მეუფე გრიგოლი: საბჭოთა კავშირის მარწუხებიდან ჯერ არ ვართ გამოსული

 მეუფე გრიგოლი: საბჭოთა კავშირის მარწუხებიდან ჯერ არ ვართ გამოსული

თითქოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენს გზას დავადექით, მაგრამ იმ მარწუხებიდან ჯერ არ ვართ გამოსული, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღამისთევის მსახურების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი შეფასებით, ქართული სახელმწიფოებრიობა მძიმე პერიოდს გადის.

„ქართული სახელმწიფოებრიობა ძალიან მძიმე პერიოდს გადის თავისი არსებობის ამ 30- წლიან პერიოდში. განსაცდელები საკამაოდ არის და ჩვენ ვსწავლობთ. დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ დეკლარირებულად, მაგრამ ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ვართ შემდგარი და თავისთავად ცხადია ამ პროცესში ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. აქ იგულისხმება, როგორც საზოგადოების მდგომარეობა, ისევე ხელისუფლების. იგულისხმება როგორც შიდა საფრთხეები, ასევე გარე საფრთხეები და ამ ჭრილში ჩვენს ცხოვრებას, ჩვენი ქვენის განვითარებას რა თქმა უნდა, ხელს უშლის და წინ ეღობება ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც არის საზოგადოების დეზინფორმაცია.

მაშინ როდესაც ქვეყანა თავის განვითარების გზაზე დგას და ცდილობს გარკვეული რეფორმების გატარებას სხვადასხვა სფეროებში იმისთვის, რომ უფრო მეტი დაახლოება მოხდეს ღირებულებითად დასავლეთის სახელმწიფოებთან, აქ თავს იჩენს ისეთი დეზინფორმაცია, რომელიც დისკრედიტაციას ეწევა ზოგადად დასავლეთის, მათ შორის ეს ამერიკა იქნება თუ ევროპული სახელმწიფოები და მათ სახავს ბოროტების წყაროდ. ეს საფრთხეები მოდის სწორედ იქიდან, ვისაც აშინებს და აეჭვიანებს საქართველოს მომავალი თავისუფალი განვითარება. ჩვენ თითქოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენს გზას დავადექით, მაგრამ იმ მარწუხებიდან ჯერ არ ვართ გამოსული და გულდამშვიდებულები, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით ,"- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.