საქართველოსთან ურთიერთობები რუსეთისათვის ე.წ. ”აღმოსავლური საკითხის” ნაწილია. ეს უკანასკნელი დღევანდელი რუსეთისათვის უზარმაზარ სივრცეში - ”დიდ აღმოსავლეთში” განლაგებული პოსტსაბჭოური სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის, აზია-წყნარი ოკეანის, ახლო და შუა აღმოსავლეთის 51 სახელმწიფოსთან ურთიერთობების რთული კომპლექსია, რომელთა შორის რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკისათვის პოსტ-საბჭოური ქვეყნების, პირველ რიგში კი, სამხრეთ კავკასიის პრიორიტეტულობა არანაირ ეჭვს არ იწვევს.
ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში 1817-1859 წლებში მიმდინარე ”ძველი” რუსულ-კავკასიური ანუ ”შამილის ომის” კონტექსტში XIX საუკუნეში რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაზე სრული კონტროლის დამყარების მიზნით წარმოებული პოლიტიკის ანალიზი სწორედ რომ იმდროინდელი რუსული დიპლომატიის მიერ ”აღმოსავლური საკითხის”გადაწყვეტის მიზნით გატარებული საგარეო-პოლიტიკური ძალისხმევის ჭრილში უნდა იყოს განხილული.
რუსულ-ქართული ურთიერთობების კონტექსტში, ასევე ერთობ საინტერესო თემაა 1994-2004 წლების რუსულ-ჩეჩნურ ანუ ”ახალ კავკასიურ” ომთან დაკავშირებულ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის ზოგიერთი ნიუანსის განხლვა.
”ძველი” და ”ახალი” კავკასიური ომების ხასიათის შესწავლიდან გამომდინარე კი, შესაძლებელი გახდება თანამედროვე რუსულ პოლიტიკაში სისტემური ხასიათის ფაქტორების გამოვლენა, ისეთებისა, რომლებიც დაეხმარებოდნენ ქართულ დიპლომატიას საგარეო-პოლიტიკური აქტივობის ოპტიმალური ალგორითმის შემუშავებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის შექმნისა თუ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებით განპირობებული რისკების მინიმიზაციის თვალსაზრისით.
XIX საუკუნის კავკასიის ომსა და XX-XXI საუკუნეების რუსულ-ჩეჩნურ ომზე უზარმაზარი ლიტერატურა არსებობს. ამიტომაცაა შეუძლებელი მიზნად დაისახო ზემოთ აღნიშნული ომების მსვლელობის ისტორიული ან სამხედრო ანალიზი.
გაცილებით ნაკლებია ლიტერატურა, სადაც კვლევის საგანი რუსეთის კავკასიური ომების კონტექსტში რეგიონში არსებული პოლიტიკური ფაქტორები და ძირითადი აქტორებია. ზემოაღნიშნული აქტორებიდან ზოგიერთი (მაგალითად, საქართველო ”შამილის ომში”) მნიშვნელოვანი, მაგრამ შიდაპოლიტიკური ფაქტორის როლს ასრულებდა რუსეთისათვის, მაშინ როდესაც ”ახალ” კავკასიურ ომთან მიმართებაში ჩვენი ქვეყანა უკვე საგარეო-პოლიტიკურ აქტორის როლში გამოდიოდა.
რუსულ საგარეო პოლიტიკაში XVIII საუკუნისდასაწყისიდათითქმისმთელი XIX საუკუნეიმპერიის საზღვრების ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით გაფართოებისაკენ სწრაფვის პერმანენტული ტენდენციით აღინიშნება, ბალტიის, შავი ზღვისა და წყნარი ოკეანისაკენ გასასვლელების შეძენისა თუ ზემოაღნიშნულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო–პოლიტიკური პოზიციების განმტკიცების მიზნით.
უნდა ითქვას, რომ ამ ამოცანების შესრულება რუსეთის იმპერიას საკმაოდ ძვირი დაუჯდა. მაგალითად, ორი ასეული წლის განმავლობაში ბალტიის ზღვისათვის შვედეთთან გამართულ ბრძოლებში 1,8 მილიონმა რუსმა ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგანაც 300 000 ათასი ბრძოლის ველზე დარჩა. შავი ზღვისათვის თურქეთთან გამართულ მრავალრიცხოვან ომებში მებრძოლი თითქმის 3,5 მილიონი ჯარისკაციდან რუსეთმა 700 000 დაკარგა.
