ცივილიზაციურ კონფლიქტში თუ კულტურათა დიალოგში? (ნაწილი პირველი)

ცივილიზაციურ კონფლიქტში თუ კულტურათა დიალოგში? (ნაწილი პირველი)

 

 

მითი ძველი  აღმოსავლური  საზოგადოების უძრაობისა“  და ჩამორჩენილობის“  შესახებ

როგორც ცნობილია, აღმოსავლეთი და დასავლეთი, კულტურული განვითარების თვალსაზრისით, პირველად მე-18 საუკუნეში გეორგ ჰეგელმა თავის „ფილოსოფიის ისტორიაში” დაუპირისპირა ერთმანეთს. დიდი გერმანელი ფილოსოფოსის აზრით, აღმოსავლური კულტურა, მისი წარმოების ე.წ. აზიური წესი, ხასიათდება სტაგნაციით, მმართველობის დესპოტური რეჟიმით, მიწაზე სათემო კოლექტიური საკუთრებით. ამიტომ აღმოსავლეთი მოკლებულია დამოუკიდებელი აზროვნების უნარს და ვერ იმუშავებს ცნებებს, ვერ ქმნის ღირებულებებს.

თუ ჰეგელი სამართლიანად დაგმეს იმისთვის, რომ პრუსიულ მონარქიაში პროგრესის დასასრული დაინახა, ან კიდევ, როდესაც არასწორად შეაფასა ქალის როლი პოლიტიკაში, ამ თვალსაზრისისთვის ის არავის გაუკრიტიკებია. უფრო მეტიც მან სათავე დაუდო ახალი მითის შექმნას, რომელმაც შემდგომ ევრაზიის კონტინენტის სრული პოლარიზაცია გამოიწვია.

ასე შეიქმნა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ორი განსხვავებული სოციალურ-პოლიტიკური პარადიგმა, რომელიც ჩვენს დრომდე აზრობრივი ანტონიმით ასე ვლინდება: თუ დასავლეთი არის დემოკრატია, აღმოსავლეთი დესპოტიზმი; დასავლეთი – მეცნიერული ცოდნა, რაციონალურობა, აღმოსავლეთი – ინტუიცია, სამყაროს შესისხლხორცება; დასავლეთი – დინამიზმი, განვითარება, მოძრაობა, აღმოსავლეთი – უძრაობა, სტაბილურობა; დასავლეთი – მოდერნიზაცია, ინოვაციურობა, აღმოსავლეთი – ტრადიციულობა, რიტუალი; დასავლეთი – ინდივიდუალიზმი, პიროვნება, აღმოსავლეთი – კოლექტივიზმი და ა.შ.

ცნობილია, რომ მსოფლიო კულტურის ისტორიაში დროდადრო გამოჩნდებოდა ხოლმე სხვა გეოგრაფიული ანტონიმებიც, მაგალითად, ,,ჩრდილოეთი – სამხრეთი.” სადაც ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში ჩრდილოეთი ბარბაროსებთან ასოცირდებოდა. ან კიდევ XVIII-XIX სს-ის რუსულ კულტურაში, სამხრეთი ველური სამყაროს შეგრძნებას იწვევდა (მოუხელთებელი კავკასია, „თბილი ციმბირი“, სადაც დეკაბრისტების დროიდან მსჯავრდებულებს აგზავნიდნენ, გავიხსენოთ რუსეთის მიერ მთავარმართებლად დანიშნული ეროვნებით, გადაგვარებული ქართველი, გენერალი პავლე ციციანოვიც, რომელმაც იმპერატორს ასეთ წერილი მისწერა: „მე მცხვენია, რომ ჩემს ძარღვებში ამ ველური ხალხის სისხლი ჩქეფს;“ სამხრეთის საშიშ მეზობლებად მოიაზრებოდნენ - თურქეთი და სპარსეთი, გამოუცნობი, იდუმალი და შორეული ჩინეთი და სხვ.); აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის კოლონიურ ხალხში, „მდიდარი ჩრდილოეთი“ გაიგივებული იყო ევროპულ და ჩრდილო-ამერიკულ იმპერიალიზმთან,  „ღარიბი სამხრეთის”  დაპყრობასთან  და ა.შ.

თუმცა ესეც უნდა ითქვას, რომ ჩრდილოეთისა და სამხრეთის სოციალურ დიქოტომს დროებითი ან ლოკალური ხასიათი ჰქონდა და უნივერსალურობისა და საყოველთაობის პრეტენზია არასდროს არ გამოუცხადებია, განსხვავებით, აღმოსავლეთისა და დასავლეთის აზრობრივი წყვილისგან, რომელსაც მკაფიოდ გამოკვეთილი სოციალურ - კულტურული და ცივილიზაციური დილემები ახასიათებდა. ამან ათქმევინა თავის დროზე რედიარდ კიპლინგის ეს სიტყვები: „დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი - აღმოსავლეთი, ამიტომ ისინი ვერასოდეს შეერთდებიან”.  ხომ არ ცდებოდა ამ სიტყვების ავტორი? ისევე, როგორც ამ მითის შემქმნელი.

აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობის პრობლემა კიდევ უფრო რთულდება თუ მათი ისტორიის ცვალებადობას კულტურის საზღვრებში განვიხილავთ. მაგ. ჩრდილოეთ აფრიკა ელინურ პერიოდში დასავლეთ ევროპის შემადგენელი იყო - ანტიკური კულტურის მემკვიდრე და ქრისტიანობის აკვანი, მაგრამ, არაბების დაპყრობის შემდეგ, მუსლიმანური აღმოსავლეთის შემადგენელი ნაწილი გახდა.

ძველი აღმოსავლეთელი ადამიანის სამყაროზე მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოებიდან  ვგებულობთ, რომ იმ დროს მეფეები მტარვალები იყვნენ, მონები უუფლებონი, რომ ხდებოდა აჯანყებები. გაივლის რაღაც პერიოდი და  მოსწავლისა და სტუდენტის მეხსიერებაში აღიბეჭდება, რომ ძველ აღმოსავლეთში ცხოვრობდნენ მონები და მონათმფლობელები, მჩაგვრელები და ჩაგრულები, და რომ ამ თვალსაზრისით ძველი აღმოსავლეთის საზოგადოება არაფრით არ განსხვავდებოდა მომდევნო, უფრო გვიანდელი საზოგადოებებისაგან. იგი, უბრალოდ არ იყო ისეთი განვითარებული, როგორიც ძველი საბერძნეთი ან რომი და რაკიღა არ იყო განვითარებული, მაშასადამე  არც  საინტერესოა.

კულტურის ისტორიაში აღმოსავლეთისა და დასავლეთს შორის ასეთი დაპირისპირების წინააღმდეგ არაერთი მეცნიერი გამოსულა, მათ შორის აკად. შ. ნუცუბიძე. სამართლიანია თუ არა ჩვეულებრივი წარმოდგენა ძველ აღმოსავლეთზე, როგორც აბსოლუტურ დესპოტიმზე? რა თქმა უნდა, არა. იგი შეიძლება გარკვეულად მისაღები იყოს მხოლოდ ეგვიპტის მიმართ, შედარებით ნაკლებად კი – ასურეთზე. სინამდვილეში თუ გადავხედავთ ადამიანთა ცნობიერებაში დამკვიდრებულ კლიშეებს, დავინახავთ სრულიად საწინააღმდეგოს, რომ ძველ აღმოსავლეთში სახელმწიფოს ორგანიზაციის მრავალნაირი ფორმა არსებობდა. მაგალითად, ხეთებთან მეფის ხელისუფლება შეზღუდული იყო დიდებულთა საბჭოთი, ტიროსს ოლიგარქია მართავდა და ასე შემდეგ.

თუნდაც ის, რომ როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში გავრცელებული შეხედულებით, მეფის ხელისუფლება ღვთიური წარმოშობისაა და წმინდათაწმინდაა, მონარქს  კანონზე მაღლა აყენებდა და ქვეშევრდომთა  წინაშე პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებდა.

ეს თეორია დიდხანს იყო შემონახული მსოფლიოს ხალხთა კულტურებში, მათ შორის XVII-XVIII საუკუნეებამდე ევროპელთა აზროვნებაში. ჩინეთში ჩვ. წ. აღ-მდე I ათასწლეულში უკვე არსებობდა იდეა, რომ უწმინდური, ცოდვილი მეფე შეიძლება გადააყენო. თუ ამ შეგნებამდე ქართული პოლიტიკური აზროვნება ჯერ კიდევ რუსთაველის ეპოქაში მივიდა, ევროპელებს საამისოდ სულ ცოტა კიდევ ხუთი საუკუნე დასჭირდათ.

ისტორიკოსები ხშირად ლაპარაკობენ ძველი აღმოსავლური საზოგადოებების უძრაობისა და “ჩამორჩენილობის“ შესახებ. მაგრამ სამართლიანობა ითხოვს ითქვას, რომ ეს ლაპარაკი ჰეგელის მიერ და მისი დროიდან არ დაწყებულა. ყველაზე უბრალო ახსნა ძველი აღმოსავლეთის ისტორიას ჯერ კიდევ ადრე მოეძებნა: ბერძნები და რომაელები უფრო ნიჭიერები იყვნენ, ვიდრე ეგვიპტისა და ბაბილონის ხალხები, ამიტომაც ისინი მიისწრაფოდნენ სიახლისაკენ და ვითარდებოდნენ, მაშინ, როდესაც ძველი აღმოსავლეთის ხალხები კმაყოფილდებოდნენ მიღწეულით და უკვე ცნობილით. მაგრამ ეს არაა მართალი. აღმოსავლეთის ხალხები რომ არანაკლები ნიჭით იყვნენ დაჯილდოვებულნი ეს არ უნდა იყოს ძნელი განსასჯელი. ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ აღმოსავლეთის ქვეყნებში შეიქმნა დამწერლობის ყველა ძირითადი სახე და ბერძნებმა მოგვიანებით მხოლოდ ამ დამწერლობებიდან ყველაზე მოხერხებული - ფინიკიური გადაიღეს და გააუმჯობესეს. რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ოთხი უდიდესი რელიგია სწორედ ძველ აღმოსავლეთში წარმოიშვა.

