მთავრობის უწყებათშორისი საკოორდონაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.
ერთი კვირაა, რაც ე.წ. მიმღებ ციხეებში, ანუ იმ პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც ახალი ბრალდებულების მიღება ხდება (N5-ქალთა, N8 - გლდანის საპატიმრო და N2 - ქუთაისის საპატიმრო), ბრალდებულთა სამედიცინო შემოწმება პენიტენციური დაწესებულებების შენობის გარეთ, სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო პუნქტში ხორციელდება. თუ ბრალდებულს არანაირი სიმპტომატიკა არ აღენიშნება, ამასთან არც თავად და არც მის ახლობლებს უახლოეს წარსულში უცხოეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს, მაშინ იგი პენიტენციურ დაწესებულებაში ე.წ. საკარანტინო ზონაში თავსდება, სადაც 21 დღეს გაატარებს. ხოლო თუკი ბრალდებულს რაიმე საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდა, ასეთ ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ ხვდება და იგი შემდგომი დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ჩატარების მიზნით სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაჰყავთ.
ამ ეტაპზე, საეჭვო სიმპტომების მქონე ბრალდებულის ოდენობა, რომელიც საპატიმროში არ იქნა დაშვებული, არის 9. მათგან ყველაზე საეჭვოს უკვე ჩაუტარდა ტესტი და კორონავირუსი არ დაუდასტურდა.