თავის გადაცემა “აქცენტებში” 2012 წ. 16 ნოემბერს უკვე დაუფარავად აქცენტირებულმა და მოტივირებულმა ეკა კვესიტაძე-უტიაშვილისამ ბრალი დასდო იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, რომ მან თურმე ბაჩო ახალაიას უწოდა „მონსტრი“ და ამით დაარღვია უდანაშულობის პრეზუმფცია!
მინდა ვკითხო ობიექტური ჟურნალისტობის დედოფლობაზე პრეტენზიის მქონე ძვირფას ქ-ნ ეკას:
1) ჰქონდა თუ არა მას იმის განცდა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არღვევდა უდანაშუალობის პრეზუმფციას, როცა ე.წ. „მუხროვანის ამბოხის“ დღეებში პირდაპირ ეთერში ბრალი დასდო გენერალ კობა კობალაძეს სამშობლოს ღალატში და განაცხადა, რომ ასეთები, როგორიც კობალაძეა, ადრე იყვნენ დასაჭერი და მათ აქამდეც არ უნდა ებოგინათ საქართველოში?
2) მოუსმენია თუ არა ქ-ნ კვესიტაძეს პრეზიდენტის გამოსვლა, როცა მან 53-ე სკოლის 15 წლის მოსწავლეს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უწოდა “ხულიგანი” და “კრიმინალი”? პრეზიდენტი პარლამენტში – “ხულიგანი” მოწაფის შესახებ
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/14911-prezidentma-53-e-skolidan-garickhul-mostsavles-khuligani-utsoda.html?fullComments=1
3) იცის თუ არა თუ არა ქ-ნმა ეკა კვესიტაძემ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაარღვია არა მარტო უდანაშუალობის პრეზუმფცია, არამედ უკვე სამართალაღსრულების ელემენტარულ პრინციპი, როცა კეისრის მსგავსად ერთპიროვნულად და სასამართლოს ვერდიქტის გარეშე გასცა აფრასიძეების განადგურების, და არა დაკავების ბრძანება! (რაც პირდაპირ ეთერში თავად აღიარა): – ციტატა:
“მინდა დავადასტურო, რომ მე გავეცი მესტიას დაპატრონებული ბანდიტების განადგურების ბრძანება და ამას ერთი წამითაც არ ვნანობ. ეს იყო ბანდა აფრასიძეების, რომელიც აკონტროლებდა მთელ სვანეთს. გამაგრებულები იყვნენ ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მაღალ კოშკში და, ჩემი ბრძანებით, ჩვენი ვერტმფრენებიდან გახსნილ იქნა ცეცხლი, მათ შორის რაკეტებით. ეს კოშკები განადგურდა, მათ შორის ბანდიტებიც განადგურდნენ და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება!” (ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, თბილისში სასტუმრო “რედისონის” გახსნის ცერემონიალზე თქვა).
4) როდესმე თუ გასჩენია სურვილი, ქ-ნ ეკა კვესიტაძეს, – ეკითხა ქვეყნის კონსტიტუტიციისა და ადამიანის უფლებების გარანტისათვის, რომელიმე ზემოთაღნიშნული ფაქტის შესახებ და/ან მოეთხოვა, როგორც დღეს ითხოვს თეა წულუკიანთან დაკავშირებით – აღნიშნული უმაღლესი ხელისუფლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება?
5) თუ მოუსმენია მაღალ სტანდარტებზე პრეტენზიის მქონე ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს ეკა ბერიძის 2012 წ. 09 ნოემბრის გადაცემაში, რა კონტექსტში იხმარა ქ-ნმა თეამ „მონსტრი“ ბაჩანა ახალაიასთან დაკავშირებით? ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ არ მოუსმენია ეს ჩანაწერი, თორემ, ალბათ, ვერ ექნებოდა ის პრეტენზიები, რაც ასე ხმამამღლა განაცხადა:
http://www.youtube.com/watch?v=Fma_8zhYlSE
წულუკიანი ამბობს (25:35) – „საზოგადოების თვალში ბაჩო ახალაია არის მონსტრი“.
მე მგონი, სავსებით გასაგებია, რომ მინისტრი აქ არა თავის პოზიციას აფიქსირებს ბაჩო ახალაიას შესახებ, არამედ აცხადებს იმას, თუ, მისი აზრით, რას ფიქრობს საზოგადოება ბაჩო ახალაიაზე.
რა თქმა უნდა, შეიძლება დავა იმაზეც, საზოგადოების რამდენ %-ს სავარაუდოდ მიაჩნია ბაჩო ახალაია მონსტრად და რამდენს -თეა თუთბერიძის (და ალბათ ქ-ნი ეკას) მსგავსად – ანგელოზად, მაგრამ გონივრული ეჭვი მაქვს, რომ პირველთა რაოდენობა მეორეებთან შედარებით (ციხის ბუნტის, სახალხო დამცველის და აშშ სახ. დეპარტამენტის ანგარიშების, ლაფანყურის ოპერაციის, ციხეში პატიმრების გაუპატიურების და უკვე არსებული მრავალი ბრალდების გამო) გაცილებით მეტია. ყოველ შემთხვევაში, მთავარი ისაა, რომ თეა წულუკიანს არ უთქვამს, რომ მისი აზრით ბაჩო მონსტრია და ამდენად მის მიმართ ეკა კვესიტაძის პრეტენზია, ჩემი აზრით, უსაფუძვლოა. და საერთოდ – კარგს იზამდა ეგზომ ცნობილი ჟურნალისტი, სანამ ბრალდებებს დაარიგებდა, პირველწყაროს თუ გაეცნობდა, თორემ არცხვენს მის შემქებ ჯონ ბასსაც და ბიძინა ივანიშვილსაც.
დაბოლოს, ერთი რამ მინდა ვთქვა.
ბოლო ხანებში, მის მერე, რაც პროკურატურამ თავდაცვის და შს სამინისტროების მაღალჩინოსანთა საქმეების გამოძიება და დაკავებები დაიწყო, ქ-ნი ეკა ძალიან გაღიზიანებული ტრადიციულზე კიდევ მეტად ტენდენციური ჩანს. განსხვავებით იმ დღეებისაგან, როცა ციხეებში პატიმრების წამების გამო მოწყობილ მრავალათასიან მიტინგებზე სტუდენტების გვერდით იდგა და უკანასკნელი წლების განმავლობაში პირველად პროსახელისუფლებო ჟურნალისტის ტრადიციულ იმიჯს “ამსხვრევდა”.
ადამიანურად მე მესმის ქ-ნ ეკასი, და მაინც, თუ ის ბოლო 5-6 წლის განმავლობაში მუდამ ცდილობდა გაეფანტა ის ეჭვი, რომ მის ოჯახურ მდგომარეობას მის ჟურნალისტურ მიუკერძოებლობაზე გავლენის მოხდენა არ შეეძლია (რაც მე ყოველთვის საეჭვოდ მიმაჩნდა გამომდინარე იმ მაღალი საფეხურიდან, რასაც მისი მეუღლე შსს იერარქიაში იკავებდა), კარგი იქნება, თუ ამას დღესაც შეეცდება, ან – თუ ვერ ახერხებს, – ამას გულახდილად აღიარებს მაინც…