,,დაინახო ის, რის განხორციელებასაც მოვალეობა გავალებს და არ გააკეთო - სიმხდალეა.“ კონფუცი
დღეს არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, თუ რატომ არის, რომ ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ერების ერთი ნაწილი ,,კეთილდღეობის ჭაობში“ იხრჩობა, უმრავლესობა კი სიზიპეს შრომით ამაოდ ებრძვის სიღატაკეს. ეს არის მმართველობითი სისტემის და სახელმწიფოს ადმინისტრაციული მართვის მექანიზმთან დაკავშირებული პრობლემები.
სახელმწიფოს მმართველობის ეფექტურობაზე და მის სრულყოფაზე მსჯელობა დასაბამს ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იღებს, მაგრამ ამ ნააზრევის პრაქტიკულად განხორციელების ყველაზე იდეალურ მოდელს მაინც რომის რესპუბლიკა წარმოადგენს.
ძველი რომაელები გრძნობდნენ რა თავიანთ სახელმწიფოს თავისებურებას, მას სრულიად სამართლიანად, ყველაზე სრულყოფილად თვლიდნენ. პირველი მათ შორის იყო პოლიბიოსი (ჩვენს ერამდე 201-120 წწ.), წარმოშობით ბერძენი, რომელმაც ზედმიწევნით იცოდა პლატონისა და არისტოტელეს შეხედულებები სახელმწიფოს იდეალურ მმართველობაზე. მან მრავალი წელი იცხოვრა რომში და გახდა მისი მხურვალე თაყვანისმცემელი. პოლიბიოსმა შექმნა თეორია, რომელიც ხსნიდა, თუ რატომ ამაღლდა რომი სხვა ხალხებზე. მისი აზრით, რომში იყო მმართველობის ყველაზე საუკეთესო ფორმა - შერეული, რომელიც შეიცავდა დემოკრატიულსაც (სახალხო კრება), მონარქიულ პრინციპებსაც (კონსულები) და არისტოკრატიულსაც (სენატი). არც ერთი არ ჩაგრავდა მეორეს და ერთად აღებულნი ქმნიდნენ ჰარმონიულ მთლიანობას. რომაელებმა შექმნეს სახელმწიფო სისტემა, რომელშიც სხვადასხვა ორგანოებს, რომელთა ძალაუფლებაც არ იყო უსაზღვრო, შეეძლოთ ერთმანეთის გაკონტროლება, ეს კი დიდი წინაღობა იყო თვითმპყრობელობისათვის.
მმართველობის ,,იდეალურ მოდელს,” რომელიც არა მარტო ტრადიციას თუ ქარიზმას, არამედ უწინარესად გონივრული წეს-კანონების სისტემას ემყარება, ყოველმა მოწინავე ერმა თავისი ისტორიული გამოცდილებით მიაგნო. მუსოლინის და ჰიტლერისგან განაწამებმა იტალიელებმა და გერმანელებმა უარი თქვეს მმართველობის ისეთ ფორმაზე, რომელიც ერთი კაცის გუნება-განწყობაზე იქნებოდა დამოკიდებული. მათთვის იდეალური აღმოჩნდა საპარლამენტო მოდელი.
გუსტავ-ადოლფებისა და კარლების ახირებებით დაუსრულებელ ომებში ჩათრეულმა შვედებმა თავის დაღწევა იმით შეძლეს, რომ ერთ დღესაც სამეფო ტახტზე ნაპოლეონის ყოფილი მარშალი, ფრანგი ბერნადოტი დასვეს, რომელსაც უფლებები შეუზღუდეს და სახელმწიფოებრივ ინტერესებს დაუქვემდებარეს. შედაგად კი მიიღეს ის, რომ მისი შთამომავალნი დღემდე ერთგულად ემსახურებიან შვედ ხალხს.
აქსიომაა ის, რომ სახელმწიფოს გარეშე არ არსებობს მოქალაქეობრიობა, ხოლო მოქალაქეობრიობის გარეშე არ არსებობს დემოკრატია. დემოკრატიის ჩამოსაყალიბებლად პირველი აუცილებელი პირობა არის ქვეყნის დამოუკიდებლობა და თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ამიტომაც მიჩნეულია, რომ თავისუფალი, დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა მრავალასპექტიანი პროცესია. იგი ითხოვს საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოებრივი მმართველობის ისეთი მოდელის შექმნას, რომელიც ეროვნულ ნიადაგზე იქნება დაფუძნებული, როგორც საკუთარი პოლიტიკური კულტურის განვითარების შედეგი. საამისოდ კი აუცილებელია, როგორც საკუთარი, ისე მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების ისტორიული გამოცდილების არაერთი არსებითი მხარის შესწავლა და გათვალისწინება.
სახელმწიფოს ადმინისტრაციული მართვის ეფექტური მექანიზმი გულისხმობს სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი – ჩინოსნების პრივილეგიაზე (ძმაკაცობა, წარმოშობა, ფული) დაფუძნებული იერარქია, შეიცვალოს იერარქიით, რომლის შერჩევის საფუძველი იქნება პიროვნება, მისი ცოდნა, ბიოგრაფია, პროფესიული კვალიფიკაცია, პატიოსნება და უმთავრესზე უმთავრესი – პატრიოტიზმი. წავიდა ის დრო, როდესაც ონორე დე ბალზაკს შეეძლო ეთქვა: “ბიუროკრატია გოლიათური მექანიზმია, რომელსაც ჯუჯები მართავენ.’’
დღესდღეობით შეუძლებელი ხდება საჯარო მოხელეთა უბრალო ადმინისტრატორებად მიჩნევა - დღეს ისინი მთელი პოლიტიკური პროცესის საკვანძო ფიგურებს წარმოადგენენ და ზოგჯერ თავად სახელმწიფოსაც კი.
როდესაც ტრადიციისა და პრივილეგიის იდეები გაცვდა, დემოკრატიზაციის წნეხმა ხელი შეუწყო და ადგილი დაუთმო ღია კონკურენციას.
ჩვენი ქვეყნის ცხოვრების უმძიმესი წლების თვითმხილველთ და მონაწილეთ შესაძლებლობა გვქონდა გვეფიქრა, როგორც ჩვენს, ისე სხვათა წარმატებისა თუ წარუმატებლობის უმთავრეს მიზეზებზეც.
მე-17 საუკუნის ბოლოს, როდესაც ფრანგ ანატომსა და ფიზიოლოგს მარი ფრანსუა კრავიეს ჰკითხეს, განემარტა თუ რა არის სიცოცხლე, მან უპასუხა: ,,სიცოცხლე არის სიკვდილისათვის წინააღმდეგობის გაწევა.“ ქართველმა ერმა სიცოცხლისუნარიანობა არაერთხელ დაამტკიცა, ახლა რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ათასგვარ წვრილმანებზე არ ვხარჯავდეთ იმდენ ენერგიას, რომელიც ნებისმიერ ერს მიიყვანდა უბრწყინვალეს შედეგებამდე, ჩვენ კი ხანგძლივი დროის განმავლობაში დამკვიდრებული პარაზიტული მმართველობითი სისტემის წყალობით, კვლავაც ვაგრძელებთ გმირულ წინააღმდეგობას უბადრუკ ხვედრთან. ამ მხრივ, დასაფიქრებლად და ჭკუის სასწავლებლად იქნებ ისევ სხვათა ისტორიიდან მოვუხმოთ მაგალითებს! ამჯერად მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქვეყნის აშშ -ს გამოცდილება გავიხსენოთ.
ამ ქვეყნის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს 1883 წელი, როდესაც ამერიკაში პენდლტონის კანონი მიიღეს - ,,სახელმწიფოს სამსახურის კანონი.” მან საფუძველი დაუდო სახელმწიფო სამსახურის ინსტიტუტს, რომელიც თავისი მნიშვნელობით ათას მოგებულ ბრძოლას აღემატება.
,,სახელმწიფო სამსახურის კანონი” კატეგორიულად მოითხოვს სახელმწიფო თანამდებობის გადანაწილებას მხოლოდ ღია კონკურსის საშუალებით.
