კალაძე : “ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანამატები სიცრუის ტირაჟირებას ცდილობენ

კალაძე : “ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანამატები სიცრუის ტირაჟირებას ცდილობენ

პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, საგანგებო ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციისთვის იურიდიული საბაბის შექმნას ცდილობენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანამატები ფიზიკური დესტრუქციისთვის იურიდიული საბაბის შექმნას ცდილობენ და გვთავაზობენ ე.წ. გერმანულ მოდელს, რომელიც მათი მტკიცებით, თითქოს არ ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას. აქ ნათლად იკითხება „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეული ხელწერა, რომელიც სიცრუის ტირაჟირებით ცდილობს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ეს არის შეგნებული სიცრუე, რაც უმარტივესი სამართლებრივი, ლოგიკური და არითმეტიკული ანალიზითაც კი დასტურდება. შესაბამის არგუმენტებს აქტიურად ვუზიარებთ საზოგადოებას და მზად ვართ, ეს არგუმენტები ყველა დაინტერესებულ პირს სხვადასხვა საჯარო პლატფორმის მეშვეობით წარვუდგინოთ.

შეგახსენებთ, რომ ამ პროცესს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა განშტოებებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. დღესაც სწორედ ეს ადამიანები, ზუსტად იგივე შემადგენლობით, დგანან ქუჩაში და კანონსაწინააღმდეგო დესტრუქციული ნაბიჯებით ცდილობენ, პრობლემა შეუქმნან ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას. ეს ის გუნდია, რომელმაც 2008 წლის მარტში ხალხის გადაწყვეტილების, ანუ რეფერენდუმის შედეგების რევიზია, საპარლამენტო კენჭისყრის გზით, საკუთარი ვიწროპარტიული და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე განახორციელა და მაჟორიტარული კომპონენტი გააძლიერა, კერძოდ – 50 მაჟორიტარული მანდატი 75-მდე გაზარდა, ხოლო პროპორციული წესით ასარჩევი 100 დეპუტატის რიცხოვნობა 75-მდე შეამცირა. ეს ის გუნდია, რომელმაც 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას, საარჩევნო სისტემის ცვლილება განხილვის საგნადაც კი არ აქცია. მოგვიანებით, ამავე გუნდმა და მისმა ლიდერმა, სააკაშვილმა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ დისკუსია ტაბუდადებულ თემადაც კი გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ანტიდემოკრატიული საკონსტიტუციო ცვლილებები იმ პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ე.წ. ექსპერტების თანამონაწილეობით განხორციელდა, რომლებიც დღესაც ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ემსახურებიან და მის გვერდით დგანან. ამ პოლიტიკურ სუბიექტებს არა აქვთ არავითარი მორალური უფლება, პროპორციულ სისტემაზე დასანანი ვერგადასვლის გამო, „ქართულ ოცნებას“ რაიმე პოლიტიკური ბრალდება წაუყენონ. მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დესტრუქციული მოქმედებებისგან, დაიცვან კანონი და საკუთარი ძალისხმევა დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობისკენ მიმართონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა.