პროლოგი
1 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ერთმა ამერიკელმა კოლეგამ მირჩია, ყურადღებით წამეკითხა 19 სექტემბერს „ვაშინგტონ პოსტის“ ბლოგზე განთავსებული დევიდ ინგატიუსის სტატია „საქართველოს სკანდალური საარჩევნო ისტორია“ http://www.washingtonpost.com/opinions/david-ignatius-georgias-rowdy-election-campaign/2012/09/19/596ef5ac-01b0-11e2-b257-e1c2b3548a4a_story.html
მართალი გითხრათ, იმ დღეებში იმდენი ძალიან საინტერესო, სკანდალური, თუ სერიოზული ანალიტიკური სტატია იწერებოდა დასავლეთის პრესაში (მაიკლ ჩეჩირეს, მარკ ადომანისის, ჯუდი ბაჰრაჩის, სილვია შტოიბერის, ლინკოლნ მითჩელის და განსაკუთრებით, ჩარლზ ფერბენქსის – http://www.theatlantic.com/international/archive/2012/09/georgias-prison-rape-scandal-and-what-it-says-about-the-rose-revolution/262720/), და თან სწორედ ამ დღეებში დაიწყო ციხეებში პატიმრების წამების სკანდალური მასალების გამოქვეყნება, ასე რომ თავიდან იგნატიუსის სტატია განსაკუთრებულად საყურადღებოდ ვერ ჩავთვალე. აქ ხომ ლაპარაკი იმაზე იყო, რაც საქართველოში ყველამ ისედაც მშვენივრად ვიცოდით – რომ („რომელიც „შედგა“, რამეთუ შეგვდგა!“) ახორციელებდა უკანონო მოსმენებს ძალიან მრავალი ადამიანის მიმართ და პირველ რიგში – პოლიტიკური ოპონენტების მიმართ! არასოდეს დამავიწყდება, როცა ია ანთაძემ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ჰკითხა, რამდენი მათგანი ფიქრობდა, რომ მისი მობილური ტელეფონი ისმინებოდა, 70%-ზე მეტმა უპასუხა, რომ სწორედ ასე ფიქრობდა! ყველას გვახსოვდა, როგორ რიგრიგობით აღმოაჩინეს წინა არჩევნების დროს ოპოზიციის ლიდერებმა მათ ოფისებში დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა და როგორ აბსოლუტურად რეაგირების და გამოძიების გარეშე დარჩა ეს შემთხვევები. ის, რომ ხელისუფლება ყველანაირად შეეცდებოდა და სავარაუდოდ, მოახერხებდა კიდეც, თავისი მთავარი ოპონენტის – ბიძინა ივანიშვილის კომპიუტერებში შეეღწია, ეს ჩვენთვის დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენდა…
მაგრამ შემდეგ, ამერიკელმა კოლეგებმა ამიხსნეს, რომ სწორედ ეს – სატელეფონო მოსმენების და კომპიუტერული ქსელების მეშვეობით თვალთვალი – არის ძალიან მძიმე დანაშაული და სააკაშვილის და ნაცმოძრაობის ამაში მონაწილეობის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სწორედ ის შეიძლებოდა გამხდარიყო ამერიკის ადმინისტრაციისათვის იმის სერიოზული მანიშნებელი, რომ მიშამ წითელი ხაზი გადაკვეთა. ამიტომ, ავდექი და არჩევნებამდე 3 დღით ადრე იგნატიუსის სტატია ქართული საზოგადოებისათვის ვთარგმნე.
http://solomonternaleli.wordpress.com/2012/09/27
ცოტა გაოცებული დავრჩი, რომ არჩევნებამდე დარჩენილ 3 დღეში სტატია 800-ზე მეტმა ადამიანმა წაიკითხა, თან ეს იმის ფონზე, რომ ამავე დროს იგი ძალიან პოპულარულ სერვერზე – foreignpress.ge-ზეც განთავსდა და იქ, ალბათ, კიდევ უფრო მეტი მკითხველი ეყოლებოდა.