ყველაფერი ეს დიდ მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ დანახარჯებთან ერთად სერიოზულ დემოგრაფიულ გამოწვევებთანაც იყო დაკავშირებული. თუმცა, ორი საუკუნის განმავლობაში იმპერიის ტერიტორიისა და შესაბამისად მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნამატი ზემოაღნიშნულ გამოწვევაზე გამკლავების ამოცანის შესრულებას საკმაოდ რეალურს ხდიდა. მაგალითისთვის საკმარისია აღინიშნოს, რომ: 1700 წელს რუსეთის მოსახლეობა შეადგენდა სულ რაღაც 12 მილიონ ადამიანს, შეიარაღებულ ძალებში კი მსახურობდა 56000 ჯარისკაცი, რაც მთელი მოსახლეობის 0,47%-ს უტოლდებოდა. 1800 წელს იმპერიის მოსახლეობა გასამმაგდა და 35 მილიონამდე, არმიის რიცხოვნობა კი 400 000-მდე გაიზარდა, რაც მოსახლეობის 1,14%-ს შეადგენდა. 1900 წლისათვის რუსეთის მოსახლეობამ უკვე 132 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისად, მეფის არმიას საშუალება მიეცა თითქმის მილიონამდე ჯარისკაცი გაეწვია სავალდებულო სამხედრო სამსახურში. მიუხედავად იმისა, რომ 1800 წელთან შედარებით, მე-20 საუკუნის მიჯნაზე რუსულ ჯარში თითქმის სამჯერ მეტი ადამიანი მსახურობდა, მათი რაოდენობა იმპერიის მოსახლეობის მხოლოდ 0,75%-ს შეადგინდა, რაც გაცილებით ნაკლები იყო 1800 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
მაშასადამე, რუსეთის იმპერიის საზღვრების მზარდი გაფართოება და ამის პარალელურად მოსახლეობის მატების შედეგად მიღებული დემოგრაფიული რესურსი საშუალებას აძლევდა რუსეთის არმიას, დიდ მსხვერპლის მიუხედავად პერმანენტულად ეწარმოებინა როგორც მცირე, ასევე დიდი ინტენსივობის ომები როგორც ჩრდილოეთის, ასევე სამხრეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით. აქედან გამომდინარე 1700-1917 წლების რუსეთი სავსებით სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს როგორც ტერიტორიულად ისე დემოგრაფიულად ”მზარდ” ანუ ”განვრცობად” იმპერიად.
XVIII საუკუნის დასაწისიდან XIX საუკუნის ბოლომდე წარმოებული ტერიტორიული ექსპანსიის შედეგად, რუსეთი გადაიქცა გიგანტურ ევრაზიულ-ამერიკულ სახელმწიფოდ, რომლის მართვა იმდენად გაძნელდა, რომ 1867 წელს ალიასკის აშშ-სათვის მიყიდვაც კი გახდა მიზანშეწონილი. ამასთან ერთად, გათავისუფლდა რა „აღმოსავლეთიდან“, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა განემტკიცებინა საკუთარი პოზიციები „სამხრეთის“ მიმართულებით და დაესრულებინა 50 წლის განმავლობაში მიმდინარე კავკასიური ომი .
მაინც რატომ იყო რუსეთისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ჩრდილოეთ კავკასია: ”ველური, მწირი და ქვიანი მხარე, სადაც იმპერიას მხოლოდ ზარალი და უსიამოვნებანი ელოდა“, განსხვავებით სამხრეთ კავკასისაგან, ამ უკანასკნელის ნაყოფიერი მიწებითა და განვითარებული მეწარმეობით, უზარმაზარი ეკონომიკური მოგებით აღმოსავლეთზე ტრანზიტისა და ვაჭრობისაგან და, რაც მთავარია, პერსპექტივით ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე გასვლისა?
ჩრდილოეთ კავკასია მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ სამხრეთ კავკასიის ხელში ჩაგდების მიუხედავად (სპარსეთთან და თურქეთთან გამარჯვებით დასრულებული ომების შემდეგ) რუსეთმა ვერ გადაწყვიტა მეტროპოლიის ტერიტორიის ახლადშემოერთებულ სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირების უმნიშვნელოვანესი საკითხი. ერთადერთი მოქმედი სატრანსპორტო–საკომუნიკაციო მაგისტრალი კი იმ დროს მხოლოდ საქართველოს სამხედრო გზაზე გადიოდა. გზაზე, სადაც მგზავრობა ჩრდილოკავკასიელ მთიელთა მხრიდან რუსულ ქარავნებსა და მგზავრებზე მუდმივი თავდასხმებისა და მათი ძარცვის გამო, იმდენად სარისკო გახდა, რომ საქართველოს სამხედრო გზის უხიფათოდ გადავლა მხოლოდ დიდ სავაჭრო ქარავანთანერთად იყო შესაძლებელი, ისიც მხოლოდ მაშინ თუ ამ ქარავანს: ”რამოდენიმე ასეული ჯარისკაცი და სამი ზარბაზანიმაინცახლდა ”.