ეს კანონი მუშაობს 1883 წლიდან დღემდე და ის უცვლელია. ამ კანონის ამოქმედებამ შექმნა ის უნიკალური სიმდიდრე და ძლიერება, რაც შეერთებულ შტატებშია თავმოყრილი.
1887 წელს ამ კანონის თეორიული მოდელი კი ე.წ. ,,ადმინისტრაციული ეფექტურობის მოდელი” პროფესორმა ვუდრო ვილსონმა შექმნა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობა დაიმსახურა, ხოლო თვითონ ისტორიაში შევიდა, როგორც ყველა დროის უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე.
აშშ-ს გამოცდილება იმიტომ ავიღეთ, რომ ის სანიმუშოა თვით მოწინავე მაღალგანვითარებული ქვეყნებისთვისაც. რომ ეს ასეა, შედარებისთვის ავიღოთ თუნდაც დიდი ბრიტანეთი.
ჯერ კიდევ წლების წინათ, გაერთიანებულ სამეფოში - საჯარო სამსახურის დეპარტამენტის გაუქმების შემდეგ, ბიუროკრატიის კადრების ფაქტიურად სრული “ტეტჩერიზაცია’’ მოხდა.
თავის დროზე პრემიერ მინისტრს, მისი მმართველობის დროს იმასაც კი აბრალებდნენ, თანამდებობაზე დანიშვნის წინ ნებისმიერ კანდიტატზე იმას კითხულობს - ჩვენიანია თუ არაო.
პოლიტიზაციის ჭია კარგა ხანია ფრანგულ ადმინისტრაციასაც შეუჩნდა - ამჟამად 500 უმაღლეს თანამდებობაზე მოხელეები დანიშნულნი არიან უშუალოდ წამყვანი პოლიტიკური ფიგურების მითითებებით.
კონკურსებთან დაკავშირებით, შეიძლება ნებისმიერ თვენთაგანს გაუჩნდეს სურვილი შეგვახსენოს, რომ მთელ რიგ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე კანდიდატთა შერჩევა კონკურსის წესით კარგახანია უკვე ჩვენთანაც ტრადიციად დამკვიდრდა. მაგრამ, წლების განმავლობაში, საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროებში, თუ რა ტიპის ,,გამჭვირვალე“ კონკურსები და არჩევნები ტარდებოდა, ან რა კვალიფიკაციისა და წესიერების ადამიანებს ანდობდა ,,ვარდების“ ხელისუფლება ასეთ სელექციებს, ეს ე.წ. ,,ფასადური დემოკრატიის“ შედეგი ყველაზე უკეთ 1 ოქტომბერს გამოჩნდა.
ამიტომ კლანური მმართველობის შედეგებზე საბოლოოდ რომ უარი ვთქვათ, აუცილებელია დღემდე ჩატარებული კონკურსები ბათილად გამოცხადდეს და ჩატარდეს ახლიდან. ვინაიდან, კადრების შერჩევის კლანურმა პრინციპმა: ჩემიანია, ჩემი კლანის კაცია, რაც იყო კომუნისტების დროს, შევარდნაძის მმართველობისას და განსაკუთრებით წინა ხელისუფლების ხანაში, შედეგად მოგვცა ის, რომ ძალიან ბევრი უცოდინარი და არაპროფესიონალი მოხვდა არათუ თანამდებობაზე, ადამიანთა საქმიანობის ყველა უბანზე, მათ შორის საგანმანათლებლო სისტემაშიც. სწორედ ამიტომ უნდა შეიქმნას სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე, კვალიფიციურ სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისიები, რომლებიც მაქსიმუმ 3 წლის ვადით შეარჩევენ ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებს. მათი გადარჩევა, ან ადგილზე დატოვება და დაწინაურება მხოლოდ კონკურსის წესით იქნება შესაძლებელი, რათა მომავალში ხელისუფლებაში მოსულ 20 წლის ბიჭებს, აღარ დასჭირდეთ თავისი გუნდის მოყვანა. მთავრობები უნდა წავიდნენ და მოვიდნენ, მაგრამ სახელმწიფო მოხელის დანიშვნა-მოხსნა ცალკეული პირების გუნება-განწყობაზე აღარ იყოს დამოკიდებული. სწორედ ასეთი ,,ღია კონკურსები“ საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფეროში შექმნიან ქვეყანაში კონკურენტუნარიან გარემოს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენი ცხოვრება წარმართონ არა შემთხვევითმა პირებმა, არამედ საუკეთესოებმა.
