ქართული მედია ისეთივე პარადოქსებითაა სავსე, როგორც ქართული პოლიტიკა. თუმცა არის კიდევ ერთი ფენომენი – მედიაექსპერტთა კორპუსი, რომელიც ჭიპლარით არის მიბმული პოლიტიკაზე და მისი ბებიაქალები ამ ჭიპლარის გადაჭრას არ ჩქარობენ. რა იცი, რა ხდება? „მიუკერძოებელი“ ექსპერტები, რომლებიც სრულიად არ შეუშფოთებია უშიშროების საბჭოს მდივნის თანამეცხედრის მიერ სამ დღეში სამაუწყებლო ლიცენზიის მიღებას და კიდევ სამიოდე დღეში „რუსთავი 2–ის“ წილის შესყიდვას, საზოგადოებრივ მაუწყებელზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის (აწ უკვე – ყოფილის) მეუღლის იდეოლოგიურად „გამართულ“ მრავალწლიან აქცენტებს, საერთოეროვნული მაუწყებლების ჯერაც ნაციონალურ კონტროლს, უცებ „შეაშფოთა“ მე–9 არხის“ გენერალური დირექტორის შეცვლამ.
რა არის ამ „დემოკრატიული“ შფოთის მიზეზი? რატომ იწვევს კერძო ტელეკომპანიაში (რომელიც გავლენით ჯერჯერობით ვერ უტოლდება „ნაციონალურ“ არხებს) მენეჯმენტის შეცვლა ასეთ მძაფრ ინტერესს?
საუბარი არც არტილერიაზეა და არც კათეტერებზე. საინტერესო ის არის, თუ რატომ უნდა არკვიოს სხვა მედიასაშუალების (სხვათა შორის, სამაუწყებლო ლიცენზიის ასევე უპრობლემოდ მიმღების) ხელმძღვანელმა, ვის და რატომ ნიშნავს კერძო მფლობელი გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად საკუთარ ტელეკომპანიაში? რატომ არ ინტერესდებიან იგივე პირები ასევე ოპერატიულად სხვა კერძო თუ საზოგადოებრივი კომპანიების მენეჯმენტის შეცვლა–შეუცვლელობით?
„პოლიტმეტრის“ 29 ნოემბრის ეთერში ლუბა ელიაშვილის ღიმილი შეუმჩნეველი არავის დარჩებოდა. საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ რამდენს გაახსენდა, რომ დღევანდელ მედიაექსპერტებს სიტყვაც არ დაუსველებიათ 2004 წლის დასაწყისში, როცა ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმი შეიჭრა, ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, თანამშრომლები ასფალტზე დაყარა და საბოლოოდ, ტელეკომპანია მფლობელს დაათმობინა. მაშინ ლუბას, იმხანად ტელეკომპანია „იბერიის“ ხელმძღვანელს, „დამოუკიდებელი“ მედიაექსპერტები არ გამოსარჩლებიან, ზოგიერთმა კი პოზიცია დაუწუნა. თითქოს პოზიციის მიხედვით უნდა დაიცვა პრესის დამოუკიდებლობის პრინციპი!
ლუბა იღიმებოდა, მაგრამ რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რას განიცდიდა იგი; უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული „მედიაექსპერტების“ კასტა ამჯერადაც ლამობს მისი ბედის გადაწყვეტას. ვინ მიანიჭა მათ ეს უფლება? ვინ დაავალა მათ მხოლოდ იმ ჟურნალისტების კონტროლი, რომლებიც მათ დაკრულზე არ ცეკვავენ? ვინ შექმნა ის ვითარება, როდესაც ერთი და იგივე სახეები სხვადასხვა ეთერებში შესაშური რეგულარულობით დაიარებიან და ზოგად, ბრტყელ ფრაზებს წარმოთქვამენ, რომლებიც არანაირ კავშირში არ არის ქართული ჟურნალისტიკის ყოველდღიურ პრობლემებთან?
ისინი თვითონ ქმნიან ამ რეალობას. ამაში ერთმანეთს ეხმარებიან, მათაც უწევენ დახმარებას. ჩვენს თვალწინ იქმნება ყველაზე თავისუფალი სექტორის – მედიის კონტროლის მექანიზმი, რომელიც, მართალია, არაპირდაპირ, მაგრამ გავლენის მოხდენას ცდილობს იმაზე, თუ რა და როგორ უნდა აკეთოს ქართულმა მედიამ. მართალია, ისინი საკუთარი თავის პოზიციონირებას ლიბერალებად ახდენენ, მაგრამ საბაზრო ეკონომიკის პრინციპების უგულებელყოფით აცხადებენ, რომ ყველაზე მაღალტირაჟიანი გამოცემა „მიუღებელია“. უფრო ლიბერალურები ასწავლიან, როგორ წერონ, რადიკალები კი გაზეთს წვავენ. ერთი სიტყვით, მათ ყველაზე უკეთ იციან, რა წერონ ჟურნალისტებმა და რა იკითხონ მკითხველებმა!
ეს დაახლოებით ისევეა, როგორც სახალხო დამცველის არჩევისას ხელოვნურად ამოყირავებული რეალობა; მთავარი ის კი არ არის, რომ ციხეში პატიმრების წამებისა და ძალადობის კადრებმა შოკში ჩააგდო მთელი საქართველო, არამედ ის, რომ რომელიმე კანდიდატი მგზნებარედ და წინსწრებით არ იცავს ლგტბ უფლებებს!
მთავარი არც ის არის, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმაა… მთავარია, აქვს თუ არა ტელევიზორი საკანში ბაჩო ახალაიას!
არაარსებითია, რომ ბავშვები სახელმწიფო საბავშვო ბაღებში შეტანილი გაფუჭებული ხორცით იწამლებიან… მთავარია, რომ „თავისუფალი უნივერსიტეტის“ პატრონი ეთერში იჯდეს და ტყუილებს ამბობდეს.
ამ შემთხვევაში მედიაექსპერტები უძლურნი არიან. მათ მარტო გეომეტრია კი არა, ქართული რეალობაც არ იციან. ისინი სათბურის ვარდებივით არიან – რაც მათი საარსებო ველის მიღმა არსებობს, არარეალურია. რეალურია მხოლოდ ზოგადდემოკრატიული შელოცვის ფორმულები, რომლებიც მათ დაიზეპირეს.
რაც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს მათ საზოგადოება, მით უფრო გაუძნელდება ამ გარდამავალ პერიოდში გამოსავლის პოვნა. რაც უფრო მეტად მიუგდებენ მათ ყურს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები, მით უფრო გაუჭირდებათ რაიმე გადაწყვეტილების მიღება.
ისინი სწორედ ამით საზრდოობენ.
აკეთეთ საქმე და ყურადღება არ მიაქციოთ „მიუკერძოებელ“ ექსპერტებს, რომელთაც მხოლოდ საკუთარი გავლენის შენარჩუნება და გაზრდა აინტერესებთ.