საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ გაიხსნა, რომლის ორგანიზატორებია ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA). სიმპოზიუმის თემაა „1980-90-იანი წლების პოლიტიკური მოვლენები და ლიტერატურული დისკურსი.“
ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე ესწრებოდა. „ჩვენთვის ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი საერთაშორისო სიმპოზიუმის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ველით, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი; დისკუსია, აზრთა სხვადასხვაობა და გამოთქმული რეკომენდაციები დაეხმარება ჩვენს ახალგაზრდობას, მომავალ თაობას გასული საუკუნის პოლიტიკური მოვლენების სწორად აღქმასა და შეფასებაში“-აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ უკვე მეცამეტედ იმართება. „ყოველ წელს ამ სიმპოზიუმს აქვს თავისი თემატიკა. წელს შევარჩიეთ საკმაოდ აქტუალური თემა: „1980-90-იანი წლების პოლიტიკური მოვლენები და ლიტერატურული დისკურსი“. ამ თემაზე საგანგებო კვლევა არავის ჩაუტარებია. შესაბამისად, ეს ფორუმი, დარწმუნებული ვარ, წარმოაჩენს ძალიან ბევრ საინტერესო და აქტუალურ საკითხს,“- განაცხადა თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ მაკა ელბაქიძემ.
სიმპოზიუმში მონაწილეობს 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (სულ - 14 ქვეყანა), მათ შორის: აშშ, გერმანია, იტალია, სამხრეთ კორეა, მაკედონია, არაბეთის გაერთიანებული საემირო, ბულგარეთი, ლიეტუა. ლატვია. უკრაინა, რუსეთი აზერბაიჯანი; აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან.
სიმპოზიუმი 3 დღის განმავლობაში იმუშავებს. პლენარული სესიის ფარგლებშივე გაიმართა საქართველოს შსს არქივის ხელშეწყობით ორგანიზებული გამოფენა „1980-90-იანი წლების პოლიტიკური მოვლენები საქართველოში“ და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ახალი ინგლისაურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია.