ბაჩო ახალაია ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნაცმოძრაობას არ დაუბრუნდება -

ბაჩო ახალაია ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნაცმოძრაობას არ დაუბრუნდება - "არც პარტიაში შემხვდებოდნენ ენთუზიაზმით"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკური ლიდერი, არ დაუბრუნდება. პარტიას დღეს მასზე ბევრად უფრო საინტერესო და უფრო ენერგიული პოლიტიკოსები ჰყავს.

„არანაირ პარტიულ პოზიციაზე ბუნებრივია, არანაირი პრეტენზია არ მექნება. ვფიქრობ, არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეხვდებოდნენ ასეთ მისწრაფებებს ენთუზიაზმით, რაც სრულიად პრაგმატული და გონივრული იქნებოდა. გარდა ამისა, ისედაც ხომ არსებობს ძალიან ანგარიშგასაწევი სხვა გარემოებაც. „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს ჩემზე ბევრად უფრო საინტერესო, უფრო ენერგიული და უფრო მიმზიდველი პოლიტიკოსები ჰყავს, მათ შორის, როგორც ძველი, ისე ახალი თაობიდან. რაც შემეხება მე, ამ თვალსაზრისით ნამდვილად შევდივარ იმ პირთა წრეში, რომლებსაც დღევანდელი რეალობით ალბათ, მხოლოდ დისკომფორტის მოტანა შეუძლია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე მისი პოლიტიკური პარტნიორებისთვის. მერწმუნეთ, ასეთი სურათი ტრაგიკომიკური იქნებოდა, რაც თავისთავად დაძაბულობას შეიტანდა ოპოზიციაში, ხელისუფლებას კი ნამდვილად სიამოვნებას მიანიჭებდა“, - განუცხადა "აიპიენს" ახალაიამ.