ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უკრაინის გენერალური პროკურატურა უარს აცხადებს. მათი ინფორმაციით, არსებობს რისკები, რომ სააკაშვილის ექსტრადირების თხოვნა პოლიტიკური მოტივით მის დევნას ისახავდეს მიზნად: "მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინულ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თხოვნით ორჯერ მიმართა.
საქართველოს მხარის ფორმალობა, უკვე მერამდენედ ანეკდოტურ ვითარებას ემსგავსება. ჯერ იყო და ამ საერთაშორისო მაწანწალაზე შიდა ძებნა გამოაცხადეს, თითქოს ავლაბარში იმალებოდა და არ ახსოვდათ, როგორ გაიქცა საქართველოდან თავქუდმოგლეჯილი, ახლა დავით საყვარელიძეს მოსთხოვეს, შენი მამა-მარჩენალი გადმოგვეციო.
არსებობს თუ არა კიდევ რაიმე სამართლებრივი მექანიზმები დამნაშავე ექსპრეზიდენტის გადმოცემისთვის?
"ალიას" კითხვებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს:
- ჯერ ერთი, არ არის უკრაინის გენერალური პროკურორის კომპეტენცია, სააკაშვილს გადმოგვცემენ, თუ არა. უკრაინის მოქმედ კანონმდებლობას ძალიან კარგად ვიცნობ, რადგან რამდენიმე ქართველის ექსტრადიცია მოხდა უკრაინიდან საქართველოში ამ წლების განმავლობაში. მათი კანონმდებლობით, შემდეგი ღონისძიება ხორციელდება: როდესაც ინტერპოლით გამოცხადდება ძებნა, მაშინ ხდება ხსენებული პირის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაკავება, რაც არის 24-საათიანი, უნდა გაიმართოს სასამართლო პროცესი, სადაც სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, პირი გადაეცეს თუ არა საქართველოს, მოხდეს თუ არა პირისთვის პატიმრობის შეფარდება ან სხვა რაიმე აღმკვეთი ღონისძიების გატარება, იქნება ეს შინაპატიმრობა, გაუსვლელობის ხელწერილი, გირაო თუ ასე შემდეგ. ამის შემდეგ, მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება განაცხადოს, პირი გადაეცეს თუ არა მომთხოვნ სახელმწიფოს, ამიტომ უკრაინის გენერალური პროკურატურის მომართვა, ალბათ, წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადებაა და არ არის სამართლებრივი დოკუმენტი. გენერალური პროკურატურის ეს განცხადება ნათლად გამოხატავს უკრაინის მმართველი პოლიტიკური ელიტის განწყობას და მათ დამოკიდებულებას სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელებისადმი, რომლებიც ახლა უკრაინაში იმყოფებიან და სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობენ თანამდებობებზე.
ეს არ გამომდინარეობს არც უკრაინის და არც საერთაშორისო სამართლიდან. როდესაც ქვეყანა პირის გადაცემაზე უარს აცხადებს, უარი დასაბუთებული უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილებით! კი ბატონო, არ გადმოსცეს დავით კეზერაშვილი და დათა ახალაია, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ეს მოხდა სასამართლოს დადგენილებით.
რადგან ასეთი პასუხებია უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ არსებობს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც სააშკარაოზე უნდა გამოიტანოს უმნიშვნელოვანესი საკითხები. საერთოდ, არ მესმის, ვინ ეკითხება უკრაინის გენერალურ პროკურორს ან უკრაინის პრეზიდენტს, მილიარდერ ფულის ტომარას, უკრაინა გადმოსცემს თუ არა სააკაშვილს საქართველოს?! პოროშენკომ, ჯობია, თავის ხალხს მიხედოს, შიმშილით რომ ეხოცება! სააკაშვილის გადმოცემის საკითხი არის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების დავალება, რომელსაც ემორჩილება უკრაინის ხელისუფლება, ამიტომ ამის წამალი არსებობს. ისრაელის სახელმწიფოში უამრავი მაგალითია იმისა, როცა დამნაშავეს არ აძლევენ და "მოსადი" ახორციელებს სპეცოპერაციას, იპარავენ დამნაშავეს და ჩაჰყავთ ისრაელში. საქართველო ისრაელივით პატარა ქვეყანაა და თავის დროზე, როცა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ადეიშვილთან მქონდა საუბარი, საქართველოში ჩამოყალიბებულიყო "მოსადის" მსგავსი სამსახური. როგორც წესი, ასეთი ტიპის სამსახური ამართლებს, მაგრამ ადეიშვილმა ამაზე ხელები გაასავსავა, თურმე დაგეგმილი ჰქონიათ, რომ უშიშროება შეერთებოდა შს სამინისტროს. დღეს უნდა ეყოს უშიშროების სამსახურს იმის ძალა, რომ განახორციელოს მსგავსი ტიპის სპეცოპერაცია, სააკაშვილთან, ადეიშვილთან, კეზერაშვილთან თუ ახალაიასთან დაკავშირებით.
მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის უამრავ დანაშაულში, ექსტრადიციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რატომ დაირღვევა 1950 წლის, ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლების დაცვის კონვენციის მოთხოვნები, რისი შიშიც ასე ძალიან აქვს უკრაინის პროკურატურას?
