რამდენიმე თვის წინათ ევროპიდან გაჟონილი კულუარული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთში თავშეფარებულ ექსმინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს გარკვეულ წრეებში უთქვამს, ამ ქალებს ცოტა ხანი გამოვიყენებ და მერე მოვიშორებო.
ეს ხმები მაშინ გავრცელდა, როცა ოქრუაშვილმა პოლიტიკურად გააქტიურებისათვის იქაური ემიგრანტების მხარდაჭერის მოპოვება მოინდომა.
"რეზონანსის" ინკოგნიტო წყარო იმ პერიოდში არ გამორიცხავდა, რომ "ქალებში" ოქრუაშვილი ეკა ბესელიასა და თეო ტლაშაძეს გულისხმობდა. ეს გადაწყვეტილება კი იმისთვის უნდა მიეღო, რომ ემიგრაციიდან სერიოზული დარტყმისათვის ემზადებოდა და ზვიად გამსახურდიას მომხრეებზე აკეთებდა გათვლას. თუმცა, ქალების აქტიურობა მართლაც გარკვეულ დრომდე გაგრძელდა. ზვიადისტების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია კი დაფუძნების შემდეგ არ გამოჩენილა.
არ ვიცი, ემიგრაციაში ვის არ მოუდიოდა თვალში ბესელია და ტლაშაძე, ან რისთვის დასჭირდა ირაკლი ოქრუაშვილს ამ განცხადების გაკეთება. ამიტომაც ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად კარგა ხანს ვცდილობდი, კომენტარი უშაულოდ ირაკლი ოქრუაშვილისაგან მიმეღო. სხვა კავშირი რომ გამომერიცხა, ჯერ ელექტრონული ფოსტით კითხვები გავუგზავნე, შემდეგ "ფეისბუკის" საიტზეც დავიმეგობრე. მაგრამ მარტო "ვირტუალური მეგობრობის" იმედი როდი მქონდა, როცა მისგან დაახლოებით 10 შეკითხვაზე გულახდილ პასუხს ვითხოვდი, მეგონა, "რევოლუციამდელი" ნაცნობობა და კარგი ურთიერთობა, ასევე ჩემი ინიციატივით 2007 წელს საფრანგეთში მის სასამართლო პროცესზე დასწრება და ობიექტური, მიუკერძოებელი გაშუქება, ერთგვარი გარანტი იქნებოდა მისგან ინტერვიუს თუ არა, კომენტარის მისაღებად მაინც. მაგრამ ინტუიციამ მიმტყუნა, როგორც ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს, როცა მეგონა, რომ შევარდნაძის და ასლან აბაშიძის გადაყენება ასე იოლი არ იქნებოდა.
ჩემს შეკითხვაზე, "მიიღე თუ არა ჩემი კითხვები?", ირაკლიმ წერილობითვე მიპასუხა, მთავარი შეკითხვა დაგავიწყდაო. რომელი-მეთქი, ვკითხე და სანამ პასუხს მივიღებდი, ინტერესი გამიმძაფრდა, ნეტა რისი შეკითხვა დამავიწყდა-მეთქი. "მინდა თუ არა, რომ ინტერვიუ მოგცე!"-ო.
მაშინვე მისი სახე წარმოვიდგინე, მკაცრი, წარბებაზიდული, ცინიკური გამომეტყველებით. გულწრფელად გავცხარდი და მივწერე: "ჟურნალისტები ისედაც უარყოფითად არიან განწყობილი იმის გამო, რომ კომენტარებზე უარს ამბობ. ხომ იცი, ჩემგან ფაქტის და კომენტარის კონსტატაციის დამახინჯების საშიშროება არ გაქვს. მაგრამ თუ სხვებმა ცუდი "პიარი" აგიგორეს, არ გაგიკვირდეს, მერე არ თქვა, არ გამაფრთხილეო".
