საქართველოში ღორის გრიპით დაავადებულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. ახლახან შემთხვევა აზერბაიჯანშიც დაფიქსირდა. საქართველოში ეს ვირუსი ესპანეთიდან, ინგლისიდან და გერმანიიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს აღმოაჩნდათ.
ღორის გრიპმა მსოფლიოში უკვე შეიწირა 1100 კაცის სიცოცხლე. საზოგადოდ, ამ გრიპის „შესაძლებლობები“ სათანადოდ არ არის „დაფასებული“. ბევრი ჩვენგანი ფიქრობდა, რომ ეს ერთი ჩვეულებრივი სეზონური დაავადებაა, რომელიც ერთი-ორი აბის გადაყლაპვითა და რამდენიმედღიანი ცემინებით მთავრდება, მაგრამ ბოლო დროს გახშირებულმა ფრინველის თუ ღორის გრიპმა ამ დაავადების უვნებლობაზე შეხედულება მკვეთრად შეცვალა.
პირველი მასშტაბური და მომაკვდინებელი გრიპის პანდემია მსოფლიოში 1918 წელს დაიწყო. ამ გრიპს მსოფლიო „ისპანკას“ სახელწოდებით იცნობს (ფიქრობდნენ, რომ ეს ვირუსი ესპანეთში „დაიბადა“). ეპიდემია 1922 წლამდე გაგრძელდა და 4 წელიწადში 20 მლნ კაცი იმსხვერპლა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ „ისპანკა“ სინამდვილეში ჩინური წარმოშობის გრიპი იყო. 1957 წელს პლანეტა მორიგმა მომაკვდინებელმა „ჰონკონგის გრიპმა“ შეძრა. ის 1962 წლამდე მძვინვარებდა და ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.
როგორც წესი, ვირუსული გრიპი მსოფლიოს რამდენიმე წელიწადში ერთხელ ჩამოუვლის. გავრცელებული აზრით, მომაკვდინებელ ვირუსებს ბუნება კი არა, სოციალურ ლაბორატორიებში ადამიანები ქმნიან(!).
პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი: - ბუნებაში გრიპის უამრავი H და ოდნავ ნაკლები N-ვირუსი არსებობს. სწორედ მათი კომბინაციები ქმნის უამრავ HN-ს. ფრინველს გრიპს ყველა H-ვირუსი აქვს, მაგრამ აქამდე ადამიანებზე არ გადადიოდა. სამწუხაროდ, ვირუსებიც განიცდის მუტაციას და ადამიანიც მისთვ+ის უცნობ ახალ ვირუსებს ითვისებს. აქამდე ადამიანების ვირუსი H1N1 და H3N2 იყო, მაგრამ დღეს მათ დაემატა კიდევ ერთი, H1N1-ის ტიპის ვირუსი, ოღონდ ახალი მოდიფიკაციით.
რამდენადაც ვიცით, ღორის გრიპს ღორთან კავშირი არა აქვს. საიდან მიიღო ეს სახელწოდება?
- ამ ვირუსის გენომი პირველად ამერიკელებმა გაშიფრეს და გენში ღორისთვის დამახასიათებელი H-ის ვირუსის შემადგენელი ნაწილი აღმოაჩინეს. საერთოდ, ბუნებაში ვირუსები ცირკულირებენ. ღორსაც ემართება ადამიანის ვირუსები. კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლოა, ღორს დაემართა ადამიანის ვირუსი და სწორედ მან განიცადა მუტაცია, - მას შეერია ღორის გრიპის ვირუსი. ამას მედიცინაში რეასორტაცია, ანუ შეჯვარება ჰქვია. როგორც სინჯარაში შეიძლება ვირუსების შეჯვარება, ასევე შეიძლება ცოცხალ ორგანიზმშიც. ერთი სიტყვით, ორი გრიპის ვირუსი ერთმანეთს გენებს უცვლის. თქვენ წარმოიდგინეთ, ღორის გრიპის ვირუსში არა მარტო ღორის, არამედ ფრინველისთვის დამახასიათებელი გრიპის ვირუსის გენიც აღმოჩნდა.
ესე იგი, ეს ვირუსი ღორის გრიპთან ერთად ფრინველის გრიპიც არის?
- დიახ, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს არ არის ცნობილი ფრინველის გრიპის ვირუსი. ესეც ფრინველისაა, მაგრამ სხვა სახის ვირუსია. მართალია, ღორის გრიპი ადამიანებში დატრიალდა, მაგრამ სიმძიმით დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის ვირუსისაგან. ქათმის გრიპი სწორედ იმით იყო საშიში, რომ ძნელად გადაედებოდა ფრინველისაგან ადამიანს, მაგრამ თუ დაგემართებოდა, ძნელად გადარჩებოდი.
