ლაგაზიძე კიევის შეხვედრაზე: ეს „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს და საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზაციას გამოიწვევს

ლაგაზიძე კიევის შეხვედრაზე: ეს „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს და საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზაციას გამოიწვევს

„ამას ხელისუფლება სათავისოდ აუცილებლად გამოიყენებს, კერძოდ იმისთვის, რომ ოპოზიციაზე კვლავ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო შეტევა გაშალოს და თქვას, რომ ეს ოპოზიცია და მთელი ეს აქციები კვლავ მიხეილ სააკაშვილისგან იმართება," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციის ლიდერების მიხეილ სააკაშვილთან კიევში შეხვედრას და მსგავსი ნაბიჯების გავლენას ოპოზიციის იმიჯზე.

შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს კიევში გუბაზ სანიკიძე და ვალერი გელბახიანი მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. საზოგადოების ნაწილმა ეს შეხვედრა კრიტიკულად შეაფასა და მიიჩნია, რომ ასეთი ნაბიჯები ოპოზიციას მხარდაჭერას დააკარგინებდა.

ლაგაზიძე ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან ასეთი ნაბიჯები მმართველი პარტიის წისქვილზე დაასხამს წყალს.

„უპირველეს ყოვლისა, ამას ხელისუფლება სათავისოდ აუცილებლად გამოიყენებს. კერძოდ იმისთვის, რომ ოპოზიციაზე კვლავ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო შეტევა გაშალოს და თქვას, რომ ეს ოპოზიცია და მთელი ეს აქციები კვლავ მიხეილ სააკაშვილისგან იმართება და ეს ხალხი იმიტომ ჩავიდა იქ, რომ სააკაშვილისგან ინსტრუქციები ჩამოეტანა.

„ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ვიზიტი „ქართული ოცნების" წისქვილზე ნამდვილად დაასხამს წყალს და საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზაციას შეუწყობს ხელს. დღეს „ქართული ოცნების" საციცოცხლო ინტერესია, რომ ეს აქციები „ნაციონალურ მოძრაობას" გადააბრალოს, ეს პოლიტიკური სივრცე კვლავ ორი ძირითადი მოთამაშის ამარა დატოვოს და ყველა დანარჩენი ძალის შემოსვლის პერსპექტივა ჩაკლას", - აცხადებს ლაგაზიძე.

იგი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი იმედგაცრუებას გააღრმავებს საზოგადოების იმ ნაწილში, რომელთაც თავიანთი ფავორიტი პარტია არ ჰყავს.

„რაც შეეხება იმას, ეს ფაქტი დააკარგინებს თუ არა ოპოზიციას ამომრჩეველს, „ნაციონალურ მოძრაობას" რა თქმა უნდა არ დააკარგინებს. დანარჩენ ოპოზიციას რაც შეეხება, ასე ცალკეულ პარტიებზე რა თქმა უნდა არ იმოქმედებს.

„სამაგიეროდ, იმედგაცრუებას გააღრმავებს მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელთაც თავისი ფავორიტი პარტია არ ჰყავთ და სწორედ ამიტომაც არ გამოდიან ქუჩაში და რომელიც ახლა გაფაციცებული ეძებს პარტიას თუ პოლიტიკურ ძალას, რომლის მხარდაჭერის სურვილიც 2020 წელს გაუჩნდება.

„ეს ვიზიტი დამანგრეველ გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, იმედგაცრუებას აღრმავებს და ისეთი ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე „ქართულ ოცნებას" მისცეს ხმა, მაგრამ დღეს კატეგორიულად აღარ არიან მისი ამომრჩევლები, ასეთ ადამიანებს აშორებს ოპოზიციას", - აცხადებს ლაგაზიძე.