ჟურნალისტთა ეთიკის საბჭომ 7 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ტელეკომპანია "კავკასიის" ჟურნალისტმა ალექსანდრე ელისაშვილმა ქარტიის მე-7 მუხლი დაარღვია.
კერძოდ, საქმე ეხება 9 მარტს "კავკასიის" ეთერში გასულ გადაცემა "ბარიერს", რომელიც ელისაშვილს მიჰყავდა. ფონდ "ინკლუზივის" პრეზიდენტმა აღნიშნული გადაცემის გამო ელისაშვილის წინააღმდეგ ქარტიის საბჭოში საჩივარი შეიტანა, რადგან მიაჩნდა, რომ გადაცემაში ჰომოფობიური განცხადებები გაკეთდა, რის აღსაკვეთადაც ელისაშვილმა არფერი მოიმოქმედა.
ქარტიის საბჭოს სხდომა გუშინ ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში გაიმართა. საბჭომ გადაწყვეტილება 7 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო. ერთადერთი მოწინააღმდეგე ქარტიის საბჭოს წევრი და გაზეთ "რეზონანსის" ერთ-ერთი რედაქტორი ელისო ჩაფიძე გახლდათ.
გადაწყვეტილების მიხედვით, ელისაშვილმა დაარღვია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომელშიც ნათქვამია, რომ "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. ამიტომ, ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.
საბჭოს სხდომას ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი და საჩივრის ავტორი პაატა საბელიშვილი ესწრებოდნენ. ორივე მათგანმა საბჭოს წევრების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. საბჭოს სხდომა 2-ის ნახევარზე დაიწყო და 3 საათამდე კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 3 საათზე კი საბჭოს სხდომა დაიხურა და საბჭოს წევრები გადაწყვეტილების მისაღებად შევიდნენ. საათნახევრიანი დისკუსიის შემდეგ კი გადაწყვეტილება გამოაცხადეს.
საბჭოს წევრებმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნეს, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ყველა კითხვას უპასუხა და საბჭოს გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დაეხმარა. თუმცა, დამატებით შეკითხვებზე პასუხის გაცემისგან, თუ რატომ მიიჩნევენ, რომ ქარტიის მე-7 მუხლი დარღვეულია, პასუხისგან თავი შეიკავეს. გადაწყვეტილებას საბჭო 2 კვირაში სამოტივაციო წერილში ახსნის. მანამდე კი ქარტიის წესდების მიხედვით მათ კომენტარების გაკეთების უფლება არა აქვთ. სამოტივაციო წერილში ახსნის ელისო ჩაფიძეც თავის გადაწყვეტილებას, იმის შესახებ თუ რატომ არ მიიჩნევს, რომ ელისაშვილმა ქარტია დაარღვია.
თავად ალექსანდრე ელისაშვილი მიუხედავად იმისა, რომ ქარტიის სხდომაზეც აქტიურად იცავდა თავის პოზიციას და მიიჩნევდა, რომ ქარტია არ დაურღვევია, გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ის პატივს სცემს საბჭოს გადაწყვეტილებას, თავისი პოზიციის მიუხედავად, და რომ ამ გადაწყვეტილებას მომავალ გადაცემებში აუცილებლად გაითვალისწინებს.
ელისაშვილი ქარტიის საბჭოს სხდომამდეც აცხადებდა, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო საბჭოს, ის გაგებით მოეკიდებოდა მას.
"პატივს ვცემ საბჭოს გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით ამ გადაცემაში დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია. მომავალ გადაცემებში აუცილებლად გავითვალისწინებ ამ გადაწყვეტილებას და უფრო დიდი სიფრთხილით მოვეკიდები უმცირესობების თემებს. უფრო ფრთხილად ვიქნები და ჩემს რესპოდენტებსაც მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებ. რესპონდენტებს ვეტყვი ხოლმე, რომ ტერმინები შეარჩიონ, იმისთვის, რომ ჩემს გადაცემებში სიძულვილის ენა აღარ დაფიქსირდეს. სიმართლე გითხრათ, აქამდე ამ სიძულვილის ენაზე დიდი ყურადღება არ გამიმახვილებია. რადგან ეს ჭკვიანი ხალხი მეუბნება, რომ ამას ყურადღება უნდა მივაქციო, ასეც მოვიქცევი. ცოცხალი ადამიანი ვარ და რაღაცა შეცდომები მეც მომდის და ამისთვის არსებობს საბჭო, რომ შემისწოროს, ეს ჩემთვისაც გამოცდილება იყო," - განუცხადა "რეზონანსს" ალექსანდრე ელისაშვილმა.
პაატა საბელაშვილის სარჩელის მიზეზი 9 მარტს, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გასული გადაცემა "ბარიერი" გახდა, რომელიც ალექსანდრე ელისაშვილს მიჰყავდა. პაატა საბელაშვილის თქმით, გადაცემაში მიწვეული სტუმრების მხრიდან, კერძოდ მედია ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებლის მალხაზ გულაშვილის მხრიდან ჰომოფობიური განცხადებები გაკეთდა, ჟურნალისტმა კი უმცირესობების უფლებები არ დაიცვა. (შეგახსენებთ, ეს განცხადებები სექსუალური უმცირესობების, კერძოდ ჰომოსექსუალისტების მიმართ დამამცირებელ გამონათქვამს შეეხებოდა.