მან ისევ მისთვის დამახასიათებელი არადიპლომატიური ტონით მიპასუხა: "სულ არ მაინტერესებს, რას დაწერენ ჩემზე!"-ო. ისიც დასძინა, იმედია, ამ საუბარს კომენტარისათვის არ გამოიყენებო. მე დავპირდი, რომ სხვა ჟურნალისტებისაგან განსხვავებით, მასთან ამ მცირე დიალოგს სენსაციური სტატიის შესათხზავად არ გამოვიყენებდი. მაგრამ ისიც ვუთხარი: "ჩემი კოლეგები ამბობენ, როცა მას დასჭირდება ჟურნალისტებთან ურთიერთობა, მერე ჩვენ აღარ მოვისურვებთო". ასე ვამბობდი თავის დროზე სააკაშვილზეც, როცა მან სასურველ ჟურნალისტებთან შერჩევით თანამშრომლობა დაიწყო და სიტყვა არ გამიტეხია.
მაგრამ ახლა ამის გამოყენებისაკენ ოქრუაშვილის პარტიის გენერალურ მდივან ეკა ბესელიასთან დაკავშირებულმა აჟიოტაჟმა მიბიძგა.
გასულ კვირას, როცა ეკა ბესელია ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებლად მოგვევლინა, გაჩნდა ეჭვი, თუ მას ირაკლი ოქრუაშვილი მართლაც ჩამოიშორებდა, ენერგიულ და პრინციპულ პოლიტიკოსს ქალს, რომლის მოღვაწეობის გამო მისი ოჯახის წევრები საფრთხის ქვეშ დადგნენ, ახალ ამპლუაში უფრო ეფექტურად შეეძლო პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება.
მას შემდეგ ეკა ბესელიასთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერასაც რამდენიმე დღე ვცდილობდი. მაგრამ მან დრო ვერ გამონახა, ხოლო სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში ირაკლი ოქრუაშვილთან უთანხმოებას კატეგორიულად უარყოფდა, დაკონკრეტებულ კომენტარებსაც თავს არიდებდა.
თუმცა, სამშაბათს საინფორმაციო გამოშვებებში ეკა ბესელიამ უკვე დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია მისი და ირაკლი ოქრუაშვილის პოზიციების დაშორიშორებასთან დაკავშირებით. მაგრამ არც ეკა ბესელია ადასტურებს, რომ მასა და ოქრუაშვილს შორის "შავი კატის" როლი ნინო ბურჯანაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის მოსალოდნელმა ტანდემმა შეასრულა. იგი ამ მოსაზრებას უსაფუძვლოდ და ხელისუფლების მიერ ხელოვნურად მოწოდებულ თემად მიიჩნევს.
ირაკლი ოქრუაშვილმა კი ჩემს კოლეგებთან სატელეფონო საუბრებში სწორედ იგივე ტონი და კონტექსტი შეინარჩუნა, რაც რამდენიმე თვის წინ ჩემთან ინტერნეტით მიმოწერაში. მივხვდი, ხელახლა მასთან დაკავშირებას აზრი არ ჰქონდა, რადგან, სავარაუდოდ, მეც იგივე პასუხებს მივიღებდი.
თავად ნინო ბურჯანაძეს არ უარყვია, რომ იგი ირაკლი ოქრუაშვილთან თანამშრომლობას გეგმავს და ძლიერ ოპოზიციურ ძალად მიიჩნევს. თუმცა, ამის გამო ბესელიას გენერალური მდივნის თანამდებობიდან გადადგომას ისიც უსაფუძვლოს უწოდებს.
ოფიციალურად ეკა ბესელია არც თეო ტლაშაძის გვარს ახსენებს ამ კონტექსტში. მაგრამ საინფორმაციო საშუალებები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ოქრუაშვილისა და ბესელიას "განხეთქილების ვაშლი" სწორედ თეო ტლაშაძის მიერ ბესელიას საწინააღმდეგოდ პარიზში გაგზავნილი ინფორმაციები გახდა.
როგორც იქნა, ეკა ბესელიასთან გასაუბრება შედგა და მან კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღნიშნა, რომ მას კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მყოფი ბურჯანაძისადმი. მაგრამ ახლა მისი პრინციპულობა და შეუპოვრობა სრულიად მისაღებია.
