გურამ ნიკოლაშვილი:  ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრამ და მისმა შეფასებამ შესაძლებელი გახადა, ამოქმედდეს ორმხრივი დიალოგი ორ ქვეყანას შორის  (ვიდეო)

გურამ ნიკოლაშვილი: ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრამ და მისმა შეფასებამ შესაძლებელი გახადა, ამოქმედდეს ორმხრივი დიალოგი ორ ქვეყანას შორის (ვიდეო)

„დავით ზალკალიანსა და სერგეი ლავროვს შორის შვეიცარიის ინიციატივითა და შუამავლობით გაეროს შტაბბინაში გამართულმა შეხვედრამ და მისმა შეფასებამ შესაძლებელი გახადა, სხვადასხვა ფორმატითა და საშუალებით ამოქმედდეს ორმხრივი დიალოგი იმ ურთულეს საკითხებზე, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტიდანაა წარმოშობილი" - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" „დღის ქრონიკაში".

მისი თქმით, რეკომენდაცია რუსეთთან დიალოგის წარმოებაზე ახალი არ არის და საქართველოს პარტნიორები ხშირად მოუწოდებდნენ ქვეყანას, გამოეყენებინა ეს მექანიზმი.

„26 წლის წინ დაეცა სოხუმი, საქართველოში გაჩნდა ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი.  ამ ტრაგედიამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ისედაც უდიდეს ეკონომიკურ სიდუხჭირეში ჩავარდნილი ქვეყანა.  განვლილი 26 წლის მანძილზე ვერ მოხერხდა რაიმე დადებითი ძვრის შეტანა არსებულ კონფლიქტში. არ არსებობს ორმხრივი დიალოგის თუ სახალხო დიპლომატიის რაიმე ფორმატი, ხოლო მთავარი მოთამაშე არსებულ ვითარებაში რუსეთია, რომელიც უშუალოდაა პასუხისმგებელი შექმნილ ვითარებაზე.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო. საქართველომ რუსეთთან გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები.  რუსეთი უკვე 11 წელია ახორციელებს ოკუპირებული ტერიტორიების ბორდერიზაციას, რაც ყოველდღიურ საფრთხეს უქმნის გამყოფ ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობას.  საქართველო კი აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას და ითხოვს ექვსპუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

„ცივი, პრაგმატული პოლიტიკის განხორციელება საქართველოს პარტნიორების რეკომენდაციებთან სინქრონში" -ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში შვეიცარიის ინიციატივითა და შუამავლობით გამართულ შეხვედრას დავით ზალკალიანსა და სერგეი ლავროვს შორის.  შეხვედრას მოჰყვა დადებითი გამოხმაურებები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

შეხვედრამ და მისმა შეფასებამ შესაძლებელი გახადა სხვადასხვა ფორმატითა და საშუალებით ამოქმედდეს ორმხრივი დიალოგი იმ ურთულეს საკითხებზე, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტიდანაა წარმოშობილი.  უნდა ითქვას, რომ რეკომენდაცია რუსეთთან დიალოგის წარმოებაზე ახალი არ არის და საქართველოს პარტნიორები ხშირად მოუწოდებდნენ ქვეყანას გამოეყენებინა ეს მექანიზმი.

20 ივნისის მოვლენების შედეგად რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან, რამაც სერიოზული დარტყმა მიაყენა ტურიზმის ინდუსტრიას.  გაჩნდა ინფორმაცია, რომ სანქციები შესაძლოა სოფლის მეურნეობის სექტორსაც შეხებოდა. ზაფხულის კრიზისის დასრულების შემდეგ დღის წესრიგში დადგა საკითხი, თუ როდის აღდგება ავიამიმოსვლა და როდის დაუბრუნდება ვითარება კრიზისამდელ მდგომარეობას.

საგარეო ვაჭრობის მხრივ თურქეთი და ევროკავშირი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ქვეყნებია, თუმცა სერიოზული მაჩვენებელი აქვს რუსეთსაც.  ის რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, ამ რეალობას კვლევებიც ადასტურებენ.  დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული საქართველოს აქვს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ანუ იმპორტი ბევრად აღემატება ექსპორტს.  უარყოფითი სალდოს შემცირება კი მხოლოდ ადგილობრივი, კონკურენტუნარიანი წარმოების განვითარებითაა შესაძლებელი" - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.