ჩრდილოეთ კავკასიასა და სამხრეთ კავკასიას შორის სტაბილური და უსაფრთხო მიმოსვლა ასევე აუცილებელი იყო რუსეთის იმპერიისათვის ”აღმოსავლეთის საკითხის” გადაწყვეტის ფარგლებში, სპარსეთისა და ოსმალეთის სამფლობელოებისაკენ ექსპანსიის გაძლიერების თვალსაზრისით. მოგვიანებით კი ოსმანთა იმპერიის მზარდი დეზინტეგრაციის პროცესში საკუთარი მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის.
ყველაფერი ეს კი დაკავშირებული იყო სპარსეთისა და თურქეთის დიდი წინააღმდეგობის დაძლევასთან, რისი გამოხატულებაც იყო მრავალრიცხოვანი ომები ამ ორ სახელმწიფოსთან, რომელთა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ყირიმის ომი, სადაც რუსეთს ოსმალეთთან ერთად, სამხრეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით მზარდი რუსული ექსპანსიით შეშფოთებული დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და სარდინიის კოალიციური ძალები დაუპირისპირდა.
ჩრდილოეთ კავკასიის სრული დამორჩილება (რუსეთისა და სამხრეთ კავკასიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო მაგისტრალის უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით)1816 წელს გენერალ ერმოლოვს დაევალა, რომელიც არნახული სისასტიკით შეუდგა თავისი მისიის შესრულებას, რაც გახდა კიდევაც 1817 წელს დაწყებული პირველი კავკასიური ომის მიზეზი.
კავკასიური ომის ერმოლოვის პერიოდისადმი რუსული საზოგადოების დამოკიდებულების მკაფიო ილუსტრაციაა ცნობილი მწერლისა და დეკაბრისტის, 1837 წელს კავკასიის ომში დაღუპული ა.ბესტუჟევის სიტყვები: ”ყოველ კავკასიელში მართლაც არისრაღაც ნგრევის ინსტიქტის მსგავსი, ვინაიდანმათუფრო მეტად მტერი ესაჭიროებათ ხოლმე ვიდრე მეგობარი, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, რომ არც ჩვენც მივსულვართ კავკასიელებთან კეთილი გულით: ვწვავდით მათ სოფლებს, ვანადგურებდით ყველაფერს... დაასე ვიმორჩილებდით მთელ კავკასიას!”.
და როგორ შეიძლებოდა ყველაფერ ამას არ გამოეწვია უკურეაქცია? ჩრდილოეთ კავკასიის კონსოლიდაცია და საბრძოლო შემართება მტერთან ბრძოლაში. ქარიზმატული ლიდერის - შამილის გამოჩენამაც არ დააყოვნა. ბრძოლებში გამარჯვებასთან ერთად ძლიერდებოდა კავკასიელთა თვითშეგნება, რომლის ქვაკუთხედი ისლამი, მიურიდიზმი და შარიათის ნორმების მკაცრი შესრულება გახდა. ყველაფერი ეს შამილის ”რკინის ხელითა” და მისი ”პირადი” ჯალათის ხმლით იყო ”შედუღაბებული”. შამილმა შემოიღო სავალდებულო სამხედრო სამსახური და შეუდგა რეგულარული არმიის შექმნას. განდევნა და გაანადგურა რუსი სამხედრო პრისტავები თუ პრორუსულად განწყობილი დაღესტნელი ხანები. მან სანაიბოებიც შექმნა, როგორც მომავალი სახელმწიფოს ახალი ადმინისტრაციული ერთეულები.
გენერალ ერმოლოვის ტაქტიკა - არც თუ ისე დიდი დანაკარგებით, ერთიმეორის მიყოლებით თითოეული აულის, კლანისა თუ თემის განადგურება, ეფექტური იყო მანამდე, სანამ შამილი გამოჩნდებოდა. შამილი, რომელმაც შეძლო ერთი შეხედვით შეუძლებელი, ტრადიციულად ჭრელი, ერთმანეთთან დაპირისპირებული ჩრდილოკავკასიელი ხალხების მძლავრ სამხედრო-პოლიტიკურ ”მუშტად” გაერთიანება. და როგორც თანამედროვე რუსი მკვლევარი ბ. სობოლევი აღნიშნავს: ”სანამ მეფის რუსეთის სტრატეგებმა გამოიღვიძეს უკვე გვიანი იყო. კავკასიელ მთიელთა პირველი და ჯერ-ჯერობით უკანასკნელი სახელმწიფო - იმამატი რეალობად იქცა.
ის, რაც XX საუკუნის მიწურულს ვერ შეძლო ასლან მასხადოვმა, XIX საუკუნის პირველ ნახევარში მოახერხა შამილმა... მისმა იმამატმა მეოთხედი საუკუნე იარსება და გიგანტურმა იმპერიამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ შეძლო იმის დამარცხება, რაც ერთმა ადამიანმა - შამილმა შექმნა”.