ეკა ბესელიამ ისიც დამიდასტურა, რომ ახლახან პარიზში ყოფნისას, ირაკლი ოქრუაშვილი წინასწარ საქმის კურსში ჩააყენა, რომ თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა და, ამდენად, ეს გადაწყვეტილება მისთვის მოლუოდნელი არ ყოფილა. თუმცა, ვერც ის უარყო, რომ მათი პოზიციები ბევრ საკითხში არ დაემთხვა ერთმანეთს და ეს, პირველ რიგში, ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნასაც უკავშირდებოდა.
"მე არა მგონია, ნორმალური იყოს მხოლოდ ბანერების წინ და ლოზუნგების ფონზე ვაკეთო განცხადებები, როცა ჩემი ოჯახის წევრები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. ჩემი ძმა მძევალია, სკოლის მოსწავლე შვილი კი - ძებნილი. ამიტომაც მე გადავწყვიტე უფრო აქტიურ ქმედებებზე გადასვლა და სხვა უკანონო, თუ პოლიტ-პატიმრების დასაცავადაც აქტიურ ბრძოლაში ჩართვა.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვარ და რომელსაც უკვე 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, რამდენიმე ცნობილი საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი შემოუერთდა, ვიღაცისთვის შესაძლოა უვერტიურა იყოს. ჩემთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი და უფრო ღირებულია, ვიდრე ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში მოღვაწეობა. თუმცა, იმ პარტიის გადარჩენაში მე დიდი წვლილი მიმიძღვის. მაგრამ ამ თვალსაზრისით ამოვწურე ჩემი თავი და ახლა პარტია უჩემოდ გააგრძელებს მოღვაწეობას", - განაცხადა ჩემთან საუბარისას ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება თეო ტლაშაძესთან დაპირისპირებას, ამაზე კომენტარს ეკა ბესელია თავის არიდებას ამჯობინებს. თუმცა, ჩემს დაჟინებულ შეკითხვაზე მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ბურჯანაძის ფაქტორისაგან განსხვავებით, მის გადადგომასთან თეო ტლაშაძის დაკავშირება მთლად უსაფუძვლო არ ყოფილა. მაგრამ პარტიის წევრს არ შეეძლო გენერალური მდივნის გადაყენება. ეს გადაწყვეტილება მან თავად მიიღო.
ჩემს შეკითხვაზე, ერთადერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური ფიგურის მიერ პარტიის დატოვების შემდეგ რა ბედი ეწევა ოქრუაშვილის მიერ შექმნილ პოლიტიკურ ძალას, ბესელიამ აღნიშნა, რომ ცნობილი სახეების წასვლის გამო პარტიის შენარჩუნებისათვის იგი დიდხანს ცდილობდა, ეს ნაბიჯი არ გადაედგა. მაგრამ, ალბათ, ოქრუაშვილიც აცნობიერებს მოსალოდნელ შედეგს.
როგორც იტყვიან, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს. ამდენად, აშკარაა, დღეს ეკა ბესელია ყველა ფრჩხილს არ ხსნის და სათქმელს სამომავლოდ იტოვებს. ამის მიზეზად კი მან ის ფაქტი დამისახელა, რომ, როგორც ოქრუაშვილის ყოფილი ადვოკატი, ცდილობს, ისეთი განცხადებები არ გააკეთოს, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის საწინააღმდეგოდ შეიძლება გამოიყენონ.
რა დარჩა სათქმელი ეკა ბესელიას, ან როდის გაუმხელს იგი ამას საზოგადოებას, ჯერ არ უთქვამს. სამაგიეროდ, ცხადზე ცხადია, რომ ხელისუფლებამ არჩევნების წინ კიდევ არაერთი კოზირი გამოიყენა, რათა მოსახლეობისთვის ოპოზიციური ძალების განხეთქილების ახალი პერიპეტიები წარმოედგინა და თამაშის მოსაგებად ახალი ინტრიგა გამოეყენებინა. ეს კი ნამდვილად კარგად აქვს დაცდილი, დაბნეული ხალხის ზემოქმედებისა და არჩევნებში "გამარჯვებისათვის" ოპოზიციის დისკრედიტაცია ყველაზე კარგი საშუალებაა.