ცოტა არ იყოს, დავიბენი... პრინციპში, ველოდი კიდეც, ასე რომ იქნებოდა, მაგრამ მაინც... ახლა, ვზივარ და შემოტევებს ვიგერიებ - ასი წლის უნახავი ხალხი მირეკავს, თბილად მკითხულობენ, მილოცავენ და თან სასიამოვნოა, მაგრამ მაინც უსიამოვნო განცდა მეუფლება, ასე მგონია, რომ იმათ თვალში ის ვარ, რაც ამ 8-9 წლის წინ „რუსთავი-2“ იყო - გამარჯვებული ხალხის ტელევიზია. რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვამბობ და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამ ქვეყანაში ყველა ეგეთი იყოს - მედროვეები, მლიქვნელები, ვირთხები, ხვლიკები, ბუჩქებში დროულად შემძვრალები და ასევე დროულად გამომძვრალები.
ძალიანაც გული მეთანაღრება ჩემს თანამემამულეებზე, თანამოქალაქეებზე, თანაქალაქელებზე ამ სიტყვებს რომ ვამბობ, მაგრამ ასე მგონია, რომ სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას, ზოგი ხმამაღლა და ზოგიც - ვიწრო წრეში, ან, თუნდაც ერთი-ერთზე.
პატიება არ ნიშნავს დავიწყებას. ან, ვინ ვარ, რომ ვაპატიო ან არ ვაპატიო, მაგრამ არც იმის უფლება წაურთმევია ვინმეს, რომ დავივიწყო ან არ დავივიწყო. ისე, დავიწყებაც როგორი ამბავია? ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ დაივიწყებ. ამოტივტივდება ხოლმე ეს ოხერი წყენა და გნებავთ, წყენასაც ნუ ვიტყვით და, გულისტკივილი ხომ მაინც არის?
ჰო, ნუ - ტელეფონები ისმინებოდაო... ნამდვილად ისმინებოდა. ორი შვილი მყავსო... ყავს და ღმერთმა გაუზარდოს. ძლივს მუშაობა დავიწყეო... მართლა გაუჭირდა სამსახურის შოვნა და უფრთხილდებოდა. ჩემთვის უმუშევრობა კატასტროფის ტოლფასი იყოო... ვეთანხმები, რაზეა ლაპარაკი!
ყველას ტელეფონი ისმინებოდა, ყველას ყავს შვილები, ყველას უჭირდა სამსახურის შოვნა, და უმუშევრად დარჩენა ყველასთვის კატასტროფის ტოლფასი იყო.
ამ წერილის მიზანი სულაც არ არის შეხსენება და დაყვედრება, არც ნიშნისმოგება და ირონიული ღიმილი და, მითუმეტეს, არც საბრალდებო დასკვნა და განაჩენი. უბრალოდ, უკვე დადგა რიგები, ეს მაღიზიანებს და შესაძლოა ვცდები, მაგრამ უფრო მგონია, რომ არ ვცდები - ეს ადამიანები ბუჩქებში რომ ისხდნენ, უბრალოდ კი არ ისხდნენ, არამედ ისხდნენ და ელოდნენ. ელოდნენ, საით გადაიხრებოდა სასწორი და ამ მოლოდინის რეჟიმში იყო ფიქრის რეჟიმიც, რომელ მხარესთან რა ტექსტებით მივიდოდნენ და როგორ დაარწმუნებდნენ, რომ სულაც არ ისხდნენ ბუჩქებში, სულაც არ ელოდნენ საით გადაიხრებოდა სასწორი და ვის სასარგებლოდ დაუბერავდა შემოდგომის ქარი.
ვუყურებ, ვუსმენ და მეცინება - პროკურორები, მოსამართლეები, ბიზნესმენები, ჩინოვნიკები, ჟურნალისტები და სხვანი და სხვანი - როგორი ერთნაირი გამომეტყველება აქვთ, გულდასმით შედგენილი წინადადებები, ერთნაირად ანთებული თვალები... ერთხმად ამბობენ: „ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება“.
ჩვენში დარჩეს და, რაზე ოცნებობდი და ახლა რაზე ოცნებობ, ჭუკლი? ოცნებობდი, რომ ყოფილიყო წნეხი, მაგრამ შენ არ შეგხებოდა; ოცნებობდი, რომ სხვისთვის წაერთმიათ ბიზნესი, მაგრამ შენთვის ხელი არ ეხლოთ; ოცნებობდი, რომ ჯანდაბას, სხვა დაეტოვებინათ უსახლკაროდ, შენ კი, იმ ფილმისა არ იყოს, გარანტირებულად გქონოდა თბილი კერა, თბილი ლოგინი...
