თბილისის მერის კახა კალაძეს ამ ეტაპზე, მეორე ვადით დედაქალაქის მმართველობა არ სურს. ამის შესახებ კალაძემ, გადაცემა “კვირის თემაში“ განაცხადა.
"დღეს რომ მკითხოთ, გულწრფელად გეტყვით რომ ვიტყვი "არა"-ს. იმდენად რთულია და იმდენად რთულ პირობებში მიწევს საქმიანობა, რომ დღე და ღამე მაქვს გაერთიანებული. ძალიან მძიმეა, ძალიან რთულია. თუ გინდა, რომ მართლა საქმე გააკეთო, უნდა იყო იმ რეჟიმში რა რეჟიმშიც დღეს არის მერიც და მერიის თანამშრომლებიც. სხვანაირად შეუძლებელია. ამიტომ ძალიან რთულია. ოჯახი მყავს, შვილები... ძალიან მიჭირს, მაგრამ ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რაც აღებული მაქვს, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული და იმის ამბიცია მაქვს, რომ როდესაც ჩემს უფლებამოსილებას დავამთავრებ, რომელიც თბილისის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მომანიჭა, თბილისი განსხვავებული იყოს", - განაცხადა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში.
შეგახსენებთ, კახა კალაძე დედაქალაქის მერად თბილისელებმა 2017 წლის 21 ოქტომბერს 4 წლით აირჩიეს.