მაგრამ ღორის გრიპით მსოფლიოში უამრავი ადამიანი დაიღუპა.
- ამ ვირუსით მილიონობით კაცი დაავადდა და გარდაცვალების მხოლოდ 1100 შემთხვევაა რეგისტრირებული. ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის შემთხვევაშიც კი ასეთი მასშტაბური ავადობის დროს სიკვდილიანობის ზუსტად იგივე პროცენტი ფიქსირდება.
საზოგადოდ, გრიპისთვის დამახასიათებელია პერიოდულობა. 40 წელიწადში ერთხელ მაინც ახალი, მანამდე უცნობი მუტირებული გრიპის ვირუსი ჩამოივლის ხოლმე დედამიწაზე. ვირუსების შეჯვარება ბუნებრივად ხდება. ახალი წარმოიქმნება იქ, სადაც სახეობრივი ბარიერი ირღვევა, ძირითადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. იქ ფრინველების, ცხოველებისა და ადამიანების სიმჭიდროვე ძალზე მაღალია. შიდსის გადაცემაც სახეობრივი ბარიერის დარღვევის შედეგია.
გრიპი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა დედამიწაზე. პერიოდულად მისი გავრცელება კატასტროფულ მასშტაბს აღწევს და დიდ პრობლემას უქმნის ადამიანებს. ვირუსების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. ის, რასაც ჩვენ გაცივებას ვარქმევთ, შეიძლება გამოწვეული იყოს 200-ზე მეტი სხვადასხვა ვირუსითა და ძალზე იშვიათად ბაქტერიით. ამიტომ მათ მოსაშთობად ანტიბიოტიკები უშედეგოა. ღორის გრიპი წვეთოვანი გზით გადაეცემა. ავადმყოფთან კონტაქტის დროს ერთი მეტრის რადიუსში შესაძლებელია პაციენტისგან გამოსროლილი შხეფი ადამიანს ლორწოვან გარსზე (პირში, თვალში) მოხვდეს და ის უკვე დაავადებულია. ღორის გრიპი არაფრით გამორჩეული არ არის ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომებისაგან.
საქართველოში ამ გრიპით დაავადებულები შინ რატომ მკურნალობენ?
- ჯერჯერობით, საქართველოში ამ ვირუსით დაინფიცირების 10 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ ადამიანებს ღორის გრიპის მსუბუქი ფორმა აქვს და ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის. ბოლოდროინდელი კვლევებით დადგინდა, რომ ასიათასობით კაცმა ისე გადაიტანა ეს დაავადება, რომ ექიმისთვის არც მიუმართავთ.
თუ არ მიუმართავთ, როგორ დადგინდა, რომ მათ ეს დაავადება გადაიტანეს?
- სხვათა შორის, ახლა დაფიქსირდა თბილისში ასეთი შემთხვევა. გერმანიიდან 4 ერთმანეთის ახლობელი ადამიანი ჩამოვიდა. მათგან გრიპი მხოლოდ ერთს დაუდგინდა, მაგრამ ამ ერთის ახლო წრე (ანუ ის პირები, ვისთანაც მას კავშირი ჰქონდათ) რომ გამოვკითხეთ, აღმოჩნდა, რომ მათაც იგივე სიმპტომები ჰქონდათ, რაც ღორის გრიპით ახლა დაავადებულს. ხოლო მათ ისე გადაიტანეს ეს გრიპი, რომ გერმანიაში სათანადო მკურნალობა არ ჩასტარებიათ. სწორედ დაავადებულთა გამოკითხვებით და მათი საახლობლოს გამოკვლევებით დადგინდა, რომ ეს გრიპი ასობით ათასმა ადამიანმა უპრობლემოდ გადაიტანა.
ხშირად გვსმენია, რომ ესა თუ ის მომაკვდინებელი ვირუსი ხელოვნურადაა შექმნილი, ლაბორატორიიდან "გამოპარული" ან საგანგებოდ გამოშვებულია.