აი, რამდენიმე ამონარიდი სტატიის თარგმანიდან:
„ქართულ პოლიტიკურ ბრძოლას საკმაოდ ახსოვს ბინძური ხრიკებში ბრალდებები ორივე მხარის მხრიდან, მაგრამ კიბერშეტევის გამოყენებამ ეს ბრძოლა ახალ, გაცილებით მაღალ [კიბერტერორიზმის!] საფეხურზე აიყვანა. ივანიშვილის მომხრეების მიხედვით, სპეციალისტებმა და გამომძიებლებმა იპოვეს 66 ტიპის ვირუსი და სპამი ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მრჩეველთა მიერ გამოყენებულ 5 კომპიუტერში. აქედან კი ვირუსები მოდებული იყო დაახლოებით 50 სხვა კომპიუტერზე.
ვირუსული პროგრამები საკმაოდ ჭკვიანურად იყო მოფიქრებული: მათ შეეძლოთ ჩაერთოთ კომპიუტერის კამერა და მიკროფონები, და მოეხდინათ ეკრანიდან „სკრინშოტების“ ჩაწერა ყოველ 10 წამში, რაც საშუალებას იძლეოდა ჩაწერილიყო მნიშვნელოვანი გასაღებები და კოდური სიტყვები, განუცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტს. კიბერშეტევა აშკარად გასცდა თავიდან დაინფიცირებულ ინდივიდუალურ კომპიუტერებს: გამომძიებლებმა აღმოაჩინეს მოწყობილობები, რომლებსაც შეუძლიათ მონაცემების დაფიქსირება და გადაცემა, ასევე ვირუსების გავრცელება, და ეს მოწყობილობები იყო დაინსტალირებული რამდენიმე ქართულ ინტერნეტ-პროვაიდერის აპარატურაში. როგორც ქართულმა ოპოზიციურმა მოძრაობამ განაცხადა, ასეთი მაღალი დონის მოწყობილობის და მათი ასეთ წერტილებში გამოყენება იმის მტკიცებულებაა, რომ სწორედ „სახელმწიფო უშიშროების და დაზვერვის სამსახურები ახორციელებდნენ პოლიტიკური ოპოზიციის თვალთვალის ოპერაციას“, ნათქვამია შეხვედრის ამსახველ დოკუმენტში.
და აი გავიდა სულ რაღაც თვენახევარი და ამ საქმის მიმართულებით რამდენიმე საინტერესო გარემოება გაირკვა.
ა.წ. 24 ოქტომბერს For.ge–ს ოფისში პრეს-კონფერენცია გამართა საქართველოში დაბრუნებულმა ბიზნესმენმა, ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანია კავკასუს ონლაინის დამფუძნებელმა მამია სანადირაძემ, რომელიც 2009 წლიდან ოჯახთან ერთად ემიგრაციაში ცხოვრობს. მან განაცხადა, რომ 2009 წელს მას კომპანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მერიიდან, კავშირგაბმულობის მარეგულირებელი კომპანიიდან და სხვა უწყებებიდან მრავლრიცხვოვანი ზეწოლის და ფინანსური ჯარიმების გამო იძულებით დაათმობინეს.
ზეწოლის მრავალი ფაქტიდან, რომელიც სანადირაძემ 40-წუთიან პრეს-კონფერენციაზე მოიყვანა, ჩვენ შემდეგ ინფორმაციას გვინდა ხზაზი გავუსვათ.
სანადირაძის განცხადებით, “2009 წლის გაზაფხულზე „კავკასუს ონლაინში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ვინმე ბორის მიტიჩაშვილი მივიდა და მოითხოვა, რომ „კავკასუსის“ ქსელში დაყენებულიყო აპარატი, რომელიც შსს-ს ყველა ელექტრონულ ფოსტაზე წვდომას მისცემდა და ყველა მიმოწერას დააკოპირებდა. ამაზე კომპანიის წარმომადგენლებმა უარი თქვეს. მამია სანადირაძე ამბობს, რომ შსს-ს წარმომადგენელს ამაზე გაეცინა და უთხრა, – თქვენი კონკურენტები ამას დიდი სიამოვნებით აკეთებენ და თქვენ რატომ ამბობთო უარს.”
სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც სანადირაძეს კომპანია იძულებით დაათმობინეს, ახალმა მფლობელებმა შეასრულეს შსს მოთხოვნა და მას შემდეგ მათი კომპანიის წარმომადგენლების სახით ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ბინების და ოფისების მოსამსახურებლად შსს-ს მიერ მივლინებული „თანამშრომლები“ შედიოდნენ და იქ მოსასმენ აპარატურას აყენებდნენ. როგორც სანადირაძე ამბობს, ამჟამად „კომპანიაში ძალიან ბევრი საეჭვო ადამიანია გაფორმებული, მათ შორის ე.წ. „ზონდერები“, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ა.შ.“.
http://www.for.ge/view.php?for_id=17932&f_cat=3&a_title=%60%E2%80%9Ekavkasus+onlainis%E2%80%9C+damfuZneblebs+aqvT+informacia,+rom+kompaniaSi+zonderebi+muSaoben
ხოლო ბოლო კვირას შსს ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსანთა დაპატიმრების შემდეგ, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ თანდათან ფარდა ეხდება იმ პროცესებს, რაც საქართველოს შიგანაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარეობდა. კერძოდ კი, – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ მოსახლეობის ფართო ფენების და განსაკუთრებით, პოლიტიკური ოპონენტების და მათი მხარდამჭერების მიმართ კომპიუტერული თვალთვალის და კონტროლის სისტემურ გამოყენებას.
წინასწარი მონაცემებით უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ნაცმოძურმა ხელისუფლება, რომელმაც განვლილი 9 წლის მანძილზე ვერ მოახერხა შეექმნა ინოვიაციური კომპიუტერული პროგრამები განათლებაში, ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში, სამაგიეროდ წინ წავიდა არა მარტო მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის და მათი ფინანსური შემოსავლების ელექტრონული გაკონტროლების მხრივ, არამედ იმ მხრივაც, თუ როგორ ეთვალთვალათ პოლიტიკური ოპონენტებისათვის. სავარაუდოდ, ამ მიზნისათვის იყენებდნენ კომპიუტერული პროგრამების ახალგაზრდა ჰაკერს, რომელიც 16 წლიდან კუდში მუშაობდა და დღეს, 19 წლის ასაკში უკვე კუდის სამმართველოს უფროსის მოადგილის მოვალეობებს ასრულებდა.
რა თქმა უნდა, საბოლოოდ ამ პიროვნების და მისი უფროსების ბრალეულობას სასამართლო დაადგენს, მანამდე კი გვინდა ყურადღება მივაპყრო შემდეგ ფაქტს. მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი კომპიუტერული ანტივირუსული პროგრამირების შვედური კომპანია ESET-ის მწარმოებელი კომპანია, რომელიც მსოფლიოს 180-მდე ქვეყანაში თავის ძალიან ცნობილ ანტივირუსს NOD32-ს ჰყიდის, თანამშრომლებმა ჯერ კიდევ 2011 წელს აღმოაჩინეს ტროიანის ტიპის ვირუსი და ეგრეთწოდებული რობოტული კომპიუტერული ქსელი – ბოტნეტი, რომელსაც ამ ქსელის უპირატესად საქართველოს მასშტაბის გამო, Win32/Georbot უწოდეს. კომპიუტერული ჯაშუშობის ამ პროგრამას საკმაოდ საინტერესო კომუნიკაციური მახასიათებლები ჰქონდა, რაც მოიცავდა დოკუმენტების და სერტიფიკატების მოპარვას, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გაკეთებას და ქსელში ინფორმაციის ძიებას. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მენეჯმენტის და კონტროლის ინფორმაციების განსახორციელებლად ეს ბოტნეტი საქართველოს სამთავრობო ვებ-გვერდს უკავშირდება! იმის გათვალისწინებით, რომ ბოტნეტის ქსელში ჩათრეული (დავირუსებული) კომპიუტერების 70%-ზე მეტი საქართველოშია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტოტალიტარული ქვეყნების გამოცდილების მსგავსად ეს არის ქართული ხელისუფლების მიერ საკუთარი მოქალაქეების თვალთვალის ეფექტური იარაღი. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ Win32/Georbot ბოტნეტი ვითარდება, უკვე 2012 წლის 20 მარტისათვის ესეტ-ის სპეციალისტებმა ახალი ვერსიები აღმოაჩინეს. რაც ალბათ, იმის შედეგია, რომ მათ მიერ ატეხილი განგაშის შემდეგ ვირუსის ავტორებმა ზომები მიიღეს, რომ ანტივირუსების მიერ მათი სკანირება გაძნელებულიყო.
