კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, არქის ყველა თანამშრომელი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს და სრულად მიიღებს კუთვნილ ხელფასს - ამის შესახებ არქის დამფუძნებელმა ილია წულაიამ და კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა სოციალურ ქსელში გაკეთებულ სპეციალურ მიმართვაში განაცხადეს.
„არქის გუნდის უმეტესი ნაწილი კვირაზე მეტია დისტანციურ მუშაობაზეა გადასული. თანამშრომლების ჯანმრთელობა და მათი კეთილდღეობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, მიუხედავად შექმნილი რთული მდგომარეობისა, არქის ყველა თანამშრომელი უკლებლივ შეინარჩუნებს სამუშაო ადგილსა და ხელფასს ამ პერიოდში. დარწმუნებული ვართ, კორონავირუსს მალე დავძლევთ და რამდენიმე თვეში ახალი ძალებით გავაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას,“ - აღნიშნა არქის გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა.
არქის დამფუძნებელმა ილია წულაიამ ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდა, შეუერთდნენ არქის ინიციატივას და არ დატოვონ კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები შემოსავლის გარეშე.
„დღეს ქვეყანაში შექმინილი სიტუაციიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა მიმდინარე პროცესებში. მოვუწოდებთ ყველა კომპანიას, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად შემოუერთდნენ არქის ამ ინიციატივას და საკუთარი წვლილი შეიტანონ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაში. ყველა ჩვენგანის ჩართულობა მნიშვნელოვანია რათა, ქვეყანამ შეინარჩუნოს სტაბილურობა და კორონავირუსის დაძლევის შემდგომ დროულად და გაორმაგებული ძალებით გავაგრძელოთ განვითარება,“- განაცხადა ილია წულაიამ.
არქიმ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადასცა საჭირო აღჭურვილობა და ინვენტარი. კომპანიას ამ მიმართულებით კიდევ ბევრი აქტივობა აქვს დაგეგმილი და ეტაპობრივად განახორციელებს სხვადასხვა ტიპის დახმარებას.
არქის ყველა სამშენებლო ობიექტზე მუშაობა აქტიურად გრძელდება და ყველა პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს, რათა მობინადრეებს დათქმულ ვადაში ჩაბარდეთ ბინები. მშენებლობებზე დაცულია სანიტარული და უსაფრთხოების ზომები და თითოეული თანამშრომელი სრულად არის აღჭურვილი შესაბამისი ეკიპირებით.