ჰოლანდიის მოქალაქე მარსელ მარია ბრანცმა საქართველოდან დეპორტაციას და თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებით მკურნალობას აპროტესტებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს" ასათიანის ქუჩაზე მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მყოფმა მარსელ მარია ბრანცმამ განუცხადა, ის 12 წელია საქართველოში ბიზნესს ეწევა და პერიოდულად თბილისში ყოფნა უწევს.
მისი ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, მესამე მასივში მდებარე მაღაზია „პოპულში" მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციელებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
- კლინიკიდან მეორე დღეს გამომწერეს. მე „პოპულში" კიდევ მივედი. როგორც კი დამინახეს, გამყიდველებმა პოლიცია გამოიძახეს და ისევ ფსიქიატრიულში მომიყვანეს, სადაც იძულებითი მკურნალობა დამინიშნეს და ინექციებს მიკეთებდნენ, - განაცხადა მარსელ მარია ბრანცმამ.
მისივე თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „პოპულში" მომხდარი ინციდენტის გამო მას საქართველოდან ერთწლიანი დეპორტაცია შეუფარდა, რასაც მარსელ მარია ბრანცი არ ეთანხმება.
- მე გიჟი არ ვარ. აქ იძულებით მამყოფებენ. რაც მოხდა „პოპულში" და რა შეურაცხყოფაც მომაყენეს, ამის გამო საქართველოს მაშინვე დავტოვებდი, მაგრამ დროებით, ვინაიდან მე აქ მეგობარი ქალი მყავს და ასევე წარმატებული ბიზნესი მაქვს, რის გამოც 1 წლით საქართველოში ჩამოუსვლელობა პრობლემებს შემიქმნის“, - აღნიშნა მარსელ მარია ბრანცმამ.
ჰოლანდიელი პაციენტის ადვოკატის მამუკა ბასილაშვილის თქმით, მარსელ მარია ბრანცმა მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფსიქიატრიულ კლინიკაში სასამართლოს მიერ იძულებითი მკურნალობა დაენიშნა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ, რათა მარსელ მარია ბრანცმას საქართველოდან თუნდაც ერთწლიანი დეპორტაცია არ მოხდეს, - აღნიშნა ადვოკატმა.
თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პერსონალიც ადასტურებს, რომ მარსელ მარია ბრანცმა მშვიდი ხასიათის პიროვნებაა, ის კლინიკაში ორი კვირაა იმყოფება და იძულებითი მკურნალობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაენიშნა.
მარსელ მარია ბრანცმა 49 წლისაა და პროფესიით ჟურნალისტია. ის სხვა პაციენტებისგან იზოლირებულია. ბრანცმას აქვს წერის საშუალება და ტელეფონით სარგებლობის უფლება.