მამუკა მდინარაძე: ,,სახალხო დამცველი თავის ფუნქციას კი არ ასრულებს, პოლიტიკით არის დაკავებული

მამუკა მდინარაძე: ,,სახალხო დამცველი თავის ფუნქციას კი არ ასრულებს, პოლიტიკით არის დაკავებული"  

„სახალხო დამცველი თავის ფუნქციას კი არ ასრულებს, პოლიტიკით არის დაკავებული", - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტვ „პირველის" თოქშოუში „რეაქცია".

ამის დასტურად მდინარაძემ მოიყვანა ციტატები ნინო ლომჯარიას განცხადებებიდან.

„ქართული ოცნება არის მატყუარა და ისეთი პარტნიორი, რომელსაც არ შეიძლება ენდო" - ეს სიტყვები ეკუთვნის საქართველოს სახალხო დამცველს. იგი ასევე აკეთებს განცხადებას, რომ „პარლამენტის პიკეტირება უკანონოა და ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებლები, ვინც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირა". ვერ თქვა, რომ პარლამენტის პიკეტირება უკანონო არ არისო, მაგრამ ამაზე მაინც ესენი არიან პასუხისმგებელიო", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ასეთ განცხადებას აკეთებს ადამიანი, რომლის არჩევის დროს ყოველგვარი პოლიტიკური წარმოდგენა გვერდზე გადაიდო.

„არასდროს გვიფიქრია, რომ სახალხო დამცველი, ინსტიტუტის წარმომადგენელი, რომელიც ჩვენთვის არასდროს ყოფილა ბუტაფორია, ჩვენი პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით აგვერჩია. ეს ადამიანი, რომლის არჩევის დროს ყოველგვარი პოლიტიკური წარმოდგენა გვერდზე გადავდეთ დღეს ასეთ განცხადებას აკეთებს. თქვენ ტენდენციაზე და ვიღაცის განცხადებაზე მეკითხებოდით, მე უფრო ცუდი და აშკარა მაგალითი მოვიყვანე იმისა, როგორ შეიძლება ადამიანი უცებ გახდეს ძალიან ტენდენციური", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