როკ-მუსიკა დაიკვეხნის მუსიკოსებით, რომლებიც წარმმართველ როლს ასრულებენ არამარტო ჟანრის განვითარების, არამედ ამის თანმხლები, ზოგჯერ არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესების განვითარების თვალსაზრისითაც, რაც გამოიხატება ახალი მოდის, ჩაცმულობის, ქცევის, კულტურული ტენდენციებისა თუ იდენტურობის ჩამოყალიბებაში.
დევიდ ბოუი მუსიკოსია, რომელმაც გასული საუკუნის 70-იანებიდან მოყოლებული, პოპ მუსიკალური სცენა განსხვავებული სახით დაგვანახა და რეპერტუართან ერთად, სცენური იმიჯი არანაკლებ მნიშვნელოვნად წარმოაჩინა.
თუმცა იქამდე იყო მუსიკოსად ჩამოყალიბების წლები, რომელთაც ინგლისელ მოზარდზე, ტრადიციული ზეგავლენა მოახდინეს და თვალწინ განვითარების არაერთი გზა გადაუშალეს.
დევიდ ბოუი, ჯერ კიდევ დაწყებით სასკოლო ასაკში ავლენდა მშფოთვარე და მგრძნობიარე ადამიანის თვისებებს. მას კარგი ხმა ჰქონდა იმისათვის, რომ სასკოლო გუნდში ემღერა. გარდა ამისა, იგი ფლობდა ფლეიტას, რაც აშკარად წარმოაჩენდა მის მუსიკალურ შესაძლებლობებს.
ერთ მშვენიერ დღეს, დევიდ ბოუის ოჯახში მამამ, ლითლ რიჩარდის, ფეტს დომინოს, The Platters-ისა და რაც მთავარია, ელვის პრესლის დისკები მიიტანა და ფირსაკრავზე მიყოლებით განათავსა...
მოგვიანებით დევიდ ბოუი გაიხსენებს, რომ ელვისის პირველად გაგონებისას მან „ღმერთს მოუსმინა“. იმავე პერიოდში კი მის ცხოვრებაში ერთი არასასიამოვნო ამბავი მოხდა, როდესაც მან თანაკლასელთან ჩხუბში კინაღამ ცალი თვალი დაკარგა. ბოუის არაერთი ოპერაცია ჩაუტარეს, ეგონათ, რომ ცალი თვალით დაბრმავდებოდა, მაგრამ მკურნალობის შემდეგ მას საბოლოოდ სხვადასხვა ფერის თვალები დარჩა. მიუხედავად ამისა, ბოუი და ამ ყოველივეს „ავტორი“ ჯორჯ ანდერვუდი, მომავალში დამეგობრდნენ და სწორედ ანდერვუდს ეკუთვნის ბოუის საწყისი ალბომების გაფორმება...
ამასობაში დევიდ ბოუი ჩარლზ მინგუსისა და ჯონ კოლტრეინის შემოქმედებამ გაიტაცა. ამიტომაც, ცოტა ხანში ფლეიტასთან ერთად, მომავალი პოპ ვარსკვლავი უკვე საქსოფონსაც ფლობდა და უკვე 14 წლის ასაკში მზად იყო, რომ ლონდონის ნებისმიერ დამწყებ ჯგუფთან ერთად სცენაზე გამოსულიყო...
დევიდ ბოუი სხვადასხვა ჯგუფებში მღერის, ოცნებობს მიკ ჯაგერობაზე და საბოლოოდ 1967 წელს თავის სადებიუტო სინგლს გამოსცემს, რომელსაც უკვე პირველი სოლო ალბომი David Bowie მოჰყვება. ვერც ალბომმა, ვერც სინგლმა წარმატებას ვერ მიაღწია.
თუკი ფსიქოდელიურ კონტექსტში ბოუიმ საშინელი კონკურენციის ფონზე, თავად მაინცდამაინც ვერ ივარგა, სწორედ მას ეკუთვნის უნიკალურ ჯგუფ Comus-ისა და კიდევ არაერთი ფსიქოდელიურ- ექსპერიმენტული კოლექტივის აღმოჩენა, რაც მომავალში მუსიკალური გურმანების სერიოზულ ნადავლად იქცა.
თუმცა იქამდე იყო 1969 წლის ისტორიული ალბომი Space Oddity, რომლის ამავე სახელწოდების მატარებელი სიმღერა, 30 წლის შემდეგ რეჟისორ სტენლი კუბრიკისათვის შთაგონების წყაროდ იქცა ფილმში 2001: A Space Odyssey. მთლიანობაში ალბომი ბობ დილანის, Beatles-ის, Velvet Underground-ის შემოქმედებისადმი ქედს იხრიდა, თანაც ბოუის სიმღერის ხელწერა ექსტრავაგანტულობას ნამდვილად ავლენდა, რაც საბოლოოდ გლემ როკის ტენდენციებში გადაიზარდა.
1970-ების დასაწყისში, ჰიპური ერის შემდგომ, დიდ ბრიტანეთში დამკვიდრებული ეს თითქოსდა შედარებით პრიმიტიული მიმართულება, მაშინდელი პოპ მუსიკის მოაზროვნე ღერძს, ბლიუზის სხვადასხვა დოზით ან თითქმის გამორიცხვის ფონზე, როკ’ნ’როლით უკავშირდებოდა. „გლემ-როკერები“ იყვნენ ელტონ ჯონი, მარკ ბოლანი, Slade, Sweet, Mott The Hopple და რაღა თქმა უნდა დევიდ ბოუი, რომლის მუსიკალური ხელწერაც, მკვეთრად განსხვავდებოდა აქ მოყვანილი შემსრულებლებისაგან, რომლებიც შემოქმედებითი თვალსაზრისით, ხშირად თავადაც განსხვავდებოდნენ ერთიმეორისაგან.
ამ შემსრულებლების უპირველესი გამაერთიანებელი კი რა თქმა უნდა მუსიკისაგან განზე მდგომი სასცენო იმიჯი, ჩაცმულობა და სამწუხაროდ არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია იყო, რაშიც ხშირად ქალური ჩაცმულობის მიუხედავად, დევიდ ბოუი თითქოს გამოვლენილი არ ყოფილა. ამიტომაც ბევრი ფიქრის შემდეგ გავხადეთ იგი იმის ღირსი, რომ პოპ მუსიკის განვითარების დარგში წარმმართველი როლის გამო, ორიოდე სიტყვა ჩვენც გვეთქვა მის შესახებ.
მომდევნო ალბომი The Man Who Sold the World მთლიანობაში გლემ როკის ჰიმნად იქცა, ხოლო აქ შესრულებული სიმღერები კი თაობების შთაგონების წყაროდ. აქ ვერ მოისმენთ „დამღლელ“ გიტარ სოლოებს. ყოველივე მარტივადაა გადაწყვეტილი და უკვე ორი ათწლეულის შემდეგ, კურტ კობეინისთვის უაღრესად მისაღებად. ნამუშევარს სერიოზული მუსიკოსები განასახიერებენ, მაგრამ წინა ალბომის მსგავსად, აქ რიკ უეიკმანს უკვე ვეღარ ვხედავთ...
1972 წლის ალბომ The Rise and Fall of Ziggy Stardust and the Spiders from Mars -ით დევიდ ბოუიმ ოცნება აიხდინა, რადგან პოპულარობით იგი მიკ ჯაგერს გაუთანაბრდა. გლემ როკისათვის ამ დროს შესანიშნავი გარემო იყო შექმნილი, რადგან Led Zeppelin, Black Sabbath, Deep Purple ბრიტანეთში ადგილს ნელ-ნელა მარკ ბოლანსა თუ Slade-ს უთმობდნენ. ჰიპების ერას უკვე ჯიმი ჰენდრიქსის „ვირტუოზულობით აწყობილი პოპიც“ კვალში მიჰყვებოდა და საბოლოოდ გაცილებით პრიმიტიული მუსიკის ეპოქა მკვიდრდებოდა, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელიც ღრმა მუსიკალური ერუდიციის მიუხედავად, დევიდ ბოუი გახლდათ.
„გლემშჩიკები“ დიდწილად მედროვეები იყვნენ და ამიტომაც დროთა განმავლობაში მათ მუსიკალურ შემოქმედებას კომერციული თვალსაზრისით, საშიშროება არ ელოდა. დევიდ ბოუი და ელტონ ჯონი (რომლის „გლემშჩიკად აღიარება“ მხოლოდ ცხოვრებისეული და არავითარ შემთხვევაში გაცილებით მაღალი დონის მუსიკალური ფასეულობებითაა შესაძლებელი) ამ თვალსაზრისით სხვებზე მაღლა იდგნენ. უკვე 1980-იანი წლებისთვის, ბოუი წარმმართველ როლს ასრულებს როგორც კლიპების, ასევე ზოგადად პოპ მუსიკასთან კინოინდუსტრიის კავშირის განვითარების სფეროში.
რობერტ ფრიპი, პიტ ტაუნშენდი, ჩაკ ჰამერი, მრავალი ცნობილი მუსიკოსის მცირე ჩამონათვალია, რომლებიც იმ პერიოდში დევიდ ბოუისთან თანამშრომლობდნენ. ბოუის ხომ ხედვა ამ თვალსაზრისით არასოდეს ჰღალატობდა.
1983 წლის ალბომი Let’s Dance, რომელმაც მუსიკოსი მეგავარსკვლავად აქცია, გიტარ ვირტუოზობით არა, მაგრამ დროდადრო საოცარი გიტარ ჩანართებით გამოირჩევა. ამის ავტორი კი თავად სტივ რეი ვოუგენია, რომელმაც ბოუისგან შეთავაზების მიუხედავად, მომავალში თანამშრომლობა მასთან აღარ განაგრძო და დაუვიწყარი სოლო ალბომების ჩაწერას მიჰყო ხელი...
21-ე საუკუნეში გამორჩეული სასცენო აქტიურობის მიუხედავად, ბოუის ორად–ორი ალბომი აქვს ჩაწერილი, რომლებმაც ავტომატურად უდიდესი პოპულარობა მოიხვეჭეს. 2007 წელს იგი სტუმრობდა დევიდ გილმორის დაუვიწყარი კონცერტის Remember That Night სცენას, სადაც Comfortably Numb-სა და Arnold Line-ში ვოკალ პარტიები შეასრულა. ბოლო სიმღერამ ხომ მუსიკოსს, რა თქმა უნდა სიდ ბარეტთან თანამშრომლობის წლებიც გაახსენა...
დევიდ ბოუის დღემდე 140 მილიონამდე ალბომი აქვს გაყიდული, დიდ ბრიტანეთში მას 9 პლატინის და 11 ოქროს ალბომი აქვს გამოცემული. ამერიკაში კი ეს ციფრები შესაბამისად 5-ისა და 7-ის ტოლია.
რაც შეეხება ბოუის სასცენო იმიჯს, ასაკთან ერთად, იგი შედარებით მოკრძალებული გახდა, თუმც ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით მუსიკოსი დღემდე წამყვან როლს არ ასრულებს პოპ ინდუსტრიის დიზაინის საქმეში.