ხანდახან ერის ცხოვრებაში დგება ხოლმე მომენტი, როდესაც მისი გონება ისტორიულ თარიღებს უნდა მიუბრუნდეს და წარსულში დაიწყოს სამომავლო ორიენტირების ძიება.
კაცმა რომ თქვას, ეს მარტივი საქმე სულაც არ გახლავთ. ისტორიული წარსული მეხსიერების წიაღში დაგროვილი კამკამა წყალსატევი როდია, საიდანაც მხოლოდ გაფილტრული და სასარგებლო მინერალებით გაჯერებული ინფორმაციის ამოტუმბვა შეიძლება. საუკუნეთა სიღრმეში ჭარბად მოიპოვება უსარგებლო წიდაცა და შხამიანი ორთქლიც. მიწის ზედაპირზე მყოფმა მბურღავმა ზუსტად უნდა იცოდეს მათი მიწისქვეშა კოორდინატები, რათა უშეცდომოდ განსაზღვროს ჭაბურღილის ადგილი და ისეთი მადანი ამოიღოს, რომელიც ქვეყნის სულიერი ცხოვრებისთვის აუცილებელ ნედლეულს წარმოადგენს. აქ მცირე შეცდომასაც კი შეიძლება უმძიმესი შედეგები მოჰყვეს. წარსულიდან არასწორი სიგნალების მიღება და ყალბი ავტორიტეტების გამოხმობა დიდ საფრთხეს უქმნის სამომავლო ზნეობრივ კრიტერიუმებს. იმის გარდა, რომ მას შეუძლია სწორი გზიდან გადაგვახვევინოს, რადიაციული ნარჩენებივით დიდხანს რჩება თაობათა მეხსიერებაში და უტილიზაციასაც ნაკლებად ექვემდებარება.
სეისმურად აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების პირობებში, ქართული ეთნოტიპის ბობოქარი ფსიქიკის გათვალისწინებით, ამ ნარჩენების დაბინავებისათვის საჭირო სარკოფაგის მომზადება უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული. ამდენად, გაცილებით გონივრულია, არ დავაგროვოთ იგი, ვიდრე მეხსიერების წიაღში ჩაკირული ამოვჩხრიკოთ და შემდეგღა დავიწყოთ ზრუნვა მისი განეიტრალებისათვის.
წარსულისკენ მიბრუნება ქვეყანას ყველაზე მეტად მისი ისტორიის რთულ, გარდამტეხ მიჯნაზე სჭირდება, როდესაც ერთმანეთში აღრეულია თეთრი და შავი, სამართლიანი და უსამართლო, კეთილი და ბოროტი. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, სულ რაღაც 50 დღის წინანდელი საქართველო შექსპირის ყველაზე ცნობილი, სამოცდამეექვსე სონეტის სულისკვეთებით ცხოვრობდა. იმის მიუხედავად, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ბოლო არჩევნებში მძიმე მარცხი იწვნია, საერთო სურათი კვლავინდებურად ბურუსითაა მოცული. უზნეობამ და უტიფრობამ მხოლოდ ტოპოგრაფიული კოორდინატები შეიცვალა და ოფიციოზიდან ოპოზიციურ სავარძელში გადაბარგდა, ოღონდ ისე, რომ მისხალითაც არ შეუცვლია ძველი კურსი. ყოფილი მაღალჩინოსნების განცხადებები და საქმიანობა ცხადყოფს, რომ მათ არაფერი აინტერესებთ ხელისუფლების ოლიმპზე დაბრუნებისა და სახალხო დოვლათის მითვისებისა გარდა. ამისთვის მზად არიან, ნებისმიერი სისაძაგლე იკადრონ, ისეთები, რაც აქამდე უკადრიათ და იმაზე მეტიც, ვიდრე ყველაზე გავარჯიშებულ ფანტაზიას წარმოუდგენია. ნახელისუფლართა ნაოქტომბრევი ფიზიონომია გაცილებით უფრო ამაზრზენია, ვიდრე იმდროინდელი, როცა ძალაუფლების ზენიტზე მყოფნი ნირვანაში ნებივრობდნენ და ცა ქუდად არ მიაჩნდათ, დედამიწა ქალამნად. ამ ფონზე კიდევ უფრო რელიეფურად იკვეთება ის საფრთხე, რაც თითოეულ ჩვენგანსა და მთელ ქვეყანას ემუქრებოდა არჩევნების განსხვავებული შედეგით დასრულების შემთხვევაში.
სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა- არჩევნებმა და ხელისუფლების შეცვლამ კიდევ უფრო გააღრმავა საზოგადოებაში არსებული უფსკრული. ერთ მხარეს ჩვენ ვართ, მეორე მხარეს- ისინი. ჩვენ, ვინც მოვიპოვეთ დამსახურებული და ისინი, ვინც დაკარგა დაუმსახურებელი. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ მორიგება-შერიგების არანაირი პერსპექტივა არ ჩანს და, სავარაუდოდ, ძველისა და ახლის ურთიერთობა ისევ კონფრონტაციის ნიშნით წარიმართება.
ხამს, სწორედ ასეთ დროს გადავხედოთ წარსულს და დავიწყების მტვერი გადავაცალოთ სხვადასხვა პოზიციაზე მდგომ წინაპართა ერთობის ამსახველ ფურცლებს. ასეთი შემთხვევები ბევრი არ ყოფილა ჩვენს ისტორიაში, მაგრამ ქიშპისა და დაპირისპირებათა მატიანის ფსკერზე მაინც მოიძებნება რამდენიმე ობოლი მარგალიტი. მათ შორის, უდავოდ, გამორჩეულ მოვლენას წარმოადგენს სრულიად საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელმაც ზუსტად 95 წლის წინ, 1917 წლის 19 ნოემბერს აიღო სტარტი და ჭეშმარიტად ოქროს ასოებით ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
წინამდებარე ბლოგტექსტის თემად სრულიად საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა შემთხვევით როდი შევარჩიე. 1917 წლის 19 ნოემბერი არის თარიღი, რომელმაც გვიჩვენა, რომ გადამწყვეტ მომენტში ქართველებსაც შეგვიძლია ერთმანეთის გვერდით დგომა, პარტიული პოზიციის უარყოფა და საქვეყნო ინტერესების წინ წამოწევა... იქნებ ტრივიალურად ჟღერს, მაგრამ მაინც ვიტყვი - როდესაც ერთად ვართ, მაშინ ერს ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა ხელეწიფება.
...და დღეს, 2012 წლის 19 ნოემბერს, როდესაც ქართველები ერთად არ ვართ, უპრიანია, გავიხსენოთ1917 წლის 19 ნოემბერი, დღე, როდესაც ჩვენი მამა-პაპანი ერთად იყვნენ...