მთიელთა „სახელმწიფოს“ დაღმასვლა მხოლოდ 1847-1848 წლებში დაიწყო, რაც დაკავშირებული იყო ერთის მხრივ კავკასიაში რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციის ზრდასთან და მეორეს მხრივ რუსების მიერ ერმოლოვისეული საომარი ტაქტიკისკენ დაბრუნებასთან (კავკასიელ მთიელებზე მეთოდურ, შერჩევით სამხედრო ზედაწოლასთან ერთად, ტყეების გაკაფვისა და კონომიკური ბლოკადის გამოყენების მეშვეობითაულების რკალში მომწყვდევა და მათი მოწყვეტა საარსებო წყაროებისა და სარჩო-საბადებლისაგან). უნდა ითქვას ისიც, რომ იმამატის რეგულარული არმიის შექმნამ, წინა პერიოდების პარტიზანული შენაერთებისაგან განსხვავებით, შამილი უზარმაზარ რუსულ არმიასთან მსხვილმასშტაბიანი ბრძოლების აუცილებლობამდე მიიყვანა, რაც მთიელთა შესაძლებლობებს აღემატებოდა.
ვერ მოხერხდა ყირიმის ომში დასავლეთის სახელმწიფოთა ჩართვის შედეგად რუსეთის არმიის დიდი ნაწილის კავკასიიდან ყირიმში გადასროლის გამოყენებაც. სწორედ ამ პერიოდში გაღვივდა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის პოლიტიკური წრეებში ინტერესი შამილის იმამატის მიმართ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში შამილი ევროპული ქვეყნების ბუნებრივ მოკავშირედაც კი მოიაზრებოდა. მით უმეტეს, რომ ყირიმის ომის დასრულებისთანავე რუსეთი დიპლომატიურ იზოლაციაში მოექცა. პარიზის კონფერენციაზე დამტკიცებული საზავო ხელშეკრულების პირობები მძიმე გამოდგაიმპერიისათვის. რუსეთმა დაკარგა ყარსი და შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტის ყოლის უფლება. თუმცა, იმავე კონფერენციაზე რუსულმა დიპლომატიამ არცთუ უმნიშვნელო გამარჯვებაც იზეიმა. პარიზის კონფერენციამ არ დაუჭირა მხარი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის, ლორდ კლარენდონის წინადადებას ჩრდილოეთ კავკასიაში მთიელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის, ანუ შამილის იმამატის დიპლომატიური ცნობის შესახებ.
შამილისადმი ინტერესი ევროპაში სწრაფად გაქრა. რუსეთის ახალმა მონარქმა ალექსანდრე მეორემ კი ყირიმის ომის დამთავრებისთანავე ჩრდილოეთ კავკასიაში არნახული სამხედრო ძალა - 250 000 ჯარისკაცი გადაისროლა.
შედარებისათვის: 250 000 ჯარისკაცი ეს არის ორჯერ მეტი 1970-80 იან წლებში ავღანეთში მყოფ საბჭოთა ჯარებზე და თითქმის ხუთჯერ მეტი რუსეთის ფედერალური ჯარების დაჯგუფებაზე ჩეჩნეთში 2001 წელს... კავკასიის საბოლოო დაპყრობისათვის რუსეთის ახალგაზრდმა მეფემ სახელმწიფო ბიუჯეტის 20% გამოყო (შედარებისათვის, ჩეჩნეთის სამხედრო კამპანია რუსეთის ფედერაციას სახელმწიფო ბიუჯეტის მხოლოდ 10% უჯდებოდა)...
1856-1857 წლებში დაიწყო ბარიატინსკის კონცენტრირებული შეტევა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაზე. საქართველოს, ჩეჩნეთისა და დაღესტნის მხრიდან იმამატის გულისაკენ დაიძრა უზარმაზარი მრავალათასიანი არმია... შამილი ისეთ მჭიდრო რკალში მოაქციეს, რომ თითოეულ ჯარისკაცზე საზღვრის სამი მეტრი მოდიოდა. მთიელთა არმიამ ვერ შეძლო ასეთი შემოტევის შეჩერება... ამასთან, ბარიატინსკიმ, შეიძლება ითქვას, რომ იყიდა კავკასიელი მთიელები. ის პირადად ჩამოივლიდა ხოლმე აულებს ხაზინადართან ერთად შამილის მერყევ ქვეშევრდომთა მოსასყიდად მაშინ, როდესაც რუსი მხედართმთავრისაგან განსხვავებით იმამს აულებში მხოლოდ პირადი ჯალათი ახლდა უზარმაზარი ხმლით... შამილის ბანაკში მასობრივი ღალატი დაიწყო. ნაიბები ერთი-მეორის მიყოლებით გადადიოდნენ რუსების მხარეზე... სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს ისიც, რომ კავკასიის ომის დასრულებისთანავე, საკუთარი ადმინისტრაციული ერთეულების ფარგლებში ყველა ნაიბმა შეინარჩუნა ხელისუფლება, მაგრამ უკვე რუსეთის ჩინოვნიკების რანგში.