- ამ კონვენციაში საუბარია, რომ ექსტრადიცია შეიძლება არ განხორციელდეს, თუ დგინდება, რომ პირის მიმართ შესაძლებელია განხორციელდეს პოლიტიკური დევნა. ამიხსენით, ვინ დევნის სააკაშვილს პოლიტიკურად? საქართველოში იყო, ხელი მისთვის არავის უხლია, ვიდრე გამოძიებამ არ დადო საკმარისი მტკიცებულებები, მას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცეს, რომ ნდომოდათ პოლიტიკური დევნა, რა სააკაშვილს საქართველოდან გაუშვებდნენ?! სად არის პოლიტიკური დევნა საქართველოში? ყოველდღე ორ-ორი გამამართლებელი განაჩენი გამოდის სასამართლოდან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებზე და ვინმე ამაზე ხმას იღებს?
ეს არის შირმა! მე გეტყვით, ეს ვინც გააკეთა, პოროშენკოს ზარის შემდეგ, უკრაინის პროკურატურამ გააკეთა განცადება, პოროშენკოს კი დაურეკეს გარკვეული ქვეყნის სპეცსამსახურებმა და მოსთხოვეს, რომ სააკაშვილს არ გადასცემთ საქართველოს, რადგან სააკაშვილი ამ ეტაპზე საჭიროა იყოს უკრაინის ტერიტორიაზეო.
ყველა გახმაურებული მკვლელობის კვალი მიდის სააკაშვილის დაჯგუფებამდე, იური ვაზაგაშვილი, ბესო ხარძიანი, რომლის ოჯახის წევრებიც ხელს სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს ადებენ, ვინც თავის დროზე ამ ადამიანების გაუბედურებასა და წამებაში ლომის წვლილი შეიტანა, მათ შორის არის გია უდესიანი, რომელსაც კიევში "ნაციონალების" გვერდით ხედავენ... გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკაა საქართველოში - "სამართალი მოიკითხეთ საიქიოში"!
- არ ვარ იმ პრინციპის მომხრე, როდესაც ამბობენ, მოწინააღმდეგე ძლიერია და ჩვენ რა ვქნათ? მოწინააღმდეგე კი არ არის ძლიერი, ჩვენ ვართ სუსტები და რადგან სუსტები ვართ, ნებისმიერი დიდი სახელმწიფო საქართველოს არც კი მოიხსენიებს, აღარავის ახსოვს აგვისტოს ომი, ვიზებს გვპირდებოდნენ და ახლა გვეუბნებიან, სულ კარგად იყავით, ჩვენ თვითონ არ ვართ მოწოდების სიმაღლეზე, ამიტომ გვაკადრებენ იმას რაც საკადრებელი არაა. თუ მაგარი ხარ, პასუხი გაეცი. დიახ, ჩვენ ვართ სუსტები და ვერ შევქმენით სახელმწიფოებრიობა, ჩვენ ვერ გავართვით ჩვენს პრობლემებს თავი და შესაბამისადაც გვექცევიან ისე, რაც დავიმსახურეთ, აბა, სომხეთსა და აზერბაიჯანს თუ გაუბედავენ ამდენს. რა გახდა ამ სააკაშვილის ჩამოყვანა, ისრაელის სპეცსამსახურები თუ იყენებენ დღემდე ამ ღონისძიებას, შენ რატომ ვერ იყენებ, გაუშვი სპეცსამსახურები და ჩამოიყვანე, თუ გამართლდება, გამართლდეს! ჩვენ ვთამაშობთ სახელმწიფოებრიობანას. იმ უკრაინელების გამკვირებია, ქართველები რომ წაიყვანეს, მაჩვენეთ ერთი სფერო 25 წლის მანძილზე, სადაც საქმეს თავი გავართვით. იმ უკრაინამ იცის, რომ მათი პოზიციის საპირწონე არაფერი გვაქვს, ვერანაირ სანქციას ვერ განვახორციელებთ, არ გვთვლის სახელმწიფოდ და გვექცევა ისე, როგორც ვიმსახურებთ! სააკაშვილზე ჯერ არ გამოცხადებულა ინტერპოლით საერთაშორისო ძებნა, ჯერ არ არის ინტერპოლის პასუხი, თუკი შემდეგაც არ გადმოგვცემს უკრაინა სააკაშვილს, მერე უკვე სხვა ღონისძიებებია გასატარებელი.
თუკი საქართველოს ხელისუფლება და სპეცსამსახურები უკრაინიდან დამნაშავეთა ჩამოყვანის სპეცოპერაციას ვერ, ან არ ატარებენ, მაშინ ამის გაკეთების სურვილს "პატრიოტთა ალიანსი" გამოთქვამს, რომლის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ორი დღის წინ სკანდალური გაცხადება გააკეთა: `ქვეყანაში უკვე დამკვიდრდა ორგანიზებული ტერორიზმი. კლავენ ადამიანებს და არ ვიცით, ვინ არის დამკვეთი. პირადად სააკაშვილისა და ადეიშვილის კრიმინალების ჯგუფს ვადებ ხელს, რომლებიც უკრაინიდან გეგმავენ იმ ადამიანების მკვლელობებს, რომლებიც საუბრობენ სამართლიანობის აღდგენაზე... იგეგმება კიდევ 3-4 ადამიანის მკვლელობა, მათ შორის, მეც მემუქრებიან... ხელისუფლების პირველი პირების ნება თუ იქნება, "პატრიოტთა ალიანსი" უზრუნველყოფს სააკაშვილისა და ადეიშვილის ჩამოყვანას".
როგორ აპირებს ამის განხორციელებას "პატრიოტთა ალიანსი", უცნობია, მაგრამ ფაქტია, შეთავაზება საჯაროდ გაჟღერდა.