+ + +
1917 წლის თებერვლის ცნობილი მოვლენებისა და ნიკოლოზ II-ის ტახტიდან გადადგომის შემდეგ რუსეთის იმპერიაში შემავალი ხალხების ერთმა ჯგუფმა წინა პლანზე წამოსწია ეროვნული თვითგამორკვევის საკითხი. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, აგრეთვე- ფინეთი, პოლონეთი და უკრაინა. საქართველოში, სახელმწიფოებრიობისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უძველესი ტრადიციების მიუხედავად, ეროვნული სუვერენიტეტის პრობლემა მთელი სიმწვავით არ დასმულა. ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშა იმან, რომ ჩვენში პოლიტიკურ ასპარეზზე უკონკურენტოდ პირველობდნენ ნაციონალური პრობლემატიკის მიმართ ნიჰილისტურად განწყობილი სოციალ-დემოკრატები. რაც შეეხება მათ პოლიტიკურ ოპონენტებს, განსაკუთრებით ეროვნულ საკითხში, ისინი თეორიული დისკუსიებით იყვნენ დაკავებული და ორგანიზაციული პრობლემების გადასაჭრელად ნაკლებად იცლიდნენ.
მაგალითად, ეროვნულ-დემოკრატებმა პარტიული ორგანიზაცია მხოლოდ 1917 წელს გააფორმეს. მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, სოციალისტ-ფედერალისტებმა თებერვლის შემდეგ შედარებით შეასუსტეს პრაქტიკული საქმიანობა ეროვნული საკითხის მიმართულებით. მეფის ხელისუფლების დამხობის შემდეგ შექმნილმა ვითარებამ მათზეც მოახდინა გავლენა და რევოლუციურად ეგზალტირებული მასების განწყობის კვალობაზე, ძირითადად, სოციალური პრობლემატიკით შემოიფარგლნენ. ამის მიუხედავად, 1917 წლის შუა ხანებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო თვალსაჩინოდ იგრძნობოდა შემობრუნება ეროვნული საკითხისკენ. ევროპაში მოქმედმა ”საქართველოს გათავისუფლების კომიტეტის” წევრებმა (გიორგი მაჩაბელი, პეტრე სურგულაძე, გიორგი და ლეო კერესელიძეები, მიხაკო წერეთელი...) ჯერ კიდევ I მსოფლიო ომის დროს დაიწყეს სეპარატული მოლაპარაკება სამთა კავშირის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებთან (გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, ოსმალეთი)ომში პოლიტიკური მხარდაჭერისა და, გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე... (ამ საკითხზე დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია იხილოს ლაშა ბაქრაძის 2011 წელს გამოცემული ნაშრომი ”გერმანია-საქართველოს ურთიერთობა პირველი მსოფლიო ომის წლებში”)
ძალთა რეალური შეფარდებიდან გამომდინარე, ცხადი იყო,რომ საქართველოს ეროვნული თვითგამორკვევის შესახებ სერიოზული საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ ამ საკითხის მიმართ დაინტერესებას სოციალ-დემოკრატებიც გამოთქვამდნენ. მენშევიკები, საერთოდ, ცნობილი იყვნენ თავიანთი ნიჰილისტური დამოკიდებულებით, თუნდაც, ავტონომიის ნებისმიერი მოთხოვნისადმი. 1905-1907 წლების რევოლუციური ქარტეხილების პერიოდში მათ რიგებშიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მოითხოვდნენ, ანგარიში გაეწიათ ეროვნული საკითხისთვის (მაგალითად, ლადო დარჩიაშვილი). 1917 წლის თებერვლის შემდეგ რუსეთსა და საქართველოში მოვლენების კალეიდოსკოპურმა განვითარებამ კიდევ უფრო დაარწმუნა ისინი ზოგიერთი პროგრამული თეზისის გადასინჯვის აუცილებლობაში. 1917 წლის მარტში აღსდგა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია და მენშევიკებმა, მათდა გასაოცრად, დაინახეს ამით გამოწვეული ეროვნული აღტყინების მძლავრი ტალღა. უკვე იმ დროისათვის ზოგიერთი თვალსაჩინო სოციალ-დემოკრატი (მაგალითად, ბოლო მოწვევის რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი აკაკი ჩხენკელი) ხმამაღლა ლაპარაკობდა ეროვნული პრობლემებისადმი ყურადღების გაზრდის აუცილებლობაზე. ისინი დარწმუნდნენ, რომ მასებში სხვა პარტიებთან შედარებით მათი განუზომლად მაღალი ავტორიტეტის მიუხედავად, აუცილებელი გახდა ეროვნულ პლატფორმაზე მდგარ პოლიტიკურ ძალებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ამას მძლავრი იმპულსი მისცა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ეროვნული პარტიების აქტიურობამ და მათ მიერ ეროვნული თვითგამორკვევის საკითხის წამოწევამ. ამ მხრივ ქართველებს კარგი გაკვეთილი ჩაუტარეს სომეხმა დაშნაკებმა და აზერბაიჯანელმა მუსავატელებმა, რომლებმაც თბილისში სხვაზე ადრე შექმნეს თავიანთი ეროვნული საბჭოები...
პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციის გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯსინტერპარტიული საბჭოს შექმნა წარმოადგენდა (1917 წლის აპრილი). მის შემადგენლობაში, სოციალ-დემოკრატებთან ერთად, წარმოდგენილი იყვნენ ფედერალისტები და ეროვნულ-დემოკრატები. მართალია, მათი ერთობლივი საქმიანობა, მეტწილად, თეორიულ დისკუსიებს არ გასცილებია, მაგრამ, საბოლოოდ, საბჭომ მაინც დიდი როლი ითამაშა საქართველოს ახალ ისტორიაში. განსხვავებული ორიენტაციის პოლიტიკურ ძალებს შორის მოქმედების საერთო ნიადაგის მოსინჯვის მცდელობაზე რომ არაფერი ვთქვათ, სწორედ იგი გახდა სრულიად საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მოწვევის ინიციატორი. მანამდე კი, საბჭო, როგორც აღვნიშნეთ, კოორდინაციას უწევდა ძირითადი პოლიტიკური სპექტრის საქმიანობას.
პარტიული კონსოლიდაციიდან ეროვნული კონსოლიდაციისკენ მიმავალ გზაზე გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა ოქტომბრის შეიარაღებული გადატრიალება რუსეთში, რომელმაც ხელ-ფეხი გაუხსნა საქართველოში მოქმედ სხვადასხვა მიმართულების პოლიტიკურ ძალებს. აღმოჩნდა, რომ იდეოლოგიურ განსხვავებათა მიუხედავად, ისინი საერთო, ნეგატიურ პოზიციაზე იდგნენ ლენინის მთავრობასთან დამოკიდებულებაში. გარდა ამისა, ”რუსეთის ჩაგრულ ხალხთა უფლებების დეკლარაციის” გამოცხადებამ მარადჟამს ჩრდილოეთის შემყურე მენშევიკებსაც უბიძგა დამოუკიდებელი მოქმედებისკენ.