გადაცემაში რომელიც რუსეთში ქართველი ოპოზიციონერების ვიზიტს ეხებოდა, ოპოზიციური პარტიის ლიდერები - თინა ხიდაშელი, პეტრე მამრაძე, გუბაზ სანიკიძე და მალხაზ გულაშვილი მონაწილეობდნენ.
"ჯერ ერთი არ ვფიქრობ, რომ ამ გადაცემაში ჰომოფობიური განცხადებები გაკეთდა, მალხაზ გულაშვილს ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ამა თუ იმ საკითხზე ესა თუ ის შეხედულება და გამოთქვას თავისი აზრი. ვიღაცას ეს ან მოწონს ან არა, მაგრამ ეს ცალკე თემაა. გადაცემაში გაკეთებული განცხადებები დისკრიმინაციული არ მომეჩვენა და მერეც პასუხის გაცემის საშუალება მივეცი გადაცემაში მოწვეულ სხვა სტუმრებს, რომლებმაც გულაშვილს ნათქვამი შეუსწორეს," - განაცხადა საბჭოს სხდომაზე ალექსანდრე ელისაშვილმა, თუმცა ქარტიის საბჭოსთვის მის მიერ გაცემული პასუხები და არგუმენტები არადამაჯერებელი და არასაკმარისი აღმოჩნდა.
თავად საბელაშვილი ქარტიის მე-7 პუნქტით აპელირებს.
"ჩემი მიზანია ამ ქარტიის მექანიზმის გამოყენებით პასუხისმგებლობა დაეკისროს ალეკო ელისაშვილს, რომელსაც ვადანაშაულებ ქარტიის მე-7 მუხლის პირდაპირ დარღვევაში“.
"რეზონანსთან" საუბარში პაატა საბელაშვილი აღნიშნავს, რომ მისი მიზანი არ არის ჟურნალისტების შევიწროვება. მისი მიზანია, რომ საბჭომ რეაგირება მოახდინოს ამ ფაქტზე, რათა მსგავსი ფაქტები ქართულ მედიაში აღარ განმეორდეს.
"ელისაშვილის გადაცემაში მალხაზ გულაშვილმა გააკეთა შეურაცხმყოფელი განცხადებები, რასაც ალეკომ ხელი არ შეუშალა. ერთადერთი რაც ელისაშვილმა თქვა, მოდით ამ საკითხს დავანებოთ თავი და გადაცემის თემას დაუბრუნდეთო. ამის მერე გადაცემის ბოლოს 5 წუთზე მეტი გრძელდებოდა უარესი გამონათქვამები გულაშვილის მხრიდან, ელისაშვილმა კი ასევე არ შეაწყვეტინა მას საუბარი და მისცა საშუალება, რომ გაეგრძელებინა და ბოლომდე ეთქვა სათქმელი, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეურაცხმყოფელი იყო.
იმასაც გეტყვით თუ რატომ შევიტანეთ ეს საჩივარი, გულაშვილმა რა თქვა ეს ერთია, ალეკომ რა გააკეთა ეს მეორე, ჩვენ ჟურნალისტების გაკრიტიკება არ გვიყვარს, რადგან ჩვენც გვაქვს ჟურნალი და კოლეგიალობის მომენტია. უბრალოდ ეს ქარტია იძლევა პოზიტიურად საკითხის განხილვის შესაძლებლობას, რადგან მას არ აქვს სადამსჯელო მექანიზმები. ქარტიას შეუძლია პოზიტიურად მიუთითოს ჟურნალისტს, რომ მისი ქმედება იყო დარღვევა. ეს ძალიან კარგი მექანიზმია იმისთვის, რომ ჟურნალისტს მიეხმარო რათა მან თავისი პროფესიული სტანდარტი აიმაღლოს“, - განაცხადა პაატა საბელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეთიკის ქარტია 2009 წლის 4 დეკემბერს დაფუძნდა, რომელსაც 151 ჟურნალისტმა მოაწერა ხელი. ეთიკის ქარტია ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა. საბჭოს პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტ ნათია კობერიძეს ეხებოდა, დიდი ვნებათაღელვის საგანი გახდა. "სპეციალური რეპორტაჟის" წამყვანმა, ქარტიის გადაწყვეტილებით ამავე ქარტიის პირველი პუნქტი დაარღია, რომელშიც წერია, რომ ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას იცოდეს სიმართლე.
თავად კობერიძემ, ეთიკის საბჭოს მიკერძოებული და არაობიექტური უწოდა. რის შემდეგადაც ქარტიის საბჭოს დატოვება გადაწყვიტა. გუშინდელ სხდომაზე საბჭომ ნათია კობერიძის საქმეც განიხილა და კობერიძის მოთხოვნა დაკმაყოფილა.