ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის არსებული დაპირისპირება ნათობის ფასის კიდევ უფრო გაძვირებას გამოიწვევს, ამის შესახებ “2020NEWS“ -თან უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ირანისა და ერაყის ტერიტორიებზე ნავთობის უზარმაზარი მარაგები მდებარეობს, შესაბამისად, ამ ტერიტორიებიდან ნავთობის ექსპორტის შეფერხება ნავთობზე ფასის ზრდას ხელს შეუწყობს.
“უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ერაყისა და ირანის ტერიტორიაზე ნავთობის უზარმაზარი მარაგები მდებარეობს. სვადასხვა მონაცემების მიხედვით, ირანის ტერიტორიაზე ნავთობის პოტენციური მარაგების მოცულობა შეადგენს, დაახლოებით, 12 მილიარდ ტონას, ერაყის ტერიტორიაზე კი - 15 მილიარდ ტონას.
21-ე საუკუნის პირველი დეკადის მონაცემების მიხედვით, სპარსეთის ყურეში ირანისა და ერაყის ტერიტორიების ჩათვლით, მდებარეობს მსოფლიო ნავთობის მარაგების 66,4%.
აქედან გამომდინარე, ირანიდან და ერაყიდან ნავთობის ექსპორტის შეფერხება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდას გამოიწვევს. ამ სიტუაციით რუსეთი ხელს მოითბობს, რადგან 39% რუსეთის ბიუჯეტი ნავთობის ექსპორტის შედეგად ივსება“,- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ექსპერტის თქმით, გლობალურ ეკონომიკაზე ნავთობის ფასის ზრდა უფრო უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე ოქროზე ფასის მომატება.
“ირანი მაინცდამაინც ოქროს საბადოებით მდიდარი ქვეყანა არ არის. დღეს ოქროს ფასი საერთაშორისო ეკონომიკაზე ისე უარყოფითად არ მოქმედებს, როგორც ნავთობის ფასი“,- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
შეგახსენებთ, “ბლუმბერგის“ მონაცემების მიხედვით, ირანის მიერ აშშ-ერაყის ბაზებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასმა 5%-ით მოიმატა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
კერძოდ, ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) ერთი ბარელი Brent ტიპის ნავთობის ფასმა 5 პროცენტზე მეტით (3.48 დოლარით) მოიმატა და 71.75 დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - ერთი ბარელი West Texas Intermediate (WTI)-ის ნავთობის ფასი 4.7% პროცენტით (2.95), 65.65 დოლარამდე გაიზარდა.
ამასთან, ირანის მიერ ერაყში აშშ-ერაყის სამხედრო ბაზებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, ერთი უნცია ოქროს ფასმა 1 ათას 600 აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.