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საკითხი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის შეჯიბრებაში გამარჯვებულის შესახებ, ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი. ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი თოთხმეტი საუკუნის მანძილზე მსოფლიო ცენტრი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე იყო არა ევროპაში, არამედ ჩინეთში. ამ დრომდე მას არც ინდოეთი ჩამორჩებოდა. არადა, როგორც ინდოეთს, ასევე ჩინეთს, ამ დროისათვის უკვე გააჩნდათ სამიათასწლოვანი არსებობის ისტორია. მაშასადამე ძველი აღმოსავლეთის საზოგადოების “უძრაობას“ ხელი არ შეუშლია მათთვის, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეენარჩუნებინათ ეკონომიკური, ტექნიკური და კულტურული უპირატესობა “მოწინავე ევროპის ხალხებზე.“

თუ ეს ყოველივე წარსულში დარჩა. ახლა ვიკითხოთ თუ, რა ხდება ამჟამად? თვალი მივადევნოთ თანამედროვე სამყაროს პოლიტიკურ-კულტურულ, ეკონომიკურ ვითარებას. “აზიური ვეფხვების“ გააქტიურებამ, ჩინეთის, იაპონიის, ინდოეთის, სამხრეთ კორეის სულ უფრო და უფრო მზარდმა როლმა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯიმ კარტერის მრჩეველს ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბზეჟინსკის სულ ცოტა ხნის წინ ჩეხეთის ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში ასეთი რამ ათქმევინა: “მსოფლიოში სრულდება დასავლეთის დომინირება და არა იმიტომ, რომ დასავლეთი სასიცოცხლო ძალას კარგავს, არამედ იმიტომ, რომ მას აზია იძენს“.

დღეს მსოფლიოში, როდესაც დემოკრატია, პლურალიზმი მიიჩნევა ყველა კულტურისთვის უნივერსალურ და აბსოლუტურ ღირებულებად, დასავლური კულტურის ბევრმა ელემენტმა ზედაპირულ დონეზე მართლაც მოიცვა დანარჩენი სამყარო, თუმცა სიღრმისეულ დონეზე დასავლური წარმოდგენები და იდეები კვლავაც ძირეულად განსხვავდება იმათგან, რომელიც დამახასიათებელია სხვა ცივილიზაციებისათვის. ამას კი თავად დასავლეთში გავრცელებული შეხედულებით ასე ხსნიან, რომ: “ისლამურ, კონფუციურ, იაპონურ, ინდუისტურ, ბუდისტურ და მართლმადიდებლურ კულტურაში, ჩვენ ხაზს ვუსვამთ მართლმადიდებლურ კულტურაში, თითქმის ვერ პოულობს გამოძახილს ისეთი დასავლური იდეები, როგორებიცაა ინდივიდუალიზმი, ლიბერალიზმი, კონსტიტუციონალიზმი, ადამიანის უფლებები, თანასწორობა, თავისუფლება, კანონის უზენაესობა, დემოკრატია, თავისუფალი ბაზარი, ეკლესიის გამოყოფა სახელმწიფოსაგან და ა.შ.

თუ რამდენად სწორია, ასეთი ცოდნა და წარმოდგენები, სხვა ცივილიზაციებზე, და რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანი თავად მათთვის, ამის აუცილებლობაზე ს. ჰანთინგტონიც საუბრობს: „დასავლეთს მოეთხოვება სხვა ცივილიზაციათა ფუნდამენტური რელიგიურ და ფილოსოფიურ საფუძვლების უფრო ღრმა გაგება, მან უნდა გაიგოს, როგორ წარმოუდგენიათ ამ ცივილიზაციათა წარმომადგენლებს საკუთარი ინტერესები“.  

არადა საინტერესო დასკვნებს გავაკეთებთ თუ სხვა ცივილიზაციებზე, თუნდაც ისლამზე ვისაუბრებთ:

ისლამის ისტორიაში ცნობილია სექტები, რომელთაგან ზოგი მნიშვნელოვნად განსხვავდება კანონიკური, ოფიციალური და ტრადიციული ისლამისაგან, როგორც გარეგნულად, ისე შინაარსით. ამ სექტათა შორის ყველაზე ძველია ხარაჯიზმი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მიმართული იყო ხალიფების განუსაზღვრელ უფლებათა წინააღმდეგ. მას ჰქონდა ლოზუნგი ხალიფების დემოკრატიულად არჩევითობის თაობაზე, ქადაგებდა ზნეობისადმი მეტი ყურადღების გამოჩენას, რიტუალების შემცირებას, პიროვნების ღირსებას, არჩევანის თავისუფლებას და ა.შ.

აღმოსავლეთის რელიგიურ და პოლიტიკურ სარბიელზე თვალსაჩინო როლი შეასრულეს აგრეთვე, ისლამის, უპირატესად – შიიზმის განშტოებებმა: ისმაილიტებმა, მუთაზილიზმმა (რაც განდგომას, განმხოლოებას ნიშნავს), აშარიზმმა (დამფუძნებელი აბუ-ალ-ჰასან-აშარი) და სხვა, რომელთაც შესაძლებელია, ისლამური პროტესტანტიზმი ვუწოდოთ, რადგან ეწინააღმდეგებოდნენ ოფიციალურ კულტმსახურებას. აღარაფერს ვლაპარაკობ სუფიზმზე, რომელიც გავრცელდა თითქმის ყველა მუსლიმანურ ქვეყანაში. ვინაიდან იგი მწიგნობრული და ინტელექტუალური სისტემა იყო და დადებითი გავლენა იქონია კულტურაზე, მეტადრე კლასიკურ სპარსულ და თურქულ პოეზიაზე, რომლის სახელოვანი წარმომადგენლები არიან: ჯალალ ედ-დინ რუმი, ომარ ხაიამი, ჰაფეზი, ნიზამი განჯელი, აბდულ-რაჰმან ჯამი და სხვა.

შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა და ისტორიულმა კატაკლიზმებმა სავსებით შეცვალეს კულტურული წინა აზიის მდგომარეობა და აბსოლუტური დესპოტიზმი სახელმწიფო ორგანიზაციისათვის თითქმის ერთადერთ და ტრადიციულ ფორმად დამკვიდრდა.

კაცობრიობის ისტორიის შემდგომ ეტაპზე თანდათან გამოიკვეთა ცივილიზაციის განვითარების ორი ცენტრალური რეგიონი – აღმოსავლეთი და დასავლეთი, სადაც ყალიბდება ცივილიზაციათა თავისებურებანი, რომლებმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრეს მათი განვითარება ახალ ეპოქაში. სწორედ ძველი აღმოსავლეთის ხალხებისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა ნანგრევებზე აღმოცენდა ევროპა.

ამდენად, როცა ასეთ აკადემიური ხასიათის პრობლემებზე ვმსჯელობთ, გაუცნობიერებლად შეიძლება არც მივანიჭოთ მნიშვნელობა და ვთქვათ, რომ თუნდაც ის, რაზეც ვსაუბრობდით, არ იყოს ასე, არც ამით დაშავდება რამე. მაგრამ, საკითხი ამჯერად სულ სხვაგვარად დგას. ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის, სემუელ ჰანთინგტონის მტკიცებით: „თუ კლასობრივ და იდეოლოგიურ კონფლიქტებში არსებითი იყო საკითხი „ვის მხარეზე ხარ?“ ადამიანს შეეძლო აერჩია, ვის მხარეს იქნებოდა, ასევე შეეცვალა ერთხელ არჩეული პოზიცია. ცივილიზაციათა კონფლიქტში კი საკითხი სხვაგვარად დგას: „ვინ ხარ შენ?“ საქმე ეხება იმას, რაც მოცემულია და ცვლილებას არ ექვემდებარება.

დიახ, კარგა ხანია უკვე იდეოლოგიის „რკინის ფარდა” შეცვალა კულტურის „ხავერდის ფარდამ,“ როგორც ძირითადმა სადერმაკაციო ხაზმა ევროპაში. როგორც ჩანს, მსოფლიო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობათა ძირითად ღერძად რჩება და მომავალში კვლავაც იქნება ურთიერთობა დასავლეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ერთი გარემოების აღნიშვნაც, რომელიც კულტურის საკითხების კვლევის აქტუალობასა და მის წინაშე მდგომ ამოცანათა სირთულეზე მეტყველებს. Uუკვე არავის უკვირს, რომ წმინდა აკადემიური კულტუროლოგიური ნაშრომები პოლიტიკური დისკუსიის საგანი ხდება ხოლმე. როგორც არაერთგზის აღნიშნულა თვით მეცნიერთა შორისაც დღეს კულტურა, მისი “დაუფლების“ პრეტენზიით თუ “შენარჩუნების” წადილით ომია და ჩვენ ვიცით, რომ ბრძოლას თავს ვერავინ აარიდებს.