იმამატის ბედი გადაწყდა. შამილს ისღა დარჩენოდა, ასეთი სიტყვებით მიემართა ბარიატინსკისათვის: ”მე უბრალო ადამიანი ვარ, რომელიც 30 წელი იბრძოდა რელიგიისათვის, მაგრამ ჩემმა ხალხებმა მიღალატეს, ნაიბები კი გაიქცნენ. მეც გადავიღალე. მოხუცი ვარ უკვე, 63 წლის. გილოცავთ გამარჯვებას და გისურვებთ წარმატებებს მთიელთა მმართველობის საქმეში მათსავე საკეთილდღეოდ”.
XIX საუკუნის კავკასიის იმი დასრულდა. ითვლება, რომ ეს ომი ყველაზე უფრო ხანგრძლივია რუსეთის მიერ წარმოებულ ომებს შორის. რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგებმა ბრძოლის ველზე შეადგინეს 96 275 ადამიანი, მათ შორის 4050 ოფიცერი და 13 გენერალი. რუსეთის არასაბრძოლო დანაკარგები (სიკვდილობა ეპიდემიებისა და ჭრილობების გართულებებით) მინიმუმ სამჯერ აღემატებოდა საბრძოლოს. კავკასიის ომმა დიდი ზარალი მიაყენა საფინანსო სისტემას. ქვეყანა გაკოტრების პირას აღმოჩნდა, რითაც მნიშვნელოვნად დაჩქარდა ალექსანდრე მეორის რეფორმები და ბატონყმობის გაუქმება რუსეთის იმპერიაში. კავკასიელ მთიელთა დანაკარგები არავის დაუთვლია. თუმცა, რუს მხედართმთავართა ანგარიშებს თუ დავუჯერებთ გამოდის, რომ ჩრდილოეთ კავკასიის მთელი მოსახლეობა კავკასიის ომში მთლიანად განადგურებულა, თანაც – რამდენჯერმე...
XIX საუკუნისაგან განსხვავებით, XX საუკუნის მიწურულისა და XXI საუკუნის დასაწყისის რუსეთის ფედერაცია ნამდვილად აღარ წარმოადგენს ”განვრცობად” იმპერიას.რუსეთი სერიოზულად ჩამორჩება მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს, აშშ–სა და ევროკავშირს.
რუსი ანალიტიკოსების აზრით, „უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში რუსეთი იძულებული შეიქნა ორჯერ შეემცირებინა საკუთარი გავლენის სივრცე, დატოვა რა, ჯერ სოციალისტური ბანაკი, შემდგომ კი ყოფილი საბჭოთა განაპირა რესპუბლიკები. საკუთრივ რუსეთის ტერიტორია უკვე ის უკანასკნელი პერიმეტრია, რომლის დატოვება უბრალოდ შეუძლებელია... საბჭოთა კავშირის დაშლამ აშკარა გახადა, რომ რუსეთი „განლევად იმპერიად“ გადაიქცა... და შესაბამისად მისი გავლენის სფეროთა საზღვრების შემდგომი შემჭიდროვება წარმოუდგენელია. თავის გადასარჩენად რუსეთს რჩება ერთადერთი გზა – მის განკარგულებაში დარჩენილი სივრცის კონცენტრაცია, ვინაიდან... „განლევადი იმპერიის“ საგარეო პოლიტიკა მხოლოდ უკანდახევა, დანაკარგების მინიმიზაცია, ხარჯების მინიმიზაცია და საპასუხო კონტრთამაშის ძებნა შეიძლება იყოს“.
მაშასადამე, დემოგრაფიული კრიზისი სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტული ამოცანის შესრულების - პოსტ-საბჭოურ სივრცეზე მისი უპირობი ლიდერობის უზრუნველყოფისა და საბოლოო ჯამში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ”რუსულ წიაღში” დაბრუნების გზაზე. შემთხვევითი არ არის დობრენკოვისა და ა. დუგინის აზრი იმის თაობაზე, რომ”...რუსეთმა უნდა განახორციელოს დსთ-ს ქვეყნების მტკიცე ინტეგრაცია ზეეროვნული ტიპის კავშირის (ევრაზიული კავშირის) ფარგლებში და ამ კავშირის საფუძველზე შექმნას ერთიანი, შეკრული პოლიტიკურ-ეკონომიკური და სამხედრო-სტრატეგიული სტრუქტურა”.
