ფეხი გაეხსნა თავისი გუნდის ჩამოყალიბებისათვის და შეუძლია იგი საკუთარი ნება-სურვილით დააკომპლექტოს. მაგრამ, მეორეს მხრივ, კვლავ ვალდებულია ანგარიში გაუწიოს იმ სოციალურ სისტემებს, რომელთა მხოლოდ ნაწილია ესა თუ ის სამინისტრო.

შეგვიძლია ვივარაუდოთ: რამდენიმე მინისტრი უეჭველად შეინარჩუნებს თავის პოსტს და არა იმდენად თავისი „შეუცვლელობის“ გამო, რამდენადაც მათ უკან მდგომი ძალების რეალური გავლენის გათვალისწინებით. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის სოციალური ბაზა, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს შევარდნაძე, მისი მენტალიტეტისა და პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, ძალზე არაპოპულარულია ქვეყანაში და ამ ბაზაზე შექმნილი მთავრობა შეიძლება იოლი სამიზნე აღმოჩნდეს ჩვენი პოლიტიკანებისათვის, რომლებიც ბრწყინვალედ ფლობენ დემაგოგიის ხელოვნებას.

ამ შემთხვევაში ძალზე ბევრია დამოკიდებული იმაზე თუ ვინ გახდება პრემიერ-მინისტრი და რამდენად შეძლებს იგი საერთო ენის გამონახვას საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ ძალებთან.

აი, აქ კი მივუახლოვდით ყველაზე მტკივნეულ თემას: თუ როგორ იმოქმედებს პრემიერის შეცვლა საქართველოში ჯერ კიდევ მიმდინარე პოლიტიკურ დაპირისპირებაზე. ჩემი აზრით, დეკემბერ-იანვრის მოვლენების მთავარ გმირთა სცენიდან წასვლამ უაღრესად დაასუსტა შევარდნაძის პოზიციები. თუ წინათ ამა თუ იმ მოვლენაზე საზოგადოებრივი ცნობიერება იმდენად შევარდნაძეს არ აგებინებდა პასუხს, რამდენადაც მის გარემომცველთ, ამჯერად შევარდნაძე თავად გახდა ყველაფერზე პასუხისმგებელი და რაც მთავარია, არა მარტო იმაზე, რაც მომავალში მოხდება, არამედ იმაზეც კი, რაც წარსულში მოხდა და რაშიც თვით შევარდნაძეს არაფერი ბრალი არ მიუძღვის.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს შევარდნაძე სრულიად დაუცველია - იგი „უაბჯროდ დარჩა“ თავისი მთავარი და უაღრესად ძლიერი მოწინააღმდეგის პირისპირ.

 

 

 

 

 

ზურაბი ეს კაცი, სიგუა არის ჯალალედინის საქმის გამგრძელებელი
4 წლის უკან