“მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ახალდაფუძნებულ არხზე ბევრად თავისუფლად გრძნობს თავს, ვიდრე “რუსთავი 2”-ზე ყოფნისას. იგი მაია ასათიანის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ წამყვანს შეეძლო ახალ არხზე სხვა გადაცემა ეკეთებინა.
"მე მაიაზე ცუდი არაფერი მითქვამს. იგი ძალიან ძლიერი “ტელევიზიონშიკია”, თუმცა, ვფიქრობ, რომ ყვითელ გადაცემებს პერსპექტივა აღარ აქვთ. ამიტომ სჯობს, სხვა რამ გააკეთოს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს არხზე ასე არ იქნებოდა და, როგორც ხედავთ, ნანუკაც გადაფორმატდა სოციალურად მწვავე ტიპის თოქ შოუდ. ვფიქრობ, ამ ჟანრმა ამოწურა თავისი თავი. მაიას გადაწყვეტილება იყო, რომ იმ არხზე დარჩა. იგი ძალიან ნიჭიერი ჟურნალისტია, კარგი და ძლიერი ადამიანი და ათასი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისევ “პროფილი” აკეთოს “რუსთავი 2”-ზე. დანარჩენი აღარაა ჩემი საქმე", - განუცხადა "სარკეს" გვარამიამ.