საინტერესოა, თუ რა ადგილი უკავია რუსეთის ზემოაღნიშნულ ამოცანასთან მიმართებაში სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს. ასევე მიზანშეწონილი იქნებოდა იმის გარკვევა თუ რა მსგავსებები თუ განსხვავებები არსებობს XIX საუკუნის მეფის რუსეთისა და თანამედროვე რუსეთის საგარეო-პოლიტიკურ მისწრაფებებს შორის.
ზემოდ უკვე გვქონდა საუბარი იმაზე თუ რაოდენ განსხვავებული რესურსებით უხდებოდა ”ძველ” და უხდება ”ახალ” რუსეთს საკუთარი გავლენის სფეროების გაფართოება. აქედან გამომდინარე, რუსი ანალიტიკოსები სავსებით ლოგიკურად მიდიან იმ დასკვნამდე, რომ დღეს, დემოგრაფიული რესურსის სიმწირის გამო, ”აღმოსავლური საკითხის“ გადაწყვეტის მიზნით გატარებული პოლიტიკის ფარგლებში: ”რუსეთი არ არის მზად, აქტიური თამაშისათვის ცენტრალურ-შუააზიური რესპუბლიკების მიმართულებით, თუნდაც ახალი გეოსოციოკულტურული პროექტების განხორციელების მეშვეობით, ისეთებისა როგორიცააამ მიწების დასახლება კვალიფიცირებული სპეციალისტებით... შესაბამისად, რუსეთს ის ღა დარჩენია მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი საგარეო-პოლიტიკური პარტნიორების, პირველ რიგში ჩინეთის პოტენციალი ცენტრალური აზიის სტაბილიზაციისა და საკუთარი ინტერესების რეალიზაციის მიზნით“.
სულ სხვაა სამხრეთ კავკასია, სადაც მოსახლეობა და ტერიტორია ბევრჯერ ნაკლებია ცენტრალურ აზიაზე. დემოგრაფიული პოტენციალით ამ რეგიონის სამივე დამოუკიდებელი სახელმწიფო ბევრად უფრო ადვილად შეიძლება გახდეს რუსეთის ”საკბილო”, რაცკარგ საშუალებას მისცემს რუსულ დიპლომატიას ბევრად უფრო აქტიურად ”ითამაშოს” ამ მიმართულებით. მით უმეტეს მაშინ, თუ ამ მიზნით... რუსეთი გამოიყენებს სხვა რეგიონული აქტორების, პირველ რიგში კი თურქეთის პოტენციალს.
თანამედროვე რუსეთის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაინც სხვაა - ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, რისთვისაც რუსი პოლიტოლოგები აუცილებლად თვლიან ერთის მხრივ სეპარატიზმთან შეურიგებელ ბრძოლას უაღრესად ხისტი, მათ შორის სამხედრო საშუალებებით და მეორეს მხრივ პოსტსაბჭოურ სივრცეზე ისეთი „უსაფრთხოების ზონების“ შექმნას, რომელიც გამორიცხავს იქ ნატოს სამხედრო ობიექტების არსებობას.
ვ. დობრენკოვი და ა. დუგინი ხაზს უსვამენ იმას, რომ „რუსეთმა არანაირ პირობებში არ უნდა დაუშვას უკრაინის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდოვის შესვლა ნატოში. და თუ რომელიმე ზემოთჩამოთვლილი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გადადგამს შეუქცევად ნაბიჯს ნატოში გაწევრიანების მიმართულებით, რუსეთმა უარი უნდა განაცხადოს მათი ტერიტორიული მთლიანობის გარანტირებაზე. ეს უკანასაკნელი კი ყოველ მიზეზგარეშე განაპირობებს მათ დანაწევრებასა და ნგრევას, რაც ერთის მხრივ ხელს შეუშლის ზემოაღნიშნულ სახელმწიფოთა ნატოში გაწევრიანებას, მეორეს მხრივ კი გხას გაუხსნის მათ რუსეთთან დაახლოებისა და შესაძლოა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სრული ინტეგრაციისაკენაც კი“.
შედარებით უფრო დიპლომატიურადაა ყველაფერი ეს ჩამოყალიბებული „რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში“, რომელიც არაორაზროვნად უშვებს იმას, რომ „ქვეყნისეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესები განაპირობებს რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნის აუცილებლობას მსოფლიოს ზოგიერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში... რამაც უნდა უზრუნველყოს რუსეთის მზადყოფნა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და ამით ხელი შეუწყოს ძალათა მდგრადი სამხედრო-სტრატეგიული ბალანსის ფორმირებას რეგიონებში... რუსეთის ფედერაციას საშუალება უნდა ჰქონდეს რეაგირება მოახდინოს კრიზისულ სიტუაციაზე, მის საწყის ფაზაში... რისთვისაც სავსებით დასაშვებია სამხედრო ძალის გამოყენებაც“.
