რა თანხები გაიხარჯა არამიზნობრივად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან

რა თანხები გაიხარჯა არამიზნობრივად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან

(იბეჭდება შემოკლებით)

როცა გადასახადებს იხდი, ისიც უნდა გაინტერესებდეს, სად მიდის და რას ხმარდება შენს მიერ გადახდილი გადასახადი. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ზუსტად ისეა, „არ ვიცი“ დედა იცინოდა, „ვიცის“ დედა ბღაოდაო. ასე რომ საქართველოში შენს მიერ გადახდილი გადასახადების გზა-კვალი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოიკითხო თუ გული არ „გისტუკებს“.

მოკლედ გული გაიმაგრეთ და წაიკითხეთ, რა თანხები გაიხარჯა წელს, ამ სამიოდე თვეში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან.

პრეზიდენტმა სარეზერვო ფონდიდან ბოლოს თანხა 24 მარტს გასცა - 4 აპრილს კიევში სუხიშვილების კონცერტის ჩასატარებლად, კულტურის სამინისტროს 48 429 ლარი გამოუყო. კონცერტებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, წელს მეტი თანხა არ დახარჯულა, თუ არ ჩავთვლით, 10 თებერვალს, შვედეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას ჩასატარებელი კონცერტისთვის გამოყოფილ 13 634 ლარს.

ამ ხარჯებს მაინცდამაინც ვერ უწოდებ არამიზნობრივს, ბოლო-ბოლო, სუხიშვილების კონცერტმა საქართველო კიდევ ერთხელ წარმოაჩინა უკრაინაში, აქ, შვედეთის პრემიერ-მინისტრს მაინც ვუმასპინძლეთ, აი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ორჯერ მიცემული მსუყე თანხა კი მართლაც რომ არამიზნობრივად და ჰაერში გაბნეულად გამოიყურება. კარგად გახსოვთ, ქართველ გლეხობას სასოფლო-სამეურნეო რჩევების ბუკლეტები რომ ჩამოურიგეს. არ იკითხავთ რა დაუჯდა ქვეყანას ეს ჭრელა-ჭრელა ბუკლეტები, რომელსაც ჩვენი გლეხობა იეღოველების ბროშურებივით დასცინის?

24 თებერვალს, პრეზიდენტმა თავის სარეზერვო ფონდიდან ამ ბუკლეტების დასაბეჭდად და გასავრცელებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროს 710 ათასი ლარი გამოუყო.

მერე კი მუღამში შევიდნენ და სადღაც ათ დღეში, ანუ 2 მარტს, ისევ ამ ბუკლეტების დასაბეჭდად, ისევ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ისევ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 62 800 ლარი გამოეყო. არადა, ეს რჩევები გლეხებისთვის ისეთივე სასარგებლო იყო, როგორც თეიმურაზ ხევისთავის რჩევები - თავის თანასოფლელებს რომ უცხო წიგნებიდან ამოკითხულ რჩევა-დარიგებებს აძლევდა, მეურნეობის უკეთ მოწყობის თაობაზე.

ჰოდა, რა გასაკვირია რომ ამ ბუკლეტებსაც იგივე ბედი ეწიათ (დაცინვა) რაც წიგნის ჭია ხევისთავს? არადა, არ ჯობდა, ამ ბუკლეტების მაგიერ, თუნდაც ერთი მუჭა გვარჯილით მეტი დაერიგებინათ გლეხებისთვის? ჩვენს გლეხობას ფული არ აქვს, თორემ როგორღაც ამ ჭრელა-ჭრულა ბუკლეტების გარეშეც კარგად იცის, როგორ მოუაროს მეურნეობას.

24 თებერვალს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საგარეო საქმეთა სამინისტრომ 112 840 ლარი მიიღო, რათა „მარიოტში“ 9-10 მარტს „შიკარნად“ ჩატარებულიყო ქართველი და უცხოელი ექსპერტების სამუშაო შეხვედრა.

აი, ერთი კვირით ადრე კი - 18 თებერვალს, ბევრად უფრო „ადამიანური“ მიზნისთვის გაიცა 20 ათასი ლარი. მიზეზი მარტივია, გურიის გუბერნატორმა შესჩივლა მიხეილს - „პიპია“ მინდაო.

ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ ხელახლა მიიტანა იერიში „ბუტკებზე“. „ბუტკების“ პატრონებს და იმ „ბუტკებში“ დასაქმებულებს თავზარი დაეცათ, მაგრამ მერიის ჩინოვნიკი გამოვიდა და ხალხი დაამშვიდა, მაგ ბანძ „ბუტკებს“ ვიღებთ, უკეთეს სავაჭრო ცენტრებს გავაკეთებთ და იქ შეეძლება მოსახლეობას შესვლაო. ძალუაშენის მზემ, რა, იმ ხალხს რა ხეირი ვინც იმ ჯიხურების წყალობით სულს ითქვამდა? კარგით, ჩავთვალოთ, რომ ამ ქვეყანაში მთავარი ქუჩების კეთილმოწყობაა და არა თვით ადამიანი. შევთანხმდეთ იმაზეც რომ ეს კარგია და რომ არც ერთი შემარცხვენელი „ბუტკა“ ჩვენს ქვეყანაში.

რა ვუყოთ პრეზიდენტის იმ განკარგულებას რომლითაც მან სარეზერვო ფონდიდან 115 ათასი ლარი მისცა საავტომობილო გზების დეპარტამენტს გზების გასწვრივ ჯიხურების მოსაწყობად. ეს რა არის, „თქვენი დახურეთ, ჩვენი უნდა გავხსნათ“?

ზოგჯერ თუ კონკრეტული ამბის პრეისტორია არ იცი, პრეზიდენტის ზოგიერთი განკარგულების წაკითხვაზე, შეიძლება საერთოდ ტუფლებიდან ამოხტე და „ნასკებიც“ მტკვარში გადაყარო. ასე მაგალითად. ჩვენი პრეზიდენტი ისტორიაში შევა, როგორც სუპერ-მეიაფე. არ გჯერათ? ახალთ-ახალი ნივები 5-5 დოლარად დაყიდა. არ გჯერათ? ნახეთ, მის მიერ 23 იანვარს გამოცემული განკარგულება, რომლითაც პატრულის ოთხ თანამშრომელს (პაატა გიორგაძეს, ვლადიმერ ხვინგიას, ჯონი ბაკურაძეს და გიორგი ლაფერაშვილს) პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ნივები. სიმბოლურ ფასად - 5 ამერიკულ დოლარად. ამ საპრივატიზებო თანხის გადასახდელად კი ერთთვიანი ვადა დაუდგინა. ზოგს რა იღბალი აქვს, მე იმ დღესვე გადავიხდიდი, მაგრამ ან მაგის იღბალი ვინ მომცა, ან კიდე „ნივა“... საქმე კი ისაა, რომ ეს ის პატრულები არიან, ნაახალწლევს რომ დაასაჩუქრეს სამაგალითო მუშაობისთვის...

აი, პაატა ბურჭულაძის ფონდს  (უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი „იავნანა“) მთლად 5 დოლარად არა, მაგრამ ათას დოლარად ორი შენობა მისცეს საკუთრებაში. ერთი თბილისში წერეთლის გამზირზე მდებარე, მეორე კი წყალტუბოში, ბარათაშვილის ქუჩაზე. ისე, ეს ორი შენობა უზურ-ფრუქტით უკვე გადაცემული იყო ბურჭულაძის ფონდისთვის. ახლა, საკუთრებაში მისცეს მთლიანად.

ეს არაა ცუდი საქმე, პირიქით კაი საქმეა, ბურჭულაძე უდედმამო ბავშვებს მაინც უვლის. აი, ვინმე ნიკოლია კოულანოვი ვის უვლის, კაპიკებში რომ მისცეს სახელმწიფო ქონება? არა, კოულანოვის მიერ გადახდილი 120 ათასი დოლარი კაპიკები არაა, მაგრამ არც ის ფასია რაც რეალურად ღირს, მისთვის გადაცემული ქონება. 120 ათას დოლარად, მას პირდაპირი მიყიდვის წესით მიჰყიდეს 147,55 კვადრატული მეტრი ბროსეს ქუჩისა და მარჯვენა სანაპიროს კუთხეში, ამ ფასში „დაბავკად“ 39,82 კვადრატული მეტრი მიწაც გაატანეს. არადა, რუსთაველზე, კომერციული ფართის შემთხვევაში, ერთი კვადრატული მეტრის ფასი 4 ათას დოლარამდე ადის. ბროსეს ქუჩა რუსთაველი არაა, მაგრამ არც ვაზისუბნის 180-ე მიკრორაიონია, ამ ფასად რომ მისცეს თანაც პირდაპირი მიყიდვის წესით. გაეტანათ აუქციონზე, ეგება სხვა ხუთჯერ 120 ათასს იხდიდა?