„რაც უფრო მეტი დაინტერესებული ჯგუფი გამოთქვამს ბიუჯეტის შესახებ მოსაზრებებს, მით უფრო მეტია შანსი, ზეგავლენა მოვახდინოთ ქვეყნის განვითარების მიმართულებაზე" - გურამ ნიკოლაშვილი - „დღის ქრონიკა"
„რაც უფრო მეტი აქტიური და დაინტერესებული ჯგუფი გამოთქვამს ბიუჯეტის შესახებ მოსაზრებებს, მით უფრო მეტია შანსი, ზეგავლენა მოვახდინოთ ქვეყნის განვითარების მიმართულებაზე" - აცხადებს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი.
მისი თქმით, თუ პოლიტიკურ ბატალიებს და პარტიულ ნარატივთა ომს დავივიწყებთ, მთავრობის ეფექტურობის მთავარი საზომი სწორედ ბიუჯეტის დოკუმენტია.
„დოკუმენტი ასახავს რეალურად, თუ რა სახის მთავრობა ჰყავს ქვეყანას, რამდენად ეფექტურად აბალანსებს იგი მიმდინარე ხარჯების უზრუნველყოფასა და ისეთ საინვესტიციო დანახარჯებს, რაც სამომავლო ეფექტზეა გათვლილი. ბიუჯეტი სპეციფიური დოკუმენტია, რომელსაც რიგითი მოქალაქე არ ეცნობა. მოქალაქის მიერ კეთილდღეობის აღქმა მთლიანად სუბიექტურ პარამეტრებზეა დაფუძნებული. ამის მიუხედავად, ერთადერთი რეალური ინსტრუმენტი და საზომი, თუ როგორ იხარჯება და სად მიდის ღარიბ ქვეყანაში აკრეფილი გადასახადები, რომელიც შორს დგას ევროპული კეთილდღეობისგან, სწორედ ბიუჯეტის დოკუმენტია. აქედან გამომდინარე, ეს დოკუმენტი რაც უფრო მეტი ადამიანის და მოქალაქის ყურადღების საგანი გახდება, რაც უფრო მეტი აქტიური და დაინტერესებული ჯგუფი გამოთქვამს მის შესახებ მოსაზრებებს, მით უფრო მეტია შანსი რომ ზეგავლენა მოვახდინოთ ქვეყნის განვითარების მიმართულებაზე"- ამბობს გურამ ნიკოლაშვილი.
მისი თქმით, 2020 წელს საქართველოს ბიუჯეტი 700 მლნ ლარით გაიზრდება და 14 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია.
„მთავრობა აცხადებს რომ გაზრდილი ბიუჯეტი მთლიანად მოხმარდება მოქალაქეების საჭიროებებს და მის შედგენაში გათვალისწინებულია მოსახლეობის აზრი, რომელთაც მმართველი გუნდის წევრები მთელი ზაფხულის განმავლობაში, რეგიონებში სპეციალური ვიზიტებისას, ეცნობოდნენ. გიორგი გახარიას განაცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტი განმსჭვალულია სოციალური პასუხისმგებლობით და ორიენტირებულია ეკონომიკურ განვითარებაზე. გაიზრდება პენსია სხვადასხვა ოდენობით სხვადსახვა საპენსიო ჯგუფებისთვის, გაიზრდება სკოლის მასწავლებლის ხელფასი სოლიდური 300 ლარით, ხოლო ბაღის მასწავლებლის 100 ლარით, ისევე როგორც სასწრაფოსა და სოფლის ექიმების ხელფასები. ზრდაა დაგეგმილი ჯარისკაცთა და პოლიციელთა ხელფასებშიც. თუ გავითვალისწინებთ პრემიერ-მინისტრის განცხადებებს პარლამენტში, როდესაც მისი დამტკიცება ხდებოდა ამ პოსტზე, მომავალი ერთი წლის განმავლობაში უნდა ველოდოთ მთავრობის სწრაფ საქმიანობას. გიორგი გახარიას საკვანძო ტერმინები იყო ეფექტურობა და ეფექტიანობა. თუკი ამ სულისკვეთების ჭრილში შევხედავთ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების პროცესს, ცხადია, რომ მთავრობას მოუწევს განსაკუთრებულ ტემპში მუშაობა, რათა უზრუნველყოს როგორც შემოსულობების მიღება, ასევე ხარჯვაც" - აცხადებს ნიკოლაშვილი.