ძველ სპარტაში გერუსიაში (უხუცესთა საბჭოში), არ აირჩიეს დიდი დამსახურების მქონე სახელოვანი ვაჟკაცი. ამ ამბით აღტაცებული ყოველ შემხვედრს ულოცავდა: მე მეგონა, რომ საუკეთესო ვიყავი, მაგრამ თურმე ვცდებოდი. ბედნიერი ვარ, რომ სპარტას ჩემზე კიდევ უფრო ღირსეული ვაჟკაცები ჰყავს.
ნათქვამია: ,,იმ ფურმა ჩამწიხლოს, ვინც ჩემზე მეტს იწველისო.“
ობიექტურად ჩატარებული კონკურსები და არჩევნები, ერთი მხრივ არ მისცემს ,,თვითკმაყოფილების“ უფლებას გამარჯვებულს, ხოლო დამარცხებული, ვისაც უყვარს თავისი პროფესია, უკეთ მომზადებული, კონკურენტუნარიან გარემოში კვლავაც იბრძოლებს გამარჯვებისათვის, ხოლო ვისაც არ სურს ბრძოლა, ის არც მიიჩნევს თავს დარგის სპეციალისტად.
ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნა და ბიუროკრატიულ კიბეზე აღმასვლა ისეთ პროფესიულ კრიტერიუმებზე უნდა იყოს დამოკიდებული, როგორიცაა უნარ-ჩვევები, გამოცდილება და ადმინისტრაციული ალღო.
მადლობა ღმერთს, იმედია, სამომავლოდ ყველაფერი ამ მიმართულებით წავა.
მაგრამ იქნება კი ეს საკმარისი? ალბათ, არა. ვინაიდან, თვით კონკურსის წესით შერჩეულ ბიუროკრატიასაც გაკონტროლება სჭირდება.
ბიუროკრატიის გაკონტროლების რამდენიმე გზა არსებობს:
შესაძლოა შემუშვებულ იქმნას ანგარიშვალდებულების მექანიზმები სამინისტროთა, საკანონმდებლო ორგანოთა, სასამართლოთა თუ საზოგადოების (სახალხო დამცველთა (ომბუდსმენთა) წინაშე.
შეიძლება შეიქმნას ბიუროკრატიის საპირწონედ ექსპერტთაგან დაკომპლექტებული ალტერნატიული ორგანო, მრჩევლების ინსტიტუტის სახით.
მრჩეველთა ინსტიტუტი, დღესდღეობით ლამის ყველა თანამედროვე სახელმწიფოს აპარატის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა.
გაერთიანებულ სამეფოში მარგარეტ ტეტჩერი ხშირად მიმართავდა რჩევისთვის პოლიტიკურ კვლევით ცენტრსა თუ ადამ სმიტის ინსტიტუს; ბლერი კი - საკუთარი კაბინეტის ადმინისტრაციის გასაძლიერებლად - საჯარო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტს.
იქნებ ჩვენც გვეფიქრა დღესდღეობით თითქმის განადგურებულ და უფუნქციოდ დარჩენილ მთელ რიგ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებზე. თავდაპირველი სახით მათი აღდგენა შეუძლებელიც არის და ალბათ, მიზანშეუწონელიც. სწორედ ღია კონკურსებით დაკომპლექტებულ განსაზღვრული რაოდენობის სამეცნიერო ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა იმუშაონ სახელმწოფო დაკვეთებზე, რასაც დღეს ნაწილობრივ ე.წ. ენჯეოები ასრულებენ.
მართალია, ბიუროკრატიული კანონები მაქსიმალურად ამცირებს პიროვნული გადაცდომის შესაძლებლობას, მაგრამ ადამიანები არ უნდა ვაქციოთ სახელმწიფო მანქანის ჭანჭიკებად.