http://blog.eset.com/2012/03/21/win32georbot-information-stealing-trojan-botnet-from-georgia-with-love
http://www.eset.com/us/presscenter/press-releases/article/eset-uncovers-win32georbot/
როგორც პიერ-მარკ ბუროუ, ესეტის სადაზვერვო უსაფრთხოებს პროგრამის მენეჯერი ამბობს, სამთავრობო საიტზე ვირუსის მიმართვის გადაუდებელი პროგრამა არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ამ ყველაფრის აქტიური მონაწილეა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ უკვე 2011 წელს ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ, და როგორც იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის, ასევემ ე.წ. CERT სახელმწიფო ჯგუფს სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდეთ. ამავდროულად, ესეტის ექსპერტები ამბობენ, რომ მიუხედავად საკმაოდ ფართე ფუნქციონალური სპექტრისა (სკრინშოტები, ვიდეოგადაღება, ვირუსისგან მომდინარე საფრთხე მაღალი, DOS-შეტევის განხორციელება), საფრთხის სირთული დონე დაბალია. ექსპერტების აზრით, ეს რომ სამთავრობო მასშტაბის პროგრამა ყოფილიყო, იგი, ალბათ, უფრო სრულყოფილი იქნებოდა. თუმცა ესეტის სპეციალისტების აზრით, ეს პროგრამა უდავოდ ძალიან მრავალფეროვანი ჯაშუშობის მიზნითაა შექმნილი და სადღეისოდ, საკმოად უნიკალურ ამოცანებს ისახავს, კერძოდ, გარდა ვიდეო და აუდიოჩაწერისა, ისეთ ფაილებსაც კი ეძებს, რომელიც სამუშაო პანელიდან უკვე წაშლილია. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ საკმაოდ მალე ვირუსის ავტორებმა მისი ისეთი მოდიფიცირება მოახდინეს, რომ თანამედროვე ანტივირუსი მას ვერ იჭერს.
ეპილოგი
ვისაც არ ახსოვს მინდა შევახსენო, რომ მსოფლიოს დემოკრატიის ციტადელად მიჩნეულ ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, იმპიჩმენტის რეალური საფრთხის გამო, იძულებული გახდა, გადამდგარიყო. თუ კლინტონის და ენდრიუ ჯონსონის წინააღმდეგ ამერიკის კონგრესის ქვედა – წარმომადგენლობითმა პალატამ გამატყუნებელი ვერდიქტი არსებობდა და ისინი მხოლოდ ზედა პალატის – სენატის მამამართლებელმა გადაწყვეტილებამ გადაარჩინა, პრეზიდენტ ნიქსონის შემთხვევაში ჯერ ქვედა პალატასაც კი არ ემსჯელა, მაგრამ ბრალდება იმდენად სერიოზული იყო, რომ ნიქსონი არ დაელოდა მის თავზე დაკიდებული დამოკლეს ხმლის მოძრაობას და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა.
დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო სააკაშვილს, არამედ ნაცმოძრაობის გაცილებით ნაკლებინფორმირებულ ლიდერებსაც უნდა ახსოვდეთ, რა იყო ნიქსონის წინააღმდეგ ეს ძალიან სერიოზული ბრალდება – პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საიდუმლო მოსმენების და ჯაშუშობის ორგანიზება, ასევე – უოტერგეიტის საქმის სამართლიანი გამოძიებისათვის ხელის შეშლა და ცრუ კვალზე დაყენება.
სააკაშვილს, მგონი, უმართლებს!