საბჭოთა ხელისუფლებამ, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გააუქმა წოდებრიობა და თავად-აზნაურთა ქონების ნაციონალიზაცია გამოაცხადა. იგივე საფრთხე დაემუქრა ქართულ არისტოკრატიასაც, რადგან ჩვენი ქვეყანა, ფორმალურად, ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში თვლებოდა. გაურკვეველი ეროვნულ-პოლიტიკური პერსპექტივის პირობებში სულ უფრო ხშირად გაისმოდა ხმები თავად-აზნაურთა მფლობელობაში არსებული საერთო ქონების ქართველი ხალხისთვის გადაცემის შესახებ. ასეთი აზრის გაჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებდა საქართველოს მოსახლეობისა და მისი წარჩინებული წოდების ეროვნული თვითშეგნების მაღალ დონეს.
1917 წლის ოქტომბერში გაიმართა აღმოსავლეთ საქართველოს წარჩინებული წოდების წარმომადგენელთა კრება, რომელზეც სიტყვით გამოვიდა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს მარშალი კოტე აფხაზი (ილია ჭავჭავაძის დისწული). დაისვა საკითხი არისტოკრატიის საერთო ქონების ხალხისთვის გადაცემის შესახებ. კრებაზე ცხარე კამათი გამოიწვია იმან, თუ კონკრეტულად ვის, ეროვნული წარმომადგენლობის სტატუსის მქონე რომელ ორგანოს უნდა ჩაებარებინა ეს ქონება. იყო წინადადება, რომ ასეთ დაწესებულებად ჩაეთვალათ მომავალი უნივერსიტეტი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ქართულ საკულტო დაწესებულებათა კავშირი, ან პერსონალურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II. კამათს გიორგი გვაზავასა და გრიგოლ ვეშაპელის განცხადებებმა დაუსვა წერტილი. მათ აღნიშნეს - ქონება მთელი ერის ნდობით აღჭურვულმა ორგანომ უნდა ჩაიბაროს და ვერცერთი ზემოთ დასახელებული ასეთად ვერ ჩაითვლებაო. ”ამიტომ თავად-აზნაურთა ქონება უნდა გადაეცეს იმ წინასწარი ხასიათის ეროვნულ ორგანოს, რომელსაც აირჩევს საქართველოს ქალაქების თვითმართველობათა, მომავალ ერობათა, პოლიტიკური პარტიებისა და კულტურულ-განმანათლებელ დაწესებულებათა წარმომადგენელთა კრება”-ო (გაზ. ”საქართველო”, 1917 წლის 31 ოქტომბერი, # 240).
საინტერესოა, რომ სხდომაზე გიორგი მაჩაბელმა გამოთქვა ეჭვი, იქნებოდა თუ არა ასეთი ეროვნული ორგანო იურიდიული უფლებამოსილების მქონე სუბიექტი. ნიკო ნიკოლაძემ იქვე განმარტა- საეროვნო კრებულის იურიდიულ ერთეულად ქცევა ძნელი არაა და ამის მიღწევა შეიძლება დროებითი მთავრობის მიერ გამოცემული დეკრეტის მეშვეობითო.
ამგვარად, ეროვნული ყრილობის მოწვევისთვის უაღრესად სერიოზული მიზეზი უკვე არსებობდა. ინტერპარტიულმა საბჭომ არ დააყოვნა და 3 ნოემბრის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება 19 ნოემბრისთვის სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის მოწვევის შესახებ ”თავად-აზნაურობის ქონების ჩასაბარებლად და სხვა მიმდინარე საჭირბოროტო საკითხების გადასაწყვეტად”. ყრილობის გამართვაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა ინტერპარტიული საბჭოს აღმასკომს, ხოლო ტექნიკური საკითხების მოგვარება- კომისიას შალვა ქარუმიძის ხელმძღვანელობით.
+ + +
ცნობამ ყრილობის მოწვევის შესახებ მთელი ქართველი ხალხის ეროვნულ-პატრიოტული გრძნობების საოცარი აღტყინება გამოიწვია. გაზეთებში ყოველდღიურად იბეჭდებოდა მისასალმებელი წერილები. სხვადასხვა ორგანიზაციები დაჟინებით ითხოვდნენ ყრილობაზე დასასწრებად მათთვის წარმომადგენლობის რიცხვის გაზრდას. განსაკუთრებით საგრძნობი იყო ინტელიგენციის აქტიურობა, რომელმაც ყველაზე მეტად გააცნობიერა მომავალი ფორუმის როლი და მნიშვნელობა ერის ისტორიაში. ”თავად-აზნაურობის ქონების მემკვიდრეობასთან ერთად ამ კრებას ჰხვდება წილად საქართველოს ეროვნული პოლიტიკური შენობის საძირკვლის ჩაყრა”- აღნიშნავდა გერონტი ქიქოძე (”საქართველო”, 1917 წლის 17 ნოემბერი, # 254). ფორუმის გახსნის დღეს, 19 ნოემბერს, იმავე ”საქართველო”-მ გამოაქვეყნა გრიგოლ ვეშაპელის სტატია- ”ეროვნული ყრილობის საქმე”, რომელშიც გაანალიზებული იყო მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ”დღეს სრულდება საქართველოს ეროვნული ცხოვრების ასწლოვანი, პეტროგრადის წრე და დღესვე იწყება ქართველი ერის ახალი პოლიტ. ისტორია”- აღნიშნავდა ავტორი.
”ეროვნულმა ყრილობამ საბჭო ისე უნდა შეადგინოს, რომ თუ გარემოებათა მიხედვით მისი საჯარო უფლებრივი თვით გამორკვევა შესაძლებელი გახდა, ამ აქტისათვის საბჭოს საკმაო ეროვნული პოლიტიკური ავტორიტეტი ჰქონდეს თანდაყოლილი, როგორც შინ, საქართველოში,ისე გარედ.
სწორედ ეს პოლიტიკური ავტორიტეტი იყო, რომ აკლდა დღემდის არსებულ ინტერპარტიულ საბჭოს, რომელიც პარტიათა თანაბარი წარმომადგენლობით იყო წარმოდგენილი და რომელიც მხოლოდ მაშინ აბიჯებდა წინ, როცა ყველა პარტიები შეთანხმდებოდნენ ხოლმე” (”საქართველო”, 1917 წლის 19 ნოემბერი, # 256).
მომავალ ყრილობას, როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის სანიშანსვეტო მოვლენას, ფართო რეკლამას უკეთებდა ეროვნულ-დემოკრატიული და ფედერალისტური მიმართულების პრესა. ამ ფონზე, თვალსაჩინოდ იგრძნობოდა სოციალ-დემოკრატთა ცენტრალური და ადგილობრივი გაზეთების ზომიერად ცივი დამოკიდებულება მომავალი ფორუმის მიმართ.