უწინარესად, უნდა გვახსოვდეს, რომ თანამდებობის პირთა მნიშვნელობა და გავლენა, მათ მიერ დაკავებული თანამდებობებით კი არ განისაზღვრება, არამედ მათი პიროვნული ღირსებებით.
ნაპოლეონის ცნობილი გამონათქვამია: ადამიანებზე ზემოქმედების სამი ბერკეტი არსებობს: დაშინება, იძულება და სიყვარული. რადგან ეს უკანასკნელი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, ვისურვებდი საზოგადოების კანონმორჩილება შიშზე კი არ იყოს დაფუძნებული, არამედ ქვეყნის სიყვარულზე და ერის ნების გამომხატველი კანონების მიმართ პატივისცემაზე.
ერის ნების გამომხატველი კანონები შემთხვევით არ მიხსენებია. სხვა კანონებიც არსებობს, სულ სხვა მიზნით და დანიშნულებით შედგენილი..
როცა პეტრარკა ტრიბუნალის წინ უნდა წარმდგარიყო, მას გამოუცხადეს, რომ სასამართლოს არ სჭირდებოდა მისი ფიცი: ,,დაე, შენი ქვეყნის კანონები ნუ იქნებიან შენს პატიოსნებაზე მაღლა. არ იფიქრო, რომ ყოველთვის საკმარისად კარგია ის, რაც კანონებით არის დაშვებული.“
იქნებ ადამიანებში ბევრად მეტია კარგი, ვიდრე მათთვის დაწერილი თვით საუკეთესო კანონები.
იქნებ დღეს ჩვენი გასაჭირის რეალური მიზეზები არც სამართალში, არც ეკონომიკაში და არც პოლიტიკაშია საძიებელი?
ამბობენ, რიშელიე მის მიერ დაარსებულ საფრანგეთის აკადემიის წევრებს ეუბნებოდა, დროა სახელმწიფოებრივად აზროვნება ისწავლოთო, ამ სიტყვებს საქართველოშიც ხშირად იმეორებენ, მაგრამ საქმითაც ჩანს, რომ მხოლოდ ერთეულებს ესმით მათი მნიშვნელობა.
მაგრამ, როგორ ესმით სხვებს მისი მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში იაპონელებზე ვისაუბროთ: ეს ამბავი ტროას აღმომჩენ ჰაინრიხ შლიმანს ეხება. ძნელი სათქმელია, კიდევ თუ რამე გააკვირვებდა ამ მრავლისმნახველ კაცს. იაპონელებმა კი შეძლეს ეს. როგორც ვაჭარი, კომერსანტი შლიმანი შეჩვეული იყო მებაჟეებთან ურთიერთობისას მათ ჯიბეში ფულს ჩაუჩხრიალებდა და საქმეს ამით აგვარებდა. მაგრამ იაპონიაში მას სულ სხვა სურათი დახვდა. ფულის შეთავაზებაზე მებაჟე წელში გაიმართა და რიხით წარმოთქვა: ,,ნიპონ მუსკო,” 40-ზე მეტი ენის მცოდნე შლიმანს არ გასჭირვებია გაეგო, მებაჟე რას ეუბნებოდა: ,,მე იაპონელი ვარ,“ ეს კი ნიშნავს, თავს ისე არ დავიმცირებ, ფულის გულისათვის ჩემს მოვალეობას ვუღალატოო.
სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი, სამშობლოს სიყვარული მტკიცე პირობაა ქვეყნის ბედნიერებისათვის. მაგრამ, ესეც არის, რომ მამულის ჭეშმარიტ სიყვარულს, ესოდენ მაღალ გრძნობას კოსმოპოლიტური განწყობილება, ან პატრიოტობით კეკლუცობა კი არ ბადებს, არამედ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა და თაობების ღირსეული მიზნით აღზრდა, რაც რთულ, ხანგძლივ და შრომატევად საქმეს წარმოადგენს.