მას შეიძლება, იგივე მუხლი მივუყენოთ და იმავე ბრალდებით გადავაყენოთ, როგორც რიჩარდ ნიქსონი, რომელიც პოსტიდან გადადგომის შემდეგაც კი ამერიკის დიპლომატიის სერიოზულ ვარსკვლავად დარჩა. ბედის ირონიაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის პერიოდში ორი ამერიკელი პრეზიდენტი უკვდავჰყო თბილისში: ჯორჯ ბუში, რომლის სახელი აეროპორტისაკენ მიმავალ ქუჩას დაარქვა და რონალდ რეიგანი, რომლის ძეგლი ისეთ ადგილზე დადგა, რომ რეიგანი მარად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს უცქერს. არადა, ლელა კაკულია რომ დაეხმარებინა, ალბათ ნიქსონის ძეგლი უფრო უპრიანი იქნებოდა…
ნიქსონის გადადგომის შემდეგ, უოტერგეიტის ცნობილ სკანდალზე ძალიან ბევრი დაიწერა. ოლივერ სტოუნმა გადაიღო ძალიან კარგი ფილმი „ნიქსონი“, რომელშიც მთავარი როლი ენტონი ჰოპკინსმა ითამაშა… დღემდე არ ცხრება დებატები იმაზე, რამდენად რეალური იყო იმის შანსი, რომ თუ ნიქსონი თავისით არ გადადგებოდა, მისი იმპიჩმენტი მომხდარიყო. ბევრი ამბობს, რომ პრეზიდენტს არაფერში სჭირდებოდა პოლიტიკური ოპონენტების მოსმენა და რომ მას უკეთესი შანსები ჰქონდა, ვიდრე ჯიმი კარტერს… ამბობენ, რომ მედიამ საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე მსხვერპლად აქცია პოლიტიკოსი, რომლის ბრალი დამტკიცებული ქრ იყო… ამბობენ, რომ პრეზიდენტს უბრალოდ, არ უნდა აეღო თავის თავზე პასუხისმგებლობა, და ყველაფერზე ხელები დაებანა – მეისრეებს და შემსრულებლებს დაიჭერდნენ, ხოლო ნიქსონს მაინც ექნებოდა შანსი გადარჩენილიყო…
მაგრამ პრეზიდენტი ნიქსონი ისევე არის ამერიკის სიმბოლო, როგორც პრეზიდენტი კენედი, პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, ხოლო უფრო ადრე – აბრამ ლინკოლნი და თომას ჯეფერსონი… არცერთი მათგანი არ იყო შეუცდომელი (და რატომღაც მგონია, რომ ამერიკას არც უყვარს შეუცდომლები, უფრო სწორედ – არ სჯერა, რომ ადამიანი, თუნდაც პრეზიდენტი, ან – მით უფრო – პრეზიდენტი, შეუცდომელი შეიძლება იყოს საერთოდ!) და მაინც ქვეყნისათვის კრიტიკულ მომენტებში მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ნიქსონმა, სწორედ იმით, რომ დროულად იგრძნო, რომ ხელისუფლებაზე ჩაბღაუჭება ქვეყნისთვის კრიზისის, ხოლო მისთვის რეპუტაციის საბოლოოდ დაკარგვის შანსს შეიცავდა, გადადგა ეს მეტად მძიმე (და ამერიკის ისტორიაში დღემდე ერთადერთი!) ნაბიჯი, არ შეეცადა სხვებზე ბრალის გადაბრალებით ცდილიყო, მიეღწია სკამის შენარჩუნებისათვის და მისი მოწინააღმდეგეთა აღიარებითაც კი, თავისი გადადგომით შეინარჩუნა რეპუტაცია, რომელიც შემდგომშიც – თავისი ლამის 20-წლიანი მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწის დიპლომატიური მიღწევებით კიდევ უფრო გაამყარა.
ეპილოგი
მაგრამ ნიქსონი აცხონოს ღმერთმა და – ჩვენ რა გვეშველება?