იმთავითვე ცხადი იყო, რომ მომავალი ეროვნული ყრილობა მხოლოდ თავად-აზნაურობის ქონების ჩაბარებით ვერ შემოიფარგლებოდა. საორგანიზაციო კომისიამ შეადგინა და პრესაში გამოაქვეყნა შემდეგი დღის წესრიგი: 1) თანამედროვე საკითხი და ქართველი ერი, 2) თავად-აზნაურობის კოლექტიური ქონების ჩაბარება და მოვლა-პატრონობა, 3)სექციების შედგენის საკითხი, 4) ეროვნული საბჭოს არჩევა. ინტერპარტიულ საბჭოში წინასწარი შეთანხმებით განისაზღვრა, რომ პირველ და მეორე საკითხებზე მოხსენებებით გამოვიდოდნენ ნოე ჟორდანია და კოტე აფხაზი (ბედის ირონიაა, რომ ილიას დისწულს, დიდ მოღვაწესა და მოგვიანებით, 1924 წლის აჯანყების დროს დახვრეტილ გენერალს ერის უგვირგვინო მეფის იდეურ მკვლელებთან ერთად უხდებოდა მსჯელობა ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე).
ინტერპარტიული საბჭოს აღმასკომის სხდომაზე გადაწყდა ეროვნულ ყრილობაზე სხვადასხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და თვითმართველობათა წარმომადგენლობის საკითხი. ცხადია, ყველა მსურველს სახაზინო (ახლანდელი რუსთაველის) თეატრის დარბაზი ვერ დაიტევდა, ამიტომ აღმასკომი იძულებული გახდა, გარკვეული ლიმიტი დაეწესებინა. თავად ინტერპარტიული საბჭო ყრილობაზე 25 დელეგატით იქნებოდა წარმოდგენილი. სხვა ორგანიზაციებს, შესაბამისად, ასეთი ქვოტები გამოეყოთ: თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო საკრებულო- 12; ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო საკრებულო- 8; საგუბერნიო და საოლქო ქალაქების თვითმართველობებიდან: თბილისი და ქუთაისი- თითოეულს 5, სოხუმი-3 და ზაქათალა-1; სამაზრო ქალაქების თვითმართველობებიდან- თითოეულს თითო დელეგატი; უმაზრო ქალაქების თვითმართველობებიდან: ფოთი-2, დანარჩენებს თითო-თითო. სამაზრო აღმასრულებელ კომიტეტებს სამ-სამი ადგილი გამოეყო, პოლიტიკურ პარტიებს კი- 2 თითოეულს.ამათ გარდა, ორ-ორი დელეგატით იყო წარმოდგენილი ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებათა კავშირი და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. კულტურის დარგის სხვა ორგანიზაციებს თითო-თითო ადგილი დაეთმოთ. ასევე, თითო დელეგატით იქნებოდნენ წარმოდგენილი მოსკოვის, პეტროგრადის, ბაქოს, კავკავისა და როსტოვის კულტურის ცენტრები. ქართველ მაჰმადიანთა საზოგადოებრივ დაწესებულებებს დათმობილი ჰქონდათ სამი ადგილი, ქუთაისის ქართველ ისრაელთა ინტერპარტიულ საბჭოს და კულტურის დაწეებულებებს- 2. ყრილობაზე გარკვეული რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი საკათოლიკოსო საბჭო, ქართველ მასწავლებელთა კავშირი, ნაფიც ვექილთა საბჭო, საგუბერნიო და საოლქო კოოპერატიული კავშირები, პროფკავშირები, სათავადაზნაურო ბანკები, ვაჭარ-მრეწველთა კავშირი. იმის გამო, რომ პრესის მეშვეობით მრავალი ორგანიზაცია ითხოვდა წარმომადგენლობის გაზრდას, ინტერპარტიული საბჭოს გადაწყვეტილებით დამატებითი დელეგატების წარგზავნის უფლება მიეცა ქუთაისის ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე და საეთნოგრაფიო საზოგადოებებს, აფხაზეთის სახალხო კომიტეტს და ყოველდღიურ პოლიტიკურ გაზეთებს. ასევე, თითო მანდატით გაუზარდეს წარმომადგენლობა პარტიულ ორგანიზაციებს (”საქართველო”, 1917 წლის 13 ნოემბერი, # 253).
+ + +
ეროვნული ყრილობა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. 1917 წლის 19 ნოემბერს სახაზინო თეატრი და მისი მიმდებარე ტერიტორია ხალხით გადაიჭედა. ეროვნული გრძნობების არნახული მოზღვავება იგრძნობოდა არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ქვეყნის ყველაზე შორეულ რეგიონებშიც. მენშევიკებმა ალღო აუღეს შექმნილ სიტუაციას და ყრილობის გახსნა აკაკი ჩხენკელს დაავალეს. ამ უკანასკნელს, რუსეთის დუმაში ნაყოფიერი საქმიანობის გამო, საკმაო ავტორიტეტი ჰქონდა მოსახლეობაში. ამასთან, იგი ”ულტრანაციონალური” რიტორიკით გამოირჩეოდა სოციალ-დემოკრატთა ლიდერებში. ჩრდილოეთ კავკასიაში უკვე ჩამოყალიბდა ნაციონალური ერთეულები და ჩვენც ამ გზას უნდა დავადგეთო, აღნიშნა მან. ჩხენკელმა, ასევე, ისაუბრა ეროვნულ-პოლიტიკური თვითმართველობის, საკუთარი კანონმდებლობის, ერობისა და სასამართლოს სრული რეორგანიზაციის შესახებ და განაცხადა- მოცემულ ეტაპზე ინტერპარტიული საბჭო ეროვნულმა საბჭომ უნდა შეცვალოსო.
ამასთან, შესავალ სიტყვაში ხაზგასმით ითქვა დამფუძნებელი კრების მოწვევის აუცილებლობის შესახებ.
”ქართველი ერის ბედი რუსეთთან არის დაკავშირებული, ეს ნამდვილია, მაგრამ ქართველი ხალხის ბედ-იღბალის გამომჭედელი არის მისი დემოკრატია... ქართველი ერის სიწმინდით დაცვისათვის ბრძოლას, აქამდე სოციალურ ნიადაგზე რომ ვაწარმოებდით, დავუმატოთ ეროვნულ ნიადაგზე ბრძოლა”- თქვა აკაკი ჩხენკელმა.