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 1971 წელს აკრძალა ბაქტერიოლოგიურ და ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობა. საბჭოთა კავშირში ინტენსიურად იკვლევდნენ ბაქტერიებსა და ვირუსებს, მაგრამ ასეთი იარაღის გამოყენება არ მომხდარა ერთი მარტივი მიზეზის გამო, - ვირუსული ეპიდემია ისეთი რამ არის, რომ მისგან თავს ვერც გამშვები დაიცავს. სამაგიეროდ, ვირუსებსა და ბაქტერიებს ტერორისტები ფართოდ იყენებენ. მაგალითად, «ალ-ქაიდამ» ამერიკაში ჯილეხის ფხვნილი გამოიყენა, იაპონურმა სექტამ „აუმ სინრიკემ“ იგივე ფხვნილი ცათამბჯენიდან გადმოყარა, მაგრამ მაშინ არავინ დაავადებულა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკონვენციით ბაქტერიოლოგიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოება აიკრძალა, მასზე უარი ზოგიერთ სახელმწიფოს არ უთქვამს და მუშაობას იატაკქვეშეთში აგრძელებენ. საქმე ის არის, რომ ბიოტექნოლოგიისა და გენური ინჟინერიის დანიშნულება შეიძლება ორმაგი იყოს. გენური ინჟინერიის ის მეთოდები, რომლებიც წამლებისა და ვაქცინების შესაქმნელად გამოიყენება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელადაც. ამ სფეროს ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ გენური ინჟინერიით შესაძლებელია ისეთი ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნაც კი, რომელიც ადამიანის გენეტიკურ და თქვენ წარმოიდგინეთ, ეთნიკურ სიკვდილიანობას გამოიწვევს, თანაც ისე, რომ ეს ვირუსი სხვა ეთნოსის წარმომადგენლებს არ დააზარალებს. ასეთი ბაქტერიოლოგიური და ვირუსოლოგიური პრაქტიკით მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები იყვნენ.
დღეს ეგრეთ წოდებული „გენომის“ პროგრამას ახალი გაგრძელება გამოუჩნდა, - პროგრამა „პროტეომი“, რომელიც შესაძლებელს გახდის ამორჩეულ დროში (რამდენიმე საათი იქნება თუ ათეულობით წელი) გაანადგუროს ადამიანის ნებისმიერი პოპულაცია კონკრეტული გენეტიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. ბიოტექნოლოგია კიდევ უფრო შორს არის წასული. XXI საუკუნეში ისე დაიხვეწა მუტანტი ვირუსებისა და ბაქტერიების შეჯვარების ხელოვნება, რომ შეიძლება ნავთობის, რკინის, სასარგებლო წიაღისეულის განადგურება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ბიოლოგიურ იარაღსა და ვირუსულ მუტაციაზე ცდები შეწყვეტილია, არავის აქვს ილუზია, რომ ზესახელმწიფოებმა მართლაც თქვეს მასზე უარი.
ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაში ესა თუ ის ქვეყანა ხშირად ადანაშაულებს ერთმანეთს. მაგალითად, ატიპური პნევმონიის (სხვათა შორის, ამ დაავადებას დიდი მსხვერპლი მოჰყვა) შეგნებულად გავრცელებაში ტაილანდის ხელისუფლება ჩინეთს ადანაშაულებდა. საბჭოთა ხელისუფლება კი ამტკიცებდა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ციმბირული წყლულის ეპიდემია იაპონელი დივერსანტების „დამსახურება“ იყო. საბჭოთა მედიკოსები ციმბირში წააწყდნენ იაპონელ დივერსანტებს, რომლებიც ციმბირის წყლულის ბაქტერიას ჭებსა და წყალში ყრიდნენ, რის შედეგად ციმბირში სოფლები განადგურდა.
რუსეთის გრიპის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ოლეგ კისელიოვმა ამას წინათ სენსაციური განცხადება გააკეთა, - ბიოლოგიურ ომში ბიოლოგიურ აგენტთა შორის გრიპი ისეთი საშიში დაავადების გვერდით დგას, როგორიცაა ციება, პარტახტიანი ტიფი, ციმბირის წყლული, შავი ჭირიო. საშიშროების თვალსაზრისით, გრიპი ამ სიაში მესამე ადგილზე დგას. ანტიგენური შიფტის საფუძველზე წარმოიქმნება აბსოლუტურად ახალი ვირუსის შტამები, რომელთა უმრავლესობის წინააღმდეგ დედამიწის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს იმუნიტეტი არა აქვს. დღემდე მკვეთრი ცვლილებები მხოლოდ ა ტიპის ვირუსებში შეიმჩნეოდა. დაავადების სიმძიმე იმაზეა დამოკიდებული, რამდენად არის შეცვლილი ვირუსის თვისებები.