ვიცით რა მიხეილ სააკაშვილის უნარ-ჩვევები, თითქმის გამოვრიცხავ, რომ იგი ნიქსონის მსგავსად გადადგება. მეტიც, ჩემთვის უეჭველია, რომ მიხეილ სააკაშვილის გეგმა ამ ეტაპზე ისაა, რომ ყველა საშუალებების – როგორც საბოტაჟის, ასევე ერთგული მედია საშუალებების და სერიოზული ფინანსური ბერკეტების და ლობისტების გამოყენებით იგი შეეცდება არ მისცეს ივანიშვილის მთავრობას ნორმალური მუშაობის საშუალება, მოახდინოს ადგილობრივ თვითმმართველობებსა, ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამთავრობო გადაწყვეტილებების ღია თუ ფარული წინააღმდეგობა, ხელი შეუშალოს საგარეო და სამხედრო პოლიტიკის და პრაქტიკის განხორციელებას, შეწყალების მექანიზმის გამოყენებით გაანეიტრალოს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი, მუდმივად დათესოს საზოგადოებაში ფრუსტრაცია და ეცადოს ორხელისუფლებიანობის რეჟიმის შენარჩუნება, იმისათვის, რომ 2013 წლის 1-დან 30 აპრილამდე პერიოდში განახორციელოს თავისი დაბრუნების ოცნება – პარლამენტის და მთავრობის ერთდროული დათხოვნით და მერაბიშვილის აღდგენილი კაბინეტისა და ცესკოს თავმჯდომარე ხარატიშვილისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კუბლაშვილის, ასევე სპეცნაზის, ზონდერბრიგადების და სამხედრო შენაერთების დახმარებით მოახერხოს ის, რაც 1 ოქტომბერს ვერ მოახერხა- არჩევნების უფრო მასშტაბური გაყალბება და ძალაუფლებაში კვლავ მოსვლა.
მაგრამ მიხეილ სააკაშვილის პრობლემა ისაა, რომ ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ადამიანს შეაქვს პროკურატურაში სარჩელი სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. სააკაშვილის რეჯიმის ბურჯების მიმართ სულ უფრო მეტი სამხილის გამომზეურება ხდება, ხოლო ახალი წლიდან სასამართლოებში მოსალოდნელი მოსმენები სავარაუდოდ ყველას დაარწმუნებს, რა დონის პლუტოკრატია მეფობდა სააკაშვილის ფასადური დემოკრატიის აბრის ქვეშ.
სრულად ვიზიარებ ქ-ნ სალომე ზურაბიშვილის წინადადებას, რომ ქართული სახელმწიფოსათვის ძალიან კარგი იქნება, თუ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მოხელეები, იმის ნაცვლად რომ შორიდან გვმოძღვრონ, რომ მათთან თურმე მინისტრებს არ იჭერენ, რეალურად დაგვეხმარონ მიმდინარე სამქეების ძიებაში! მართლაც, თუ გავითვალისწინებთ, რამდენი მილიარდი დოლარი და ევრო დაახარჯეს საქართველოს აშშ-მა და ევროპამ, ძალიანც უნდა ეთანხმებოდნენ იმის გამოძიებას, სად და რაში დაიხარჯა მათი გამდამხდელების მიერ გადახდილი და საქართველოში ჩადებული თანხები. ვისთვის დაიხარჯა ეს ფული – საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ ამ მოსახლეობის დაშინება-გატყავებაზე ორიენტირებული რეჟიმის ფანტაზიების განხორციელებაზე? არა მგონია, ასეთ გამოძიებაში ჩაბმაზე უარის თქმა სწორი იყოს დასავლეთის მხრიდან! გასაგებია, რომ ისინი წლების განმავლობაში სააკაშვილს პარტნიორად და საღადმოაზროვნე პოლიტიკოსად, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ მზეჭაბუკად განიხილავდნენ! ჰოდა, განა უპრიანი არ იქნება, რომ თავის ყოფილ პარტნიორს არა შორიდან დაუდგნენ მხარში, არამედ საკუთარი გამომძიებლები ჩააბან გამოძიებაში? განა ბევრად მოგებული არ იქნება ქართული საზოგადოებაც (მიხედავად იმისა, თუ ვისისტებზე ვლაპარაკობთ) , თუ ჟვანიას, აფრასიძეების, შარაძის, რობაქიძის, გირგვლიანის, გამცემლიძის, 26 მაისის და სხვა გახმაურებულ საქმეებში ამერიკის გფბ ან ინგლისის სკოტლენდ იარდის ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას? როდესაც ამერიკის მთავრობას ამოდენა სახსრები აქვს დახარჯული ქართული ჯარის და საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებზე, განა საშური არაა, რომ თავად იყვნენ გამოძიების უშუალო მონაწილეები – რა, სად, როდის,და როგორ დაიხარჯა და გაკეთდა?
