“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკანორ მელია, “ევროპული საქართველო”-ს ლიდერის გიგა ბოკერიას კრიტიკას აგრძელებს.
გთავაზობთ მელიას “ფეისბუქ” – პოსტს:
“ევრიკა! მივხვდი…
ბოკერია ფიქრობს, რომ ხაზარაძის პარტია მის პარტიას ძალიან ასუსტებს და ხმებს ართმევს. ამიტომ გადაწყვიტა დროის 99% დაუთმოს “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბარს
მე კი მგონია, როცა ბოკერიაა შენი ოპოზიცია – ეს ელექტორალურად მხოლოდ წაგვადგება (ემპირიულად გადამოწმებული მაქვს)
სხვანაირად ვერ ავხსენი 24 საათი რატომ საუბრობს” ნაცმოზე”
Nothing personal” , – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
გუშინ კი ნიკა მელია იმ სატელევიზიო დებატებს გამოეხმაურა, რომელიც “მთავარი არხის” ეთერში, გიგა ბოკერიასა და “ენმ” – ის წევრ რომან გოცირიძეს შორის გაიმართა. კამათის საგანი გახდა 2020 წლის არჩევნები და პოტენციური კოალიციები პარლამენტში.
როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, თუ “ევროპული საქართველო” პარლამენტში უმრავლესობის მობილიზებას ვერ მოახერხებდა და ამას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გააკეთებდა, მისი პარტია “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ პოლიტიკურ ბლოკს შეკრავდა “ნაც.მოძრაობასთან”. გიგა ბოკერია დაინტერესდა, იგივეს გააკეთებდათუ არა “ენმ”, იმ შემთხვევაში თუ “ევროპული საქართველო” პარლამენტში მასზე მეტი დეპუტატის მობილიზებას მოახერხებდა. რაზე რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამაზე თანახმა იყო, თუმცა, მისი თქმით, სრულიად არარეალისტური იყო იმის მოლოდინი, რომ “ევროპული საქართველო” “ენმ” – ს 2020-ში აჯობებდა. კამათი სწორედ აღნიშნულს მოჰყვა. ბოკერიას თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ ღიზიანდება “ენმ”, როცა ის საუბარს “ევროპული საქართველოს” შესაძლო გამარჯვებაზე იწყებს.
“ახლა ვუყურე გოცირიძე vs ბოკერია. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ იყო ბოკერია ასეთი აგრესიული.
მოკლედ, გადაცემის ყურებისას საკუთარ თავს გამოვუტყდი – ძალიან სასიამოვნოა, რომ აგრესიული ბოკერია აღარ არის ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული”, – დაწერა ნიკა მელია სოციალურ ქსელში.