თუ მსოფლიოს მოწინავე ერები ცხოვრობენ, რათა იკვებონ, ჩვენ საკვებს მივირთმევთ იმისათვის, რომ ვიცხოვროთ. ასეთი არსებობა კი ხანგძლივ დროში, ბუნებრივია, მენტალობასაც ცვლის. თუ ძველად ქართველები ყველაზე სტუმართმოყვარენი ვიყავით და შეგვეძლო გვეთქვა: ,,სტუმარი - იგივეა ღმერთი გყავდეს სახლში.“ ახლა პოლონელებივით თუ არ ვამბობთ, ვფიქრობთ მაინც ასე: ,,სტუმარი იგივეა - გყავდეს ფეხმძიმე ცოლი სახლში.
ასეთი შეცვლილი მენტალობით ლაპარაკი ღირსებაზე, პატიოსნებაზე, როგორც ჩვენს ტრადიციულ ღირებულებაზე, თანდათან, საზოგადოებისათვის არცთუ იოლი გასაგები ხდება.
ეს მაშინ, როცა ჩვენგან განსხვავებით, დღესაც ძალიან ბევრ ქვეყანაში და მათ შორის, იაპონიაში ღირსების საკითხს კვლავინდებურად ცენტრალური ადგილი უჭირავს. უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი, ისე როგორც მისი ორი წინამორბედი, იმ მიზეზის გამო გადადგა, რომ წინასაარჩევნო დაპირებები ვერ შეასრულა. დამეთანხმებით, შესაშური მაგალითია.
ჯერ კიდევ ძვ.წ. VI ს-ის ჩინეთში ლაოძის მოძღვრება ქადაგებდა: ,,რაც მეტია აკრძალვა, მით მეტია სიღარიბე, რაც მეტია იარაღი, მით მეტია ამბოხი, რაც მეტია უმეცრება, მით მეტია სიხარბე, რაც მეტია კანონი და ბრძანება, მით მეტია ქურდი და ავაზაკი.”
კონფუციც გვმოძღვრავს:: ,,ყველაფერი ამაზრზენი, რაც კი ქვეყნად ხდება გაუნათლებლობის შედეგია“
სწორედ გაუნათლებლობის შედეგია ის, რომ ყოველივე, რაზეც ვსაუბრობთ კვლავაც გულუბრყვილო ოცნებად გვრჩება და ასეთად დარჩება მანამდე, სანამ კვლავ არ დაიბადება ის იდუმალი ძალა, მთვლემარე სინდისისა და დათრგუნვილი ნების მქონე ადამიანებში ღირსების გრძნობას რომ აყალიბებს - ეს არის მამულის სიყვარული. მაკიაველი ამბობს: ,,ღმერთი ზეციდან მიწაზე ჩამოვიდა და სამშობლო დაირქვა.”
ქვეყნის ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება, მის წინაშე მდგარი ამოცანები დღენიადაგ ითხოვს ჩვენგან უკეთ გავერკვეთ, თუ რა ხელეწიფება მცირერიცხოვანი ერის ძალღონეს და რა აღემატება. საჭიროა, ქვეყნის სულიერ-პოლიტიკური გამოცდილებისა და სამომავლო პერსპექტივების მუდმივი გააზრებით ღირებულებათა სისტემაში მოყვანა. შემდეგში სწორედ ამ გააზრებაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გადაწყვეტს ქვეყანა მის წინაშე მდგარ პრობლემებს. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება კი შეგვმატებს რწმენას, რომ შეგვწევს ძალა და უნარი, დავძლიოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შექმნილი უმძიმესი ვითარება, ზღვარდაუდებელ ტკივილად ქცეული, ჩვენი მატერიალური სიდუხჭირე, აღვადგინოთ საქართველოს როგორც სულიერი, ისე ფიზიკური ერთიანობა, რაც მტკიცე საფუძველი გახდება ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული აღორძინებისათვის.