მიხეილ სააკაშვილს, თუ ნიქსონის მსგავსად პოლიტიკურ ოპონენტებზე თვალთვალის და მოსმენების ბრალდება წარედგინა, ორი გამოსავალი აქვს – ან ნიქსონივით გადადგეს, ან – ყველაფერი შსს მინისტრებს – მერაბიშვილს, შაშკინს და ახალაიას გადააბრალოს და ხელი დაიბანოს… თუმცა მაშინ ხომ ეს უკანასკნელნიც ხელსა დაიბანენ და მიშას წინააღდმეგ ისეთი ჩვენებები შეიძლება მისცენ, რომ გადადგომა სანატრელი გაუხდეს კონსტიტუციის გარანტ/თერძს?!
თუმცა არის კიდევ ერთი საინტერესო გამოსავალი, რომელიც არსებულ ვითარებაში ყველა მონაწილისათვის – ქართული საზოგადოება, მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ნაციონალური მოძრაობა, ამერიკის და დასავლეთის ლიდერები – მისაღები უნდა იყოს (მეტ-ნაკლებად, რა თქმა უნდა)
- თუ მიხეილ სააკაშვილი თავად შეიტანს პარლამენტში წინადადებას, რომ გასწორდეს კონსტიტუციაში არსებული ხარვეზი და მისი 5- წლიანი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ (2013 წლის 20 იანვრიდან!) ამოქმედდეს ის ახალი საკონსტიტუციო მოდელი, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
- ასეთ შემთხვევაში პარლამენტს შესაძლებლობა ექნებოდა, თავისი განსაკუთრებული გადაწყვეტილებით, გამონაკლისის წესით, გაეგრძელებინა მიხეილ სააკაშვილისათვის საპრეზიდენტო უფლებამოსილება (ოღონდ უკვე ახალი – შეკვეცილი ფორმატით!) 2013 წლის ოქტომბრამდე, როდესაც ჩატარდება ახალი საპრეზიდენტო არჩევნები.
- ქვეყნის უმაღლესი პირი, 2013 წლის 20 იანვრიდან გახდებოდა ბიძინა ივანიშვილი.
რა თქმა უნდა, ეს ფორმულა ნაციონალური მოძრაობის მომხრეებმა შეიძლება არაბალნსირებულად ჩათვალონ, რომ ისინი ფაქტიურად არავითარ მოგებას არ იღებენ და ძალიან ბევრს თმობენ. თუმცა აპრილის რევანშის შესაძლებლობაზე ნებაყოფლობით უარის თქმის სანაცვლოდ ისინი მიიღებენ რეალური ოპოზიციის უფლებამოსილებას და არ გამოვრიცხავ, დღის წესრიგში დადგეს საპარლამენტო და საპრეზიდენტო ხელისუფლების წევრებისათვის პოლიტიკური გარანტიების საკითხიც. ჩემი აზრით, ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს იმას, რომ სისხლის სამართლის წარმოება შეწყდება (ეს გამორიცხული უნდა იყოს!), მაგრამ შეიძლება სასჯელის აღსრულების მექანიზმების შესახებ მსჯელობა, მაგალითად, – უმრავლეს შემთხვევებში (გარდა მკვლელობის და სხვა მძიმე დანაშაულისა) პირობითი სასჯელის, სასჯელის გადავადების, ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომისა თუ (ნაკლები სიმძიმის დანაშაულის შემთხვევაში) – ფინანსური ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობა.
თუ ნაციონალური მოძრაობა ასეთ ალტერნატივაზე უარს განაცხადებს, ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას და მთავრობას ამ ალტერნატივის თავად განხორციელების შანსი ეკეტებათ. უბრალოდ, ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს სხვა ლეგალური მექანიზმების (რეფერენდუმი, იმპიჩმენტის მექანიზმი) ამოქმედება.