ყრილობის თავმჯდომარედ ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პარტიის, სოციალ-დემოკრატების ლიდერი ნოე ჟორდანია აირჩიეს, მის ამხანაგებად (მოადგილეებად)- აკ. ჩხენკელი, გრ. ვეშაპელი, ვლ. გობეჩია და პ. საყვარელიძე: მდივნებად- ი. მაჭავარიანი, გრ. ურატაძე, ს. დადიანი, მ. გავაშელი და ივ. გომართელი; სამანდატო კომისიაში- აირჩიეს: პ. ბარათაშვილი, რ. გაბაშვილი, გ. ფაღავა, მ. საყვარელიძე, შ. მიქელაძე, ლ. შენგელაია, ალ. ყანჩელი და ქ. შარაშიძე.
პირველ დღეს მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ნოე ჟორდანიამ და ამიერკავკასიის კომისარიატის (ეს იყო ადგილობრივი დროებითი ხელისუფლება რუსეთში კერენსკის დამხობის და ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ) თავმჯდომარემ ევგენი გეგეჭკორმა. დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ წაიკითხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონII-ის გუჯარი. დელეგატებს გააცნეს ესპანეთის ელჩისა და კავკასიის ფრონტის მთავარსარდლის, გენერალ პრჟევალსკის მისასალმებელი დეპეშები. დასასრულს, თავმჯდომარემ წარმოადგინა ყრილობის მუშაობის დღის წესრიგი, რომელიც პრესაში გამოქვეყნებულთან შედარებით რამდენიმე საკითხით გაიზარდა და, საბოლოოდ, ასეთი სახე მიიღო: 1) თანამედროვე მომენტი და ქართველი ერი; 2)თავად-აზნაურთა ქონების გადაცემა ქართველი ხალხისთვის; 3)ერობა; 4) ლაშქარი; 5)ადმინისტრაცია; 6) იუსტიცია; 7) სკოლა; 8) ეროვნული საბჭოს არჩევა.
ყრილობის დღის წესრიგში წარმოდგენული საკითხების მხოლოდ ჩამონათვალიც კი ნათლად მეტყველებს, რომ ქართველი ხალხი და მისი პოლიტიკური სპექტრი უკვე 1917 წლის შემოდგომაზე იდგნენ ქვეყნისსახელმწიფოებრივი ფუნქციის აღორძინების მიჯნასთან. ფაქტობრივად, ეს იყო გენერალური რეპეტიცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის წინ.
არა მარტო ყრილობის დელეგატები, მთელი საქართველო მოუთმენლად მოელოდა 20 ნოემბერს თბილისის მუშათა და ჯარისკაცების საბჭოს თავმჯდომარის, სოციალ-დემოკრატთა აღიარებული ლიდერის, ნოე ჟორდანიას საპროგრამო მოხსენებას, რომელსაც უნდა შეეფასებინა მიმდინარე მომენტი და სიტუაციის შესატყვის პოლიტიკური გეზი დაესახა. ჟორდანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავის დროზე რუსეთთან შეერთება გარდაუვალი ისტორიული კანონზომიერება იყო და არა ერთეულ პოლიტიკოსთა ხუშტური. ჩვენი სუვერენობის გარანტი შეიძლება იყოს მხოლოდ მშვიდობა, ამიტომ აუცილებელია რუსეთში სტაბილური ხელისუფლების ორგანოს არჩევა. მანამდე კი ადგილზე უნდა შეიქმნას ამიერკავკასიის მთავრობა- სეიმი და იგი უნდა შეადგინონ დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიელმა დელეგატებმა. იქვე, მომხსენებელმა მიუთითა საქართველოში დამფუძნებელი კრების ჩატარების აუცილებლობაზეც იმ შემთხვევისთვის, თუ ასეთი კრება არ გაიმართებოდა რუსეთში (ლენინის მთავრობის ხელში ამგვარი პერსპექტივა საკმაოდ რეალური იყო), აგრეთვე საკუთარი კონსტიტუციისა და ეროვნული საჯარისო ნაწილების შექმნის აუცილებლობაზე. ”ინტერპარტიულ საბჭოში შევთანხმდით, რომ საქართველოს მიენიჭოს შინაგანი დამოუკიდებელი თვითმართველობა, იმ უფლებით, რომ გამოსცეს კანონები”- აღნიშნა მან (”საქართველო”, 1917 წლის 21 ნოემბერი, # 258).
ნოე ჟორდანიას სიტყვას დიდი რეზონანსი მოჰყვა როგორც ყრილობაზე, ისე მთელ ქვეყანაში. განსაკუთრებით აღფრთოვანებული იყვნენ ეროვნულ პლატფორმაზე მდგომი პარტიები და ინტელიგენცია. მათ იმდენად მოსჭრა ყური მომხსენებლის მიერ ნახსენებმა თვითმართველობამ, კონსტიტუციამ და საკუთარმა ჯარმა, ყურადღება აღარ მიაქციეს ”დემოკრატიის მამამთავრის” მერყევ, მოყოყმანე პოზიციას ყოფილ მეტროპოლიასთან დამოკიდებულებაში, აგრეთვე რუსეთის ქიმერული დამფუძნებელი კრებისადმი განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას.
საპროგრამო მოხსენების შემდეგ კამათში გამოსულმა დელეგატებმა- გრ. რცხილაძემ (ფედერალისტი), გ. ნათაძემ (ესერი), გ. გვაზავამ (ეროვნულ-დემოკრატი) და გრ. გიორგაძემ (სოციალ-დემოკრატი) ძირითადად გაიზიარეს ნოე ჟორდანიას პოზიცია. მათ აღნიშნეს, რომ ამიერიდან განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ საერთო ნიადაგის შემუშავებას და პოლიტიკური პარტიები აღარ იმოქმედებენ სეპარატულად. ”ალიონის” ჯგუფის წევრმა ნოე ქარცივაძემ საზეიმოდ განაცხადა- ”ჩვენ, ”ალიონელები” დღეიდან ჩვენ სიტყვაზე უარს ვამბობთ. გამოიძებნა ძლიერი ენა, რომელმაც გააერთიანა ქართული დემოკრატია, თუ დღემდე ნოე ჟორდანია ქართველი დემოკრატიის ბელადი იყო, დღეიდან იგი ქართველი ერის ბელადი ხდება”-ო. სოციალ-დემოკრატებისადმი სიმპათიებით ცნობილი ”ალიონელების” აღფრთოვანება რა გასაკვირია იმ ფონზე, რომ 21 ნოემბერს ეროვნულ-დემოკრატების ცენტრალურმა ბეჭდვითმა ორგანომ- ”საქართველო” - პირველ გვერდზე დაბეჭდილ საყრილობო მიმოხილვაში განსხვავებული შრიფტით ააწყო ქვესათაური- ”ნოე ჟორდანია- ქართველი ხალხის ბელადი”. ყრილობით გამოწვეული საყოველთაო ეიფორიის ფონზეც კი ეროვნულ-დემოკრატთა მიერ საქართველოს ”პატარა მარქსის” ამგვარი შეფასება მართლა გაოცებას იწვევს.
ფაქტობრივად, ნოე ჟორდანიას მოხსენებაში აირეკლა მთელი ქართველი ხალხის, პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ერთსულოვანი აზრი ეროვნულ სუვერენიტეტთან დაკავშირებით. საერთო განწყობილებაში დისონანსი სოციალ-დემოკრატთა ლიდერის ბავშვობის მეგობარმა, ბოლშევიკმა ფილიპე მახარაძემ შეიტანა. მან საეჭვოდ მიიჩნია დელეგატების უფლებამოსილება ერის წინაშე. როგორ შეიძლება ეროვნული ყრილობის მოწვევა მკვდარი ორგანიზაციებისგან, ქართველმა ხალხმა არ იცის, რისთვის შეიკრიბა ეს ფორუმიო- განაცხადა მან და შეკრებილთრუსეთის საბჭოთა ხელისუფლების აღიარებისკენ მოუწოდა. მახარაძეს ლაპარაკი არ აცალეს. მისი გამოსვლა სტვენამ და ობსტრუქციამ შეწყვიტა. ლენინის ერთგულ თანამებრძოლს საკადრისი პასუხი ნოე ჟორდანიამ გასცა- როგორ უნდა ვცნოთ ჩვენ საბჭოთა მთავრობა, როცა მას თვითონ რუსი ხალხი არ ცნობსო, აღნიშნა მან და დასძინა- ”ბოლშევიკები იმით ამაყობენ, რომ იმათი პარტია მომხრეა დაჩაგრული ერების განთავისუფლების, მაგრამ ქართული ანდაზა ამბობს, ”სიტყვა სხვაა, საქმე სხვაა, შუა უდევს დიდი ზღვარი”...
ყრილობის თავმჯდომარის ბოლო სიტყვები აპლოდისმენტებში ჩაიძირა.
20 ნოემბერს ყრილობაზე აირჩიეს სექციები, რომლებსაც უნდა შეემუშავებინათ რეზოლუციები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე. სულ შეიქმნა 10 სექცია: 1) ეროვნებათა საქმის (ვ. გობეჩია); 2)საერობო (მ. მაჩაბელი); 2) ჯარის ნაციონალიზაციის (ი. გედევანიშვილი); 4) სკოლის ნაციონალიზაციის (ლ. ნათაძე); 5) ადმინისტრაციული (გრ. გიორგაძე); 6) სასამართლო (შ. მესხიშვილი); 7) საფინანსო (ნ. ნიკოლაძე); 8) სასურსათო (ი. ქარცივაძე); 9)ქონების (აკ. ჩხენკელი) და ჯანმრთელობის (ალ. ჯავახიშვილი).
+ + +
ყრილობის მუშაობის მესამე დღე, 21 ნოემბერი მთლიანად ქართველი არისტოკრატიის საერთო ქონების გადაცემის საკითხს მიეძღვნა. აღმოსავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს სახელით სიტყვა წარმოთქვა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს მარშალმა კოტე აფხაზმა. მან ჩამოთვალა იმ ქონების სახელდებითი ნუსხა, რომელსაც წარჩინებული წოდება უსასყიდლოდ გადასცემდა ხალხს. ესენი იყო: ა) სათავადაზნაურო ბანკი, წლიური წმინდა მოგებით 300 000 მანეთი, რაც წარმოადგენდა კულტურის დარგის ოცდაათამდე დაწესებულების საქმიანობის ფინანსურ გარანტორს; ბ) კახეთის რკინიგზა, საერთო ღირებულებით 18 მილიონი მანეთი; გ)თავად-აზნაურობის სასახლე 120 000 მანეთი წლიური შემოსავლით; დ) ელექტროსადგური, რომლის წლიური შემოსავალი იყო 100 000 მანეთი. დასახელებულის გარდა სახალხო საკუთრებაში გადადიოდა ქართული გიმნაზიის შენობაც (ახლანდელი უნივერსიტეტის პირველი კორპუსი), რომლის სახაზინო ღირებულება ორ მილიონ მანეთს შეადგენდა.
დასავლეთ საქართველოს წარჩინებული წოდების სახელით ყრილობაზე სიტყვა წარმოთქვა ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს მარშალმა დათა ნიჟარაძემ. ჩვენი ქონება უფრო მოკრძალებულია, მაგრამ უყოყმანოდ გავიღებთ ქვეყნის საჭიროებისთვისო, განაცხადა მან. ლიხთიმერეთის თავად-აზნაურებმა ქართველ ხალხს გადასცეს ქართული გიმნაზია დამხმარე შენობებითურთ, სენაკის გიმნაზია და ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო ბანკი, რომელიც თბილისის ბანკთან ერთად იყო დაარსებული და საკმაოდ მნიშვნელოვან კაპიტალსაც ფლობდა.
თავად-აზნაურთა წოდების მიერ საერთო ქონების ხალხისთვის უსასყიდლოდ გადაცემას უდიდესი ზნეობრივი მნიშვნელობა ჰქონდაXX საუკუნის დასაწყისის ფსიქოლოგიურად არამდგრადი ქართული საზოგადოებისთვის. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ რუსეთის იმპერიის მონობაში განცდილი ზნეობრივი დეგრადაციის მიუხედავად, საქართველოს წარჩინებული წოდება, კვლავ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ავანგარდში იდგა და მზად იყო, ყველაფერი გაეღო თავისუფლების იდეის განსახორციელებლად. ამ ნაბიჯით გამოწვეული რეზონანსი იმდენად დიდი იყო, რომ თავად-აზნაურთა მამულიშვილური პოზიციის შესახებ სოციალ-დემოკრატიული პრესაც კი ალაპარაკდა.
