თამარ ჩერგოლეიშვილი : “გამოცდილი და გადამოწმებული მაქვს… ვიცი, რასაც ვამბობ…”

თამარ ჩერგოლეიშვილი : “გამოცდილი და გადამოწმებული მაქვს… ვიცი, რასაც ვამბობ…”

ჟურნალისტი, ‘ტაბულას’ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე, “გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, “ენმ-მ დადოს გარანტიები, რომ ძალოვანებზე მათი კონტროლი არ იქნება, ეს აფრთხობს ხალხს”.

“დღევანდელი ენმ-ის მიმართ ჩემი დამოკიდებულება საქვეყნოდ ცნობილია.

“ძალოვანი” (ეს სიტყვა მძულს, რუსულიდანაა დამკვიდრებული და პათოსიც რუსულია) კი არა, თვითლიკვიდაცია რომ გამოაცხადონ, ეგეც გამიხარდება.

მაგრამ ზურა ჯაფარიძის მოწოდება გამოუცდელი კაცის თავხედობას ჰგავს:

  1. თუ სისტემა იგივე დარჩა და ენმ-მ არჩევნები მოიგო ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხმა ასე გადაწყვიტა და მანდატი მიიღო შექმნას მთავრობა.

ანუ მე, ზურას და ჟუჟუნას არავინ გვკითხავს.

  1. თუ სისტემა პროპორციულით შეიცვალა და პარლამენტი ხაჭაპურივით განაწილდა, იქ ყველაფერი იმაზეა, ვის რამხელა ნაჭერი შეხვდა.

აი, აქ შეიძლება უკვე პირობებზე საუბარი – ოღონდ არა ახლა, არამედ როდესაც ხმები დაითვლება.

თუ ზურას ხმები გადამწყვეტი აღმოჩნდა – შეძლებს პირობის დაყენებას.

  1. ანუ ვისაც “ნაცები” არ გვინდა, “ნაცებს” უნდა ვაჯობოთ – თვითლიკვიდაცია კი არ უნდა მოვთხოვოთ.

მარტივია.

P.S. და კიდევ ერთი, სულ რომ დედაზე დაიგინოს მიშამ საჯაროდ, მაინც არ შეასრულებს პირობას.

ასე დაიგინა 2016 წელსაც, პრემიერობა არ მინდაო და მელიამ საჯაროდ რომ თქვა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე შანტაჟი დაგვიწყო – თუ უკან არ წაიღებთ მაგ განცხადებას, რუსთავზე გამოვალ და მოღალატეებს დაგიძახებთო.

ანუ მიშას დაპირებებს არანაირი აზრი და ძალა არ აქვს. უფრო მეტიც, შარში გაგხვევს, ამომრჩეველს რაღაცას დაპირდები, ის გადაგაგდებს (თუ სხვებზე წინ იქნა) და ჩვენც გადამგდებები გამოვალთ.

მასთან ერთად პასუხისმგებლობა არანაირ დაპირებაზე არ უნდა აიღოს გონიერმა ადამიანმა.

გამოცდილი და გადამოწმებული მაქვს. ვიცი, რასაც ვამბობ” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

გთავაზობთ “გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას:

“მნიშვნელოვანია, კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დაიდოს გარანტიები, რომ თოფიანი ხალხი – პროკურატურა, სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იქნება მათი კონტროლის ქვეშ. ეს მგონია ძალიან მნიშვნელოვანი. მთავარი, რაც აფრთხობს ჯერ კიდევ ადამიანებს, არის სწორედ ის, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ხელში ისევ შეიძლება აღმოჩნდეს თოფიანი ადამიანები და ამ ადამიანების ეშინიათ. შესაბამისად, არის საჭირო გარანტიები იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს და ეს არის გასაკეთებელი რაც შეიძლება სწრაფად ” – განაცხადა ჯაფარიძემ.