რუსეთის ელჩი საკუთარ მოქალაქეებს აშშ-ში მოგზაურობისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს

რუსეთის ელჩი საკუთარ მოქალაქეებს აშშ-ში მოგზაურობისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს

რუსეთის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანატოლი ანტონოვი რუსეთის მოქალაქეებს ამერიკაში მოგზაურობისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

„რუსეთის თითოეულმა მოქალაქემ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს,“- განაცხადა ანტონოვმა რუსეთის პირველ არხთან საუბრისას.

მისივე თქმით, აშშ-ში რუსეთის საელჩოს ერთ-ერთი პრიორიტეტი „ამერიკულ ციხეებში მყოფი 100 რუსის დაცვაა“.

„ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს რა თანამდებობა უჭირავს რუსეთის ამა თუ იმ მოქალაქეს. ჩვენთვის ყველა მათგანი თანამოქალაქეა და ჩვენი ამოცანაა, მათი სწრაფი გათავისუფლება უზრუნველვყოთ,“ - განაცხადა რუსეთის ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის აგენტობაში ბრალდებული მარია ბუტინა ფლორიდის ციხიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. მარია ბუტინა შეერთებულ შტატებში 2018 წლის ივლისში დააკავეს და 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც მან ბრალი აღიარა.

არსებული ინფორმაციით, 30 წლის მარია ბუტინა აშშ-ის იარაღის ეროვნულ ასოციაციაში შეღწევასა და ამერიკულ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა.