ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კიევში ვიზიტს “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება.
“გიორგობა საქმიან რეჟიმში გავატარე. ამაღამ, გადავხედე-ჩავუჯექი სრულიად განსხვავებული პოლიტგემოვნების საღად მოაზროვნეთა, ჩემთვის გასათვალისწინებელთა სტატუსებსა და აღქმებს. შეთქმულების თეორიებში არასოდეს შევდივარ. სანიკიძე-გელბახიანის კიევში ‘გიორგობა’ მიშასთან იყო ‘ქოცნებისთვის’ ლანგარზე მირთმეული დესერტი. აწი დაქირავებული ათეული ოპოაქტივისტების გუგებგაფართოებული წივილ-კივილი ვეღარაფერს შეცვლის.
სრულიად გამონაკლისი შემთხვევა, როცა გიორგი გაბუნიას ბოლო ვიდეომონოლოგს ვეთანხმები – ქარიზმატული, პრინციპული ლიდერები ოპოზიციაში არაა და პოლიტიკურად გაკოტრებულნი, საკუთარი გაუთვლელი ნაბიჯებით შორს ვერ წავლენ. თუმცაღა, შეიძლებოდა სამართლიანი პროტესტის კრეატიულად წარმართვა. ვნახავთ აწი თვითგაბანძებას. ხაზგასმით – პროტესტი სამართლიანია, მაგრამ ვინ ჰყავთ ფლაგმანად? გადაფხიკე და მიშა კი არა და უკვე გადაფხეკილ-ჩაკარგული მიშა. აგერ თქვენ და აგერ ეს სტატუსი,” – დაწერა გია აბაშიძემ სოციალურ ქსელში.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში უმასპინძლა ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის, “გამარჯვებული საქართველოს” წევრებს, „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ ყოფილ ლიდერს გუბაზ სანიკიძესა და საქართველოს პარლამენტის ექსდეპუტატს, ვალერი გელბახიანს. შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქის’ პირად გვერდზე გამოაქვეყნა.