ვიღებ პასუხისმგებლობას რომ 10 საათზე დავნიშნე უმრავლესობის სხდომა. უბრალოდ არ ვიცოდი, უგულავა თუ გაიღვიძებდა გვიან, თორემ დავნიშნავდი 11 საათზე. ამაზე სერიოზული ლაპარაკი არ შეიძლება, - ასე უპასუხა ჟურნალისტებს ოპოზიციის ლიდერების განცხადებების შეფასებისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომა 10 საათზე უნდა დაწყებულიყო, რადგან დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე საუბარი მოესწროთ.
"დღეს პლენარული სხდომაა და უნდა მოგვესწრო საუბარი იმ თემებზე, რომელიც გავიარეთ. საუბარია რეგიონალურ გამოწვევებზე, მაჟორიტარებს მიეცათ დავალებები, რომ კონკრეტული თემები მოიტანონ რაც უკვე გაკეთებულია და რა არის მიმდინარე პროექტები. ასევე, კომიტიტეტის თავმჯდომარებსაც ვთხოვეთ საგაზაფხულო სესიაზე რა პროექტებია პრიორიტეტული, რა უნდა მოვასწროთ, რა უნდა დამთავრდეს რომ არ გადაფაროს წინასაარჩევნო რეჟიმმა. მაინცდამაინც ვერ მოვასწარით, მაგრამ იყო ძალიან მოკლედ საუბარი საარჩევნო სისტემასთან დაკავშორებითაც", - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციასთან მე-4 შეხვედრის შემდეგ, მათგან უმრავლესობის შეთავაზებაზე პასუხი არ მიუღიათ.
„არანაირი ახალი ვარიანტი მათ არ შემოუთავაზებიათ. გარდა ავღანური სისტემისა, რაც ვთქვით რომ მიუღებელია, არაპრაქტიკულია", - განაცხადა მდინარაძემ.