„ზვიადისტებისა“ და „მხედრიონელების“ ციხეებიდან გამოშვების შემდეგ საქართველოში 8 წლის წინანდელი მოვლენათა სურნელი დატრიალდა - ეს კიდევ ერთხელ ნათელჰყოფს, რომ ისტორიული მოვლენა უკვალოდ არ ქრება და ამ სურნელით რამდენიმე წლის შემდეგაც შეიძლება გული აუტოკო იმდროინდელი პროცესების მონაწილეებს, თუ, უბრალოდ, დამკვირვებლებს.
განსაკუთრებით ნიშანდობლივია იმ ხალხის აშკარა გაღიზიანება, ვინც მაშინ (8 წლის წინ, 1991-1992 წლების მოვლენებისას) ექსპრეზიდენტის ოპოზიციაში იყვნენ. ეს ადამიანები ახლა ყოველნაირად ცდილობენ გათავისუფლებული „ზვიადისტების“ სიძულვილი ედუარდ შევარდნაძისაკენ მიმართონ, რათა ბოღმა ამით დაიკმაყოფილონ.
„ზვიადისტებს“, რასაკვირველია, შევარდნაძეს რაღა შეაყვარებს, მაგრამ არც ისეთი გამოთაყვანებულები არიან, რომ არ ახსოვდეთ, იმ დაუვიწყარი მოვლენების დროს ვინ რას აკეთებდა დღევანდელი ოპოზიციიდან.
„ზვიადისტები“ შევარდნაძეზე კი არიან გამწარებულნი, მაგრამ არანაკლებ გამწარებულნი არიან თავიანთ მაშინდელ მტრებზე, ვინც ყოველნაირად შეამზადა დეკემბერ-იანვრის გადატრიალება და ოპოზიციაში მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ შევარდნაძემ პანღური ამოჰკრა.
1992 წლის 2 თებერვალს, როდესაც ე.წ. „სამხედრო საბჭომ“ თამარ მეფის ხიდზე „ზვიადისტების“ მშვიდობიანი მანიფესტაცია დახვრიტა, ედუარდ შევარდნაძე საქართველოს ხელისუფლებაში საერთოდ არ ყოფილა. სამაგიეროდ, ხელისუფლებაში იყვნენ ის პარტიები და „პოლიტიკური მოღვაწეები“, რომლებიც დღეს ყველაფრის შევარდნაძისათვის, სიგუასათვის, კიტოვანისა და იოსელიანისთვის გადაბრალებას ცდილობენ.
მაგრამ ნურას უკაცრავად! თვით იმ სამხედრო საბჭოს წევრებს - „მხედრიონსა“ და „გვარდიას“ არ ეკისრება იმდენი პასუხისმგებლობა, რამდენიც ამ ჩვენს უზნეო „პოლიტოკრატიას“ (სხვათა შორის, „ზვიადისტების“ ჩათვლით) რომელთა მანიაკალურმა დაპირისპირებამ საქართველო სამოქალაქო ომამდე მიიყვანა.
მხოლოდ შემდეგ აიბზუეს ცხვირი „მხედრიონზე“, - აქაოდა, ყაჩაღები არიანო - როდის აქეთ გახდნენ ყაჩაღები? მაშინ ხომ კარგი ბიჭები იყვნენ, აფხაზეთში რომ იხოცებოდნენ და თბილისის ომში სწირავდნენ თავს „დემოკრატიისათვის“?!
ჯაბა იოსელიანი ამ „პოლიტოკრატიის“ ისეთივე პროდუქტი და მსხვერპლია, როგორც მეორე მხარეს მოკლული ასეულობით მეომარი. ამიტომ ტყუილად აქვთ იმედი, რომ ახლა ხელმეორედ გამოიყენებენ მეომრებს, რათა საკუთარი ბოღმა და ამბიცია კიდევ ერთხელ დაიკმაყოფილონ.
ამ თვალსაზრისით, ჯაბა იოსელიანმა „გამამჟღავნებლის“ ფუნქცია შეასრულა - არავითარი განსხვავება არ არსებობს იმ ჯაბა იოსელიანს, იმ „მხედრიონელებს“, რომლებიც ზვიად გამსახურდიამ დააპატიმრა 1991 წლის გაზაფხულზე და იმ ჯაბას, იმ „მხედრიონელებს“ შორის, რომელთაც მოგვიანებით ედუარდ შევარდნაძემ თავი ციხეში უკრა.
უბრალოდ, ორივე შემთხვევაში პოლიტიკურად „აზაბოჩენი“ ხალხის ჭეშმარიტი განწყობა და დამოკიდებულება გაამჟღავნა, თორემ ჯაბა იოსელიანი რაც იყო ყოველთვის, იგივე დარჩა - ის კი არ იცვლებოდა, არამედ მის გარშემო მყოფი ხალხი იცვლიდა იერსახესა და ნიღაბს.
რაც შეეხება „მხედრიონის“ პერსპექტივას, საეჭვოა, ჯაბამ და მისმა თანამებრძოლებმა ეს ორგანიზაცია იმ სახით აღადგინონ, როგორითაც არსებობდა 1990-1992 წლებში.
როგორც ჩანს, ჭკუა ისწავლეს და არავის ამბიციას აღარასოდეს აჰყვებიან ანუ აღარ დაუშვებენ, რომ ისინი ჯერ „გამოიყენოს“ ვინმემ და შემდეგ ციხეში ჩაალპოს.
ტყუილად ჰგონია ზოგიერთს, რომ გიგა გელაშვილიც დიდხანს დარჩება ციხეში - ისიც მალე „გამოვა“, რის შემდეგაც ნოდარ დუმბაძისა არ იყოს, „ქვა აბღავლდება“ იმ უბადრუკი „პოლიტოკრატების“ ცოდვით, რომლებმაც ჯერ გამოიყენეს მეომრები საკუთარი ამბიციის დასაკმაყოფილებლად და შემდეგ მათ გადააბრალეს ყველაფერი, - აქაოდა, სამოქალაქო ომის დროს ჩვენ „თეთრი ხელთათმანები“ გვეცვა, ყველაფერში ყარყარაშვილი, კიტოვანი, იოსელიანი და მათი ბიჭები არიან დამნაშავენიო. თურმე, მხოლოდ მათ აქვთ „ხელი გასვრილი“, ხოლო ვინც აქეზებდა, აგულიანებდა, მათ სიწმინდეს სისხლის შხეფიც არ შეხებია - ამიტომ, დღეს, თურმე, აქვთ უფლება „კუდი უქიცინონ“ იმავე „ზვიადისტებს“ და საქართველოში კიდევ ერთი სამოქალაქო ომიც შეამზადონ –ნელ-ნელა, თანდათანობით.
დამნაშავეა არა მარტო ის, ვინც თოფი ისროლა, არამედ ისიც, ვინც მსროლელი დაარწმუნა, რომ მას ამის მორალური უფლება ქონდა, ანუ ზნეობრივი საფუძველიც ჰქონდა და ვალდებულიც იყო თოფი ესროლა.
ამიტომ, დღევანდელ სიტუაციაში ყველაზე მეტად გულისამრევ შთაბეჭდილებას სწორედ ის ხალხი ტოვებს, ვინც თავის დროზე იდეურ-პოლიტიკურად უზრუნველყო ექსპრეზიდენტის ხელისუფლების დამხობა, ახლა კი, ცდილობს დაუძვრეს „მასების“ სიძულვილს, რათა პოლიტიკურ ლანდშაფტზე ტივტივის უფლება შეინარჩუნოს და ყველაფერი მეომრებს გადააბრალოს.