ლევან კობერიძე ანა დოლიძესა და გიორგი ქობულიას შეხვდა, რომლებთანაც პოლიტიკურ კონსულტაციებს აწარმოებს

ლევან კობერიძე ანა დოლიძესა და გიორგი ქობულიას შეხვდა, რომლებთანაც პოლიტიკურ კონსულტაციებს აწარმოებს

“ქართული ოცნების“ ყოფილი, ამჟამად კი პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სამომავლო პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, იუტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძესა და ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, გიორგი ქობულიას შეხვდა.

დეპუტატმა აღნიშნულის შესახებ “2020NEWS“ -თან განაცხადა, რომელმაც სააგენტოს აღნიშნული შეხვედრისა და პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა.ლევან კობერიძის თქმით, ამ შეხვედრებში “სენსაციური არაფერია“.

“პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით ანა დოლიძესთან, გიორგი ქობულიასთან და კიდევ ბევრ სხვადასხვა ადამიანთან მქონდა შეხვედრა, რომლებიც აპირებენ, რომ იყვნენ აქტიურები პოლიტიკაში. ჩვენ ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების შესახებ ვმსჯელობთ და ამაში სენსაციური არაფერია. ადამიანები ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდნენ იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესი გახდეს. თუ ადამიანებთან  ჩემი აზრები და ღირებულებები თანხვედრაში მოვა, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ, რომ მათთან ვითანამშრომლო პარტიისა თუ რაიმე ჯგუფის ფორმატში“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ “2020NEWS” -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალ საზოგადოებრივ მოძრაობაში, რომელსაც ანა დოლიძე თანამოაზრეებთან ერთად ქმნის, სავარაუდოდ, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია და “ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატები ლევან კობერიძე და ლევან გოგიჩაიშვილი იქნებიან.