გრიგორი კარასინი იმედოვნებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებული ვითარება „მალე მოგვარდება“ – მის შესახებ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით sputnik-ის ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კონტაქტები სხვადასხვა ხაზით შედგა. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს თემა ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში შედის, რომლის თანათავმჯდომარეებიც რეგიონს სტუმრობენ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს არსებულ ვითარებას და ვიმედოვნებთ, რომ ის მალე მოგვარდება”, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
5-თვიანი პაუზის შემდეგ გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხვალ პრაღაში გაიმართება.
განსახილველ თემებს შორის იქნება სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობა, სატრანსპორტო სფეროში არსებული ვითარება, ჰუმანიტარული კონტაქტები და სხვა საკითხებიც იქნება, მათ შორის სპორტული კავშირები.
„მოლაპარაკების მონაწილეების შემადგენლობა უცვლელია. ესენი იქნებიან ტრანსპორტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ასე რომ, ვემზადებით მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ მზაობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებასთან დაკავშირებით, რათა წინ წავიდეთ და კონკრეტულ შედეგებს მივაღწიოთ,“ – განაცხადა კარასინმა.
შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატში მოლაპარაკება ივნისის მოვლენების შემდეგ აღარ გამართულა, რომელთა შემდეგ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლაც შეწყდა.