დასავლელი პარტნიორები მზაობას გამოთქვამენ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებებში ჩაერთონ. ოპოზიციონერ ლიდერებს ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე ჰქონდათ ევროკავშირის წარმომადგენლებთან და დიპლომატებთან, თუმცა, მმართველი გუნდში ამაზე მსჯელობა ამ დრომდე არ ყოფილა.
როგორც „რეზონანსთან" საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ფორმატზე დისკუსიას დახურულად მიიჩნევს, გამორიცხული მაინც არაფერია.
პირველი განცხადება იმის შესახებ, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან დასავლელი შუამავლების მონაწილეობით მოლაპარაკების დაწყებას გეგმავს, 26 ნოემბერს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.
ეს ინფორმაცია დაადასტურა „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძე, რომელმაც „რეზონანსს" განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება" ამას დასთანხმდება, დასავლელი პარტნიორები მზად არიან ორ მხარეს შორის შუამავალის როლი ითამაშონ.
„ისინი დაინტერესებული არიან, რომ ამ დიალოგში მიიღონ მონაწილეობა. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ შევხდით დიპლომატებს, ევროკავშირის წარმომადგენლებს და მათთან იყო ამაზე საუბარი.
„ხელისუფლება წამოვა თუ არა დიალოგზე, ეს ივანიშვილის გადასაწყვეტია და არცერთი სხვა ადამიანის. თუ არ წამოვა, არ არის პრობლემა. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან პიკეტირებას სანამ არ ჩამოიშლებიან. არჩევანი მათი გასაკეთებელია, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.