ერთ-ერთი სამინისტროს ამბები ზედმიწევნით ვიცი, ბევრი კარგი ადამიანი მუშაობს. იყო გირგვლიანი - დუმდნენ, იყო რობაქიძე - დუმდნენ, იყო ვაზაგაშვილი - დუმდნენ, იყო 7 ნოემბერი, ომი, 26 მაისი - მაინც დუმდნენ და როგორც კი ახალი მინისტრი მივიდა და თავისი გუნდი (ბანდა უფრო ეთქმის) მიიყვანა და ესენი აყარა და ისინი დასვა, მაშინ კი ამოიღეს ხმა. მაშინ გახდნენ ნაცები უგულოები, უსისხლოები და არაკომპეტენტურები. მაშინ თქვეს პირველად - რას გვიშვრება ეს სააკაშვილი!
ჰო, მაგრამ ჩვენ რა ვუქენით ჩვენს ქვეყანას და ერთმანეთს? უფრო სწორად - როგორ გვეკიდა ჩვენი ქვეყანაც და ერთმანეთიც.
ახლა, როდესაც სააკაშვილის და მისი გარემოცვის საბოლოო შეფასება-გადაფასების დრო დადგა, კარგი იქნებოდა, ყველას საკუთარი თავი შეეფასებინა და საკუთარი მამიდის ტემპერამენტი მოეკითხა. ახლა ფიქრის დროა, ღრმად დაფიქრების, სარკეში ჩახედვის და საკუთარი თავისთვის თვალის გასწორების დრო.
ჩვენ, ყველამ, ერთად დავამარცხეთ ნაციონალების ბანდა, ახლა კი ყველანი ცალ-ცალკე უნდა დავფიქრდეთ და გავარკვიოთ, რატომ ვიდექით იქ, სადაც არ უნდა ვმდგარიყავით და რატომ არ არ ძალგვიძდა სხვაგვარად. ჩვენ ხომ უფსკრულის პირას ვიდექით... და თუ დასკვნებს არ გამოვიტანთ, არც ის უფსკრული მიდის სადმე და, დარწმუნებული ვარ, არც სააკაშვილი აპირებს რამის დათმობას.
განა სახელმწიფო არსებობს საზოგადოების გარეშე და განა საზოგადოებაც არსებობს ადამიანის გარეშე? ჩვენ ვქმნით ჯერ საზოგადოებას და შემდეგ ეს საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეს სახელმწიფო.
ქართველ კაცზეა ნათქვამი - თუ გინდა, რომ მოკლა, ცემენტი მიეციო. ააშენებს, მიაშენებს, მოაშენებს, ამოაშენებს... დიდი აზარტია შენებაში, როდესაც საკუთარს აშენებ, მაგრამ განა ეს ქვეყანა ყველას არ გვეკუთვნის? როდესაც საკუთარს აშენებ, ელექტრიკოსს არ დაავალებ წყალგაყვანილობის კეთებას, ხოლო სანტექნიკოსს არ ეტყვი, რომ მიდგეს და კედლები ლესოს.
ეს დალოცვილი საქართველო ჩვენი სახლია, ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ნუ მოვიპარავთ აგურს და ცემენტს. მოპარო საკუთარ თავს - ამაზე დიდი სისულელე არ არსებობს.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ უკვე რიგები დადგა. გამოძვრნენ ბუჩქებიდან, ჩადგნენ რიგში და იმ რიგსაც რომ არ იცავენ, ეს არის ყველაზე სასაცილოდ სატირალი. ყველას წინ უნდა.
ახლა ასეთი ფიქრები მაწუხებს, რადგან მეც ბევრი მაწუხებს და სულ ვფიქრობ, როგორ ავუხსნა, რომ საქმე ასე არ კეთდება და სახელმწიფო ასე არ შენდება, თუ მართლა სახელმწიფო გვინდა.
ერთი მეგობარი მყავს. უსამართლოდ დაიჩაგრა, ყველანაირ გაჭირვებას გაუძლო, ბილწს არ შეეკრა, იომა, ადამიანად დარჩა და დღესაც უმუშევარია. გუშინ დამირეკა - ნაკვეთში ავიდეთ, ვაშლი დავკრიფოთ, ბავშვებს წაუღეო. ერთი სიტყვაც არ უთქვამს სამსახურზე, მიუხედავად იმისა, რომ იცის, რომ იმსახურებს და მეც ვიცი რომ იმსახურებს. ასეთი ბევრია და ასეთებით შენდება სახელმწიფო. ბევრია და მოძებნაც იოლია.
ხვალ წავალთ და ვაშლს დავკრეფთ...