არ უნდა დაგვავიწყდეს, ისიც, რომ როგორც ჩვენს წინაპრებს, თითოეულ ჩვენგანსაც დღეს არსებული მრავალი პრობლემის გადასაჭრელად დრო ლიმიტირებული აქვს. თუ არსებული საფრთხე მთელმა ხალხმა, ყოველ შემთხვევაში, ერის მაქსიმალურმა უმრავლესობამ არ შეიგრძნო, რომ ჩვენ, მართალია, ვცხოვრობთ ახალ მსოფლიოში, მაგრამ კაცობრიობის ისტორიისთვის არანაკლებ სასტიკ პერიოდში, ეს ყველაფერი მხოლოდ ფუჭ სიტყვებად დარჩება. როცა გეზარება ფიქრი და სხვის გადაწყვეტილებას მიყვები, მუდმივად ელოდები ქარიზმატულ ლიდერს, რომელიც მდგომარეობას შეგიცვლის. ამას ფსიქოლოგები კომფორმულობას უწოდებენ!
ქართველების, ისევე როგორც ბერძნების, საყვარელი საქმიანობა პოლიტიკაზე დაუსრულებელი ლაპარაკია. ამ ლაპარაკს აზრი მიეცემოდა, თუ მას ახალშობილიც მოყვებოდა, მაგრამ, როდესაც დაუსრულებლად ხეებზე ამახვილებ ყურადღებას და ტყეს ვერ ამჩნევ, აქ უკვე მარტო ლაპარაკი ვერა გშველის. ინტელექტუალური ელიტა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ერთ შემთხვევაში შეძლებს, - თუ მასას ხეების გარდა, ტყესაც დაანახვებს. თითოეულმა ჩვენგანმა იქნებ უფრო მეტი პრაგმატულობა და ორგანიზებულობა გამოვიჩინოთ, თავს ძალა დავატანოთ და ვიაზროვნოთ, რათა შედეგი დავდოთ.
მე მინდა, ხვალინდელი საქართველო უკეთესი იყოს და თუ თქვენც ეს გინდათ, მოდით ერთად ვიფიქროთ ჩვენი ქვეყანა ჩვენთან ერთად წარმატებული როგორ გავხადოთ!...
დღეს, როდესაც დემოკრატია, პლურალიზმი მიიჩნევა ყველა კულტურისთვის უნივერსალურ და აბსოლუტურ ღირებულებად, ამ პირობებში მოაზროვნეთა ერთი ნაწილისთვის ერის გაგება, როგორც ერთიანი სულიერი ცენტრის მქონე კრებითი პიროვნებისა, დიდი ხანია მოძველდა. ამიტომ ფიქრობენ ასეც, რომ დემოკრატიის დაწყებისთანავე ყოველგვარი მცდელობა ერის გაერთიანებისა ერთიანი მსოფლმხედველობის დახმარებით, - ტოტალიტარიზმია. მითუმეტეს, ტოტალიტარიზმია თუ ერს რაიმე დოქტრინას თავს მოვახვევთ. მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ თუნდაც ასეთი ცალსახად ხისტი დამოკიდებულება პრობლემისადმი, ე.წ. ,,დეიდეოლოგიზაციის” მოთხოვნისა, ესეც ერთგვარი მიზანმიმართული იდეოლოგიაა საზოგადოებისთვის თავს მოხვეული, რომელსაც არა ნაკლები უბედურება, ქაოსი და ნიჰილიზმი მოაქვს. მჯერა ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილის, რომელსაც ეს ყველაფერი დააფიქრებს. უმბერტო ეკოს აქვს ნათქვამი, მე ვწერ არა იმას, რაც ხალხს უნდა, ვწერ იმას, რაც მინდა, რომ ხალხს უნდოდესო.
,,ღმერთი, დემოკრატია, კერძო საკუთრება,“ - სამ სიტყვაში, სამ ცნებაში ჩატიეს ამერიკელებმა თავისი ფორმულა. ცხადია, სხვის იდეებს ბრმად ვერ გადმოვიღებთ, მაგრამ დროა ვიფიქროთ საკუთარ იდეებზე, რომელიც გვაქვს, ან რომელიც გვსურს რომ გვქონდეს. იდეები, რომელთა გარშემო საზოგადოების კონსოლიდირებას მოვახერხებთ და გამოგვადგება მყარ ორიენტირად ქვეყნის გასაერთიანებლად და ასაღორძინებლად.
მაგრამ როგორ, რა გზებით, რა საშუალებებით, რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის?
აი, რაზე ვისურვებდი მსჯელობას!