იმის გათვალისწინებით, რომ „რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში“ რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად დსთ-ქვეყნებია მიჩნეული, ორი აზრი არ არსებობას იმაზე, რომ „მსოფლიოს ზოგიერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში“ პირველ რიგში სწორედ სამხრეთ კავკასია და საქართველო მოიაზრება.
ზემოთ ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი მრავალრიცხოვან პარალელებზე „ძველი“ და „ახალი“ კავკასიური ომების დროს, რაც სრულებით არ არის შემთხვევითი. როგორც 1817-1859 წწ. „შამილის ომი“ ისე 1994-2006 წწ. „რუსულ-ჩეჩნური“ ომი „აღმოსავლური საკითხის“ გადაწყვეტის ფარგლებში რეგიონში რუსეთის სამხედრო-სტრატეგიული პოზიციების განმტკიცების მიზნით იყო წარმოებული. განსხვავება მხოლოდ ნიუანსებში გამოიხატება, რაც ძველი და ახალი რუსეთის ეკონომიკურ პოტენციალსა და დემოგრაფიული რესურსს შორის არსებული სხვაობით არის განპირობებული.
მე-19 საუკუნეში, „განვრცობადი ტიპის“ რუსეთის იმპერიის მიერ წარმოებული კავკასიური ომის მიზანი იყო იმ დროისათვის მის შემადგენლობაში უკვე ინკორპორირებული და მეტად მნიშვნელოვანი სამხრეთ კავკასიასა და მეტროპოლიას შორის უსაფრთხო ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიური სატრანსპორტო საკომენიკაციო დერეფნის შექმნა და „სამხრეთისაკენ“ ექსპანსიის გაგრძელება „აღმოსავლური საკითხის“ გადაწყვეტის მიზნით გატარებული პოლიტიკის ფარგლებში.
თანამედროვე,უკვე „განლევადი ტიპის იმპერიას“ - რუსეთის ფედერაციას ჩეჩნეთთან ომის დაწყების ორი და უფრო მოკრძალებული მიზანი ჰქონდა. პირველი - რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა ყველა, მათ შორის სამხედრო, საშუალებებით ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში მომძლავრებული სეპარატიზმის ნებისმიერი გამოვლინებების დათრგუნვის მეშვეობით და მეორე - „აღმოსავლური საკითხის“ გადაწყვეტის მიზნით გატარებული პოლიტიკის ფარგლებში სამხრეთ კავკასიაში რუსეთისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო ბუფერული ზონის შექმნისათვის წინაპირობების მომზადება, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში რუსული სამხედრო-პოლიტიკური გავლენის შემდგომი ზრდის პერსპექტივის შენარჩუნების მიზნით.
„კავკასიური ომის“ დაწყებისათვის, 1817 წელს საქართველო უკვე რუსეთის ნაწილია. იმპერიას შემომტკიცებული აქვს ქართლ-კახეთი და წარმატებით ასრულებს დასავლეთ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დიდი ნაწილის ანექსიას. შესაბამისად XIX საუკუნისკავკასიურ ომში საქართველო,რუსეთისათვის შიდა-პოლიტიკური ფაქტორის როლს ასრულებდა.
თბილისში იყო განლაგებული რუსეთის კავკასიური არმიის შტაბი და სამხედრო - პოლიტიკური ხელმძღვანელობა მთავარმმართებლის შტაბ-ბინის სახით. როგორც წესი, სწორედ საქართველოს მხრიდან იწყებოდა ხოლმე 25–წლიანი კავკასიური ომის განმავლობაში მრავალათასიანი რუსული ჯარის ყველა შეტევა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით, ომის ფინალური „აკორდის“ ბარიატინსკის კონცენტრირებული შეტევის ჩათვლით.
მაშასადამე, საქართველოსა და მისი ტერიტორიის უდიდესი და გადამწყვეტი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა 1817-1859 წლების კავკასიურ ომში უდაოა.უფრო მეტიც, რუსეთის არმიაში ტრადიციულად მრავალრიცხოვან, ქართველ არისტოკრატებისაგან შემდგარ ოფიცერთა კორპუსთან ერთად,კავკასიის ომში ე.წ. ქართული მილიციაც ანუ მოხალისეთაგან შემდგარი ლაშქარიცკი მონაწილეობდა.