+ + +
22 ნოემბერს ყრილობის მუშაობასა და მტელი ერის ცხოვრებაში უდიდესი მოვლენა მოხდა- აირჩიეს ეროვნული საბჭო, ორგანო, რომელმაც ნახევარი წლის შემდეგ ახლად დამოუკიდებლობააღდგენილი ქართული სახელმწიფოს პირველი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია იკისრა. მისი შემადგენლობა პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეული კონსესუსის საფუძველზე დაკომპლექტდა. ცხადია, პარტიათა წარმომადგენლობის განმსაზღვრელ უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენდა მისი პოლიტიკური ავტორიტეტი და წონა მოსახლეობის თვალში. ამდენად, გასაკვირი როდია, რომ საბჭოში უმრავლესობა სოციალ-დემოკრატებმა მოიპოვეს. ამ პარტიიდან აირჩიეს 25 წევრი. ესენი იყვნენ: ნ. ჟორდანია, აკ. ჩხენკელი, ს. ჯიბლაძე, ე. გეგეჭკორი, ნ. რამიშვილი, ვ. ჯუღელი, დ. ონიაშვილი, პ. აბაშიძე, ს. გვარჯალაძე, ს. მაისურაძე, ა. ჭიაბრიშვილი, პ. გელეიშვილი, რ. არსენიძე, შ. ჩხიკვიშვილი, ნ. ელიავა, მ. ტოროშელიძე, ს. ჯაფარიძე, გრ. ურატაძე, ა. ფარნიაშვილი, გრ. გიორგაძე, ე. როგავა, გ. კლიმიაშვილი, ვ. თევზაია, ე.სირბილაძე და ნ. ხომერიკი. ეროვნულ-დემოკრატები საბჭოში 9 დეპუტატით იყვნენ წარმოდგენილი: ნ. ნიკოლაძე, გ. ქიქოძე, ი. დადიანი, ვ. ჟურული, გ. გვაზავა, შ. ამირეჯიბი, გ. მაჩაბელი, სპ. კედია და გრ. ვეშაპელი. სოციალისტ-ფედერალისტებიდან აირჩიეს: გ. ლასხიშვილი, გ. რცხილაძე, შ. მესხიშვილი, ი. გედევანიშვილი, ს. ფირცხალავა, დ. უზნაძე, ი. ბარათაშვილი, ი. ბაქრაძე, ი. მდივანი და ალ. წერეთელი.ესერებიდან ეროვნულ საბჭოში მოხვდნენ: კ. მესხი, ვ. გობეჩია, გ. ნათაძე, ვ. ჩერქეზიშვილი, იოს. გობეჩია და ივ. გობეჩია. ”ალიონის ჯგუფს წარმოადგენდნენ: პ. ქავთარაძე, ივ. გომართელი, ნ. ქარცივაძე და პ. საყვარელიძე. დასახელებულთა გარდა საბჭოში აირჩიეს რევოლუციონერ-დემოკრატი დ. ჩიქოვანი, უპარტიოები:- კ. აფხაზი და კ. მაყაშვილი, აგრეთვე სამუსულმანო საქართველოს წარმომადგენლები- ჯ. ხიმშიაშვილი, მ. აბაშიძე და რ. ნიჟარაძე.
მკვლევართა ნაწილი, რომლებმაც თავის დროზე ეროვნული საბჭოს საკითხი შეისწავლეს, აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის პირველი წარმომადგენლობითი ორგანო 60 წევრისგან შედგებოდა (იხილეთ, მაგალითად, პ. სურგულაძე, ”ქართული პარლამენტის სათავეებთან, თბ. 1991, გვ. 14). ჩანს, ისინი არ ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ დამატებით 7 მანდატი დაეთმო საქართველოს განაპირა კუთხეებს და მთლიანობაში ეროვნული საბჭოს შემადგენლობა 67 დეპუტატით განისაზღვრა(”საქართველო”, 1917 წლის 25 ნოემბერი, # 260).
თანამედროვე მკითხველისთვის ეროვნული საბჭოს წევრთა გარკვეული ნაწილის ვინაობა არაფერზე მეტყველებს, მაგრამ მათ შორის საკმაოდ ბევრია ისეთი, ვინც თავის დროზე თვალსაჩინო როლი ითამაშა არა მხოლოდ პოლიტიკურ ცხოვრებაში, არამედ განათლების, მეცნიერების, ლიტერატურისა და კულტურის განვითარებაში. მათი სახელების გარეშე საქართველოს უახლესი ისტორია, უბრალოდ, წარმოუდგენელია.
+ + +
ეროვნულმა საბჭომ არჩევისთანავე შექმნა აღმარულებელი კომიტეტი 15 წევრის შემადგენლობით. მათ შორის რვა იყო სოციალ-დემოკრატი. ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავდათ ფედერალისტებს, ეროვნულ-დემოკრატებსა და ესერებს, ერთი კი სამაჰმადიანო საქართველოს.
ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც არ ცნო ეროვნული ყრილობა და მის მიერ საქართველოს მომავალზე სრულუფლებოვანი პასუხისმგებლობის მქონე ორგანოს არჩევა, იყო ბოლშევიკური პარტია, მაგრამ მისი გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში იმდენად უმნიშვნელო იყო, საერთო განწყობილებაზე სერიოზული ზემოქმედების მოხდენა არ შეეძლო.
საბჭო შექმნის მომენტიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც დროებითი ხასიათის ორგანო, რაც დაფიქსირებულია კიდეც ეროვნულ საკითხზე მიღებულ რეზოლუციაში. მას თავისი მოვალეობა უნდა შეესრულებინა დამფუძნებელი კრების გახსნამდე და თავადვე იყო პასუხისმგებელი ამ კრების მოწვევაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტოტალიტარული ბოლშევიკური რეჟიმი არ დაუშვებდა წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევას რუსეთში.
საერთოდ, პოლიტიკურ საკითხზე მიღებულ რეზოლუციათა ანალიზი მკაფიოდ და რელიეფურად წარმოადგენს საქართველოს წამყვანი პოლიტიკური ძალების კონცეფციებს ქვეყნის განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ. მათში ნათლად იგრძნობა ზოგიერთების ჯერ კიდევ დაუძლეველი ლტოლვა ჩრდილოეთისკენ. ამასთან, მეექვსე რეზოლუცია ავალებდა ქართველ დელეგატებს, რუსეთის დამფუძნებელ კრებაზე დაესვათ ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა ”საქართველოს სრული ტერიტორიული თვითმართველობა საკუთარი საკანონმდებლო კრებით ადგილობრივ საკითხებზედ”. ტერიტორიის საკითხი გაიმიჯნებოდა დაინტერესებულ მოსაზღვრე ერებთან შეთანხმებით. საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს მიეცემოდათ სრული გარანტიები კულტურული განვითარებისთვის... (”საქართველო”, 1917 წლის 25 ნოემბერი, # 260).
ამ რეზოლუციაში აშკარად იგრძნობა, რომ მისი მიღებით სერიოზული განაცხადი გაკეთდა უახლოეს მომავალში დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შექმნისათვის და რუსეთის დამფუძნებელ კრებაზე საკითხის დაყენება საქმის ფორმალური, მაგრამ მაინც აუცილებელი ნაწილი იყო. ეროვნულმა საბჭომ ამ განაცხადით მტკიცედ აიღო ხელში ინიციატივა და ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე შეუდგა მომავალი სახელმწიფოებრივი სტრუქტურების ცამოყალიბებას.
