მეუფე იაკობმა მითხრა, რომ გიორგი გახარია პირადი კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდა მას და რამდენიმე მღვდელმთავარს - ამის შესახებ განცხადება, გადაცემა "მთავარი აქცენტების" წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ გააკეთა.
ეკა კვესიტაძის თქმით, მას მეუფე იაკობი ხშირად ურეკავდა და ეკლესიაში არსებულ სიტუაციაზე ესაუბრებოდა.
"ის თავად წარმართავდა, როდის უნდა დაერეკა და როდის არ უნდა ეპასუხა. მე არასდროს ჩამიწერია მისი საუბარი, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკას. გარდა იმისა, რაზეც თავად ისაუბრა TV პირველის ეთერში, ის ყვებოდა იმაზეც, თუ როგორ უნდოდა ხელისუფლებას მეუფე შიოს მოსაყდრედ დასმა, ამბობდა, რომ შიო იყო რუსეთის კაცი.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ის იყო ძალიან გაბრაზებული გახარიაზე. ერთ-ერთი საუბრისას მომიყვა, როგორ ემუქრებოდა გახარია, რომ გაასაჯაროებდა ფარულ ჩანაწერებს, პირად კადრებს, რომელიც იყო იაკობზე და სხვა... ის იყო გაცოფებული, როცა ლაპარაკობდა... როგორც ჩანს, გახარიასა და იაკობის ურთიერთობები ძალიან დიდი ხნის წინ დაიძაბა.
კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ის ადანაშაულებს გახარიას, რომ გახარია აშანტაჟებდა შს მინისტრობის პერიოდში მას და რამდენიმე მღვდელმთავარს პირადი სახის ჩანაწერების გამოქვეყნებით, შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორ შეამკო ჩემთან საუბარში გახარია, რომ მას აუცილებლად დაამთავრებდა. სხვათაშორის, ის მუდმივად აპელირებდა იმაზე, რომ შიოც და გახარიაც არის რუსეთის კაცი" - განაცხადა კვესიტაძემ.