ზემოაღნიშნული თვალსაზრისით ნიშანდობლივია რუსეთის არმიის კავალერიისგენერლის, თავად ნიკოლოზ ჭავჭავაძის მაგალითი. სამხედრო სამსახური მან 1846 წელს დაიწყო, სწორედ ქართულ მილიციაში,რომელიც იცავდა კახეთს შამილის რაზმების თავდასხმებისაგან. მთიელ ხალხებთან ბრძოლებში მონაწილეობისათვის ნიკოლოზ ჭავჭავაძემ მრავალი ჯილდო მიიღო, მათ შორის წმინდა გიორგის ჯვარი – თავად რუსეთისიმპერატორისგან. თავი გამოიჩინა ბაშკადიკლარისა და ჩოლოქის ბრძოლებში. 1859წელს, ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის და მორჩილების შემდეგ, იგი დანიშნეს ჯერ დარგუს ოლქის მმართველად, შემდგომ კი დაღესტნის ოლქის უფროსად.
არც მთიელები დარჩენილან ქართველებთან „ვალში“.შამილის ჯარები ხშირად ესხმოდნენ თავს საქართველოს და არბევდნენ კახეთს. 1854 წელს კი შამილის შვილმა ღაზი-მუჰამედმა ააოხრა წინანდალი და ტყვედ აიყვანა თავად ჭავჭავაძის მეუღლე და ოთხი შვილი.
აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება შეიქმნა რუსულ-ჩეჩნური ომის დროს. საქართველო, როგორც სუვერენული სახელმწიფო, უკვე საგარე-პოლიტიკური აქტორის როლს ასრულებდა, რაც „ახალ“ კავკასიურ ომში, „ძველ“ ომთან შედარებით გაცილებით უარეს სამხედრო-სტრატეგიულ ვითარებას უქმნიდა რუსეთის არმიას.
რუსეთის ფედერაციამ, მრავალრიცხოვანი მცდელობების მიუხედავად, ვერც ერთხელ ვერ მოახერხა ჩეჩნეთის ომის წლებში (1994-2004) საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაყოლიება ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო ოპერაციებისათვის საწარმოებელ პლაცდარმად გამოყენებასა თუ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული არმიის ნაწილების გატარებაზე. უფრო მეტიც, კრემლი მუდმივად ბრალს დებდა საქართველოს „ტერორისტების მომზადებასა“ და მათთვის თავშესაფრის მიცემაში პანკისის ხეობაში.
მაშასადამე, თუ 1817-1859 წწ. წარმოებულ კავკასიურ ომში საქართველო რუსეთისათვის ძირითადი დასაყრდენისა და ომის წარმოებისათვის აუცილებელი პლაცდარმის როლს ასრულებდა, საქართველოს ტერიტორიის ჩეჩნეთის ომისათვის პლაცდარმად გამოყენების მცდელობის ჩავარდნის შემდეგ რუსეთი „აღმოსავლური საკითხის“ გადაწყვეტის მიზნით წარმოებული თავისი პოლტიკის ფარგლებში, საქართველოს განიხილავდა და განიხილავს დღესაც, როგორც სერიოზული საფრთხის შემცველ ფაქტორს საკუთარი ეროვნული ინტერესებისათვის და პირველ რიგში სწორედ ჩრდილოეთ-კავკასიაში. ამასთან ერთად, საქართველოს მკვეთრად გამოხატული პრო-დასავლური საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციიდან გამომდინარე, რუსეთი ასევე სერიოზულადაა შეშფოთებულითავისი უახლოესი სამხრეთი მეზობლის ტერიტორიაზე ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის რაიმე ელემენტის გამოჩენის პერსპექტივით, რაც რუსული პოლიტიკური თვალთახედვიდან გამომდინარე პირდაპირ კავშირშია ჩრდილოეთ კავკასიაში დაძაბულობისა და ანტირუსული სამხედრო კონფრონტაციის ზრდის საშიშროებასთან.
ამიტომაც უნდა იყოს რუსეთთან მიმართებაში ქართული საგარეო პოლიტიკა უშეცდომო, დაბალანსებული, მოქნილი და ამავე დროს – მტკიცე.
რაც შეეხება რუსეთს, ვიქონიოთ იმის იმედი, რომ რომ რუსულ პოლიტიკაში საქართველოსთან მიმართებაში რაციონალური საწყისი იმძლავრებს. ისეთი როგორისაკენაც მოუწოდებდა თავის დროზე კოლეგებს დიდი რუსი დიპლომატი და პოეტი ფიოდორ ტიუტჩევი: „გაუთვლელი და უაზრო მოქმედებები უაღრესად მავნეა რუსეთის პოლიტიკისათვის, მაშინ როდესაც წარმატების მისაღწევად საჭიროა მხოლოდ საკუთარი თავის შეცნობა და მოთმინება, რათა მოსახდენი თავისით და თავის დროზე მოხდეს“.