ეროვნული საბჭოს პოლიტიკური ავტორიტეტი უაღრესად დიდი იყო. ამიერკავკასიის კომისარიატისა და სეიმის დროს იგი, მუშათა და ჯარისკაცების საბჭოსთან ერთად, ფაქტობრივად, წარმართავდა მთელ პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში. (ამაში გარკვეულ როლს ისიც თამაშობდა, რომ ორივე არჩევით ორგანოს ქართული დემოკრატიის მამამთავრად აღიარებული ნოე ჟორდანია ედგა სათავეში). სწორედ ეროვნული საბჭოს ბრძანებით, სეიმთან შეთანხმების გარეშე, დაიწყო 1918 წლის მაისის შუა რიცხვებში თურქეთ-ამიერკავკასიის საზავო კონფერენციაზე, ბათუმში, სეპარატული მოლაპარაკება გერმანიის სამხედრო მისიასთან. მოლაპარაკების პროცესში შექმნილმა კრიზისულმა სიტუაციამ მიიყვანა საქართველოს პოლიტიკური ძალები მთელი ძალაუფლების ეროვნული საბჭოსთვის გადაცემამდე. სწორედ ეროვნულმა საბჭომ გამოაცხდა 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც მოგვიანებით, 1919 წლის 12 მარტს, პირველივე სხდომაზე დაადასტურა ახლადარჩეულმა დამფუძნებელმა კრებამ (დამოუკიდებლობის აქტის ტექსტში სწორედ ასეა აღნიშნული: ”ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბრის 22-ს არჩეული საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ, დღეს აცხადებს...” და ა.შ.).
1917 წლის 22 ნოემბრიდან 1918 წლის 26 მაისამდე ეროვნულ საბჭოში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 67 დეპუტატი იყო არჩეული. 26 მაისის გაფართოებულ სხდომაზე, ფრაქციებთან წინასწარი შეთანხმებოთ, შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა. იმავე სხდომაზე ეროვნული საბჭოს შემადგენლობა 120 წევრამდე გაიზარდა.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეროვნული საბჭო კვლავ განაგრძობდა თავისი ფუნქციის შესრულებას. ფაქტობრივად, იგი ახლად შექმნილი რესპუბლიკის პარლამენტი იყო (ოღონდ, შედგენილი პოლიტიკური კონსესუსის და არა საყოველთაო არჩევნების საფუძველზე) და 1918 წლის 8 ოქტომბრიდან ოფიციალურად ეწოდა კიდეც ეს სახელი. საინტერესოა, რომ საბჭოს 8 ოქტომბრის სხდომაზე დიდი კამათი გამოიწვია საკითხმა იმის შესახებ, თუ რა სახელი უნდა დარქმეოდა ფაქტობრივ საკანონმდებლო ორგანოს. განხილული იქნა რამდენიმე ვარიანტი- ”პარლამენტი”, ”კრებული”, ”პალატა”, ”სათათბირო”, ”დარბაზი”, ”ნაციონალური საბჭო”, ”სახელმწიფო წარმომადგენელთა პალატა”, ”დეპუტატთა კრებული”, ”სასახლე”, ”რესპუბლიკის დარბაზი”... საბოლოოდ, ხმათა უმრავლესობით, გავიდა ესერების წინადადება და ეწოდა პარლამენტი.
ეროვნული საბჭოს საფუძველზე შექმნილი საქართველოს პარლამენტი მოქმედებდა 1919 წლის 12 მარტამდე, მანამ, სანამ უფლებამოსილება არ გადააბარა საყოველთაო არჩევნების შედეგად შექმნილ საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელ კრებას. ამ ხნის განმავლობაში პარლამენტმა შეიმუშავა და დაამტკიცა 125 უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი. მისი განუხრელი ზრუნვის საგანი იყო რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობა, ფინანსები, ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვა და, ზოგად, ეროვნული საკითხი, ქვეყნის ეკონომიკური სისტემის განმტკიცება, სახალხო განათლებისა და კულტურის სფეროები, ჯანმრთელობის დაცვა. არ დარჩენილა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცხოვრების არცერთი, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც პარლამენტის მსჯელობის საგანი არ გამხდარიყო.
ეროვნული ყრილობა, ეროვნული საბჭოს შექმნა და მის ბაზაზე აღმოცენებული პარლამენტის საქმიანობა დემოკრატიის შესანიშნავი უნივერსიტეტი იყო ქართველი ხალხისათვის, რომელიც შემდეგ დამფუძნებელმა კრებამ განაგრძო. სამწუხაროდ, მისი საქმიანობა უდროოდ შეწყდა 1921 წლის მარტში რუსეთის აღორძინებული, ამჯერად კომუნისტურ ქურქში გახვეული იმპერიის აგრესიის შედეგად...
+ + +
ასეთი გახლავთ მოკლედ ისტორია სრულიად საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობისა, რომელიც ერისა და ბერის თანამოსაგრეობის ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენდა საუკუნის წინანდელ, მსოფლიო ოკეანის ტალღებზე ნაფოტივით მოქანავე საქართველოში.
სამწუხაროდ, ხანგრძლივი არ აღმოჩნდა გზა ერთობისა.
კომუნისტური მმართველობის დაისზე, 1990 წლის მარტში კვლავ შეიკრიბა ერი და ბერი. იმ ფორუმსაც, რომელიც ეროვნული მოძრაობის მესვეურთა ინიციატივით გაიმართა იმპერიათა რყევის მშფოთვარე ეპოქაში, სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობა ერქვა სახელად. მაშინაც დაისახა ქვეყნის აღდგომა-გამოხსნის ერთობლივი გეზი (ჩამოყალიბდა ეროვნული ფორუმი),მაგრამ, როგორც მოვლენების განვითარებამ აჩვენა, კიდევ უფრო მოკლე აღმოჩნდა გზა ერთობისა.
დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, სახელმწიფო შევქმენით, მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე ადგილი დავიმკვიდრეთ, მაგრამ უღელში შებმული ოჩანი ხარებივით ისევ განზე ვექაჩებით დანჯღრეულ ურემს.გარეთ მტერს ვაცინებთ, შიგნით მოყვარეს ვუხეთქავთ გულს.
სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია სევდა ყანჩაეთის ჟამგულანის ცნობილი მინაწერისა: ”საქართველოს:დარბაისელნი:მუხრან:ბატონი:არაგვის:ერისთავი:ქსნის:ერისთავი:ამილახვარი:ერთმანეთისა:მტერნი:და:მოქიშპენი:იყვნენ: არც:ერთმანეთს:ასვენებდნენ:არც:ქვეყანას:და:მით:მტერმა:უფრო:ძალა:წამოატანა:და:დაჩაგრა:თორემ:თუ:ამათ:ერთი: პირი:ჰქონებოდათ:ვერც:არას:უზამდნენ:ვერც:არას:სხვა:მტერი:წაართმევდათ:რასმე:ამათი:საქმე:ასე:ერთმანეთის: მესისხლეობით:გათავებულა:და:წამხდარა:მაგრამ:ამ:საქმეს:არც:მოჰკლებიან:და:არც:დაუშლიათ:”
როგორც მწუხარებისგან გაოგნებული მემატიანე იტყოდა - არა იქმნა ერთობა ქართუელთა
ზედა...
როდემდე, კატილინა?!